Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ცხოვრობენ შშმ პირები პანსიონებში?

21 აპრილი 2017

...

დაახლოებით ერთი წლის წინ, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილთა პანსიონში ახალგაზრდა გოგო ი.გ. გარდაიცვალა. მას საცხოვრებელ ოთახში ჭამის დროს ხორცის ნაჭერი გადასცდა. ი.გ.  საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბენეფიციარსა და პანსიონატს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აქ მცხოვრებლებმა საკვები საცხოვრებელ ოთახში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ, თუ მათ გადაადგილება არ შეუძლიათ, ოღონდ აუცილებლად მომვლელის დახმარებით. კვების დროს დუშეთში დაღუპულ ი.გ.-სთან, მომვლელი არ ყოფილა, მას ოთახში საკვები სხვა ბენეფიციარმა შეუტანა.

საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო" მალევე შეწყდა. ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ პერსონალმა საქმე არაჯეროვნად შეასრულა. პანსიონებზე პასუხისმგებელმა ორგანომ - „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ სამსახურიდან  ფილიალის დირექტორი გაათავისუფლა, ფსიქოლოგსა და მომვლელს კი საყვედური გამოუცხადა.

„დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარის სიკვდილს არცერთი სახელმწიფო უწყებისგან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ეს სიცოცხლის უფლების დარღვევის ტოლფასად შეიძლება მივიჩნიოთ", - ასე შეაფასა ფაქტი ომბუდსმენის აპარატმა, რომელიც ბენეფიციარის სიკვდილის მიზეზებს სწავლობდა.

მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა 2015 წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, ამავე წელს მარტყოფის პანსიონატშიც. ორივე საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა 2 და მოზრდილთა 3 ინსტიტუცია არსებობს. სიკვდილის ფაქტების გარდა, უფლებადამცველები ხშირად საუბრობენ ამ ადამიანების უფლებების სისტემური დარღვევების ფაქტებზე.

50 და მეტი ადამიანის თანაცხოვრება ვერ უზრუნველყოფს მათ ოჯახურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას.

დუშეთის პანსიონში, რომელიც ამავე ქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზეა, ამჟამად 45 ადამიანი ცხოვრობს. ბენეფიციარები 18 წელს ზემოთ ასაკის არიან, ფიზიკურ-მენტალური შეზღუდვის მქონეები, რამდენიმე მათგანი ფსიქო-სოციალური საჭიროებისაა.

პანსიონის პირველ სართულზე, ე.წ. საკონცერტო დარბაზიდან ხმამაღალი მუსიკა ისმის. ნინო ქომეთიანი სცენაზე შემომდგარ გრძელ სკამზე მარტო ზის. კედელზე წარწერებია გაკეთებული, აქა-იქ ფუმფულა, ჭრელი სათამაშოები აწყვია. ერთი შეხედვით, ბავშვების გასართობ ოთახს ჰგავს აქაურობა.

ნინო დაახლოებით 30-ის იქნება. ადრე ქმედუუნარო იყო - ვერ იღებდა პენსიას, ვერც სხვა უფლებებით სარგებლობდა. ეს სტატუსი მოეხსნა, სასამართლომ მხარდამჭერად თავისი ბიძაშვილი, კახა დაუნიშნა, რომელიც ხანდახან ჩამოდის და ნინოსთვის კუთვნილი ფული ჩამოაქვს.

მის სანახავად პანსიონის ფსიქოლოგთან ერთად ვარ. თავიდან მიყვება, რომ პანსიონში ყველაფერი ძალიან მოსწონს: „კარგია აქ, მშვიდი მუსიკაა” - მეუბნება და ამატებს, რომ სხვები დასცინიან ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს.

ერთმანეთის დაცინვა აქ როგორც ჩანს, მიღებული ფორმაა. ხანდახან კი ბულინგი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადადის. ნინო უკონფლიქტო ადამიანი ჩანს, შედარებით სუსტიც, თუმცა, პანსიონში ყოფნის დროს არაერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მათ სხვები აწუხებენ, აწუხებთ ღამე ხმამაღალი მუსიკა, რის გამოც ბევრჯერ დაპირისპირებიან ერთმანეთს.

ვახოს სამზარეულოში ვხვდები. საცხოვრებელი კორპუსი საკვებ ფლიგელს გრძელი, საკმაოდ დახრილი პანდუსით უკავშირდება. ვახოსთვის, რომელიც ელექტროეტლით არ სარგებლობს, სხვისი დახმარების გარეშე ასვლა შეუძლებელია.

თავის ოთახში ყოფნის დროს უკმაყოფილებას არ მალავს ღამე პანსიონში ხმაურის გამო:

„4 დღეა, არ მძინებია”, - მეუბნება და ტელევიზორის პულტს იღებს ხელში. კედელზე დინამიკია ჩამოკიდებული. მუსიკას ბოლო ხმაზე უწევს, კედლები ზანზარს იწყებს.

„მეც შემიძლია, ასე ღამის საათებში ჩავრთო და მოვუსმინო, მაგრამ არ ვაკეთებ. ჩემ გარდა, აქ სხვებიც ცხოვრობენ”.

მაგრამ აწუხებს მეზობელი ბენეფიციარების ხმაური. ამბობს, რომ „ის ყოველღამე სვამდა, მუსიკას რთავდა და არ აძინებდა. ერთხელ, ვახრჩობდი კიდეც. მერე ჩემი შიშით მეორე სართულზე გადაიყვანეს, თორემ ცუდად დამთავრდებოდა ყველაფერი”.

ბენეფიციარებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, ასევე ერთმანეთის მიმართ ფსოქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაზე სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშშიცაა საუბარი. დუშეთში ბენეფიციარები მონიტორებთან ინტერვიუს დროს იყენებდნენ ფრაზებს, როგორიცაა: „ერთმანეთს სცემეს,“ „ერთმანეთს თავების დაჭრით ემუქრებოდნენ,“ „ყელში უჭერდა ხელს და ძლივს გააგდებინეს“ და სხვა. პროტესტის გამოსახატავად ამბობენ, რომ გამოუყენებიათ ისეთი გზები, როგორიცაა, „შიშველი შიმშილობა“, „პირის ამოკერვა“, „მუცლის გამოფატვრა“.

ბენეფიციარები მორიგი კონფლიქტის შემთხვევაში დანების გამოყენებასაც კი არ გამორიცხავენ. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება ხანდახან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც ხდება.

„ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ ამბობენ, რომ პანსიონატის ტერიტორიაზე ალკოჰოლის მიღება სასტიკად არის აკრძალული და კონტროლდება ადმინისტრაციის მიერ: „თუმცა მოგეხსენებათ, დაწესებულება ღია ტიპისაა, ბენეფიციარებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს დატოვონ ტერიტორია, ტერიტორიის გარეთ ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვის საკითხი დაწესებულების კომპეტენციას სცდება“.

ნანა გოჩიაშვილი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტია. დუშეთის პანსიონში ის და მისი კოლეგები ბენეფიციარებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ ხოლმე.

ნანა „ლიბერალთან” საუბარში ამბობს, რომ პანსიონში მცხოვრებ ადამიანებს შორის სისტემური კონფლიქტებისა და ერთმანეთზე სხვადასხვა სახის ძალადობის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, მათი ქცევის მართვაზე მიმართული სამედიცინო და სოციალურ ღონისძიებებზე არასაკმარისი მისაწვდომობა იყოს. ეს კი, ერთი მხრივ, განპირობებულია მომსახურე პერსონალის დეფიციტით.

პანსიონში 45 ბენეფიციარისთვის 47 თანამშრომელია გამოყოფილი. მათ შორის არის ერთადერთი ფსიქოლოგი, 1 ფსიქიატრი, 1 თერაპევტი, ნევროლოგის ვაკანსია თავისუფალია და 4 მომვლელი, რომლებიც მორიგეობით ბენეფიციარებთან ღამეც რჩებიან. დუშეთის ფილიალში ფსიქიატრი კვირაში 3-ჯერ დადის, რაც ომბუდსმენის ანგარიშის ავტორების მოსაზრებით, თუ ბენეფიციართა საჭიროებების გავითვალისწინებთ, მცირეა. ასევე, მიზანშეწონილია, რომ მსგავს დაწესებულებებში ფსიქოლოგის რაოდენობა ერთზე მეტი იყოს.

 

პანსიონს ახალი დირექტორი  ჰყავს. ირაკლი ძიმისტარაშვილი შიდა სამზარეულოს ჯერ ახლა ეცნობა, ამიტომ ჩემს შეკითხვებს ძირითადად პანსიონის ერთადერთი ფსიქოლოგი ხატული მელიწკაური პასუხობს. ხატული კარგად იცნობს ყველა ბენეფიციარის ისტორიასა და საჭიროებებს. ამბობს, რომ თუ საჭიროა, დასვენების და ღამის საათებშიც მუშაობს, რაც ხშირად ხდება, ანაზღაურება დაბალი აქვს. რამდენიმე თვის წინ ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ცოლ-ქმრის მხარდამჭერად დაინიშნა. ახლა გარდა ფსიქოლოგის ფუნქციისა, კოლიას და მისი ცოლის წინაშეც აქვს პასუხისმგებლობა.

ხატული ჰყვება, რომ ბენეფიციარებმა საჭიროა, დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯონ ენერგია. ზოგი ქსოვს ან თავის ოთახშია ხელსაქმით დაკავებული; ნაწილი, ვისაც გადაადგილება არ უჭირს, ეზოშია. პანსიონის გარშემო საკმაოდ დიდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. როგორც კი გაზაფხულდება, სეირნობენ, ზოგი ყვავილებს რგავს ან რწყავსო. ამიტომ, ფსიქოლოგის აზრით, ეს პერიოდი გაცილებით სტაბილურია ბენეფიციარების ქცევის სამართავად.

თუმცა, ერთდღიანი დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტივობები საკმაოდ ქაოსური და არასისტემურია. ბენეფიციარები მთელი დღის განმავლობაში შენობის ერთი სართულიდან მეორეზე, ან შენობიდან ეზოში დადიან. ვისაც გადაადგილება უჭირს, საათობით ტელევიზორის წინ ზის. პანსიონში მოხუცებული ქალი, რომელსაც ადგომა სხვისი დახმარების გარეშე არ შეუძლია, თითქმის მთელ დღეს საწოლში ატარებს. ფსიქოლოგი ოთახში მდგარ ეტლზე მიმითითებს და მეუბნება, რომ, როცა ადგომა უნდა, ეხმარებიან, თუმცა ეს იშვიათად ხდება. იკვებება საცხოვრებელ ოთახშივე.

უფლებადამცველები მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციის ნაკლებობაზეც საუბრობენ. ომბუდმსმენის იმავე ანგარიშში საგულისხმო დეტალია, რომ „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ არაერთხელ მიიღო რეკომენდაცია, თანამშრომლები ძალადობისა და ექსპლუატაციისაგან დაცვისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებში გადაემზადებინათ. თუმცა, ფონდის მიერ ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ თემებზე ტრენინგი ფილიალების პერსონალს საერთოდ არ ჩატარებია.

„პანსიონებში შშმ პირებზე ზრუნვის მიმართულებით მთავარი პრობლემა პერსონალის, მათ შორის სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კადრების არასაკმარისი კომპეტენციაა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ფსიქიატრზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაც. ამის გამო კი, დაწესებულებებში არასაკმარისად ეფექტურად ფუნქციონირებს მცხოვრებლების რეაბილიტაციისა და ქცევის მართვისკენ მიმართული ღონისძიებები, შედეგად, ხშირია ერთმანეთში დაპირისპირებები”, - ამბობს ნანა გოჩიაშვილი.

„ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში“ აცხადებენ, რომ ფონდი პერსონალისთვის სხვადასხვა სახის ტრენინგებს ატარებს: „პერსონალის გადამზადება მუდმივი პროცესია და, შესაბამისად, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განკუთვნილი პროცესები რეგულარულად, არსებული რესურსების გათვალისწინებით იგეგმება”, - ამბობს ფონდის წარმომადგენელი, მერი მაღლაფერიძე.

„იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოების ყველა სფეროში ჩართვა, აუცილებელია, დაიწყოს რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი”, - ამ პრობლემის მოგვარების გზად „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელს, ნანა გოჩიაშვილს სწორედ ეს ესახება.

იურისტის განმარტებით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი უნდა გულისხმობდეს ინსტიტუციებში მცხოვრები შშმ პირებისათვის სათემო სერვისების  შექმნასა და განვითარებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას, განათლებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას, საჭიროების შემთხვევაში პერსონალური დამხმარის მომსახურების შეთავაზებას, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზებაში დახმარებას ოჯახის დამხმარე სერვისების მიწოდების გზით. და რაც მთავარია, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ადამიანების ინტერესები, სურვილები და შესაძლებლობები.

2005 წლიდან ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შედეგად  46 ბავშვთა ინსტიტუცია დაიხურა, თუმცა ეს არ შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც ბავშვებს, არც მოზრდილთა პანსიონების ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ქვეპროგრამას 2017 წლიდან შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების კომპონენტი დაემატა (ქვეპროგრამით სახელწიფო იღებს ვალდებულებას, ინსტიტუციებში მყოფი შშმ პირებისთვის ნელ-ნელა შეიქმნას ოჯახზე ორიენტირებული გარემო-პირობები. სახლები, სადაც არაუმეტეს 6 შშმ ადამიანი იცხოვრებს), „პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ნანა გოჩიაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს არა აქვს შემუშავებული გაცხადებული, ეტაპობრივი და სისტემური პოლიტიკა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული სერვისების შექმნისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აღიარებს პანსიონების დახურვის აუცილებლობას და ამაზე აქტიურად მუშაობენ.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნუცი ოდიშარიას ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოს გაიხსნა ახალი პილოტური მომსახურება: მცირე საოჯახო სახლი ქუთაისში;  ასეთი მეორე სახლის გახსნა 2017 წლის ბოლოსაც იგეგმება: „ასევე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო მინდობით აღმზრდელების გადამზადება, რაც საშუალებას მოგვცემს ოჯახურ გარემოში განვათავსოთ შშმ ბავშვები, ხოლო დიდი ზომის ინსტიტუციებში შევაჩეროთ ჩარიცხვა და დროთა განმავლობაში საბოლოოდ დავხუროთ“, - აცხადებს ოდიშარია.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 მაისი
25 მაისი

რატომ აპროტესტებენ ბარნოვის ქუჩის მცხოვრ ...

მოსახლეობა თბილისში, ბარნოვის #10-ში მრავალფუნქციური დანიშნულების შენობის მშენებლობას აპროტესტებს. შენობა, რომელიც 397 კ ...
24 მაისი
24 მაისი

თითქმის კონტრაპუნქტი

შოსტაკოვიჩიდან ყანჩელამდე... „სტიქსზე“ ფინალური გადაცურვით ძალიან იშვიათია, როდესაც „რთულად“ წო ...
23 მაისი
23 მაისი

შენი სხეული ბრძოლის ველია ► ლილი მამულაშ ...

ლილი მამულაშვილის მორიგ პოდკასტში მოისმენთ, თუ რა ადგილი უჭირავს ქალ შემსრულებლებში სილამაზის პატრიარქალურ სტანდარტებს ...

მეტი

^