Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოფიტული ადამიანები ზღაპრული სამყაროდან...

10 აპრილი 2017

გინახავთ ან წარმოგიდგენიათ მაინც, როგორ „ბედავს“ ორი მგელი დათვზე ნადირობას? როგორია „ქართველი“ როჭოების საქორწინო რიტუალები? ხარების შერკინების ტრადიცია? როგორ ეშვებიან არაბებით თავდაღმართში მაღალმთიანი აჭარის სოფლის მცხოვრები ბავშვები? როგორ ნადირობენ ბაზიერები მიმინოზე და რა არის ჯარა?

ჯარა - გრძელი მორისაგან დამზადებული ქართული სკის სახელია. სამუშაოს სიმძიმის გამო, თაფლის მისაღებად ჯარას, მაღალმთიანი აჭარის გარდა, დღეს თითქმის აღარსად იყენებენ.

„ჯარა“ სტუდია Eco Films-ის დოკუმენტური ფილმის სახელია, ფილმისა, რომელიც ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის შესაძლებლობას გვიჩვენებს...

ინტერვიუ კინოდოკუმენტალისტ - ნიკა წიკლაურთან

***

საიდან გაჩნდა „ჯარას“ გადაღების იდეა?

ფილმის იდეა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაარსებობის შესაძლებლობის ჩვენებაა. მოგეხსენებათ, დღეს ეს ურთიერთობა მაინცდამაინც ჰარმონიული არ არის.

შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ მაღალმთიანი აჭარა ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია დედამიწაზე, სადაც ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობს ადამიანი და დათვი.

ფილმის გადაღებისას არაერთხელ დაგვიფიქსირებია დათვის კვალი, რომელიც სოფლიდან მოდიოდა - ველური ცხოველი დასახლებებს ღამღამობით სტუმრობდა.

არავინ იცის ფუტკარი, რომელიც ტყეში ცხოვრობს, სოფლიდან წამოსული მწერია თუ ველური ფუტკარი.

ამ სოფლების მოსახლეობა იმდენივე დროს ატარებს ტყეში, რამდენსაც დათვი...

ერთი სიტყვით, ისინი თანაარსებობენ, ფუტკარი კი სწორედ ამიტომ შევარჩიე - ყველაზე უკეთ სწორედ ის გამოხატავს ადამიანებისა და ველური ბუნების ერთიანობას.

ეს იყო საფუძველი, რომელზეც შემდეგ ბევრად უფრო რთული კონცეფცია აიგო.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნებზე გავიზარდე და მჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს პატარა ადამიანი, რომელსაც სწამს, რომ როდესაც ტყეში ნისლი გადაიყრება, იქ გაივლიან ელფები თავის უკანასკნელ გზაზე - ზღვისკენ. ასეა ფილმშიც, გადაიყრება ნისლი და იწყება ისტორია. ჩემთვის ეს არის აჭარა. გადავწყვიტე გადამეღო ზღაპარი, შემექმნა ადგილი, რომელიც თან არსებობს - თან არა, მიუხედავად იმისა, რომ „ჯარას“ არცერთი კადრი დადგმული არ არის.

გადაღებები 2015 წლის ზაფხულში დავიწყეთ. ოთხივე სეზონი გადავიღეთ და ამისთვის 15-მდე ექსპედიცია დაგვჭირდა. გადაღების თითოეული ლოკაცია ძალიან ფრთხილადაა შერჩეული - ფილმი რამდენიმე ხეობაში, მთელ მთიან აჭარაშია გადაღებული.

ქართული სკა - „ჯარა“ და მისი დამზადების რთული, მაგრამ უნიკალური ტრადიცია, რომელიც გაქრობის წინაშეა...

ზოგადად, ტრადიციას ჩემთვის ორი დატვირთვა აქვს. მაგალითად, ჯარას შემთხვევაში, რომელიც, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი, ერთი მხრივ, ეს თაფლის მოპოვების მეთოდია, მეორე მხრივ კი, კულტურული ფასეულობა.

რაღაც კუთხით ყველა ტრადიცია განწირულია, იმიტომ, რომ ტექნოლოგია ნებისმიერ საქმეში წინ მიდის. ალბათ არც ჯარა იქნება გამონაკლისი, რაც გულდასაწყვეტია - არა მისი პრაქტიკულობის, არამედ იმის გამო, რომ ეს ჩვენი არამატერიალური მემკვიდრეობაა.

ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში არაერთი საინტერესო ტრადიცია აქვთ, მათ შორის - ხარების შერკინება.

მაისის ბოლოს, ზაფხულის იალაღებზე ასვლამდე, მერისის ხეობის მოსახლეობა ხარებს აჯიბრებს ერთმანეთს. დამარცხებული ხარი, როგორც წესი, გაურბის მოწინააღმდეგეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ტრადიციასაც საფრთხე ემუქრება. მიწის დამუშავება, ე.წ. „ხელის ტრაქტორით“ უფრო მომგებიანი და პრაქტიკულია, ვიდრე ხარის დახმარებით.  ხარის დანიშნულება რა არის? ხნავს და დროდადრო ძროხას უნდა მიეფეროს. მაგრამ, ხარი მასიური ცხოველია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოკვებო. ამ ხალხს უჭირს. ხარის ყოლა კი ნელ-ნელა ზედმეტი ტვირთი ხდება. ამიტომაც, მოსახლეობის უმეტესობა ხელის ტრაქტორზე გადადის. ხარების შეჯიბრისთვის ძლივს შეაგროვეს ცხოველები, ეს ტრადიციაც ალბათ მალე გაქრება...

ადამიანი და ველური ბუნება. ბრძოლა გადარჩენისთვის. როგორ ცხოვრობს მაღალმთიანი აჭარის სოფლების მოსახლეობა? როგორია მათი ყოველდღიურობა?

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მრავალი წელია ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თბილისში არ ვიცხოვრო და საქართველოს სხვადასხვა მხარეს თბილისელის თვალით არ ვუყურო, ამიტომაც გამუდმებით ვმოგზაურობ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ურთიერთობა მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან და კარგად ვიცი, როგორია მათი ცხოვრება.

დღეს ჩვენ ქალაქში მცხოვრებლებს ერთგვარი რომანტიკული სურათი გვაქვს შექმნილი - „ვაიმე, ორგანული პროდუქტებით იკვებებიან, როგორი ჯანმრთელები არიან!“

სინამდვილეში ეს ასე არ არის! საქართველოს სხვადასხვა „ეგზოტიკურ“ ადგილას მცხოვრებ ადამიანებს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ. გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლის პროცესში ორგანიზმი საშინლად ეფიტებათ, თანაც, სამედიცინო მომსახურებაზე ხელი ძნელად მიუწვდებათ.

ეს სირთულეები კარგად ჩანს ჩემს წინა ფილმში („გზა“), რომელიც მეცხვარეების მძიმე ცხოვრებას აღწერს. თითოეული ამ მეცხვარის სამუშაო იმდენად მძიმეა, რომ ეს ადამიანები მთლიანად იფიტებიან. „სუფთა ჰაერზე ყოფნის“ მიუხედავად, ისინი არ არიან ისეთი ჯანმრთელები, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია...

რატომ ავიღე ჯარას ტრადიცია ფილმის ერთ-ერთ მთავარ თემად? ეს ტრადიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს აჭარაში, იმდენად დიდ შრომას საჭიროებს. ჯარასთან შედარებით, ჩვეულებრივი სკით თაფლის მიღება იმდენად მარტივია, რომ ჯარა პრაქტიკულად განწირულია. ალბათ ისევე, როგორც მაღალმთიანი აჭარის ზღაპრული სამყარო.

ამიტომაც ვცადე შემექმნა ზღაპარი, რომელიც გაჩვენებს, რომ არსებობს ისეთი ცხოვრებაც, როგორითაც ეს ადამიანები ცხოვრობენ.

ბავშვები მაღალმთიანი აჭარიდან და მწყემსი ბავშვები. რამდენად ზღაპრულია მათთვის იქ ცხოვრება?

ფილმისგან დამოუკიდებლად თუ შევხედავთ, მძიმე საკითხია.

ისევე, როგორც მეცხვარეების ბავშვებს ფილმიდან - „გზა“, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსაც აქვთ რაღაც ისეთი, რასაც ქალაქში მცხოვრები მათი თანატოლები არიან მოკლებულნი: სუფთა ჰაერი, პირდაპირი კავშირი ბუნებასთან, მაგრამ...

სკოლაში წასასვლელად ყოველდღიურად 3 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით; სამედიცინო დახმარებაზე ხელი პრაქტიკულად  არ მიუწვდებათ... ეს ბავშვები, ისევე როგორც მათი მშობლები, ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან.

აჭარაში კიდევ არაუშავს, მაგრამ მეცხვარეების შვილები ბავშვობიდან მუშაობენ. ისინი უშანსოდ არიან, მათი ცხოვრება ჩაკეტილი წრეა!

როგორც წესი, ცხვრის მეპატრონე მეცხვარეებს იმისთვის ქირაობს, რომ პირობითად, 1000 ცხვარს მოუარონ. თუკი მეცხვარეს ჰყავს შვილი, ბიჭი, რომელსაც ამ საქმის გაეგება და მამას ეხმარება, ცხვრის პატრონი გარკვეულ თანხას მასაც უხდის. ამიტომაც, მეცხვარეს, რომელიც ღარიბია, ურჩევნია შვილი სკოლაში კი არ გაუშვას, არამედ თავისი ხელობა ასწავლოს და ოჯახში მეტი თანხა შეუვიდეს.

ამ ბავშვების უმრავლესობა ვერასდროს მიიღებს განათლებას და არც სადმე გაღწევის შანსი აქვს, იმიტომ, რომ მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია - გაიზრდება და იმავეს გააკეთებს, რასაც მისი მშობელი აკეთებდა, სხვა ხომ არც არაფერი უნახავს...

ველური ბუნება, რომელიც შენ გვერდითაა, მაგრამ არ გინახავს...

რასაც დღეს ვხედავ, ძალიან საწყენია. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაფერი იცის საკუთარი ქვეყნის ბუნების, ფლორისა და ფაუნის შესახებ. ადამიანები ირემსა და შველს ვერ არჩევენ, ზოგიერთს როჭო  ხვლიკი ჰგონია, ყორანი და ყვავი კი - ერთი და იგივე ფრინველი..

ველური ბუნების კუთხით, საქართველოს ვეებერთელა, დაუფასებელი პოტენციელი აქვს. აჭარაში ყოველწლიურად მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველის გადაფრენის სანახავად მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ჩამოდის. აქ ჩამოსულმა ფრინველებზე დამკვირვებლებმა ბევრად მეტი იციან ჩვენს ბუნებაზე, ვიდრე ჩვენ ვიცით.

მაგალითად, ლომების შესახებ ათასობით დოკუმენტური ფილმია გადაღებული, ჩვენს ბუნებაზე კი პრაქტიკულად, არცერთი. საკუთარი წვლილი მინდა შევიტანო იმაში, რომ ჩვენმა ხალხმა ცოტა მეტი გაიგოს თავის ქვეყანაზე; ვაჩვენო, როგორი ფრინველია როჭო, რომელსაც, ბრაკონიერების გარდა, იშვიათად თუ ცნობს ვინმე, როგორ ნადირობენ მგლები დათვზე, ბაზიერები კი - მტაცებელ ფრინველებზე. ეს უკანასკნელი საქართველოში დღეს ერთ-ერთი „ინდუსტრიაა“.

რას გულისხმობთ?

მიუხედავად იმისა, რომ ბაზიერობის ტრადიცია შთამბეჭდავი სანახაობაა და კადრები ფილმშიც მაქვს გამოყენებული, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია.

მახინჯაური ბაზიერების დედაქალაქია! იმ ადგილებში, სადაც გადამფრენი ფრინველების მიგრაციის კორიდორი გადის, ბაზიერობაზე, მიმინოს დაჭერაზე ყველას ჭკუა ეკეტება! უამრავ ფერდობზე შეგიძლიათ ნახოთ პატარა ქოხები, გაჭიმული ბადე და ბაზიერი, რომელიც ცდილობს დაიჭიროს რაც შეიძლება მეტი მტაცებელი. ახლად დაჭერილი მიმინოს „გასატეხად“ აუცილებელია, რომ 24 საათის ან მეტის განმავლობაში დაძინების საშუალება არ მისცე, წარმოიდგინეთ რა სადიზმია!

ამ ტრადიციას უამრავი ნეგატიური მხარე აქვს. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ფრინველი იღუპება. დაჭერილი მიმინოს გამოსაკვებად არაერთ სხვა ფრინველს კლავენ, იმიტომ, რომ ხორცის ყიდვის საშუალება არ აქვთ; დაჭერილ მტაცებლებს თურქეთში ჰყიდიან, იქ უფრო ძვირი ღირს. რა თქმა უნდა, ეს უკანონოა!

არ მიყვარს ეს ტრადიცია, თუმცა ძალიან ბევრი ბაზიერი ლობირებს მას. როდესაც ვამბობ, რომ ეს სადიზმია, მპასუხობენ - რას ამბობ, ეს ხომ ტრადიციაა!

ვიცი რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყებები კონკრეტული რეგულაციების შემოღებაზე მუშაობენ. იმედია, ოდესმე დალაგდება ეს სიტუაცია.

მგლების ნადირობა დათვზე, კადრი, რომელიც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ამავდროულად, დაუჯერებელი მონაკვეთია...

შეიძლება მთელი ცხოვრება ველურ ბუნებაში გაატარო და კინოს ღმერთი თუ არ გადმოგხედავს, ასეთ კადრს უბრალოდ ვერ გადაიღებ. არ ვიცნობ არავის, ვისაც ასეთი რამ უნახავს, ასეთი ეპიზოდი არც მსოფლიო კინო ინდუსტრიიდან მახსენდება.

წარმოიდგინეთ, ვზივარ ფერდობზე, ვიღებ დათვებს და უცებ რაღაც შეიცვალა. თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, შემდეგ, როცა დავინახე, როგორ მისდევდა ორი მგელი დათვს მოსანადირებლად, ვერ ვიჯერებდი. შორს იყვნენ და არ ვიცოდი, გადამეღო თუ არა, კიდევ კარგი გადავიღე! შეიძლება გაგიმართლოს და დაინახო, როგორ ნადირობს მგელი შველზე, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ, საკუთარი თვალით იხილო და გადაიღო - როგორ ნადირობს ორი მგელი დათვზე, ეს რაღაც სასწაულია! ეს უბრალოდ წარღვნაა ადრენალინისა!

„ჯარას“ არაერთი მხარდამჭერი ჰყავს. როგორ მოახერხეთ ფინანსური რესურსის მობილიზება და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდით?

სტუდია „EcoFilms“ 2012 წლიდან არსებობს; ველური ბუნების თემებზე მე მანამდეც ვმუშაობდი, თუმცა თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როდესაც ასეთ პროექტებში ქართული ფული იდება, ასე მოხდა „ჯარას“ შემთხვევაშიც. ათასი უწყება მაქვს მოვლილი, თუმცა უშედეგოდ...

უცხოელები მეტ ფულს დებენ დოკუმენტალისტიკაში, მით უმეტეს, Wild Life-ში; „ჯარას“ ბიუჯეტი 200 ათას ლარამდე იყო. ეს არ არის პატარა თანხა და ვემადლიერებით თითოეულ დონორს, რომელიც დაგვეხმარა.

კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ინტერესდებიან ამ ტიპის პროექტებით?

ძალიან ცოტა ადამიანს აქვს იმის ხედვა, რომ A, B და C მოცემულობიდან შესაძლოა რაღაც საინტერესო გამოდნეს. ამას აღსაქმელად ადამიანს ხედვა უნდა ჰქონდეს.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც, საბედნიეროდ, მართლაც არსებობს, სამთავრობო უწყებებში, არ მიდიან, ან ვერ ხვდებიან დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანები. როგორ გინდა მკაცრ ფუნქციონერს დაანახო, რომ ქვეყნის ველურ ბუნებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა შესაძლოა დიდი სარგებლობა მოიტანოს?  ამ ხალხს კონკრეტული ფაქტები უნდა დაუდო წინ.

თუკი „ჯარას“ პოპულარიზაციას მოვახერხებთ, ვფიქრობ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ეს იქნება პრეცედენტი და დიდი იმედი მაქვს, რომ გაგვიხსნის ათას კარს არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა დაინტერესებულ ადამიანს. სოციალურ თემაზე დოკუმენტურ ფილმებს ბრწყინვალედ იღებენ ჩვენთან, Wild Life ინდუსტრია კი დღეს იქმნება საქართველოში!

ჯერ - „გზაზე“, შემდეგ - „ჯარა“. ახალი ფილმის გადაღებას თუ გეგმავთ?

ახლა ფინანსების მოძიებას ვცდილობ. დიდ კავკასიონზე მინდა ფილმის გადაღება. მყინვარების, მეცხვარეების, ჯიხვების, მგლების ცხოვრება... ეს სასწაული მასალაა სამუშაოდ; უშუალოდ გადაღებების დასაწყებად დიდი საპროდიუსერო სამუშაოა შესასრულებელი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ 1-2 წელიწადში შევძლებ ახალ ფილმს დავდებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^