Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსაფრთხოა თუ არა სახლი, სადაც ვცხოვრობთ?

31 მარტი 2017

ალბათ, არ არსებობს თბილისში რაიონი, სადაც ერთი მშენებლობა მაინც არ მიმდინარეობს. მწვანე საფარის შემცირებას, არასწორ განაშენიანებასა და მშენებლობებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა უსაფრთხოებაა.  იმის გათვალისწინებით, რომ მიწისძვრა და წყალდიდობა თბილისისთვის უცხო არაა, საცხოვრებელი კორპუსების სიმტკიცეს და მდგრადობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამისთვის მშენებლობისთვის ადგილის სწორად შერჩევას,  შენობის სწორად დაპროექტებასა და სამშენებლო მასალების ხარისხს განსაკუთრებული როლი აქვს.

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში ხშირად ვისმენთ  ახალი მშენებლობებისადმი უარყოფით შეფასებებს. საზოგადოებასა და ექსპერტებს მათ ხარისხსა და გამძლეობაში ეჭვი შეაქვთ. მოსახლეობას უჭირს, გაიგოს, ვინაა მართალი და რომელ სამშენებლო კომპანიას შეიძლება ენდოს.

საინტერესოა, რამდენად იცავს დღევანდელი კანონმდებლობა სამშენებლო ბაზარს უხარისხო შენობებისგან. მივყვეთ ეტაპობრივად - თუკი კომპანიას თბილისში კორპუსის აშენება სურს, მან ნებართვის მისაღებად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოს. მანამდე კი უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება მის მიერ შერჩეული ტერიტორია ქალაქთმშენებლობის პირობებს და სამშენებლო პროექტზე თანხმობა მიიღოს.

სამშენებლო კომპანია m2-ის უძრავი ქონების განვითარებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ბერიძე მიიჩნევს, რომ შენობის ხარისხზე დიდ გავლენას  პროექტის ხარისხი ახდენს.  სწორედ პროექტირებისას განისაზღვრება შენობის კონსტრუქციული, საინჟინრო და არქიტექტურული დეტალები. დამკვეთს მშენებლობის დაწყებამდე სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და სავალდებულო საექსპერტო შეფასებაც დასჭირდება.

სამშენებლო კომპანია „დირსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი არჩილ თავბერიძე „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მათი კომპანია მოსახლეობას მისაღებ ფასთან ერთად ხარისხიან და უსაფრთხო ბინებსაც სთავაზობს. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ თავად აწარმოებენ ბეტონს, რომელსაც სპეციალური ლაბორატორია ამოწმებს. არჩილ თავბერიძე განმარტავს, რომ სწორედ ეს გამორიცხავს კომპანიის მხრიდან უხარისხო მასალის გამოყენებას.

მაგრამ როგორ სრულყოფილადაც არ უნდა ჟღერდეს ამა თუ იმ კომპანიის შემოთავაზება,  ვინ და როგორ აკონტროლებს, რა მასალას იყენებს ის მშენებლობისას ან მიჰყვება თუ არა პროექტით განსაზღვრულ გეგმას.  რა მოხდება, თუკი კომპანია გადაწყვეტს, რომ სამშენებლო მასალის ხარისხის დაწევითა და ხარჯის დაზოგვით მოგება გაზარდოს?!

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მშენებლობის პროცესი მთავრობის დადგენილებით რეგულირდება. ტექნიკური რეგლამენტი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა: სამშენებლო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა-ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დრო.

სამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სფეროში ნებისმიერი, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების, დარღვევისათვის პასუხისმგებლობა  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის IV თავის შესაბამისად განისაზღვრება. ზედამხედველობის ორგანო ჯერ მითითებას გასცემს, რომლითაც დამრღვევს დარღვევის არსს განუმარტავს, მისი გამოსწორების გზებს უხსნის და ამისთვის გონივრულ ვადას აძლევს.

თუმცა ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ დღეს ხარისხი დეველოპერის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებს მშენებლობებს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ბაზარი არაა გაჯერებული მაღალკვალიფიციური კადრებით.  მისი შეფასებით, არც ქვეყანაში არსებული სტანდარტია დაცული და არც სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის მექანიზმია მაინცდამაინც ზუსტი.

„ამერიკაში ხომ არ გაუჩნდება მყიდველს ეს კითხვა, ახლა ეს კომპანია რომ ასეთ ფასად მთავაზობს ბინას, როგორ შევამოწმოო. იქ ნორმები და სტანდარტები იმდენად გამჯდარია, რომ ასეთი კითხვები აღარ ჩნდება.  თბილისში კი ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც ერთ შენობას, რომელიც ექსპლუატაციაში არ მიიღეს იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი აქტები ან მშენებლობის ნორმები იყო დარღვეული და ა.შ. თუმცა ასეთი ბევრია, დარწმუნებული ვარ“,- ამბობს ირაკლი ბერიძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

რა როლი აკისრია სახელმწიფოს, უნდა ზედამხედველობდეს თუ არა მიმდინარე მშენებლობებს ან რა დოზით?! ირაკლი ბერიძე ზედამხედველობის ნაწილში სახელმწიფოს ჩართულობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამას ბიზნესსფეროში ჩარევად მიიჩევს. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს უფრო უარყოფით შედეგებს მოიტანს. უმჯობესად მიიჩნევს, თუ სახელწმიფოსა და თვითმმართველობების წარმომადგენლები მხოლოდ დოკუმენტების დონეზე შეამოწმებენ, სწორად აღირიცხება თუ არა ყველაფერი, არსებობს თუ არა სამშენებლო მასალის ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტები, რამდენადაა დაცული პროცედურები და ა.შ. ამისთვის კი მკაცრად უნდა გაიწეროს სტანდარტები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკური ზედამხედველობა.

სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება კანონმდებლობის დარეგულირებაშიც. რათა ბაზარზე ის სამშენებლო კომპანიები ვეღარ მოხვდნენ, რომლებიც უხარისხო პროდუქტს გვთავაზობენ. ამისთვის შესაძლოა, მშენებლობებისა და საინჟინრო ნაწილის შემსრულებელი პირებისთვის სავალდებული აკრედიტაცია დაწესდეს.

„ალბათ, ნორმებისა და სტანდარტების დაცვის მკაცრი მოთხოვნა შედარებით  დაბალი ხარისხის სამშენებლო კომპანიებს ან გააქრობს ბაზრიდან, ან აიძულებს, რომ  ხარისხი და სტანდარტი აამაღლონ. მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის მთავარი კომპონენტია და ყველა ცვლილება იმგვარად უნდა იყოს მიღებული, რომ მან არც სამშენებლო ბიზნესს დაარტყას და არც მომხმარებელი დააზიანოს“.

რაც შეეხება ფასთა სხვადასხვაობას, ამასთან დაკავშირებით „დირსისა“ და m2-ის წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. არჩილ თავბერიძე ბინის დაბალ ფასს  ხარისხის ნაკლებობით ხსნის. ირაკლი ბერიძე კი მიიჩნევს, რომ არის ნიუანსები, რაც ხარისხთან პირდაპირ კავშირში არაა, თუმცა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ხარჯების გამო ყველა კომპანია არ ითვალისწინებს მათ.  საუბარია სახანძრო უსაფრთხოების სისტემებზე, მშენებლობის უსაფრთხოებასა და ვადების დაცვაზე.

„შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, თემო ბოლათაშვილის ინფორმაციით, მათ შექმნეს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა და 2017 წლის იანვრიდან მიმდინარე ყველა მშენებლობისთვის ზემოხსენებული დეტალების გათვალისწინება სავალდებულო იქნება.  მისივე განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინება ადამიანების უსაფრთხოებისა და სიცოცხლისათვის აუცილებელია,  თუმცა ეს კომპანიებს დამატებით ფინანსურ ხარჯს არ დააკისრებს.  თემო ბოლათაშვილი განმარტავს, რომ თუკი სამშენებლო კომპანია პროექტში ამ რეგლამენტით მოცემულ დეტალებს  არ გაითვალისწინებს, მაშინ ის მშენებლობაზე ნებართვას ვერ მიიღებს.

„ეს არის ძალიან დიდი დახმარება ყველა სამშენებლო კომპანიისთვის. ეს ყველაფერი აქამდე სადღაც წაკითხულით და გაგებულით კეთდებოდა. ახლა კი ერთ რეგლამენტშია თავმოყრილი“, - აღნიშნავს „შენობა-ნაგებობების ინსტიტუტი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი „ლიბერალთან“ საუბრისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^