Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვინ ასნებოვნებს ქალაქს“ - ინტერვიუ ალექსანდრე ელისაშვილთან

05 აპრილი 2017

აპირებს თუ არა თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრას, რა ხდება დედაქალაქის მერიაში, რა საერთოს ხედავს მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვინ  და რა ასნებოვნებს ქალაქს და როდის მოეწყობა თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები - ამ და სხვა თემებზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს - ალექსანდრე ელისაშვილს ვესაუბრეთ.

***

მედიასთან საუბრისას განაცხადეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებთ, თუმცა ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელ პოზიციაზე იყრით კენჭს. რამდენადაც ცნობილია, პოლიტიკური ჯგუფებისგანაც გაქვთ შემოთავაზება, რომ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურა დააყენოთ.

რა გიშლით ხელს, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოთ?

რაც უფრო თავმსუბუქია ადამიანი, მით უფრო მარტივად თანხმდება თანამდებობას, ისე, რომ არც ფიქრობს, რამხელა პასუხისმგებლობას იღებს.

სიტყვა - „მინისტრი“ ლათინურად მსახურს ნიშნავს და ჩემთვის თანამდებობა ხალხის სამსახურში ყოფნაა.

შეხედეთ თბილისს, რამდენი პრობლემაა... ყოველდღიურად ვფიქრობ, როგორ გავუმკლავდები ამა თუ იმ გამოწვევას, ზუსტად მაქვს თუ არა ეს პრობლემები იდენტიფიცირებული და შევძლებ თუ არა დავძლიო ეს სირთულეები, ერთი სიტყვით, შევცვლი თუ არა ქალაქს უკეთესობისკენ.

ამას გარდა, თბილისის საკრებულოში მუშაობა ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მართმევს. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ; მეც ძალიან მიყვარს დასვენება, მეგობრებთან ერთად გართობა, ტყე-ღრე სიარული... მერი რომ გავხდე, ვერც ოჯახის წევრები უნდა ვნახო, ვეღარც მეგობრები, ჰობზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ზოგჯერ მშურს იმ ხალხის, ვისაც მარტივად შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ჩემ ადგილას სხვა ალბათ უკვე გამოხტებოდა და ყიჟინას დასცემდა, აი, მერობისთვის ვემზადებიო! ამ საკითხს მე განსხვავებულად ვუყურებ, თუმცა არ ვიცი, ეს ჩემი პოზიციაა სწორი, თუ იმ თავმსუბუქი ხალხის, ვისთვისაც თანამდებობა  პრემიით, დანამატით, მანქანითა და მივლინებით იზომება.

თუკი მაინც გადაწყვიტეთ მერის თანამდებობაზე იყაროთ კენჭი, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი გაქვთ, თუ ფიქრობთ, რომ არჩევნების შედეგს ფინანსური შესაძლებლობები განსაზღვრავს?

რა თქმა უნდა, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი - არა.

როდესაც დამოუკიდებელ დეპუტატად გადავწყვიტე კენჭისყრა, საარჩევნო კამპანიისა და შტაბის მართვის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. საქმეში ჩახედულმა არაერთმა ადამიანმა მითხრა, „მაგ საქმისთვის“ - ნახევარი მილიონი, მინიმუმ „ტრისტა ტიში“ გჭირდებაო; რაღაც საშინელ ფორმულებს მეუბნებოდნენ და მიხსნიდნენ, „კაცზე ამდენი უნდა იანგარიშოო“.

არადა, თანხა, რომელიც ჩემი მცირე დანაზოგითა და მეგობრების შემოწირულობებით შეგროვდა, ჯამში სულ 18 ათასი ლარი იყო. ეს თანხაც ოფისის ქირასა და ორი ბანერის დაბეჭდვაზე დაიხარჯა. წინასაარჩევნო პროცესში ვსწავლობდით ყველაფერს და ბოლოს ისე აეწყო საქმე, რომ ჩემი შტაბი საათივით გამართულად მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ შტაბის არც ერთი წევრი ხელფასს არ იღებდა.

შესაბამისად, კი ბატონო, ფული მნიშვნელოვანია თუმცა არა - გადამწყვეტი. სამწუხაროდ, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საარჩევნო მანიპულაციების იოლად განსახორციელებლად,  მოსახლეობის გაჭირვება პოლიტიკოსებს ხელს აძლევთ.

თვითმმართველობის მომავალი არჩევნებისთვის კამპანიას აუცილებლად დავიწყებ და ზუსტად ვიცი, რომ ფული არ მექნება, მაგრამ ხალხი ძალიან მგრძნობიარეა და ყველაფერს კარგად ხედავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დღემდე ჰგონიათ, რომ მე ბიძინამ მომიყვანა, „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ „ნაცებმა“ გამიყვანეს; რატომ არ დაფიქრებულან იმაზე, რომ თავდაუზოგავად ვმუშაობდი და არ დარჩენილა საბურთალოზე არც ერთი სადარბაზო, სადაც არ მივსულვარ და მოსახლეობას არ დავლაპარაკებივარ?!

დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა - დავით ნარმანიამ თანამდებობა 2014 წლის 2 აგვისტოს დაიკავა. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს - დღემდე?

სამწლიანი ჭაობი და „ბუქსაობა“, ქალაქი „ბუქსაობს“.

ნარმანიას პრობლემა იცით რა იყო? შინაგანად წესიერი კაცი, რომელმაც ახლა ესეც დაკარგა, იმიტომ, რომ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, თითქოს ეს სიბინძურე მის გარშემო არ ტრიალებდეს, ძალიან მშიშარაა და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

დღეს, როდესაც ჩემი დისკრედიტაცია სურთ, ხშირად ამბობენ - „ელისაშვილი არ არის მეურნე!“, „ეგ არ არის მენეჯერი და რაც მთავარია, თბილისის მერი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს!“

თბილისის მერი პირველ რიგში სწორედაც, რომ პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს! რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეეძლოს.

რას ნიშნავს მეურნე? ნარმანია საკუთარ ნაკვეთში ხომ ფუსფუსებს და ბოლოკს თესავს?

გადაწყვეტილებების მიღება, ვიღაცისთვის უარის თქმა უნდა შეგეძლოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „ცეხავიკები“ რომ მოგადგებიან მოთხოვნებით - „ეს ჩვენ გვინდა, ამ თემას ჩვენ უნდა მივხედოთ“, უნდა შეგეძლოს, რომ ეს ხალხი კაბინეტიდან გაყარო.

ქალაქის მერს პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შნო უნდა ჰქონდეს; „სითი პარკის“ გაშვება, პარკინგის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჯანსაღება, მშენებლობების შეჩერება, ან დროებითი მორატორიუმის გამოცხადება...

ვიცი, რომ პრობლემაა „სითი პარკის“ გაშვება, იმიტომ, რომ  უზარმაზარი ლობი და ზურგი აქვს, მაგრამ შენ „სითი პარკთან“ კი არა, ამომრჩეველთან ხარ ანგარიშვალდებული.

ამას შნო უნდა; თითოეული მშენებლობის უკან გავლენიანი ჯგუფი დგას, ჯგუფი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებასა“ და მის პოლიტსაბჭოშია კონცენტრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ რიგი გადაწყვეტილებები შეიძლება მტკივნეული იყოს, ისინი მაინც უნდა მიიღო. როცა ამ პასუხისმგებლობას ემალები, მერი კი არა, არაფერი ხარ!

ნარმანია კარგი მინისტრი იყო და კომფორტულად გრძნობდა თავს მაშინ, როდესაც მისი ზემდგომი ბიძინა ივანიშვილი იყო. როგორც კი რაიმე პოლიტიკური წინააღმდეგობა ხვდებოდა, ივანიშვილთან ასაჩივრებდა და ის უკვალავდა გზას.

ბიძინა ივანიშვილმა დავით ნარმანია გააფუჭა! მერის თანამდებობაზე შემოთავაზებით მას საჯარო ბიოგრაფია დაუნგრია!

ნარმანია მშიშარა კაცია, როგორც კი გადაწყვეტილებების მიღების პირისპირ მარტო დატოვეს, აიჭრა და შემდეგ ყველამ გადაუარა.

ქალაქს სჭირდება ისეთი მერი, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ვარ თუ არა მე ეს ადამიანი, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული.

ხშირად გითქვამთ, რომ ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია. ვინ არიან (და რა არის) ის პარაზიტები, რომლებიც თბილისს ასნებოვნებენ?

მთავარი პარაზიტული სტრუქტურა დღეს თბილისის მერიაა, რომელიც სრულად მოშლილია.

არქიტექტურის სამსახური ისევ კორუფციის ბუდეა, რომელიც ქალაქის ინტერესების დაცვის ნაცვლად, დეველოპერულ კომპანიებზე ზრუნავს.

შეგიძლიათ, დაესწროთ ურბანული კომისიის ნებისმიერ სხდომას და ნახავთ, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე მათ ან არ აქვთ პოზიცია, ან დეველოპერების მხარეს დგანან. სკვერში რომ კორპუსს აშენებ, ქალაქის ინტერესი სკვერის დაცვაა და არა კორპუსის აშენება!

მერიაში „ქართულ ოცნებასა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში მოკალათებული „ძელეცები“ და „ცეხავიკები“ შეირწყნენ. არ ვაჭარბებ! სწორედ ეს ადამიანები შეესივნენ მერიას, იმიტომ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ეკონომიკური აქტივობა თბილისშია. 

აქ ფუთფუთებენ, „ეს ზონა მე მინდა“, „ეს მიწის ნაკვეთი მე“, „ეს ნებართვა შენ დამიმტკიცე, მერე მე შენ დაგიმტკიცებ“ და ა.შ. აი, ეს ხდება დღეს მერიაში. ამის ფონზე ნარმანია ცას შეჰყურებს, მერიაში კი პირდაპირ კაბინეტებშია დახლები გაშლილი და აღებ-მიცემობა მიდის.

„მილიონი ხე“ - მითი, რეალობა, თუ აფერა?

„მილიონი ხე“ - ჩემთვის ბრიყვული სლოგანია; 

ხეების მოჭრის ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, მაგრამ ეს სლოგანი საშუალებას გვაძლევს, დაპირება ხელკეტად გამოვიყენოთ.

ხეებს ცალობით არსად ითვლიან. სიმწვანე ერთ სულ მოსახლეზე ითვლება. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 3.5 კვადრატული მეტრი სიმწვანე მოდის, ვენაში - 120, სტოკჰოლმში - 80 და ა.შ.

ეს დაპირება ნარმანიასვე მიუბრუნდა უკან, ცუდად. უმჯობესია, პოლიტიკოსებმა წინასაარჩევნოდ უფრო სერიოზული დაპირებები გასცენ, ვიდრე მილიონი ჯოხი და მილიონი ხეა.

სახლი აბას-აბადის მოედანზე (ახლ. გუდიაშვილის მოედანი), ე.წ. „ცისფერი სახლი“, მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი. XX საუკუნის I ნახევარი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო

სახლი აბას-აბადის მოედანზე, ე.წ. „ცისფერი სახლი“ და ბრძოლა გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად... 2014 წლის 11 მაისს „ტფილისის ჰამქარსა“ და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ, დავით ნარმანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო, სარესტავრაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით!

რა ვითარებაა დღეს გუდიაშვილის მოედანზე?

წარმოიდგინეთ, მემორანდუმით, რომელიც გავაფორმეთ, დავით ნარმანია თავს იწონებდა - კაბინეტში ჰქონდა გამოკიდებული.

ახლა პირველად ვამბობ ამას - დახურულ შეხვედრაზე მე, ცირა ელისაშვილსა და რამდენიმე ადამიანს მუშტების ბრახუნი მოგვიწია ნარმანიასთვის, რომ გუდიაშვილის მოედანი არ გაესხვისებინა და უგულავას დროინდელი ისტორია არ განმეორებულიყო.

ამ მემორანდუმის გაფორმებიდან 3 წელი გავიდა და გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია არც დაწყებულა; დღესდღეობით მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

3 წელი ფეხს ითრევდა ნარმანია - ვიღაც „ცეხავიკები“ მიადგნენ, რომლებსაც მოედნის დანგრევა და ხელახლა აშენება უნდოდათ. ორჯერ მოგვიწია ნარმანიასთვის მუშტების ბრახუნი! ორჯერ შეგვიტრიალეს ისტორია, რომელსაც მემორანდუმის გაფორმებით წერტილი უნდა დასმოდა!

გუდიაშვილის მოედანი უკვე გახსნილი და ტურისტებით სავსე უნდა იყოს. ამბობენ, გავაკეთებთო, მაგრამ როდის, ახალი არჩევნები მოდის...

მემორანდუმის გაფორმება კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან დავით ნარმანიასთან - 11 მაისი, 2014წ. ფოტო - „ტფილისის ჰამქარი - Tiflis Hamkari“

წინააღმდეგობის მიუხედავად, „პანორამა“ მაინც შენდება...

მიხეილ სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად გასაშვები იყო, მაგრამ გამოჩნდა ივანიშვილი და  „ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთ!“

ერთსაც და მეორესაც თავი მაგარი არქიტექტორები ჰგონიათ და თავს გვახვევენ თავიანთ ახირებებს.

სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც პრეზიდენტი მაინც იყო, ივანიშვილი ვითომ არანაირ თანამდებობაზე არ არის, სინამდვილეში კი თავზე დაგვადგა შენობები. 

შეიძლება, ამხელა კომპლექსი ასე უცერემონიოდ წამოასკუპო ქალაქს თავზე? დღეს ერთი შენობა წამოჭიმა, ხვალ მეორის და ზეგ მესამის აშენებას გეგმავს. ალბათ, ამით გვიმტკიცებს, რომ მდიდარია...

მდიდარი კაცი იყო დავით სარაჯიშვილი, დღევანდელი მაჩაბლის ქუჩაზე სახლს რომ აშენებდა, სახლს, რომელიც სხვა შენობებზე ერთი სანტიმეტრითაც არ არის მაღალი, მაგრამ თვალში გხვდება როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის მომხიბვლელობით.

უბრალოდ, ღირსეული მოქალაქე იყო დავით სარაჯიშვილი, რომელიც არავის წამოსჯდომია თავს და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ქალაქის პატივისცემის დემონსტირერებას ახდენდა. ვერ ააშენებდა უფრო დიდ სახლს, თუ ვინმე დაუშლიდა?

საჯარო სივრცის პატივისცემაა ქალაქელობა.

ზარ-ზეიმით მიღებული მეექვსმილიონე ტურისტი და ფაქტი, რომ თბილისში, მათ შორის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებზე, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ფაქტობრივად, არ არსებობს...

კრიტიკის პასუხად ამბობენ, ელისაშვილი პოლიტიკურ დაკვეთებს იძლევა და ბინძურ თამაშს ეწევაო.

საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას მე ვუშლი ხელს?

ლეღვთახევში, დაცვის თანამშრომლები მომიყვნენ, როგორ გადაუკეტეს რკინის ღობეებით NATO-ს მინისტერიალზე ჩამოსულ სტუმრებს ჩანჩქერამდე მიმავალი გზა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სტუმრები მოულოდნელად დილით გამოჩნდნენ, ტურისტული ზონა კი ფეკალიებით იყო დაბინძურებული.

მილიონჯერ მაქვს ეს საკითხი დავით ნარმანიასთან, მერის მოადგილე - ირაკლი ლექვინაძესთან, კეთილმოწყობის სამსახურის წინა თუ ახალი უფროსთან საუბარში წამოჭრილი.

რას გპასუხობენ?

ვაპირებთ! ვგეგმავთ! ახლაც რომ წახვიდეთ და ეს კითხვა დაუსვათ პასუხისმგებელ პირებს, გეტყვიან, რომ ვაპირებთ, ჩვენ ამას ვგეგმავთ, სულ მომავალზე ლაპარაკობენ, არადა ნარმანიას მერობის ვადა იწურება.

ნორმალური საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას რას დიდი ფილოსოფია უნდა?

ქალაქი ღამით, პლუსები, მინუსები და გამოწვევები...

სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაშიც ბიძინა ივანიშვილს ვბაძავ, ის არის, რომ უფრო და უფრო ადრიანად ვიძინებ.

გართობა ყოველთვის იყო ქალაქური და, ზოგადად, ადამიანური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ძველ თბილისში იყო აბანო, ჭიდაობა, ყოჩების ჭიდილი, იჯდა აშუღი და ამღერებდა სიმღერებს.

თბილისი ყოველთვის იყო რეგიონული ცენტრი, ტერიტორიულადაც და ფსიქოლოგიურადაც. ამ საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. თბილისი უნდა იყოს დასვენების, გართობის, მუსიკის, ტურიზმის ქალაქი. დღეს თითოეულ ამ მიმართულებას სჭირდება ხელშეწყობა. 

კლუბები დიდად არ მიყვარს, თუმცა ვიცი, რომ ეს სფერო კარგად ვითარდება და რამდენიმე კლუბი ძალიან მაღალ სტანდარტებსაც მიუახლოვდა. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ამ მიმართულებით შეღავათიან, წამახალისებელ საგადასახადო რეჟიმებს დავაწესებდი.

კარგად აწყობილი ტურიზმი - ტურისტის „უკაპიკოდ გაშვებას“ გულისხმობს, თანაც ისე, რომ თავად კმაყოფილი იყოს. ეს არის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის ეშმაკური ფილოსოფია.

რატომ არ ვიყენებთ შესაძლებლობებს, როცა გვაქვს სამრეწველო ქუჩები: პურის მოედანი, სამღებროს ქუჩა, ვერცხლის ქუჩა, ღვინის აღმართი... ამ ქუჩების შინაარსობრივად დატვირთვა და უამრავი ატრაქციონის მოწყობა შეგვიძლია, თუმცა ჩვენთან ვის უნდა ესაუბრო ასეთ თემებზე?

საწყის ეტაპზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ვცდილობდი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ დოლარები უბრწყინავდათ თვალებში, შევეშვი და გარედან დავიწყე პარტიზანული ბრძოლა; სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა.

გარევაჭრობის აკრძალვა და აკრძალვას შეწირული ბუკინისტების ნაწილი...

ამბობენ, რომ არა, მაგრამ ბუკინისტებსაც ეხებიან.

წინა ხელისუფლებას კი ჰქონდა ბუკინისტების ქუჩის გაკეთების მცდელობა მშრალ ხიდთან, მაგრამ არ გაამართლა. ვინ გადაწყვიტა, რომ მშრალი ხიდია ის სივრცე, სადაც ბუკინისტები უნდა იყვნენ? იქნებ ტაბიძის, ან კოჯრის ქუჩა უფრო კარგი ვარიანტია?

სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ზოგადად, გარევაჭრობას რაც შეეხება, არ არსებობს არანაირი რეგულაცია, „გარევაჭრობა არ შეიძლება და მორჩა!“ რატომ არ შეიძლება? ან, რა შეიძლება და რა არა? რომ მისდგნენ ამ ხალხს და აყარეს, ისინი ადამიანები არ არიან? არსებობა არ უნდათ? კარგი ცხოვრებისგან ხომ არ დგანან გარეთ?

კი, ბატონო, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ქუჩაში საკვები პროდუქტის გაყიდვა, თუმცა დანარჩენ საკითხზე ძალიან მკაფიო და ნათელი რეგულაციებია საჭირო, რომ ადამიანმა იცოდეს - ეს შეიძლება, ეს არა.

ევროპის არაერთ ქალაქში, შაბათ-კვირას, ცენტრალურ მოედნებს და ქუჩებს კეტავენ, სადაც ბაზრობა იმართება. ეს არის შანსი ადამიანებისთვის, რომლებიც სხვაგან ვერ არიან დასაქმებულები, ცენტრალურ სივრცეში გაყიდონ თავისი პროდუქცია.

ერთია, რომ ქალაქის იერსახეზე წუწუნებდე და მეორეა, რომ ადამიანებს უბრალოდ სხვა შემოსავალი აღარ რჩებათ. ამდენად, ფაქტია, რომ აქაც კონცეფციაა შესამუშავებელი. დავსხდეთ ამ ხალხთან ერთად; ვიცი, ემოციურები ვართ, მაგრამ საერთო ქალაქია, საერთო სივრცეა და ვიმსჯელოთ. თუმცა,  ეს პრაქტიკულად გამორიცხულია მაშინ, როდესაც ამ ადამიანებს ზემოდან უყურებ, ანუ ისე, როგორც დღეს თბილისის მერია იქცევა.

პანთეონების საკითხი დღის წესრიგში და ბრძოლა ადგილებისთვის...

გაუგებარი ამბავია ჩემთვის, სიცოცხლეში რომ გადაწყვეტ და დარწმუნებული ხარ, გარდაცვალების შემდეგ პანთეონში დაგკრძალავენ.

საფრანგეთში, ვინც არ უნდა გარდაიცვალოს, მას ჯერ ჩვეულებრივ სასაფლაოზე კრძალავენ, მისი სახელობის არც ქუჩაა, არც მოედანი და არც მემორიალური დაფა. მხოლოდ 20 წლის შემდეგ იწყება საზოგადოებრივი დისკუსია, იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი პანთეონში გადასვენებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ამ დისკუსიას საზოგადოების წევრები იწყებენ და არა გარდაცვლილის მემკვიდრეები.

ალექსანდრე დიუმა მამა გარდაცვალებიდან 130 წლის შემდეგ დაკრძალეს პანთეონში. ეს კაცი თუ არ იმსახურებდა პანთეონში დაკრძალვას, აბა ვინ იმსახურებდა? თუმცა წესი წესია...

ჩვენთან კი ხედავთ, რაც ხდება; ჩვენ არ გვიყვარს წესები და მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციები; ამიტომაცაა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები, საკმაოდ ხშირად „გამონაკლისს“ უშვებენ - ადამიანი ჯერ გაციებული არაა და უკვე მისი სახელობის მოედანი, ქუჩა, სკვერი და პარკი გვხვდება...

ამასთან დაკავშირებით ინიციატივა მაქვს შეტანილი საკრებულოში, ოღონდ არ იხილავენ, რომ ქუჩებისა და მოედნების სახელებთან დაკავშირებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ინიცირების უფლება არ ჰქონდეთ. ბოლო-ბოლო უხერხულია, ყველა დარბის და „ჩალიჩობს“, რომ ქალაქში ბებიის, ან ბაბუის სახელობის რაღაც იყოს.

გადათხრილი, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა და გაწელილი სამუშაოები. ამავდროულად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ვხედავთ, რომ ალაგ-ალაგ გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს...

შეწუხებული მოსახლეობის გარდა, ყველას უნდა, რომ ქალაქში ორმოები იყოს. ვერც წარმოიდგენთ ბოლო 3 წლის განმავლობაში რა თანხაა საგზაო ინფრასტრუქტურაში დახარჯული, მაგრამ თბილისი სავსეა ორმოებით.

რეალურად მათი ამოვსება არავის უნდა - მჭადის ფქვილივით მოაყრიან ასფალტს, შემდეგ გადაივლის მანქანა, მით უმეტეს - მძიმე და ეს ორმო ისევ შესავსებია. ამაზე ლოცულობენ; ორმოები მუდმივი შემოსავლის წყაროა, მე შენ გეტყვი და ვინმე აკონტროლებს, რამდენი მუჭა ასფალტი ჩაიყარა ან არ ჩაიყარა?

დღეს ორმოებზე კი არა, უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე უნდა ვსაუბრობდეთ და თბილისი სამანქანო პრიორიტეტული ქალაქი კი არ უნდა იყოს, არამედ უკუღმა ხდებოდეს ქალაქის გადაგეგმარება - პრიორიტეტული ფეხით მოსიარულე უნდა იყოს, ველოსიპედის ხელშეწყობაზე უნდა ვზრუნავდეთ და  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ვმსჯელობდეთ. ნახევარზე მეტი გაკეთებული უნდა გვქონდეს!

არჩევნები მოდის; ახლა გაიღვიძებენ; მიედებიან, მოედებიან. 3 წელი ფულის შოვნის გარდა არაფერი უკეთებიათ!

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს „ცეხავიკების“ მერია, სადაც დეკორატიულად ზის სრულიად უმწეო ნარმანია და სადაც ფულს აკეთებენ.

ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა, ეს ქალაქი პირველ რიგში - ჩვენ, ადამიანები ვართ. თბილისიცა და საქართველოც მოქალაქეებისაა და თუკი ვინმე ერთი თავის გემოზე „უბერავს“, იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ თავი უნდა დავხაროთ. ყველაფერი ჩვენი შესაცვლელია და თუ ამას გავითავისებთ, დავინახავთ, რომ ძალიან მაგრები ვართ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^