Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიშში დაკარგული გარემო

19 დეკემბერი 2012

დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, საქართველო ალბათ ერთადერთია, სადაც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, შესაძლებელია გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციით გამოსყიდვა

2012 წლის მაისში, სააქციო საზოგადოება „მადნეული“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა.  სამინისტრო და საწარმო შეთანხმდნენ, რომ 18 წლის განმავლობაში, „მადნეულის“ მიერ გარემოს დაბინძურება 13 მილიონი ლარი ღირს.

შეთანხმების დოკუმენტი ზოგადია. „მადნეულის“ ყოფილი დირექტორის – გიორგი დევაძის და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის – ხელმოწერილ შეთანხმების დოკუმენტში, არც ერთი დეტალი არაა ნახსენები, თუ რა სახის – წყლის, ჰაერის, თუ ნიადაგის – დაბინძურებისთვის უნდა გადაიხადოს საწარმომ 13 მილიონი ლარი.

დოკუმენტი ზოგადად ამბობს, რომ საწარმოს „1994 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ყველა ქმედება კანონიერად ითვლება.“

დოკუმენტი არც იმას ხსნის, ვინ და როგორ გამოიანგარიშა 13 მილიონი ლარი.

ასეთი შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა საქართველოს პარლამენტის მიერ, 89 ხმით 8–ის წინააღმდეგ. 2012 წლის 20 მარტს მიღებული ცვლილება კანონებში, მათ შორის, კანონში „გარემოს დაცვის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ კომპანიას საშუალებას აძლევს, გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ, წარსულში გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაული საკომპენსაციო ფულით გამოისყიდოს.

კანონი არ ადგენს, როგორ უნდა მოხდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დათვლა და ვინ ითვლის არ ზიანს – საწარმო თუ ენერგეტიკის სამინისტრო.

ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, არსებობდა და არც მისი მიღების შემდეგ გაუქმებულა არა ერთი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც მეწარმისა და სახელმწიფოს ურთიერთობას არეგულირებს ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში.   

არსებობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დათვლის ფორმულები, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, რის დარღვევის შემდეგაც,  დამაბინძურებელი ისჯება.   

2010 წლის გაზაფხულზე იყო შემთხვევა, როდესაც მდინარე მაშავერაში, რომელიც „მადნეულის“ გვერდით ჩამოედინება, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ სპილენძის, თუთიის, რკინისა და მანგანუმის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართული კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრი გოგა ხაჩიძე და საწარმოს მაშინდელი დირექტორი გიორგი დევაძე აღნიშნავდნენ, რომ უხვნალექიანობის გამო,  წყლის მართვასთან დაკავშირებით, საწარმოს პრობლემა შეექმნა და შესამოწმებლად, საწარმოში გარემოს დაცვის ინპექციაა შესული.

2010 წელს, გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა – ლევან მხეიძემ – გოგა ხაჩიძის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ინსპექცია საწარმოს შიგნით შესული არ იყო, არამედ გარეთ, საწარმოსთან ახლოს ჩამდინარე მდინარე მაშავერას სინჯები აიღო და საგამოძიებო ჯგუფს გადასცა.  

სამინისტროს ასეთი ანგარიში თავის ვებგვერდზე არასოდეს გამოუქვეყნებია.  ასევე უცნობი დარჩა, დაისაჯა თუ არა საწარმო ამ კონკრეტული დაბინძურებისთვის.  

ამ შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ, გაჩნდა ახალი რეგულაცია, სადაც „მადნეულმა“,  უფრო ზოგადი დანაშაულისთვის – 18 წლის განმავლობაში გარემოსთვის მიყენებული დაუკონკრეტებლად ზოგადი ზიანისთვის – კომპენსაციის გადახდა იკისრა.

ამ საკანონმდებლო ცვლილებით, სწორედ ასეთი რეგულაცია შემოვიდა:  კომპენსაციის გადახდის საკითხი ისე დგება, რომ სახეზე არაა არანაირი კონკრეტული გარემოსდაცვითი დანაშაული – წყლის, ჰაერის თუ ნიადაგის დაბინძურება.  კომპანიებმა კი ზუსტად არ იციან, რაში იხდიან ფულს.  

„რა დააშავა მადნეულმა 1994 წლიდან და რა შეიძლებოდა დაკისრებოდა ამისათვის - ეს მხოლოდ მკითხაობის საგანია ამგვარი ფაქტების კონკრეტულად რეგისტრაციის გარეშე“, – ამბობს სოსო ცაბაძე,  გარემოსდამცველი და Rich Metal Copper-ის („მადნეულის“ შეცვლილი სახელი) მრჩეველი გარემოსდაცვით საკითხებში. – „ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თანხა (იგულისხმება 13 მილიონი ლარი) ციდან ჩამოვარდნილს ჰგავს.“

სხვა ქართველი გარემოსდამცველებიც ფიქრობენ, რომ ამ კანონის მიღების მიზანი გაურკვეველია.  

„ცვლილებებთან დაკავშირებით, მეტი კითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი“, – ამბობს ლია თოდუა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტი გარემოსა და მომხმარებლების დაცვის საკითხებში. – „ენერგეტიკის სამინისტროსთან რომ გვქონდა შეხვედრა პარლამენტში, ჩვენი მთავარი შეკითხვაც ეგ იყო - რა არის ამ ცვლილების მიზანი.”

 

და იქმნა კანონი  

ენერგეტიკის ახალ სამინისტროში არავინ ამბობს, თუ ვისი იდეა იყო საკამომდებლო ცვლილებები.

ირაკლი ხმალაძე,  ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ ეს ცვლილება კონკრეტულად არც ერთ საწარმოზე არ იყო გათვლილი. 

„ ამ კანონის მიღების ერთგვარი მიზეზი ის იყო, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ამის გამოყენება მომხდარიყო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით“, – ამბობს ხმალაძე.  – „არიან ცნობილი გარემოსდამაბინძურებელი საწარმოები, რომლებსაც ასევე ბევრი დასაქმებული ჰყავთ. მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო საწარმოს დახურვა, რადგან ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანდა.“

გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც საქართველოს მასშტაბით საწამოების სალიცენზიო პირობებს ამოწმებდა, შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურების გამო, არასოდეს შესულა არც “მადნეულში” და არც “საქნახშირში.”

დღემდე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, თუ რა მასშტაბებისაა კომპანიების მიერ გარემოს დაბინძურება.

“შესაბამისად, არ არსებობს ინფორმაცია, დადგებოდა თუ არა ამ საწარმოების დახურვის საკითხი”, - ამბობს ნელი კორკოტაძე, რომელიც 2005 წლიდან 2011 წლამდე გარემოს დაცვის ინპექციის ინსპექტირების სამსახურის უფროსი იყო.

დაინტერესებული საწარმო, რომელიც მზადაა ასეთი სახის შეთანხმება გააფორმოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ხმალაძის თქმით, თვითონ მოდის სამინისტროში და კონკრეტული ვადის ფარგლებში, ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში, ჩადენილი დანაშაულისგან გათავისუფლებას ითხოვს.

„როდესაც კომპანია წინადადებით შემოდის ენერგეტიკის სამინისტროში,  განცხადება ასევე მოიცავს წინადადებას, თუ რა ოდენობის კომპენსაციას სთავაზობს სახელმწიფოს“, – ამბობს ხმალაძე.  

შემოთავაზებულ წინადადებას  პრემიერ–მინისტრი განიხილავს. მას შეუძლია საწარმოს შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი უთხრას შემოთავაზებულ წინადადებაზე.

უარს კი არ ასაბუთებს.

2012 წლის მარტიდან დღემდე, სამმა კომპანიამ შეიტანა მსგავსი განაცხადი.  სამივე წინადადება თავის დროზე, მოიწონეს და დაამტკიცეს ყოფილმა პრემიერ–მინისტრებმა ნიკა გილაურმა და ვანო მერაბიშვილმა.

მადნეულისხარკი

შეთანხმებას „მადნეულსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელი საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – გიორგი დევაძემ და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა – ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერეს.

ალექსანდრე ხეთაგურმა უარი თქვა ამ საკითხზე ესაუბრა. გიორგი დევაძემ, რომელიც ამჟამად სომხეთში მოღვაწეობს,  არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც ელექტრონული ფოსტით მიწერილ კითხვებს.

როცა ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა, საწარმო მეორედ გაყიდული არ იყო – „მადნეულს“ ჯერ კიდევ GeoProMining–ი ფლობდა. საწარმო მეორედ 2012 წლის ივნისში გაიყიდა და საწარმო და ყველა მისი აქტივი რუსულმა კომპანია Capital Group–მა შეიძინა. მას მერე, „მადნეულს“ სახელი გადაერქვა და ამჟამად  Rich Metal Copper ჰქვია.

Rich Metal Copper-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამუნა ლილუაშვილი, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის დროს კომპანიაში არ მუშაობდა, ამბობს, რომ ამჟამინდელმა მენეჯმენტმა არ იცის, თუ რატომ მოაწერა საწარმომ ხელი ამ შეთანმხებას და ვინ და როგორ გამოითვალა 13 მილიონი ლარი.

სოსო ცაბაძე, Rich Metal Copper-ის მრჩეველი გარემოსდაცვით საკითხებში, ამბობს, რომ ყიდვის დროს, როცა ახალი ინვესტორი კომპანიას სწავლობდა, მსოფლიოში აღიარებულ აუდიტორულ კომპანია KPMG–ს დახმარებით, არაფერი იცოდნენ 13 მილიონის შესახებ.

ამიტომაც, როგორც თვითონ ამბობს, მან „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას“ სთხოვა, რომ დოკუმენტი ოფიციალურად გამოეთხოვა ენერგეტიკის სამინისტროდან.

შეთანხმების დოკუმენტს თანხის გადახდის გრაფიკი მოჰყვება.  როგორც ცაბაძე ამბობს, 3 მილიონი ლარი უკვე გადახდილია და დანარჩენი კი საწარმომ 2014 წლის მარტამდე უნდა დაფაროს.

სოსო ცაბაძეს და საწარმოს ახალ მენეჯმენტს ასეთი შეთავაზება აქვს ენერგეტიკის სამინისტროსთან:  13 მილიონი ლარი მიზნობრივად გარემოსთვის დაიხარჯოს.

მისივე თქმით, ამჟამად, საწარმოს მთავარი გამოწვევა წყლის დაბინძურების კონტროლია.

ცაბაძის თქმით, ამისთვის დროულად უნდა მოხდეს მილსადენი სისტემიდან წყლის ჟონვა და მათი მდინარე მაშავერაში მოხვედრა.  

 

საქნახშირისხარკი

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „საქნახშირი“ენერგეტიკის სამინისტროს 40 ათასი ლარის გადახდაზე შეუთანხმდა.  

სანაცვლოდ, ნახშირის მიწისქვეშა წესით მომპოვებელ საწარმოს, 2010 წლის 6 იანვრიდან 2011 წლის 12 ოქტომბრამდე „ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში ჩადენილი ყველა დანაშაული მოეხსნა.“

კითხვაზე, თუ რატომ შეუთანხმდა სამინისტროს კომპენსაციაზე, კუხალაშვილი ასე პასუხობს: „გადავწყვიტეთ, რომ ეს ერთგვარი ერთჯერადი კომპენსაცია ყოფილიყო.“

რაც შეეხება თანხის გამოთვლას, კუხალაშვილი ამ დეტალების საქმის კურსში არ არის.

„მოლაპარაკების პროცესში, სხვადასხვა დოკუმენტაცია წარმოვადგინეთ სამინისტროში“, – ამბობს ის. კუხალაშვილი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რა სახის დოკუმენტები წარადგინეს სამინისტროში.

„ფული საიდან გამოითვალეს, არ ვიცი. ეს სამინინსტროს უნდა ჰკითხოთ“, – ამბობს კუხალაშვილი.

ირაკლი ხმალაძე, ენერგეტიკის სამინისტროს იურისტი, ამბობს, რომ საწარმოები მათ თვითონ სთავაზობენ თანხას.

„ალბათ, კომპანია თანხის გამოანგარიშებას თავის ლოგიკას უკავშირებს.“

 

 

 

Polat Yol Yapi Sanayi Ve Ticaret A.S.“– ხარკი

მესამედ – 2012 წლის 6 აგვისტოს – ენერგეტიკის სამინისტროს თურქული კომპანია Polat Yol Yapi Sanayi Ve Ticaret A.S. შეუთანხმდა.

განსხვავება დროშია: კომპანია „ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ჩადენილ დანაშაულისგან“ 2011 წლის  8 ივლისიდან 2012 წლის 20 ივლისამდე გათავისუფლდა.  

ფულად ზარალი 20 ათას ლარში აისახა. თანხა სრულად საწარმომ უკვე გადაიხადა.

თურქული კომპანია Polat Yol Yapi Sanayi Ve Ticaret A.S. საქართველოში  „ბაქო–თბილისი–ყარსის“ რკინიგზის მშენებლობის 14 კილომეტრიან მონაკვეთს აშენებდა ახალქალაქთან. 

კომპანიის ფინანსური დირექტორის, ალი იილმაზის თქმით, საქართველოში ბუნებრივი რესურსების სფეროში მათი საქმიანობა იმით შემოიფარგლა, რომ კომპანიამ რკინიგზის მშენებლობის დროს,  მიწა ერთი ადგილიდან აიღო და მეორე ადგილას, დროებით დაყარა, რაც მოგვიანებით, აიღო კიდეც.

იილმაზი ამბობს, რომ შეთანხმება სამინისტროსთან კომპანიის ინიციატივით მოხდა. მისი თქმით, დაჯარიმებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიამ სამინისტროსთან შეთანხმების დადება გადაწყვიტა.

„რადგან პროექტი სწრაფად უნდა დაგვესრულებინა“, – ამბობს იილმაზი.  – „ჩვენი ქმედება სულ ეს იყო: მიწა დროებით სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე გვქონდა დაყრილი და არ გვინდოდა, რომ ვინმეს დავეჯარიმებინეთ.”

კითხვაზე, თუ ვინ გამოითვალა 20 ათასი ლარი და როგორ, ალი იილმაზი ამბობს, რომ მან არაფერი იცის ამის შესახებ. „ჩვენ საქართველოში სტუმრები ვართ – საქართველოს კანონმდებლობა  არ ვიცით,“ – ამბობს ის.“

 

ვინ ითვლის?

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ნარკვევი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებას ეხება, ამბობს:

„კანონში არაა ასახული, თუ როგორ, რა კრიტერიუმებით და ფორმით უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციების გაანგარიშება. ეს გარემოებები კანონს, ფინანსური თვალსაზრისით, მთლიანად დაუსაბუთებელს ხდის, რაც არამარტო გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ხასიათის, არამედ კორუფციული ხასიათის რისკებსაც ზრდის.“

„ეს შეთანხმებები კითხვებს ბადებს“, – ამბობს ირაკლი ხმალაძე, ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. – „აბსოლუტურად ვეთანმხები ამ კუთხით რა მოსაზრებსაც გამოხატავე.”

ინიციატივა ამ კანონმდებლობის გადახედვაზე  გარემოს დაცვის ახალმა სამინისტრომ წამოაყენა.

 

ჯადო კანონი

20 ნოემბერს, გარემოს დაცვის სამინისტროს ახალ სტრუქტურაზე საუბრისას, გარემოს დაცვის ახალმა მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ 2012 წლის 20 მარტს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „ჯადო კანონი“ უწოდა.

„კანონის მიხედვით, შეთანხმებები ენერგეტიკის სამინისტროსა და მეწარმეს შორის იდებოდა. გარემოს დაცვის სამინისტრო არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში“,  –აღნიშნა გოგალაძემ.  –„აქედან გამომდინარე, არც კი ვიცი, რამდენად ნებაყოფლობითი იყო საწარმოების ინიციატივები. თუმცა, ინტუიცია მკარნახობს, რომ ნებაყოფლობითი არ იქნებოდა.“  

საწარმოების მხრიდან შეთანხმებების ნებაყოფლობაზე ეჭვს გამოთქვამს ლია თოდუაც, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტი გარემოსა და მომხმარებლების დაცვის საკითხებში.

„შეთანხმებები სრულ მორჩილებას ნიშნავდა კომპანიის მხრიდან - რასაც გეტყვიან, იმას უნდა მოაწერო ხელი“, – ამბობს თოდუა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. ცვლილებები უნდა შევიდეს კანონშიც „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის 57–ე მუხლში, რომლის საფუძველზეც იდებოდა შეთანხმებები.  

გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსი იურისტი მაია ბითაძე ამბობს, რომ ცვლილებები 2013 წლის მარტისთვის უნდა შევიდეს ძალაში – იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^