ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკვეს.
ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.
ადვოკატის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღიბერიძე თავდაპირველად სამართალდამცველებმა, ბათუმში ღვედის არქონის გამო დასაჯარიმებლად გააჩერეს, მოგვიანებით კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ბრალი სისხლის სამართლის მუხლითაც წაუყენეს და აჭარის პოლიციის მთავარ სამმმრთველოში გადაიყვანეს.
11-12 მარტს ბათუმში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით 18 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.