Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები

19 აპრილი 2017

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ სამეზობლოსადმი, საფრანგეთის სტრატეგიული მიდგომები და მისი დიპლომატიური ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავისთავად ცხადია, რომ იმ ორი გეოგრაფიული რეგიონიდან, რომელსაც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ფარავს, პარიზისთვის “სამხრეთი” უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე “აღმოსავლეთი”, რადგან საფრანგეთს სწორედ სამხრეთთან აკავშირებს შედარებით ღრმა ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული კავშირები. გარდა ამისა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მას ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე გამოწვევები უფრო აღელვებს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან და კავკასიიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეები. მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა ცენტრალური როლი ითამაშა, აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართულებით, ევროკავშირის მიერ წარმოებული პოლიტიკის ორ კრიტიკულ მომენტში: ეს იყო სამშვიდობო პროცესების წარმოებისას შუამავლის როლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო ამჟამად, ეს არის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესების გერმანიასთან ერთად თანახელმძღვანელობა.

მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომში საფრანგეთის მხრიდან კრიზისის მენეჯმენტში ჩართულობა მყისიერად განხორციელდა, აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში ეს შედარებით უფრო გაჭიანურებული და ჩახლართული პროცესი აღმოჩნდა. პარიზის მონაწილეობა უკრაინის მოვლენებში გამოკვეთილი არ იყო, მით უმეტეს, რომ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის რადარზე უკრაინა მოწინავე ადგილზე არასოდეს მდგარა, ის რეგიონები კი, რომლებიც ამ რადარდზე მოწინავე ადგილს იკავებენ კრიზისებში არიან ჩაფლულნი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარიზი დათანხმდა, რომ მინსკის პროცესებში ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ყოფილიყო, რადგან მიაჩნია, რომ კრიზისი, რომელიც ევროკავშირზე ახდენს გავლენას, საფრანგეთსაც იმავეს უქადის. აღნიშნული ორი გარემოებით არის განპირობებული: პირველი, საფრანგეთს აღელვებს თავად კრიზისი; და მეორე, პარიზი ცდილობს, რომ აღნიშნულ კრიზისთან მიმართებით ევროკავშირის საპასუხო ქმედებაზე ნაწილობრივ მაინც მოახდინოს გავლენა, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები მის მანევრირებას არ შეზღუდავს.

საფრანგეთის შესაძლებლობა, რომ ამგვარად მოიქცეს, დამოკიდებულია იმ ვალდებულებებზე, რაც მას პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით გააჩნია ევროკავშირში. ეს ძალაუფლება დღემდე მნიშვნელოვანად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური წონის თვალსაზრისით, გერმანიასთან მიმართებაში ასიმეტრიულობა გაღრმავდა. როცა საქმე ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას, საფრანგეთის პოლიტიკური გავლენა, სავსებით მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს, ხოლო პოლონეთი - ამ ბოლო ხანებში იზოლაციის გზას დაადგა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის სამეზობლო საფრანგეთის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, ამ რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის წარმართვაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვის და აღმოსავლეთის სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, განიხილონ, თუ რა საკითხებს ანიჭებს უპირატესობას საფრანგეთი და შემდგომში, ყოველივე ეს საკუთარ სამოქმედო სტრატეგიებში გაითვალისწინონ.

აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორ მთავარ ვექტორზეა განლაგებული: პირველი, მხარი დაუჭიროს კონფლიქტების მოგვარების მექანიზმებს და, ასევე, მხარი დაუჭიროს ამ რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას. აქედან პირველს საფრანგეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამების ფარგლებში აქტიურად ახორციელებს და, ასევე, უშუალოდაც ამყარებს კონტაქტებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან, მათ შორის, მშვიდობის დამყარების მიზნით; მეორე, და რაც უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად არის მიჩნეული, არის ის, რასაც საფრანგეთი ახორციელებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივების ფარგლებში. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე, უკრაინასა თუ მოლდოვას შორის. ის, ასევე, უერთდება ე.წ. „დიფერენცირების პრინციპს“, კერძოდ კი, მეტი შესაძლებლობების მიცემას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმატებული არიან რეფორმების განხორციელების პროცესებში და რომლებიც ძლიერ სურვილს გამოხატავენ, გააღრმავონ საკუთარი ურთიერთობები ევროკავშირთან, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში. პარიზს ასევე აქვს გამოკვეთილი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არ უნდა გახდეს აღმოსავლეთ პარტნიორობა მომავალში. საფრანგეთის პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინა მექანიზმი და, ასევე, ის არ უნდა აღიქმებოდეს რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაპირისპირებულ პროექტად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთის ასეთი პოზიცია არანაირად არ გამომდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან ან თვითონ რუსეთთან დაკავშირებული მოსაზრებებისგან. ის უფრო დაკავშირებულია საფრანგეთის ხედვებსა და მის პრიორიტეტებთან ევროკავშირთან მიმართებით. ამგვარად, აღნიშნული პოზიციის ასახსნელად და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის მიმართ საფრანგეთის დამოკიდებულების გასაანალიზებლად, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მივაქციოთ საფრანგეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვან ტენდენციებს და ამ პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს.

ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საფრანგეთის პოლიტიკაში არსებული ტენდენციები

სირიის ომი და საფრანგეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები საფრანგეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზი გახდა, რამაც სამხრეთ სამეზობლოს მიმართ მისი სტრატეგიული პრიორიტეტები კიდევ უფრო გამოკვეთა. რაც შეეხება საერთაშორისო კრიზისებსა და მისგან მომდინარე საშიშროების თავიდან აცილების საკითხებს, საფრანგეთი, ძირითადად, იმედებს ნატოსა და ევროკავშირზე ამყარებს. საფრანგეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ რეგიონში (ლიბია, კოტ- დ'ივუარი, მალი, საჰელი, ერაყი, სირია) რამდენჯერმე განახორციელა სამხედრო ინტერვენცია, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, თავის უშუალო მოკავშირეებთან ერთადაც. ამჟამად, საფრანგეთს სამხედრო ძალები ქვეყნის შიგნით ჰყავს მობილიზებული, რათა საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეებისგან ქალაქების უსაფრთხოება დაიცვას. ამდენად, საფრანგეთს სურს, რომ ნატოს და ევროკავშირს ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ და გაწეულ ყველა ღონისძიებაში ბოლომდე ენდოს და სოლიდარობა გამოუცხადოს.

კონკრეტულად, ნატოსთან მიმართებით, პარიზს სურს, რომ ალიანსმა მხარი დაუჭიროს საფრანგეთს, გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები და კიდევ უფრო მოქნილი გახადოს ძალთა განთავსების მექანიზმები. აქედან გამომდინარე საფრანგეთი თვლის, რომ თუ ნატოს ძალები მხოლოდ აღმოსავლეთის ფლანგზე იქნება კონცენტრირებული, შესაძლოა, საპირისპირო შედეგი იქნას მიღებული. ამავე ნიშნით, საფრანგეთს სურს, რომ ევროკავშირმა განაგრძოს თავისი რესურსების მიმართვა სამხრეთ სამეზობლოსკენაც. მას მიაჩნია, რომ ეს უნდა გაკეთდეს ორგანიზაციის სტრუქტურებისა და უსაფრთხოების ინსტრუმენტების ერთობლივად ამოქმედების მეშვეობით ამ მიმართულებით. პარიზი გულისხმობს, როგორც ევროკავშირის ერთიანი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას (CSDP), ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკასაც(ENP), სადაც ბიუჯეტის გადანაწილების თვალსაზრისით, „სამხრეთი“ „აღმოსავლეთს“ კონკურენტად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში კი, სტატიკური და გაჭიანურებული კონფლიქტი რუსეთს და ევროკავშირსა და ნატოს შორის, აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებით, ამ ორგანიზაციებში საფრანგეთის მანევრირებას შეზღუდავს და, შესაბამისად, პოტენციურად შეამცირებს საფრანგეთის სტრატეგიულ ავტონომიასაც.

თუმცა, ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთი მზად არის, ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების შეცვლის მიზნით რუსეთის სამხედრო ძალების გამოყენება დაუშვას. პარიზი მტკიცედ უჭერს მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია მათი ხელყოფისკენ. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას საფრანგეთმა სათანადო რეაგირებით უპასუხა: მან უარი თქვა რუსეთისთვის მისტრალის სამხედრო გემების მიწოდებაზე; შეაჩერა ყოველწლიური ორმხრივი სტრატეგიული შეხვედრების გამართვა მოსკოვთან და რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების რეჟიმსაც მხარი დაუჭირა. მსგავსი რექაციები ნაკარნახევი იყო რუსეთის ქმედებების ხასიათით უკრაინაში და ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების განხილვით. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა რუსეთის მიმართ საფრანგეთის პოლიტიკის ფორმირებაში, და არამხოლოდ იმიტომ, რომ უკანასკნელ წლებში, ამ ორ ქვეყანას შორის არსებულმა ორმხრივმა ურთიერთობებმა თავი ამოწურა. ამავე დროს, ევროკავშირში საფრანგეთი მოიზარება იმ წევრ ქვეყნების რიგში, რომელთაც სჯერათ ზიანის შემცირების, კრიზისის თავიდან აცილების და უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვთან დიალოგის რეჟიმი დახურული არ იყოს, და რომ ზედმეტად ფეთქებადსაშიში მდგომარეობა ორივე მხარემ აიცილოს თავიდან.

საფრანგეთის პოლიტიკა რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენებისა თუ სხვა რეგიონების მიმართ არ არის განსაზღვრული მხოლოდ ევროკავშირის კონტექსტით. საფრანგეთი თავადაც ადგენს საჭირო მოქმედებების დღის წესრიგს და, ასევე, ადგენს აქტორებისა თუ ინსტრუმენტების ერთობლიობას, რომელთა განახლება რეგულარულად ხდება, რადგან ის წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრ-ქვეყანას, რომელიც ზემოქმედებს ამ ორგანიზაციის ხედვებსა და ინტერესებზე. ისეთი საკითხები, როგორიც არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზები, ფორმატი და მოცულობა (მათ შორის, ევროზონის ინსტიტუციონალიზაცია, „მრავალსიჩქარიანი ევროპა“, „დემოკრატიის დეფიციტი“ და სხვ.) საფრანგეთის პოლიტიკური დებატების ძირითადი საკითხებია, რადგან ისინი უშუალოდ არიან დაკავშირებული ამ ქვეყნის მომავალი კურსის განსაზღვრასთან. ფაქტობრივად, სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პოლარიზაციის ძირითად ხაზებს.

მაშინ, როცა ევროკავშირის ინტეგრაციის პროექტი ამჟამად გზაჯვარედინზე იმყოფება და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები ამ კონტექსტში წინააღმდეგობრივ ხედვებს უჭერენ მხარს, ევროკავშირთან მიმართებით საფრანგეთის ხედვას თავისი მუდმივი მახასიათებლები გააჩნია, მაშინაც კი, თუ პარიზის ქმედებები არათანმიმდევრული და, ხანდახან, ორაზროვანია. ეს მახასიათებლები ორი დევიზით წარმოჩინდება: ბლოკის შიგნით, გარდა იმისა, რომ ევროკავშირი მარტივად ითვლება საერთო ბაზრად, მას აღიქვამენ, როგორც კიდევ უფრო ინტეგრაციისკენ მიმართულ პოლიტიკურ პროექტს (‘Europe politique’); ხოლო გარეთ, გარდა იმისა, რომ ის სუფთა სავაჭრო ალიანსს წარმოადგენს, ევროკავშირი მიჩნეულია საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიან აქტორად და ძალად (‘Europe puissance’). ორივე განზომილებაში, ასეთი ხედვის მატერიალიზება მოითხოვს ევროკავშირის ერთსულოვნების მაღალ ხარისხს და წევრი ქვეყნების პოზიციების და პოლიტიკების ჰარმონიზაციას. ეს ხედვა და უფრო ახლო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა ხელახლა გააქტიურდა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ტრამპმა მიანიშნა არამხოლოდ მის განზრახვაზე, რომ ამერიკის დახმარება ევროპისთვის ნაწილობრივ შეეჩერებინა, არამედ მის მზადყოფნაზეც, რომ ევროპის ქვეყნებთან სხვადასხვაგვარი პოლიტიკა აწარმოოს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი საფრანგეთის პოლიტიკის მნიშვნელობა

ევროკავშირს ვერ ექნება პრეტენზია, რომ იყოს გლობალური აქტორი, თუკი მას საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა არშეეძლება. საფრანგეთის ჩართვა აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნების კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში გამომდინარეობს სწორედ ამ სტრატეგიული მოსაზრებებიდან. საფრანგეთის, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მედიატორის როლი მაშინ, როცა მას ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყნის პოზიცია ეკავა, აღნიშნული მოსაზრების კარგი ილუსტრაციაა. 2008 წლის ომში საფრანგეთის მედიაციამ აჩვენა ტენდენცია, რომ მათ სურდათ ევროკავშირი აღქმული ყოფილიყო, როგორც საფრანგეთზე მობმული ორგანიზაცია, რაც რეალურად, ევროკავშირში პარიზის მოქმედების სტრატეგიისთვის საზიანოა. ევროკავშირის მიღმა საფრანგეთი, ასევე, მონაწილეობს კონფლიქტების მოგვარების საკონტაქტო ჯგუფებში, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა (მაგალითად, მთიან ყარაბახში ეუთო-ს მინსკის ფორმატის ფარგლებში).

ევროკავშირის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვერ იქნება მხოლოდ რეაგირების პრინციპზე აგებული და მხოლოდ კონფლიქტების მოგვარებით ვერ შემოიფარგლება. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, როგორც „სტრუქტურულმა ძალამ“ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საკუთარი თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც რეგიონის ქვეყნებთან და საზოგადოებებთან, ასევე, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. სწორედ ამ ლოგიკაზეა აგებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საფრანგეთიც ამ ლოგიკას მიჰყვება. ფრანსუა ოლანდის მთავრობამ რამდენჯერმე გაახმოვანა თავისი მხარდაჭერა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებების იმპლემენტაციის მიმართ. პარიზი ამ ხელშეკრულებებს განიხილავს, როგორც რეგიონში სახელმწიფო სტრუქტურების კონსოლიდაციის საშუალებას და, ასევე, როგორც საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სასარგებლო ინიციატივას. აქ იგულისხმება ფრანგული კომპანიების რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების, პროდუქციის წარმოშობის გეოგრაფიული ინდიკატორების მითითების წესების დაცვა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, პარიზი გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს იმ მხრივ, რომ სამხრეთ სამეზობლოში სტრუქტურული დესტაბილიზაციის ფონზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ და მის მიმართ ევროკავშირის მზარდმა ფინანსურმა დახმარებამ არ შეამციროს ევროკავშირის ყურადღება სამხრეთ სამეზობლოს საკითხებისადმი.

უფრო ღრმად თუ განვიხილავთ, საფრანგეთი ადვოკატირებას უწევს ევროკავშირს, რათა მან უფრო სტრატეგიული მიდგომა გამოიჩინოს აღმოსავლეთ სამეზობლოსთან: პირველი, მრავალი გარე და შიდა კრიზისიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ისინი დგანან (სირია, უკრაინა, ტერორიზმი, ბრექსიტი, პოპულიზმის ტალღა და სხვ.), საფრანგეთი თვლის, რომ ევროკავშირმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს აღმოსავლეთ სამეზობლოსთან შედარებით კონკრეტულ და რეალისტურ თანამშრომლობის პროექტზე, ვიდრე აწარმოოს ე.წ. ევროპული მოდელის თეორიული წახალისება; მეორე, პარიზი დაჟინებით ითხოვს, რომ ევროკავშირის ინტერესები უფრო ნათლად განისაზღვროს და განიმარტოს, რაც მოიცავს მათი პოლიტიკის საფუძველს და ძირითად ღირებულებებს. საფრანგეთის პოზიციის დეტალურად აღწერა აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ, ჩაიდო მის ერთ-ერთ ბოლო, 2015 წლის ვაიმარის დეკლარაციაში, რომელსაც ხელი გერმანიამაც და პოლონეთმაც მოაწერა. დეკლარაციაში, მაგალითად, ხაზგასმულია ფაქტი, რომ ევროკავშირი უნდა „პასუხობდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამის საჭიროებებს, ამბიციებსა და შესაძლებლობებს, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“; 8 მესამე, საფრანგეთი მოუწოდებს ევროკავშირს, უკეთ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა და სტრატეგიული კონტექსტი, რის მიხედვითაც განახორციელებს ამ პოლიტიკას. როგორც საფრანგეთის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ევროკავშირის დიპლომატმა პიერ ვიმონმა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებით აღნიშნა, „პროცედურები აღწერილია, პრინციპების ჩამონათვალიც გაკეთებულია და გამოქვეყნებული, ინსტრუმენტების შექმნილია, მაგრამ რატომღაც გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული ვაკუუმის შეგრძნება, საიდანაც ძალის დინამიკა, ანტაგონიზმი და ერებს შორის გამყოფი ხაზები იჩენენ თავს“. 

ამ კონტექსტში საფრანგეთი მოითხოვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის საწინააღმდეგოდ არ იქნას კონსტრუირებული. ამ სტრატეგიის თვალსაზრისით აღმოსავლეთ პარტნიორობა არ უნდა იქცეს გეოპოლიტიკურ იარაღად. თუმცა, აქვე, პარიზი უარყოფს კრემლის ნარატივს, რომ თითქოს, კიევთან ბრიუსელის მიერ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ გაფორმებამ გამოიწვია კონფლიქტი უკრაინაში.

დაბოლოს, სხვა რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთად, საფრანგეთი წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა გარდაიქმნას ევროკავშირის წევრობის ინსტრუმენტად. პარიზს მიაჩნია, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობას უკვე დაპირდნენ (მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს), კავშირის ზრდის დინამიკა დროებით მაინც უნდა შენელდეს, რადგან ევროკავშირის „აბსორბაციის შესაძლებლობამ“ ამ ეტაპზე თავის ლიმიტს მიაღწია. ასეთი პოზიცია, ძირითადად, გამომდინარეობს ევროპული პროექტის ზემოაღნიშნული ხედვიდან, სადაც გაკრიტიკებულ იქნა კავშირის ზრდის ტენდენცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უპირატესი ინსტრუმენტი, რადგან ის „ასუსტებს პოლიტიკური კავშირის პროექტს და იმ შიდა კავშირებს, რაც საფუძვლად უდევს მას“. პარიზში აღქმა ასეთია, რომ 2004 და 2007 წ.წ. კავშირის გაფართოებამ ლომის წილი შეიტანა ევროკავშირის გადაწყვეტილებისმიმღები სტრუქტურების პარალიზებაში. ერთი მხრივ, მივიღეთ წევრი ქვეყნების რიცხვისა და მრავალფეროვნების ზრდა, მაგრამ მეორე მხრივ, შემცირდა საფრანგეთის გავლენა ბლოკში, მაშინ, როცა ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაწევრიანებამ გააძლიერა გერმანიის როლი ამ ორგანიზაციაში. 

უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, რამდენადაც იმედის გამაცრუებლად უნდა ჟღერდეს ეს ევროკავშირის გაფართოების მომხრეებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ესწრაფიან კავშირის წევრობისკენ, ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირში დღეს უფრო მეტად მსჯელობენ მისი რეფორმირების საჭიროებასა და ბლოკის შიგნით შედარებით მცირე ინტეგრაციის ბირთვის ჩამოყალიბებაზე (ე.წ. „მრავალსიჩქარიანი ევროპა“) და ასევე, მსჯელობენ მისი ერთ-ერთი წევრის (დიდი ბრიტანეთის) ბლოკიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვიდრე ევროკავშირის გაფართოებაზე.

რა მოხდება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ბოლო ტურში ორი რადიკალურად განსხვავებული პროგრამის მქონე კანდიდატის გასვლას ვარაუდობენ. ესენი არიან ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი. როგორც ჩანს, მაკრონს, პრო-ევროპელ ლიბერალს, უფრო დიდი შანსი აქვს, გახდეს საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი. მისი გამარჯვება, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის არსებული საგარეო პოლიტიკა შენარჩუნდება და, პოტენციურად, საფრანგეთი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპულ საქმეებში. გამომდინარე აქედან, ეს კანდიდატი რუსეთის, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ საფრანგეთის მიმდინარე პოლიტიკას გააგრძელებს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ის ევროკავშირის რიგების გაზრდის წინააღმდეგიც იქნება. მარინ ლე პენი უკიდურესად მემარჯვენე პოპულისტი გამარჯვების შემთხვევაში რადიკალურად შეცვლის საფრანგეთის საგარეო და ევროპულ პოლიტიკასაც. საპრეზიდენტო კანდიდატიდან ის ყველაზე კეთილგანწყობილია კრემლისადმი. მან განაცხადა, რომ საფრანგეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით „ბრექსიტის“ მსგავს რეფერენდუმს გაუწევს ორგანიზებას. შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტად მისი არჩევა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებისგან საფრანგეთის ჩამოშორებას გამოიწვევს.

დევიდ კადიე -  ასოცირებული მკლევარი, LSE IDEAS, ლონდონის ეკონომიკის სკოლა.

მასალა მოგვაწოდა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა".  პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს " ფინანსური მხარდაჭერით.  მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოება - საქართველოს“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^