Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აკადემიური მოსწრება, როგორც გრანტის შენარჩუნების პირობა- რას ფიქრობენ სპეციალისტები

06 აპრილი 2017

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, კონკრეტულად რა სახის ცვლილებები შევა დაფინანსების წესში. თუმცა, როგორც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, საგრანტო დაფინანსება შესაძლოა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებასთან იყოს კავშირში. ანუ პირველი წლის დაფინანსებას ეროვნული გამოცდების შედეგები გადაწყვეტს, მაგრამ მომდევნო წლებში გრანტის მიღების პირობა შეიძლება აკადემიური მოსწრება გახდეს.

როგორ აფასებენ დარგის სპეციალისტები დაფინანსების წესის ცვლილებას და როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება ამ საკითხებზე, „ლიბერალი“ განათლების სპეციალისტებს ესაუბრა:

სიმონ ჯანაშია:

სტიპენდიების გაცემის დასავლური გამოცდილებით, აკადემიური სტიპენდიები დამოკიდებულია სწავლაზე. თუმცა, სტუდენტი ამ შემთხვევაში ვალდებულია არა სახელმწიფოს, არამედ უნივერსიტეტის ან იმ ფონდის მიმართ, რომელიც აფინანსებს. თუკი ამგვარი დაფინანსების სისტემის ლოგიკას გავყვებით, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას რაღაც ორგანიზაცია, რომლის წინაშეც სტუდენტი ანგარიშვალდებული იქნება. გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასებისას კი ფონდი გადაწყვეტს, გაუგრძელებს თუ არა სტიპენდიას სტუდენტს. 

ამ რაოდენობის ხალხის მართვა საკმაოდ რთული პროცესია და  ცოტაა საქართველოში ისეთი ფონდი, რომელსაც ამ პროცესის ცენტრალიზებულად მართვის გამოცდილება აქვს.

ამ ეტაპზე რთული სათქმელია, რა შეიცვლება იმით, თუ დაფინანსება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას დაუკავშირდება, გარდა იმისა, რომ გაჩნდება ერთით მეტი რეგულაცია. იდეა მესმის, ჰგონიათ, თუ ამას გააკეთებენ, მეტი სტუდენტი დაიწყებს სწავლას იმისთვის, რომ გრანტი შეინარჩუნოს.  თუმცა, ჩემი აზრით, სამართლიანობის თვალსაზრისით შეიქმნება პრობლემები, რადგან შეიცვლება უნივერსიტეტის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. უნივერსიტეტში პროფესორი არამხოლოდ აკადემიური მოსწრების შეფასებას დაიწყებს, არამედ იმის გათვალისწინებასაც, შეინარჩუნებს თუ არა ეს სტუდენტი გრანტს. რაც დღეს არსებულ იმ პრობლემას, როდესაც სტუდენტები პროფესორებს მეტწილად იმის მიხედვით ირჩევენ, რომელი პროფესორი უფრო მარტივად დაწერს ქულებს, კიდევ უფრო გაამწვავებს. უსამართლოა ისიც, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტში სტუდენტების მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა იქნება. შესაბამისად, ზოგან უფრო ადვილი იქნება გრანტის შენარჩუნება, ზოგან - უფრო რთული.

სხვა საკითხია, თუ მოსალოდნელ ცვლილებას არსებული სისტემის პერსპექტივიდან შევხედავთ. დღესდღეობით გრანტის მქონე სტუდენტებს შორის ფინანსური საჭიროება იმათ მეტი აქვთ, ვისაც ყველაზე მცირე გრანტი აქვს. ვინაიდან უმეტესად ის სტუდენტები იღებენ 100%-იან გრანტს, ვისაც წინაპირობები გაცილებით უკეთესი ჰქონდათ, სწავლობდნენ კარგ სკოლაში, ემზადებოდნენ კარგ რეპეტიტორთან. პრინციპში, ეს ხალხი ისედაც ფლობს იმდენ ფინანსურ რესურსს, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ. ის სტუდენტები კი, ვისაც მცირე გრანტი აქვს მიღებული, ხშირ შემთხვევაში, მუშაობენ, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ.

ამ სტუდენტებისთვის უნდა გაჩნდეს გრანტის გაზრდის შესაძლებლობები. ეს უნდა მოხდეს არა ამ სტუდენტების ხელახალ კონკურსში ჩაბმით, რომ გრანტი გაეზარდოთ, არამედ დამატებითი ფონდების მეშვეობით, რომლებიც, მაგალითად, სტუდენტებს ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს.

ვინაიდან დღეს მოქმედი მოდელით გრანტის მიღება შედეგზე არის დაფუძნებული და არა საჭიროებაზე, კიდევ უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ვისაც მეტად სჭირდება დაფინანსება, ის მას ვერ მიიღებს და რაც აქვს, იმასაც დაკარგავს.

ცვლილება გაზრდის ნიშნის მიღების მოტივაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის მოტივაცია გაიზრდება, რადგან სხვა ხერხებითაც შესაძლებელია მიიღო კარგი ნიშანი, მაგალითად - აირჩიო მარტივი კურსი, გადახვიდე იმ უნივერსიტეტში, სადაც უფრო მარტივად იწერება ნიშნები და სხვ.

გაუგებარია, რა პრობლემის გადაჭრას ცდილობენ? პრობლემა არ არის იდენტიფიცირებული. მაგალითად, ვიცით, რომ სტუდენტებში მოტივაცია დაბალია? სანამ არ იტყვის სახელმწიფო, რა პრობლემასთან გავქვს საქმე და რატომ არის ეს საჭირო, მანამდე ვერც რისკებს შევაფასებთ და ვერც იმას ვიტყვით, რამდენად არის ეს გზა საუკეთესო ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

შალვა ტაბატაძე:

თუ საზღვარგარეთის გამოცდილებას გადავხედავთ, სხვადასხვა მოდელი არსებობს, ჩვენი ცენტრალიზებული მიდგომისგან განსხვავებით, არსებობს სისტემა, როდესაც უნივერსიტეტი თავად ირჩევს სტუდენტს, თავადვე აძლევს სტიპენდიას და კრიტერიუმებზე დაყრდნობით განიხილავს სტუდენტისთვის სტიპენდიის შენარჩუნების საკითხს. ანუ ეს ყველაფერი წყდება საუნივერსიტეტო დონეზე. ჩვენს შემთხვევაში კი უნივერსიტეტის როლი ნაკლებია, როგორც შერჩევის, ასევე დაფინანსების გადანაწილების კუთხით.

კონკრეტულად რა პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს დაფინანსების წესის სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე მიბმამ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა არსებული მოდელის ანალიზი სხვადასხვა რისკების დანახვის შესაძლებლობას იძლევა.

დღევანდელი დაფინანსების პირობებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები. სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც უსახსრობის გამო სწავლის ქირას ვერ იხდიან, 11000-ს აღწევს.

მნიშვნელოვანია დაფინანსების იმგვარი მოდელის შექმნა, რომელიც სტუდენტის საჭიროებაზე იქნება მიბმული. 

უნივერსიტეტის დაფინანსება, ძირითადად, მიბმულია გრანტზე, ამდენად, აკადემიური მოსწრების მიხედვით ვიღაცისთვის გრანტის შეჩერება მისი გარიცხვის მოტივაციას ნამდვილად არ გააქრობს.

გრანტის გაცემის წესის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებამ შესაძლოა სტუდენტებს შორის გაზარდოს შიდაკონკურენციის პრობლემა, რამაც შეიძლება გაზარდოს მოტივაცია, ან პირიქით უკუშედეგი გამოიღოს. ასევე შესაძლოა ის პრობლემური გახდეს პროფესორებისთვის ნიშნების გადანაწილების თვალსაზრისითაც. ან მობილობისას როგორ მოხდება მიღებული გრანტის გადანაწილება. ეს რისკფაქტორები არსებობს.

ეს ყველა ის საკითხია, რომელზეც შეიძლება მსჯელობა, ფიქრი და ამ რისკების შემამცირებელი მექანიზმების ჩადება. თუ ამ კონკრეტულ რისკფაქტორებთან მიმართებით სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გაანეიტრალოს ისინი, შეგვიძლია მსჯელობის გაგრძელება. თუ არ იქნება ამგვარი კონკრეტული ხედვა, მაშინ ეს იდეა უტოპიურია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება 25783 აბიტურიენტმა მოიპოვა.

2015 წელს- 27320 აბიტურიენტმა;

 2016 წელს კი 26825 აბიტურიენტმა.

რაც შეეხება სასწავლო გრანტების გადანაწილების სტატისტიკას,- 2014 წელს 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1013 სტუდენტმა, 70%-იანი გრანტი- 1457 სტუდენტმა, 50%-იანი გრანტი 4086 სტუდენტმა.

2015 წელს 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1013 სტუდენტმა, 70%-იანი გრანტი- 1458სტუდენტმა, 50%-იანი გრანტი 4085სტუდენტმა.

2016 წელს 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1012 სტუდენტმა, 70%-იანი გრანტი- 1456სტუდენტმა, 50%-იანი გრანტი 4079 სტუდენტმა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

ჩაკეტილი წრე სასამართლო სისტემაში - ინტე ...

ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯადომარეთა დანიშვნამ კვლავ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ორ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაში ...

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვ ...
22 ივნისი
22 ივნისი

როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას - ამერიკე ...

დევიდ პოპიკი იურისტია. 36 წელია, ნიუ-იორკსა და კონექტიკუტში მუშაობს. 2015 წლიდან საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალის ...

მეტი

^