Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანიტა, ანუ „სულ სხვა ოპერა“

12 აპრილი 2017

როცა საოპერო დივები ან თუნდაც ნახევარდივები საკონცერტო შესრულებით  მღერიან, ეს ხშირად კარგად გათვლილი შოუს ნაწილია. მონაწილენი - ორკესტრი, დირიჟორი და თავად მომღერალიც, ამას თითქოს წინასწარ გრძნობენ და პუბლიკის გაცვეთილ მოლოდინებს კეთილშობილურად გაცვეთილ საოპერო არიებს მოარგებენ  ხოლმე. თუმცა არის შემთხვევები, როცა თავად მომღერალს, მის შარმსა თუ ჯადოსნურ ხმას „სულ სხვა ოპერის“ განზომილებაში გადავყავართ. რაღაც ამგვარი იყო აღიარებული ქართველი მეცოსოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილის „შემოღამება“ ოპერისა და ბალეტის თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით (დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი).

უნდა ითქვას, რომ ანიტა რაჭველიშვილი ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს და ყოველთვის გვერდში უდგას ურთულეს პირობებში მომუშავე ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელს. ასე რომ, საკონცერტო საღამო ოპერაში მორიგ მხარდამჭერ აქციადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მით უმეტეს, უკვე გადაწყდა, რომ მალე დაარსდება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მეგობართა საზოგადოება. ასე რომ, ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და ტრადიციის მსგავსად, მეგობართა საბჭო ორკესტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის საშუალებაც გახდება!

რაც შეეხება თავად კონცერტს: 31 წლის ქართველი მეცოსოპრანო უკვე კარიერის იმ ეტაპზეა, როცა სანერვიულო თითქმის აღარაფერია. კონტრაქტები მსოფლიოს ლამის ყველა ცნობილ საოპერო თეატრთან გაფორმებულია; შემოქმედებითი კალენდარი 2020 წლის ჩათვლით - შევსებული; კარმენის, დალილას, ამნერისის, ლუბაშას, აძუჩენას, ულრიკას პარტიები - არაერთხელ შესრულებული!.. და კიდევ - მიზნები,  შემოქმედება და ცხოვრება - ჯაზივით თავისუფალი და მუსიკის ვნებით დატვირთული.

ოპერის გადაჭედილ დარბაზს თამარის კავატინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (ერთადერთი ქართული საოპერო არია ამ საღამოს), ვიტყოდი, უფრო სანუგეშოდ და მხარდასაჭერად მოედო. სავსე, მსუყე და ზომიერად მოთოკილი ხმის მიღმა სიძლიერე და აღმოსავლური მელანქოლია თვლემდა, რომელმაც მოგვიანებით გამოიღვიძა, როდესაც ანიტამ ებოლის „სიმღერა ჩადრზე“  შეასრულა ვერდის „დონ კარლოსიდან“.

გაცილებით ცნობილი და დრამატიზმით დატვირთულ-დამუხტული არია - O don fatale, o don crudel ამავე ოპერიდან, მეორე განყოფილებაში შესრულდა. ებოლის არია, რომელსაც თითქმის ყველა ცნობილი მეცოსოპრანო მღეროდა და მღერის - ებე სტინიანით და გრეის ბამბრით დაწყებული ელენა ობრაზცოვათი დამთავრებული - ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით უფრო საგონებელში ჩავარდნილი ქალის ეჭვნარევ ტკივილს ჰგავდა. და მაინც, ამ არიას აკლდა ვნება და ფსიქოლოგიური დრამატიზმი. ეს ალბათ, საკონცერტო შესრულების სპეციფიკითაც აიხსნება, რადგან საოპერო სპექტაკლში არია ყოველთვის რაღაც კონკრეტული სიუჟეტის, ამბის ნაწილია, უმაღლესი ემოციური მდგომარეობა, რომლის მიღწევა კონცერტზე ძნელია, მით უმეტეს, სხვა, უკვე შესრულებული არიის შემდეგ.

დალილას პირველი არია კამილ სენ-სანსის ოპერიდან  „სამსონი და დალილა“, სიმშვიდის, ლირიზმისა და რეფლექსის ნაზავი უფრო იყო. თუმცა კონცერტის აღმოჩენა თუ სიურპრიზი, ჩემი აზრით, საფოს არია იქცა , შარლ გუნოს ნაკლებად ცნობილი ოპერიდან „საფო“. არია  O, ma lyre immortelle, რომელიც ანიტამ შეასრულა, პირველად დაახლოებით ორი წლის წინ, არაჩვეულებრივი ელინა გარანჩას შესრულებით მოვისმინე. ეს ძალიან მოდური და ლამაზი ლატვიელი მეცოსოპრანო, ასევე ლამაზი ტემბრით, რაღაც იდუმალი კეთილშობილებითა და ასეთივე ხმით, მაინც რაღაც დისტანციას მიქმნიდა (არ ვიცი, შესაძლოა „ყინვის დედოფლის“ იმიჯიც მიშლიდა ხელს). მაშინ, როდესაც ანიტა რაჭველიშვილის ხმა „დატვირთული" და ფაქიზი პიანოებით - თითქმის მზეში გამთბარი და მხურვალე, უფრო სავსედ ჟღერდა.

მთელი კონცერტის განმავლობაში ვფიქრობდი, თუ როგორ შეიცვალა ანიტა რაჭველიშვილის სიმღერა 2009  წლის „ლა სკალას" ბრწინვალე დებიუტიდან დღემდე, როდესაც 25 წლის ახალგაზრდა მომღერალმა „კარმენში“ცნობილ გერმანელ ტენორთან, იონას კაუფმანთან ერთად იმღერა, დიდი მაესტროს, დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით. აქამდე უცნობი რამდენი ობერტონი, ფერი, მოქნილობა, სილბო, ელვარება, ანცობა თუ მოზომილ-გათვლილი ეროტიზმი გაჩნდა მის ხმასა თუ საშემსრულებლო მანერაში. მისი საოცარი მოცულობის, მსუყე ხმა, რომელიც ადრე უფრო „მწიფე მსხლის“ გემოსი იყო, ახლა თითქოს კენკროვანი, არომატული და ერთდროულად მომწარო-მოტკბოც გახდა, C ვიტამინ-ვოკალით გამდიდრებული...

კონცერტი კარმენის უკვე ასგზის გათელილი თუ მოთელილი „ხაბანერათი“ დასრულდა. კარმენის პარტია, რომელიც ანიტა რაჭველიშვილმა თავის კარიერაში ყველაზე მეტჯერ იმღერა და რომლის შესრულების შემდეგ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ის ანა მანიანისაც კი შეადრა,  თითქოს ჩვენ თვალწინ მოქსოვილი განცდებითა და ვნებით იყო გაჯერებული... დიახ, ეს „სულ სხვა ოპერა“ იყო, რომელსაც, სხვათა შორის, მაყურებელი ისევ იხილავს ოპერის სცენაზე. „კარმენის“ პრემიერა უკვე ახალი რეჟისურით, დეკორაციებითა და კოსტიუმებით, აპრილის ბოლოს გაიმართება. ცხადია, ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^