Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასჯელი მინიმუმს ქვევით - შანსი მსჯავრდებულებს

04 მაისი 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უფლებამოსილების გაფართოების ინიციატივით გამოდის. თუკი დღეს სასჯელის მინიმალურ ოდენობას კანონი მკაცრად ადგენს, საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, მოსამართლეს მინიმუმზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა შეეძლება.  მას საშუალება ეძლევა, გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები გაითვალისწინოს. მოსამართლები ამ ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ადვოკატთა ნაწილი ამაში კორუფციის რისკებს ხედავს. კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებს  კი ამით ერთგვარი შანსი ეძლევათ.

„ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ძალადობის გამო გოგო მეორე ქმარს გაშორდა. პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც გამოწერა, მაგრამ მოძალადე კაცს ეს ვერ აჩერებდა. ყოველი დალევის შემდეგ ყოფილი ცოლის სახლში მიდიოდა და სცემდა. გოგოს დედა გამუდმებით ამას  უყურებდა. ერთ-ერთი ასეთი მივარდნის დროს დაინახა, რომ ტახტზე ჰყავდა მიგდებული მისი შვილი და ურტყამდა. გავიდა, სამზარეულოს დანა აიღო და ზურგში ჩაარტყა, პირდაპირ გულში ჰქონდა გაყრილი.  მოკლედ, სიძე მოკლა.

60 წელს ცოტა გადაცილებული, ქალი იყო. დანაშაული თავიდანვე აღიარა, გარეთ გავიდა და მეზობლებს უთხრა, ჩემი სიძე მოვკალი და პატრული გამოიძახეთო. ბრალი 108-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი (განზრახ მკვლელობა), რაც 7-15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა, მაგრამ აფექტი არ დადგინდა. სუფთა შურისძიების მოტივი იყო და 7 წელზე ქვევით სასჯელს ვერ დავნიშნავდი. რამდენჯერმე გადავდეთ პროცესი, იქნებ როგორმე საპროცესოზე შეთანხმებულიყვნენ. გარდაცვლილის ოჯახის პოზიცია ძალიან მკაცრი იყო და პროკურატურა დათმობაზე არ წამოვიდა. 7 წელი მივუსაჯე.

ძალიან კარგად ესმოდა იმ ქალს, რაში იყო საქმე და არც მას და არც ადვოკატს  სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მაგრამ მე თვითონ მქონდა უსამართლობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა არასდროსაა გამართლებული, დანაშაულის წინაპირობები ძალიან მძიმე იყო და როცა დედის პოზიციიდან შევხედე ამ ყველაფერს, გარკვეულწილად გავუგე ამ ქალს. იმედი მქონდა, რომ ასაკის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლებდნენ“,- იხსენებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე 2008-2010 წელს განხილულ ერთ-ერთ საქმეს.

ეკა არეშიძის შეფასებით, იმდენად ყურადსაღებია ის წინაპირობა, თუ რამ მიიყვანა ადამიანი დანაშაულის ჩადენდამდე, რომ  ასეთ შემთხვევაში სანქციით გათვალისწინებული მინიმუმიც კი ზედემტად მკაცრია. სწორედ ამის გამო მიიჩნევს ის, რომ მოსამართლეს კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა უნდა შეეძლოს. როგორც ეს 2006 წლამდე იყო. თუმცა შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ტიპის დანაშაულს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა. შედეგად,  სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა, ბევრი რამ შეიცვალა და მოსამართლეებსაც ჩამოერთვათ ეს უფლება. 

2006 წლამდე მოქმედი ნორმით, მოსამართლეს შეეძლო, ბრალდებულის პიროვნებისა და განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მინიმუმზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელი დაენიშნა.  დღეს კანონით დადგენილი სასჯელის ქვედა ზღვარს მოსამართლე მხოლოდ მაშინ სცილდება, თუ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული.

მეუღლის ან პარტნიორის მკვლელობის ბრალდებით სასჯელი არაერთ ქალს მოუხდია. რიგ შემთხვევებში ისინი თავად იყვნენ სხვისი დანაშაულის მსხვერპლნი და მკვლელობამდეც ამან მიიყვანათ. სწორედ ამგვარ შემთხვევებზე მსჯელობისას დგებოდა დღის წესრიგში მოსამართლეთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხი. თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე მსგავს დანაშაულებზე რაიმე გამონაკლისის დაწესებას ეწინააღმდეგება.  მისი განმარტებით, აფექტის, აუცილებელი მოგერიების და თავდაცვის შემთხვევაში ისედაც მინიმალურ სასჯელზეა საუბარი. ხოლო თუ ეს გარემოებები არ არის, მაშინ დამნაშავემ მკაცრი სასჯელი უნდა მოიხადოს.

თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ნაკლებად მძიმე დანაშაულის თითქმის ყველა  და მძიმე დანაშაულის გარკვეულ მუხლებს უნდა შეეხოს.  მისი განმარტებით, სასჯელის დაგეგმვისას მოსამართლეებს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და საკანონმდებლო ნორმებით მკაცრად არ იზღუდებოდნენ. ამბობს, რომ თავადაც ხშირად ჰქონდა შემთხვევა, როცა მინიმუმზე ნაკლები სასჯელის დანიშნვნის სურვილი ჰქონია, მაგრამ ასე ვერ მოქცეულა.

საბჭოს მიერ დაანონსებულ ცვლილებაში კორუფციის რისკებს ხედავს ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც არაერთ გახმაურებულ, მათ შორის პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეზე ყოფილა ბრალდებულთა უფლებების დამცველი. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჩვენს რეალობაში ასეთი გადაწყვეტილების მხოლოდ სასამართლოსთვის მინდობა რთულია. ის არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ მინიმუმზე ნაკლები სასჯელი ზეწოლის, ნაცნობობის ან პირადი დამოკიდებულების გამო მიუსაჯოს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, თუ ამ საკითხს კანონმდებლობა დაარეგულირებს.

„ყოფილა შემთხვევები, როცა განაჩენთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი ყოფილა, საქმიდან გამომდინარე შეიძლებოდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო. მაგრამ მოსამართლეს ბრალდებული გაუმართლებია, ალბათ სწორედ ნაცნობობის გამო. უკეთესი იქნება, სასჯელის მინიმალური ზღვარი შემცირდეს. მაგალითად, თუკი მუხლი ითვალისწინებს 5-დან  10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, 5-ის ნაცვლად 3 წელი იყოს ქვედა ზღვარი“,- ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ნინო ანდრიაშვილი.

იუსტიციის საბჭოს წევრი ლევან თევზაძე კი ამბობს, რომ 2006 წელს სასჯელის შთანთქმის პრინციპი კანონიდან სწორედ კორუფციის შიშით ამოიღეს, მაგრამ მისი შეფასებით, ამას მართლმსაჯულებისთვის კარგი არაფერი მოუტანია. მოსამართლე გამოსავალს ერთგავაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაში ხედავს, როცა გარკვეული იქნება, რა მიიჩნევა დამამძიმებელ და რა შემამსუბუქებელ გარემოებად.

„ეს ცვლილება იქნება ერთ-ერთი პირობა იმის, რომ მოსამართლე უფრო მოქნილი გახდეს და მის მიერ დაკისრებული სანქციით დანაშაულისადმი თავისი დამოკიდებულება უკეთ გამოხატოს. როგორც კი შეიცვალა 55-ე მუხლი, ამოიღეს სასჯელთა შთანთქმის  წესი და უარი ითქვა საქმის გამოძიებაში დაბრუნების შესაძლებლობაზე, ის შედეგები მივიღეთ, რასაც დღეს თითოეული ჩვენგანი შეიძლება იმკიდეს. ამ შეზღუდვებისგან უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სისტემა“,- ამბობს მოსამართლე „ლიბერალთან“ საუბრისას.

რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის საბჭოს მიერ შექმნილი სტრატეგიის დოკუმენტი პარლამენტს წარედგინა. თუმცა ეს მისი საბოლოო ვერსია არ ყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანზაციების წევრებთან ერთად, მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე დღესაც მუშაობენ. პროცესში საკუთარი რეკომენდაციისა თუ შენიშვნის დაფიქსირების შესაძლებლობა ყველა მონაწილე მხარეს აქვს. სწორედ ამის გამო ვარაუდობს ლევან თევზაძე, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიის დოკუმენტი რაიმე წინააღმდეგობას არ შეხვდება და მასში გაწერილი საკითხები საკანონმდებლო დონეზე მოწესრიდგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^