Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აბრეშუმის გზა" მუზეუმში

29 მაისი 2017

 მუშტაიდის პარკთან, ცაბაძის #6-ში მდგარი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აგებული მოწითალო ფერის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აბრეშუმის მუზეუმია. ის ერთ-ერთი  ყველაზე ძველი მუზეუმია საქართველოში.

როგორც მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მუზეუმი  ფლობს ყველაზე მდიდარ კოლექციას, რომლებიც მეაბრეშუმეობასთან არის დაკავშირებული, რომ მუზეუმს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, ენციკლოპედიები და ა.შ.

 მუზეუმს რთული ისტორია ჰქონდა. მძიმეა მისი მდგომარეობა დღეს. ეს ეხება როგორც თავად შენობას, ასევე მასში დაცულ ექსპონატებს, ბიბლიოთეკას. მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ  ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რაც მუზეუმს და იქ დასაქმებულებს ექმნებათ, მუზეუმი უკვე წლებია ახერხებს, რომ  იყოს ღია სივრცე ხელოვანებისთვის, არტისტებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის, რომელსაც საკუთარი იდეების განხორციელება სურს.

მუზეუმის თანამშრომლების თქმით, მუშაობა განსაკუთრებით რთულდება ზამთარში, რადგან შენობაში ძალიან ცივა. არ  არის გათბობა და თანამშრომლები ცდილობენ უზარმაზარი შენობა მცირე ელქტროგამათბობლებით გაათბონ. რამდენიმე წელია ითხოვენ, რომ შენობაში ცენტრალური გათბობა გაიყვანონ.

„იქიდან გამომდინარე, რომ შენობა ძალიან დიდია, ლოკალური გამათბობლებით ძალიან გვიჭირს. იმიტომ არ აკეთებენ, რომ რაკი რეაბილიტაციაა დაგეგმილი, მერე მოხსნა არ დასჭირდეთ - ასე გვეუბნებიან.  ჯერჯერობით  დავრჩით როგორც რეაბილიტაციის, ასევე გათბობის გარეშეც“, - გვიყვება მუზეუმის თანამშრომელი სალომე ფაჩუაშვილი.

აბრეშუმის მუზეუმის ისტორია:

 XIX საუკუნეში რუსეთის იმპერია ცდილობდა, რომ საქართველოში სხვადასხვა აგრარული დარგი განვითარებულიყო. ამისთვის დაარსდა სოფლის მეურნეობის საზოგადოება.  განსაკუთრებულ  ყურადღებას კი მაინც  მეაბრეშუმეობას აქცევდნენ, რადგან ქვეყანას ჰქონდა აბრეშუმის წარმოების დიდი ტრადიცია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აბრეშუმხვევიას კავკასიური ჯიშები მსოფლიოში გავრცელებულმა დაავადებამ გაანადგურა. ამ კულტურის აღსადგენად გატარდა კონკრეტული ღონისძიებები და 1987 წელს თბილისში მეაბრეშუმეობის სადგური დაარსდა, რომლის მიზანი მოსახლეობის ინფორმირება, ჯანსაღი თესლით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება იყო. სადგურში იყო კვლევითი ცენტრი, ლაბორატორიები და ა.შ.

დღეს დაცული ექსპონატების უმრავლესობა მუზეუმის დაარსების დროინდელია. აქ წარმოდგენილი ნიმუშები მსოფლიოს 63 ქვეყნიდანაა. მეაბრეშუმეობის სადგური მოიცავდა საკმაოდ ბევრ, დაახლოებით 20-ზე მეტ შენობას, რომელიც მთლიანად მუშტაიდის პარკში იყო განლაგებული.

„მაშინ უფრო დიდი იყო პარკი და ეს შენობაც თავის დროზე მუშტაიდის  პარკში აშენდა. აქ იყო როგორც მუზეუმი, ადმინისტრაციული ცენტრი, ლაბორატორიები, რომლებსაც  სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა და სხვადასხვა დარგებს იკვლევდა. ამ კომპლექსში იყო სპეციალური შენობები, სადაც ხალხს უფასო კურსები უტარდებოდა“, - ჰყვება მუზეუმის კურატორი სალომე ფაჩუაშვილი.

მოგვიანებით მუზეუმისთვის მძიმე პერიოდი დგება - 1981 წელს ის დინამოს სტადიონს გადაეცა, ხოლო 80-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს მუზეუმისთვის ბრძოლა, რაც წარმატებით დასრულდა და დაუბრუნდა მეაბრეშუმეობის სამმართველოს, ხოლო 2006 წლიდან  ის დამოუკიდებელი მუზეუმია.

მუზეუმის არქიტექტურა და ახლანდელი  მდგომარეობა

შენობის არქიტექტორი  პოლონელი ალექსანდრე შიმკევიჩი იყო, რომელმაც  თბილისში არაერთი შენობა დააპროექტა. მაგ: უზენაესი სასამართლო, შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ფუნიკულიორი და ა.შ.

მუზეუმის  არქიტექტურა თავიდანვე მეაბრეშუმეობაზე იყო გათვლილი. იდეა დარგის სპეციფიკიდან ამოდიოდა და ეს ცალკეულ დეტალებზეც აისახა, რაც ახასიათებს მხოლოდ მას და სხვაგან არსად მეორდება.

სალომე ფაჩუაშვილის თქმით, აქ არის შერეული სტილის ერთიანობა, შერწყმულია ფსევდომავრიტანული, ფსევდოგოთური, ფსევდოკლასიცისტური ფორმები: „ვერსად ნახავთ მსგავს ინტერიერსა და ფასადებს. დეკორატიული მორთულობა, რაც ინტერიერშია, პირდაპირ არის დაკავშირებული აბრეშუმთან და აბრეშუმის წარმოებასთან. მაგალითად, პეპლები და ჭიები არქიტექტურული დეტალებად არის გამოყენებული და ა.შ.“

შიმკევიჩმა შექმნა არა მხოლოდ შენობის არქიტექტურის დიზაინი, არამედ ავეჯიც. ბიბლიოთეკისა და საგამოფენო სივრცეში განთავსებული კარადები არის ორიგინალური. მათ არ შეუცვლია პირვანდელი სახე. მუზეუმში თითოეული კედლისთვის სპეციალურად შექმნილი კარადები დღემდე ისევე გამოიყურება, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში.  ნიშანდობლივია, რომ კარადების დიზაინი იმეორებს მთლიანად შენობის ფასადის მორთულობის ზოგად ფორმებს. აქედან გამომდინარე, კარგად ჩანს, თუ როგორი გააზრებული იყო თავიდანვე ყველა დეტალი იმ უზარმაზარი კომპლექსისა, რომელიც მეაბრეშუმეობის სადგურს უკავშირდებოდა.

დღეს მუზეუმის შენობის მდგომარეობა მძიმეა და ეს შესვლისთანავე თვალშისაცემია. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის განვითრების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი რეაბილიტაციისთვის. კონკურსში არქიტექტორ ნინო ჩაჩხიანის პროექტმა გაიმარჯვა, რომელსაც სპეციალისტები ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აფასებენ.

„პროექტი შეიქმნა და მას შემდეგ უკვე წელიწადნახევარია ასე დევს. ველოდებით როდის დაიწყება მისი განხორციელება, ველოდებით როდის გამოცხადდება ტენდერი მაინც“, - გვეუბნება მუზეუმის თანამშრომელი.

სალომე ფაჩუაშვილის თქმით, მუზეუმის შენობას საკმაოდ ბევრი ბზარი აქვს, მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო წლებში დამძიმდა, რადგან დაახლოებით 8 წლის განმავლობაში სარდაფში წყალი იდგა, მიწისქვეშა კომუნიკაციები გაუმართავი იყო.

ახლა სარდაფში წყალი აღარაა, 1 წელია ამოტუმბეს და კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. თუმცა ამ დროში კედლები დანესტიანდა, სოკო გაუჩნდა.  ეს პრობლემები თავისთავად ცუდ გავლენას ახდენს მუზეუმში დაცულ ექსპონატებზეც, განსაკუთრებით, ნესტი და სოკო.  80-იან წლებში მუზეუმს ჩაუტარდა უხეში რემონტი, რამაც დიდი ზიანი მოუტანა შენობის ცალკეულ არქიტექტურულ დეტალებს. მისი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე დღის წესრიგში შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა.

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხზე თბილისის განვითრების ფონდში განაცხადეს, რომ 2017 წელს  მუზეუმის რეაბილიტაცია ბიუჯეტში არ არის ჩასმული, მაგრამ ეს საკითხი სამომავლოდ  იქნება გათვალისწინებული.

როგორც უკვე ითქვა, შენობის დაზიანებებიდან გამომდინარე ამ წლების განმავლობაში ექსპონატებსაც საფრთხე ექმნებოდა. ამასთან  არ ხდება საგამოფენო დარბაზების კლიმატ-კონტროლი. დაცვის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც მუზეუმში მასში დაცულ კოლექციებისთვის გამოიყენება, არის წელიწადში ერთხელ სპეციალური ქიმიკატით შეწამვლა, რათა არ გაჩნდეს ცოცხალი მავნებლები. მათი თქმით, სხვა დამცავი მექანიზმი მუზეუმს ამ რესურსებით არ აქვს.

„ექსპონატები ინახება მეორე სართულზე საცავში და საგამოფენო სივრცეში. ეს მეორე სართული არის სივრცე, სადაც განსაკუთრებით ცხელა ზაფხულში და განსაკუთრებით ცივა ზამთარში. აქედან გამომდინარე ეს ექსპონატები გამუდმებით განიცდიან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, რაც არ არის კარგი“, - ამბობს აბრეშუმის მუზეუმის კურატური.

ძველი ელექტროკომუნიკაციების გამო შარშან მუზეუმს სერიოზული პრობლემა შეექმნა. მუზეუმში ცეცხლი გაჩნდა, რისი ჩაქრობაც თანამშრომლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.

 „ასეთი რაღაც რომ განმეორდეს, არის დიდი საშიშროება იმისა, რომ შენობა დაიწვას. ბიბლიოთეკაში იმდენი წიგნი და ხის კარადაა, მარტივად შეიძლება ცეცხლი წაეკიდოს“, - ამბობს მუზეუმის კურატორი. 

საგანგებო სიტუაციების მიმართ მზადყოფნით საქართველოს სხვა მუზეუმებიც არ გამოირჩევიან. ამ საკითხზე რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა კვლევის ანგარიშშიც, რომელიც  „საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნულმა კომიტეტმა“ წარმოადგინა.

არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მიუხედავად, მუზეუმს წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გამოფენა, პროექტი ჰქონდა და, როგორც ამბობენ, მიმდინარე წელსაც ბევრი აქვს დაგეგმილი.

ნიშანდობლივია, რომ მუზეუმი შინაარსობროვად და თემატურად თითქოს ვიწრო ხაზს მიჰყვება, თუნდაც სახელწოდებიდან და კოლექციიდან გამომდინარე, თუმცა მუზეუმის თანამშრომლების ხედვა სხვაგვარია. ამბობენ, რომ მუზეუმი არაა ჩაკეტილი სივრცე, ერთი და იმავე თემებით და კონკრეტულ კოლექციას მიბმული იდეებით.  მათი მიზანია, რომ მუზეუმი იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას, მუდმივად იყოს აქტუალური და პასუხობდეს თანამედროვე მოვლენებსა და გამოწვევებს. მუზეუმის კურატორი აღნიშნავს, რომ  სწორედ ამ დამოკიდებულების ხორცშესხმა იყო ბოლო წლებში მუზეუმში შემდგარი პროექტები - გამოფენები და საგანმანათლებლო პროგრამები.

შარშან მთელი წლის განმავლობაში აბრეშუმის მუზეუმი არტისტული ინტერვენციის პროექტს მასპინძლობდა. მიწვეული ჰყავდათ არტისტთა ოთხი ჯგუფი, რომლებსაც უნდა გაეტარებინათ რაღაც გარკვეული პერიოდი მუზეუმში და შემდგომ უნდა გაეკეთებინათ გამოფენა, ეს იქნებოდა ინსტალაცია თუ სხვა. პერფომერები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მუზეუმში და მათი წარმოდგენები, გამოფენები ახლებურად გადააზრება იყო მუზეუმის არქიტექტურის თუ კოლექციებისა.

„ამ პროექტმა მუზეუმს სახელი გაუთქვა, როგორც გახსნილ სივრცეს, რომელიც მზად არის ნებისმიერი  სიახლისთვის. მუზეუმი მიიღებს ყველა საინტერესო იდეას. დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც გავრცელებულია წარმოდგენა, რომ მუზეუმი არის ჩაკეტილი სივრცე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავანგრიოთ მსგავსი სტერეოტიპები“, - ამბობს ფაჩუაშვილი. 

აბრეშუმის მუზეუმის იმ სარდაფმა, რომელშიც 8 წლის განმავლობაში წყალი იდგა, ბოლო დროს კიდევ ერთ გამოფენას უმასპინძლა. „ჩახშობა პეპლის ეფექტით“ - ასე ერქვა გამოფენას, რომელიც საინიციატივო ჯგუფის „ალგორითმი F5-ის“ მიერ იყო შექმნილი. მათ ბნელი სარდაფის კედლები, რომელიც სისველითა და ნესტით არის გაჟღენთილი საგამოფენო სივრცედ აქციეს. სარდაფის ლაბირინთები ინსტალაციებითა და ფოტოებით  იყო გაცოცხლებული. 

აბრეშუმის მუზეუმს ბოლო წლებში უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდა. ძირითადად აქცენტი სკოლის ასაკის ბავშვებზე კეთდება. მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, მარიამ გოჩელაშვილი ამბობს, რომ კონკრეტული გამოფენა მიბმულია საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც თავის მხრივ სასკოლო პროგრამასთანაა კავშირში. მათი თქმით, სწორედ ამიტომაც მუზეუმის ვიზიტორების უმრავლესობა  ბავშვები არიან  და ეს მუზეუმის ძლიერი მხარეა. საგანმანათლებლო პროგრამებით, კონკრეტული თამაშებით ისინი ცდილობენ ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მიცემას და მუზეუმი შეყვარებას.  

აბრეშუმის მუზეუმი ნეოკლასიცისტური და ისლამური არქიტექტურული მოტივებით, მეცხრამეტე საუკუნის ექსპონატებით, თითქოს კონსერვატული გარემოს ქმნის, მაგრამ ამასთან სხვადასხვა გამოწვევისა  და პრობლემების მიუხედავად, რჩება ღია და თავისუფალ სივრცედ. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ შეძლებენ, მუზეუმი საზოგადოებისთვის ისეთივე დასასვენებელ და ამავე დროს საგანმანათლებლო სივრცედ აქციონ, როგორიც თეატრი და კინოა დღეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^