Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვიპოვეთ, თუ შეგიძლიათ

25 აპრილი 2017

თბილისის 202- უსინათლოთა სკოლის მოსწავლეებიანა, თაკო, სოფი და მე დირექტორის კაბინეტის მისაღების წინ, მოზრდილ ოთახში, დიდი ზომის, ოვალურ მაგიდას ვუსხედვართ. გოგონები მიხსნიან, როგორ მოვირგო სპეციალური სათვალე, რომლის გაკეთების შემდეგაც ვერაფერს ხედავ. ჩემი მიზანია საქართველოს რუკა-ფაზლის აწყობის შეჯიბრებაში მონაწილეობა. მალე ვხვდები, რომ არ გამომდის და სათვალეს ვიხსნი. თუმცა, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებული უპირატესობა მოვიპოვე, მოგატყუებთ. ქართლი, კახეთი, აფხაზეთი, სამეგრელო, გურიათითოეულ კუთხეს, ანუ ფაზლის ნაჭერს, ბრაილის შრიფტით დასახელება აწერია. ბოლოს შეჯიბრს თავს ვანებებთ და ერთიან საქართველოს ერთად ვაწყობთ. “აქ სადღაც ქვემოთ ზღვა უნდა იყოს - ამბობს ანა და აფხაზეთიდან აჭარამდე ხელით ხაზს ავლებს”, - ზღვა ძალიან მიყვარს.

მეცხრეკლასელი ანა სიხაშვილი სკოლაში სახლიდან დადის. მეთორმეტეკლასელები - თაკო საგინაძე და სოფი გულორდავა  კი პანსიონში ცხოვრობენ. სკოლა-პანსიონში 40-მდე ბავშვი სწავლობს. ის საქართველოში ერთადერთი სკოლაა,  რომელიც უსინათლოთათვისაა განკუთვნილი. მისი ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის. სკოლა 1889 წელს ნინო აბაშიძე-ბუკაევსკაიას მოწადინებით გაიხსნა. მან რუსეთის იმპერატრიცა მარიას მიმართა თხოვნით, რომ მიეცათ ნებართვა, საქართველოში გახსნილიყო ამგვარი დაწესებულება, მანვე დაიწყო ფულის შეგროვება.

დიდფანჯრებიანი, ნათელი  ოთახის კედლები, სადაც ჩვენ ვსხედვართ, თვალსაჩინოებებით და სურათებითაა გაფორმებული. თითოეული მათგანი ფრანგი ტიფლოპედაგოგის, ლუი ბრაილის მიერ ჯერ კიდევ 1829 წელს შესრულებული შრიფტითაა აღწერილი. ასე რომ, თვალსაჩინოებები მხოლოდ მხედველთათვის არაა განკუთვნილი. საერთოდაც, ჩვენ ბევრი არასწორი წარმოდგენა გვაქვს უსინათლოთა შესაძლებლობებზე.

ერთი მწერს ფეისბუქზე და მეც მივწერე, გავეცანი, ვუთხარი, რომ  უსინათლო ვარ, მეკითხება - ახლა შენ მწერ თუ დედაშენიო. არ დაიჯერა, თავადაც რომ შემიძლია წერა - იხსენებს ანა. არადა, არსებობს ხმოვანი პროგრამა, რომელიც ძალიან მაგარი რაღაცაა, ჩვენი თვალია, ყველაფერს კითხულობს. თქვენ რასაც ხედავთ ეკრანზე, ყველაფერს გვეუბნება, ვინ სად დაჩექინდა და ა.შ. ინტერნეტის, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები ვართ. ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურშიც ვმეცადინეობ ხოლმე”.

გოგონებისგან პირველად ვისმენ, რომ რაც არ უნდა მოვინდომო, მე ვერასოდეს შევძლებ ბრაილის შრიფტის შეხებით კითხვას. მხედველებს მხოლოდ თვალით შეუძლიათ შრიფტის დასწავლა. შეხებით კითხვას კი სხვა შეგრძნებები სჭირდება, რომელიც მხოლოდ უსინათლოებს უვითარდებათ. ჩემს დაეჭვებულ მზერას რომ ამჩნევს, საუბარში სკოლის დირექტორი ხათუნა ჯალაღონია ერთვება და გოგონების ნათქვამს მიდასტურებს.

ჯალაღონია გვიყვება, რომ სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეუქმნას მოსწავლეებს, თუმცა ცუდი ისაა, რომ როდესაც მოსწავლეები სკოლას ტოვებენ, კვლავ მათგან გაუცხოებულ, არაადაპტირებულ გარემოს ეჩეხებიან. „ამას რომ შევაგუოთ, სპეციალურ ტრანსპორტსაც კი არ ვიყენებთ, - გვიყვება დირექტორი, - ოლიმპიადებზე, შეჯიბრებებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, ბავშვები ეჩვევიან, რომ გარემო მათდამი ისეთი მეგობრული არ არის, როგორც სკოლაში.

„საზოგადოება ჩვენ მიმართ თითქოს ჩაკეტილია, - ამბობს ანა, - „ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, ახლა მთავარია, ისიც იგივენაირად მოიქცეს".

ზოგადად, საქართველოში უსინათლო ბავშვები სათამაშოებით განებივრებულები არ არიან, თუმცა თვეზე მეტია 202-ე სკოლის მოსწავლეებს ერთი გასართობი შეემატათ. მას „აფორიზმობანა” ჰქვია.

თამაში „აფრიზმობანა“ კომპანია „თამაშობანასა” და თიბისი სტატუსის ერთობლივი პროდუქტია, რომელიც პროექტის „#წერექართულად" სახელით განხორციელდა. თამაშს ლოტოს პრინციპი აქვს. სათამაშო ნაკრებში შედის აფორიზმების ბარათები, რომელზეც ქართული აფორიზმებია დატანილი.  ასევე ტომარა, სავსეა სიტყვებით,  რომლითაც მოთამაშეებმა მათ ბარათებზე დატანილი აფორიზმები უნდა შეავსონ. მოგებული ისაა, ვინც  მის ბარათზე დაწერილ აფორიზმს პირველი ააწყობს.

ნონა სონღულაშვილი ნინო ჩიქოვანთან ერთად კომპანია „თამაშობანას” თანადამფუძნებელია. „მეც და ნინისაც გვყავს შვილები. მე ძმიშვილებიც მყავს, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდით. რომ მოვილიეთ ეს თამაშები, „რეზინობანა“ ვითამაშოთო, ვთქვით და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იცოდნენ, რა იყო ეს „რეზინობანა“, სწორედ ამ დროს გაჩნდა ჩვენი იდეა, რომ შეგვექმნა თამაშები”.

ნონამ და ნინიმ პირველ რიგში 90-იანებში პოპულარული თამაშები ჩამოწერეს და მათი სამაგიდო თუ ეზოში სათამაშო ვერსიების შექმნა დაიწყეს. გაყიდვებში 2015 წელს შევიდნენ, მომდევნო წელს კი თიბისი სტატუსის მხარდაჭერით შეიქმნა „აფორიზმობანა”, რომლის ადაპტირებულ ვერსიასაც ახლა მხედველ ბავშვებთან ერთად უსინათლოებიც თამაშობენ.

„ხეზე ბრაილის ასოებით სიტყვები იყო ამოკვეთილი, ოთხკუთხედი რაღაც იყო. აი, ხომ იცით, ასაწყობი სათამაშოები რომ არის, ერთი აფორიზმი ეწერა დიდ ხის ნაჭერზე, ასევე ცალ-ცალკე სიტყვები, ამ სიტყვებს, რომლებიც პატარ-პატარა ჩხირებზე იყო დაწერილი. ამოიღებ ტომრიდან, ვის აფორიზმშიც ის სიტყვაა დაწერილი, იქ დებ მონეტას. ამით აღნიშნავ, რომ ის სიტყვა მასთანაა. ვინც მალე ავსებს, ისაა გამარჯვებული, - იხსენებს სათამაშოსთან პირველ შეხებას ანა, - ძაან სახალისოა”.

დაბალი კლასებისთვის უფრო კარგია, -  განაგრძობს მეცხრეკლასელი გოგონა, - აფორიზმებსაც სწავლობ და მოტორიკასაც კარგად ივითარებ. ეს კი უსინათლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„აფორიზმობანა” იმითაცაა გამორჩეული, რომ ის მხოლოდ უსინათლოთათვის მორგებული თამაში არ არის. ქარდები ორმხრივად, ბრაილის, და ჩვეულებრივი შრიფტით იბეჭდება. შესაბამისად, უსინათლო ბავშვებს მხედველ თანატოლებთან ერთად თამაში შეუძლიათ. ეს კი მათი სოციალიზაციისთვის მეტი ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.

გოგონები სიხარული იხსენებენ 150-ე სკოლის ბავშვების მათთან სტუმრობას, რომლებმაც ორსართულიანი სახლის დიდი მაკეტი მოიტანეს, “კარი, ფანჯრები, სარდაფი, სხვენში ასასვლელი, და მრავალი საკეტი ჰქონდა, გასაღებები უნდა მოგვერგო, მხედველ ბავშვებს შევეჯიბრეთ, ზოგჯერ ისინი იგებდნენ, ზოგჯერ ჩვენ”.

„თამაშობანას” შემქმნელებს სოციალური პასუხისმგებლობა კარგად აქვთ გაცნობიერებული, “ყველა თამაში, რაც კითხვადია,  ადაპტირებადიცაა. - მიიჩნევს ნონა. - უბრალოდ დაფინანსებაა საჭირო.

სწორედ ასეთი პროექტების დაფინანსების საშუალებას აძლევს ადამიანებს თიბისი სტატუსის ახალი საქველმოქმედო პლატფორმა http://statusdonates.ge. ეს პლატფორმა თავს უყრის ისეთ პროექტებსა და ადამიანებს, რომლებსაც წარმატების მისაღწევად ან განსახორციელებლად სხვა ადამიანების დახმარება ესაჭიროება.

დასახმარებლად კი ვებგვერდზე შესვლა, ვიდეო-ისტორიების ნახვა და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

* * * 

რუკის და ჩვენი სახელების აწყობაში, დომინოს თამაშში, გოგონებთან საუბარში, რამდენიმე საათი ისე გარბის, ვერ ვიგებთ. დროა ბავშვებს დავემშვიდობოთ.

„ამას წინათ შუქი ჩაქრა - მითხრა ანამ მოულოდნელად გამოცილებისას, - და ჩემს უკან, ფანჯრის მიღმა სივრცეს გაუღიმა, - ჰოდა, გადავწყვიტეთ, რომ მასწავლებლებს დავმალვოდით. გვიპოვნეთ, თუ შეგიძლიათ, ვთქვით ჩვენ. დიდხანს გვეძებდნენ შეშინებულები, მაგრამ სიბნელეში რას მოგვაგნებდნენ?”

„ძალიან შეეშინდათ, - კვერი დაუკრა თაკომ სიცილით, - აშკარად არათანაბარ პირობებში ვიყავით, რომ მოგვენდომებინა, შუქის მოსვლამდე ვერაფრით გვიპოვნიდნენ”.

„მოგვიანებით გვეკითხებოდნენ, რატომ ვეხუმრეთ ასე. ჩვენ კი ვპასუხობდით - აბა, რას იტყვით, ადვილია სიბნელეში ყოფნა?” - გააგრძელა სოფიმ და სამი გოგონას კისკისის ხმა ერთმანეთს შეერწყა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^