Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარტოხელა მშობლები მარტოდ

03 მაისი 2017

ორი წელია,  კანონმდებლობაში  გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განმარტავს და  სახელწიფოს ავალდებულებს, იზრუნოს  მათ სოციალურ დაცვაზე. თუმცა სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა.

ამ სტატუსს მშობელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში ერთ-ერთი მშობლის მონაცემთა გრაფა ცარიელია.  სტატუსის მიღმა რჩებიან ქვრივები და მშობლები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო ზრდიან შვილებს. გარდა ამისა, სტატუსის მიღების შემთხვევაშიც კი  მარტოხელა მშობლებისთვის არ არსებობს სოციალური დაცვის გარანტიები, მათ არ მიუწვდებათ ხელი მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებზე და ხშირად სიღარიბის მაღალ რისკჯგუფებში ექცევიან. დღეს მარტოხელა მშობლის სტატუსი მხოლოდ 1455 დედას აქვს და არც ერთ მამას.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ნათია მასურაშვილი 13 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. მეუღლის სახლიდან ორი წლის წინ წამოვიდა. ოჯახში ძალადობის გამო, იძულებული გახდა, მშობლებთან დაბრუნებულიყო, რომლებიც ნათესავის სახლის სარდაფის ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. საკუთარი სახლი არც მათ აქვთ.

ოთხი ადამიანი ნახევრად ბნელ, ცივ და უფანჯრებო ოთახში, სადაც ორი საწოლი და ერთი მაგიდა დგას, ცივი გაზაფხულის გადატანას ცდილობს. ნათია ამბობს, რომ  წელს განსაკუთრებით გაუჭირდათ, უფრო მეტად – ბავშვს. სკოლა ისედაც შორს არის და დიდი მანძილის გავლა უწევს, არც სამეცადინო პირობები აქვს, არც ნორმალური კვება და არც თბილი ტანსაცმელი.

მას შემდეგ, რაც ნათია შვილთან ერთად მშობლებთან გადავიდა, სოციალურმა სამსახურმა დახმარება შეუწყვიტა. განცხადება თავიდან დაწერეს და ახლა პასუხს ელოდებიან. თუ გაუმართლებთ და დაბალ ქულებს მიიღებენ, ერთადერთი ფინანსური წყარო გაუჩნდებათ.

ნათია ძირითადად ფიზიკურად შრომობს, სეზონურ სამუშაოებზე; სოფელში ხან ვის ეხმარება, ხან ვის. ყოველდღიურად საჭმლის ფულს ასე შოულობს. სხვა დროს ძალიან გვიჭირსო, ამბობს.  ბავშვს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ვერ უმკლავდება. დამხმარეც არავინ ჰყავს. გურჯაანის გამგეობას არაერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ, უთხრეს, რომ მარტოხელა დედების დახმარების პროგრამა არ აქვთ და მხოლოდ სტიქიით დაზარალებულებისთვის შეუძლიათ ცალკე თანხის გამოყოფა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არასოდეს არანაირი დახმარება არ მიუღია.

35 წლისაა. რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ მეუღლესთან ცხოვრობდა და მამობაც აღიარებულია. შესაბამისად, კანონის მიხედვით, ნათიას მარტოხელა დედის სტატუსი არ ეკუთვნის.

„სულ ვფიქრობ, საიდან რა უნდა ვქნა. არ მინდა, ჩემი შვილი ასე ცხოვრობდეს.  ხან რით ვუკეთებ გულს, ხან  რით. ვეუბნები, რომ იქნება, დედი, რაღაც, აუცილებლად...“ – ამბობს ნათია.

ის ერთადერთი არაა, ვისაც მსგავს პირობებში შვილების გაზრდა მარტოს უწევს. ათასობით მარტოხელა დედა უბრალოდ უხილავია სოციალური პოლიტიკისთვის. ქვეყანა რეალურად მხოლოდ 1455 მარტოხელა მშობელს აღიარებს, რომელთაც სტატუსი აქვს. 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ უკვე რამდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს, რომელიც მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირებას გულისხმობს. პროექტი ოთხ რეგიონს მოიცავს (თბილისს, შიდა ქართლს, კახეთსა და იმერეთს). ამ რეგიონებში ფონდის წარმომადგენლები მარტოხელა დედებს ხვდებიან და სხვადასხვა დახმარებას უწევენ, იქნება ეს სამართლებრივი კონსულტაცია, სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა, სოციალური დახმარებები თუ ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობა.

როგორც პროექტის კოორდინატორი სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რადგან დღევანდელი მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრე ვიწროა, ორგანიზაციამ გადაწყვიტა პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია ყველა იმ მარტოხელა მშობლისთვის, რომლებიც ფაქტობრივად მარტო ზრდის შვილებს.

ამ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიზანია,  მარტოხელა მშობლების საჭიროებების გამოკვეთასთან ერთად, სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოების პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება და მარტოხელა მშობლებისთვის გარკვეული სოციალური დაცვის გარანტიების შექმნაზე დისკუსიის წამოწყება.

სალომე მეზურნიშვილი ამბობს, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა და მარტოხელა დედებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, ერთნაირი პრობლემები აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც, კანონით, მარტოხელა მშობლებად მიიჩნევიან და მათაც, ვინც დაქვრივდა ან განქორწინდა და მარტო ზრდის, ხშირად რამდენიმე შვილსაც კი. შესაბამისად, ისინიც ზუსტად ისეთივე მხარდაჭერას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან.

რაც შეეხება  მუნიციპალიტეტების მხრიდან მარტოხელა მშობლებისთვის გაწეულ მხარდაჭერას, სალომე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობენ. მათი მიდგომა განსხვავებულია; რამდენიმეს აქვს გარკვეული თანხა გამოყოფილი, რითაც რეგიონში მცხოვრებ მარტოხელა დედებს ერთჯერადი ფულადი შემწეობით მაინც ეხმარებიან, თუმცა რამდენიმე მუნიციპალიტეტი საერთოდ არ აღიქვამს მარტოხელა მშობლების პრობლემას არსებითად.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელი დღეს თბილისშია რეგისტრირებული და თბილისის ბიუჯეტიც ყველაზე დიდია,  საერთოდ არ არსებობს არანაირი დახმარება. რეგიონებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ისინი ყოველთვის ახერხებენ, გამონახონ თავიანთი მცირე ბიუჯეტიდან თანხა.  თბილისში გვითხრეს, რომ ბიუჯეტს პრიორიტეტების მიხედვით ადგენენ, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით კი არ არის მომართვიანობა, შესაბამისად, საჭიროებაც არ არსებობსო. გამოდის, სახელმწიფო იმ ვალდებულებას, რომელიც კანონიდან გამომდინარე აქვს – რომ მარტოხელა მშობლები სარგებლობენ შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით - მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი  პირდაპირ არ ავალდებულებს,  შექმნას გარანტიები, თუ მარტოხელა დედები უშუალოდ არ მოითხოვენ  დახმარებას, “ – ამბობს სალომე მეზურნიშვილი.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად საქართველოში 55 000-ზე მეტი ბავშვი იბადება. მათი დიდი ნაწილი – რეგისტრირებულ ქორწინებაში.  ქორწინების გარეშე, მაგრამ ორივე მშობლის მონაცემებით, 2015 წელს 19 224 ბავშვი დაიბადა, 2016 წელს  კი – 18 689.  ბავშვები, რომელთა დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი არ წერია, 2015 წელს იყო 49, 2016 წელს – 15.

სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 21 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1459 მარტოხელა დედა (ვისაც სტატუსი აქვს) და არც ერთი მამა. მათგან მხოლოდ ოთხია მშვილებელი დედა. მათ შორისაც კი ცოტაა სტატუსის მქონე მშობელი,  ვისაც შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს.  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასეთი სულ 6 995 დედა ფიქსირდებოდა.

რამდენიმეწლიანი დისკუსიის შემდეგ, მარტოხელა მშობლების შესახებ კანონმდებლობაში უნდა ყოფილიყო თუ არა ჩანაწერი, 2015 წლის ივნისში პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა და სამოქალაქო კოდექსში მარტოხელა მშობლის დეფინიცია გაჩნდა.

სამოქალაქო კოდექსის (11911 – მარტოხელა მშობელი) თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს ქალს ან კაცს:

•           რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი მონაცემები ბავშვის მამის/დედის შესახებ;

•           რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

•           მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ პირი დაქორწინდება.

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ იურისტი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კოდექსის გარდა, ერთადერთი  აქტი, რომელიც მარტოხელა მშობლის უფლებებს განსაზღვრავს, საგადასახადო კოდექსია, სადაც ნათქვამია, რომ  მარტოხელა დედები არ იბეგრებიან.  თუმცა ეს, მისი თქმით, დისკრიმინაციული ჩანაწერია და მარტოხელა დედა უნდა შეიცვალოს მარტოხელა მშობლით, რადგან  ორი კანონი  წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

ნინო ანდრიაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ისეთ მშობელსაც უნდა იცავდეს, როდესაც მეორე მშობლის მონაცემები მხოლოდ დოკუმენტებში ფიქსირდება, სინამდვილეში კი ის არ ზრუნავს შვილებზე და მას მარტო უწევს ბავშვის გაზრდა. ასევე ქვრივებსაც, რომლებიც არასრულწლოვან შვილებს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის შემთხვევაშიც კი მარტოხელა მშობლებისთვის დღეს სოციალური დახმარების პროგრამები არ არსებობს (გარდა იმისა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებისას უპირატესობა ენიჭება მარტოხელა მშობელს),  წრის გაფართოება მაინც მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარანტიისთვის. ფონდი პროექტის ფარგლებში გეგმავს საკანონდებლო პაკეტის შემუშავებას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს.

სახალხო დამცველის შეფასებით,  მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე, სოციალური დახმარება ან რამე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის. მისი ინფორმაციით, 2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას  4 379 მარტოხელა დედა დაფიქსირდა.  

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიმღებ პირთა წრის გაფართოებაზე საუბრისას აქცენტი კეთდება იმაზე, რამდენად შეუძლია სახელმწიფოს, აიღოს თავის თავზე სოციალური გარანტიები, თუ ყველა იმ მარტოხელა მშობელს მისცემს სტატუსს, რამდენიც რეალურად არსებობს. ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაზე სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკა სხილაძემ აღნიშნა, რომ რეალურად მარტოხელა დედა გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ხედავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტატუსის მიღების შემდეგ, დახმარების სისტემის შიგნით დავიწროვდეს ჯგუფები და მარტოხელა მშობლები კატეგორიებად დაიყოს, სხვადასხვა საჭიროების მიხედვით: „ ამისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი გარანტია. მაგალითად, იმისთის, რომ სტატუსის დროს დაცული ვიყო 5 წლამდე ბავშვის შემთხვევაში  სამსახურიდან გაშვებისგან, ან მქონდეს შეღავათები საბავშვო ბაღში ან სკოლაში რეგისტრაციისას. შეიძლება მინიმალური პროგრამებით დაწყება, იმ რესურსით, რაც აქვს სახელმწიფოს.“

მიმდინარე წლის 17 თებერვალს პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც  „მარტოხელა მშობლის სტატუსის“ შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებს. ჯგუფს დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ხელმძღვანელობს და მასში ჩართულები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც დეპუტატის თანაშემწე ნინო აშორდია ამბობს, სამუშაო ჯგუფის  შექმნის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის დახვეწა, რომლითაც გათვალისწინებულია მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საფუძვლები: „ რადგან  იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული მოსაზრების თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით დღეს არსებული რეგულაციები სხვა მხრივაც საჭიროებს გაანალიზებას და მხოლოდ შემოთავაზებული ცვლილება ვერ ამოწურავს ამ მხრივ არსებულ პრობლემურ საკითხებს. კერძოდ, მათი მოსაზრებით, უნდა შეიცვალოს სტატუსის დადგენის კრიტერიუმები, გაფართოვდეს პირთა წრე, რომელთაც შეეძლებათ, მოითხოვონ სტატუსის მინიჭება და თანმდევი სოციალური გარანტიების მიღება; მეტი ყურადღება მიექცეს არა მარტო დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების არსებობას (სააქტო ჩანაწერის მონაცემებს), არამედ იმ პირთა ფაქტობრივ მდგომარეობასაც, რომლებიც, რეალურად, მარტო ზრუნავენ არასრულწლოვნების აღზრდაზე. „

ჯერჯერობით, სამუშაო ჯგუფის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და როგორც ნინო აშორდია ამბობს, ჯგუფის წევრებს მარტოხელა მშობლებისთვის გარკვეული სოციალური დახმარების სისტემის შექმნაზე მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავთ.  თუმცა ამ ჯგუფის მიზანი ეს არც ყოფილა. ის ასევე აღნიშნავს, რომ  ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობის საკითხიც არ დასმულა: „იგეგმება საჯარო განხილვა, რომელზეც მოწვეულები იქნებიან მარტოხელა მშობლები. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გამოთქვან მოსაზრება მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. შესაბამისად, საინტერესო იქნება, თუ რა მსვლელობა მიეცემა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს.“

სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ  შეხვედრაზე სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება დადგა. შესაბამისად, ამ მონაცემების ანალიზი მიმდინარეობს და სავარაუდოდ ორ კვირაში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩაინიშნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 ივნისი
27 ივნისი

სასკოლო განათლება - რატომ არის მნიშვნელო ...

საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკასა და წიგნიერებაში მნიშვნელოვნად ჩამო ...
23 ივნისი
23 ივნისი

ჩაკეტილი წრე სასამართლო სისტემაში - ინტე ...

ბოლო პერიოდში იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯადომარეთა დანიშვნამ კვლავ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ორ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაში ...

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვ ...

მეტი

^