Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პლანშეტური კომპიუტერების  უკვე ისეთ არატექნოლოგიურ სფეროშიც შეიჭრა, როგორიც სიმფონიური ორკესტრია, ამ გაჯეტების მნიშვნელობა და პოპულარობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ოსკარის წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბრიუსელის ფილარმონიის ორკესტრის დირექტორს, მიშელ ტაბაჩნიკს, რომელმაც ფილმ „არტისტის“ საუნდტრეკისთვის საპატიო ჯილდო აიღო, ჰკითხეს, მზად იყო თუ არა მისი ორკესტრი თამამი და არაორდინალური გადაწყვეტილებისთვის.

ინოვაციების და პროგრესის მოყვარული ორკესტრი ექსპერიმენტს დათანხმდა. უჩვეულო რეპეტიციის შემდეგ მუსიკოსები აღფრთოვანებულები იყვნენ: ტრადიციული ქაღალდის პარტიტურის ნაცვლად მათ წინ პლანშეტური კომპიუტერები ედოთ.

ამ რეპეტიციის შემდეგ ბრიუსელის ფილარმონიის ორკესტრის ყველა წევრი ნოტებს უკვე Samsung GALAXY Note 10.1 -ში ინახავს. მუსიკოსები ამბობენ, რომ პლანშეტი გაცილებით კომფორტულია, 600 გრამიანი გაჯეტში  მთელი რეპერტუარი ეტევა, ყველა ახალი ნაწაროები მასში მომენტალურად ხვდება, თანაც პლანშეტის ტარება ყველგანაა შესაძლებელი.

პლანშეტური კომპიუტერის გამოყენება გაცილებით ეკონომიურიც აღმოჩნდა: ორკესტრის მენეჯერები ამბობენ, რომ ქაღალდის ნოტების შეძენასა და კოპირებაზე თვეში დაახლოებით 25 ათასი ევრო ეხარჯებოდათ, პლანშეტებით ჩანაცვლების შემდეგ კი ეს დანახარჯები 10-ჯერ შემცირდა.

მე-19 საუკუნის შემდეგ სიმფონიური ორკესტრების სამუშაო პროცესში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, ამიტომ ბრიუსელის ფილარმონიის გადაწყვეტილება ერთგვარი გარღვევაც იყო.  სიმფონიური ორკესტრის ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დამეგობრების მსოფლიო პრემიერა ბელგიის დედაქალაქის ცენტრში შედგა და არნახული წარმატებით დასრულდა.

იმ ფაქტით, რომ პლანშეტური კომპიუტერების  უკვე ისეთ არატექნოლოგიურ სფეროშიც შეიჭრა, როგორიც სიმფონიური ორკესტრია, ამ გაჯეტების მნიშვნელობა და პოპულარობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ტაბლეტებმა კომპიუტერების ბაზარზე რევოლუცია უკვე მოახდინეს, 2012 წელმა ამ მოვლენის შედეგები უბრალოდ გაამყარა. 

2010 წელს სტივ ჯობსმა უჩვეულო გაჯეტის iPad-ის წარდგენით საზოგადოებას პოსტკომპიუტერული ეპოქის დაწყება მიულოცა. კომპიუტერმა მაგიდიდან ჯიბეებში ან ჩანთებში გადაინაცვლა და ადამიანებისთვის კიდევ უფრო მეგობრული გახდა. პლანშეტი ნებისმიერ  სიტუაციაში მოსახერხებელია: ტრანსპორტში, კაფეში, საქმიანი მოლაპარაკებისას, მინდორში თუ პლაჟზე, განსაკუთრებით გართობისთვისა და ინფორმაციის მოხმარებისას. სწორედ ამიტომ,  ტაბლეტი უკვე ბევრი მომხმარებლის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოწყობილობად იქცა. თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე პლანშეტის პოპულარობის რამდენიმე მიზეზს გამოყოფს: „ეს არის, პირველ რიგში, სენსორული ეკრანი, რომელიც  ადამიანებისთვის ყველაზე ბუნებრივი და მომხიბვლელი ინტერფეისია კომპიუტერთან ურთიერთობისას. მისი გამოყენება შეუძლიათ ბავშვებს, მოხუცებს, ახალბედა მომხმარებლებს, რომლებსაც არც მაუსით და არც კლავიატურით სარგებლობის სწავლა არ სჭირდებათ. მიმზიდველია პლანშეტის პორტაბელობა და ფორმაც, მისი ზომები და წონა. ტაბლეტს არ აქვს არცერთი ზედმეტი მოძრავი ნაწილი, რაც შეიძლება ყოველდღიური მოხმარებისას მოძვრეს, ან მოტყდეს, რის გამო მოსახერხებელია მისი ყველგან ტარება. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი პლანშეტების ფასები თითქმის საშუალო ნეტბუქის ფასებს უტოლდება, შესაძლებლობებით და მოხერხებულობით კი ჯობნის მათ“, - აღნიშნავს ზვიად სულაბერიძე.

2012 პლანშეტებისთვის მართლაც განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ბრიტანული საცალო ქსელის Currys-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით პლანშეტებზე მოთხოვნა 1000%-ით გაიზარდა. კომპანიამ განაცხადა, რომ 10 დეკემბერს ყოველ წამში ერთხელ ერთ პლანშეტს ყიდდა, წინასაშობაო დღეებში კი ეს ნივთი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საჩუქარი იყო. პლანშეტების პოპულარობას ადასტურებს სტატისტიკაც: ანალიტიკური კომპანია IDC-ს პრგონოზით, წელს ტაბლეტების გაყიდვები 122,3 მილიონ ერთეულს შეადგენს,  NPD-ს ანალიტიკოსები კი დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკასა და კანადაში პლანშეტების რეალიზაცია ნოუთბუქებისას გაუსწრებს და ბოლო კვარტლის მონაცემებით  მათი გამარჯვება ფაქტად იქცევა.

რაც შეეხება მოთამაშეებს, IDC-ს წინასწარი მონაცემებით,  Apple-ს წილი ოდნავ შემცირებულია: 2011 წელს მას ბაზრის 56,3% ეკავა, წელს ეს მაჩვენებელი 53,8%-ია, Android-ის  წილი კი პირიქით - 39,8%-დან 42,7%-მდე გაიზარდა. კვლავაც ძალიან მცირე რჩება ბაზარზე Microsoft-ის წილი, რომელიც  2,9% -ს შეადგენს.

პლანშეტური ინდუსტრია წინ სწრაფი ტემპებით მიიწევს. ბაზარზე ყოველწლიურად უამრავი ახალი მოწყობილობა რჩება და მომხმარებლის არჩევანიც უფრო რთულდება. გაჯეტების მოყვარულები, როგორც წესი, ბოლო მოდელს ირჩევენ ხოლმე, თუმცა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი მაინც ის მიზანი და ფუნქციებია, რომლებიც მოწყობილობამ უნდა შეასრულოს, ამიტომ სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ შეძენამდე  კარგად გაიაზრონ ის ფუნქცინალური შესაძლებლობები და ამოცანები, რისთვისაც მათ ამა თუ იმ გაჯეტს ყიდულობენ. რაც შეეხება პლანშეტებისა და ნოუთბუქების დაპირისპირებას, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის GeMUG -ის ხელმძღვანელი დიმიტრი გოგელია ფიქრობს, რომ ტაბლეტი მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო პოპულარული გახდება და მისი ფუნქციონალიც უფრო გამდიდრდება:

„საბოლოოდ პერსონალური კომპიუტერის როლი სულ უფრო დაკნინდება. iPad ჯერ კიდევ და იმედია დიდი ხნის განმავლობაში ბაზარზე N1 ტაბლეტად დარჩება, რის  მიზეზადაც შეგვიძლია, როგორც მისი უზადოდ შესრულებული სამომხმარებლო ინტერფეისი, ასევე ძირითადი კონკურენტის, Android-ის ტაბლეტური ინტერფეისის არასრულყოფილება ჩავთვალოთ. თუმცა ბოლო პერიოდში „სიკეთის კორპორაცია“ აქტიურად ცდილობს ამ მიმართულებით სიტუაციის გამოსწორებას“,- აღნიშნავს დიმიტრი გოგელია.

პლანშეტების სფეროში აპარატურულ სიახლეებს - ძლიერ პროცესორს, მეტ მეხსიერებას, ახალ პროგრამულ პროდუქტებს ელის ზვიად სულაბერიძე, თუმცა ფიქრობს, რომ პლანშეტი კომპიუტერის ჩამნაცვლებელი, განსაკუთრებით კი პროფესიულ დონეზე ვერ გახდება: „ ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად ეკრანის ზომა. თუ ეკრანის ზომა იქნება დიდი, მაგალითად 42 დუიმი, რაც არქიტექტორს, კინომემონტაჟეს, ფოტოგრაფს, გრაფიკულ დიზაინერს და სხვა სპეციფიკური პროფესიის წარმომადგენლებს სჭირდებათ,  მაშინ ის პლანშეტი დაკარგავს თავის დანიშნულებას, რომ იყოს ადვილად სატარებელი და მოხერხებული  მომხმარებლის უმრავლესობისთვის. შეიძლება მომავალში რომელიმე მწარმოებელმა გამოუშვას კიდეც 42 დუიმიანი პლანშეტი,  მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო ტიპის მომხმარებლისთვის იქნება და პოპულარული, ანუ ყველასთვის სასურველი ვერ გახდება“, - აღნიშნავს ზვიად სულაბერიძე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერტები ვარუადობენ, რომ პლანშეტები მომდევნო წლებშიც ტექნოლოგიების ჰიტად დარჩება, რაც სტატისტიკითაც დადასტურდება. NPD-ს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისთვის პლანშეტების გაყიდვები ნოუთბუქების რეალიზაციას გაასწრებს და ეს ფაქტი მსოფლიო ტენდენციად იქცევა. IDC-ს პროგნოზით კი, ტაბლეტების გაყიდვები მომდევნო წელს 172,4 მილიონს, 2016 წელს კი 282,7 მილიონს მიაღწევს.

პლანშეტურმა კომპიუტერებმა ადამიანების ქცევა შეცვალეს და მოდურ გაჯეტებად იქცნენ, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამძაფრდება. ასე რომ, ბუმი გრძელდება..

 

 

                                                           

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^