Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვის თანხმობა შვილად აყვანაზე და მისი აზრის გათვალისწინება - რა შეცვალა ახალმა კანონმა

08 მაისი 2017

შვილად აყვანის შესახებ კანონში არაერთი ცვლილება შევიდა. კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ გასაშვილებელი ბავშვი სტაბილურ ოჯახში შევიდეს, სადაც  მასზე მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით იზრუნებენ.

მაგალითად, კანონით სავალდებულო გახდა მშვილებელი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლა, სადაც ისინი ბავშვზე ზრუნვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ცვლილებებით განისაზღვრა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობა. ასევე გაუქმდა გაშვილების პირდაპირი წესი, როდესაც მშობელი თვითონ ირჩევდა მშვილებელს.

კანონში ცვლილებების განხილვის ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან არაერთი შენიშვნა გამოითქვა. საკანონმდებლო ორგანომ შენიშვნების ნაწილი გაიზიარა, ნაწილი - არა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელზეც სახალხო დამცველი თებერვალში გაკეთებულ განცხადებებში ამახვილებდა ყურადღებას, მე-13 თავს - შვილად აყვანის პროცესში ბავშვის აზრის გათვალისწინებასა და თანხმობას - ეხება.

ომბუდსმენის შეფასებით, კანონი არასაკმარისად ასახავს 10 წლამდე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა თანხმობისა და აზრის გათვალისწინების საკითხს შვილად აყვანის პროცესში.

მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 10 წლის ასაკიდან ბავშვის შვილად აყვანისათვის აუცილებელია მისი ინფორმირებული წერილობითი თანხმობა, ხოლო 10 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით მხედველობაში მიიღება მისი სურვილი.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის გაშვილებისას, ბავშვს ნების გამოსავლენად საჭიროების შესაბამისად უნდა გაეწიოს სათანადო დახმარება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე, ბავშვი მშვილებლების (მშვილებლის) ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლის, შვილება, გამონაკლისის სახით, შვილად ასაყვანი ბავშვის თანხმობის გარეშეც შესაძლებელია.   

სახალხო დამცველი გაერო-ის ბავშვის უფლებების კონვენციის 21-ე მუხლზე მიუთითებს, რომელის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ანდა ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტზე, რომელთა მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ბავშვის აზრისა და სურვილის გათვალისწინებას და, რაც მთავარია, მის ჩართვას ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც უშუალოდ არასრულწლოვნის ინტერესებსა და შემდგომ საცხოვრებელ თუ სააღმზრდელო პირობებს უკავშირდება.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ცენტრალური ორგანოსა და საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული შვილად ასაყვანი ბავშვის ინტერესი, მისი აზრი და ინფორმირებული თანხმობა.

„ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია ასევე უფრო კონკრეტულად და მკაცრად უნდა ავალდებულებდეს შვილად აყვანის პროცესში მონაწილე ორგანოებს 10 წლამდე და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა თანხმობისა და აზრის გათვალისწინებას. ამასთან, აუცილებელია დაზუსტდეს ის პროცესუალური ნორმები და მატერიალური წინაპირობები, რომლებიც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას უძღვის წინ. მაგალითად, ცენტრალურ ორგანოს ჰქონდეს გარკვეული ვალდებულება, პროცესში ჩართოს ფსიქოლოგი და ჩატარდეს შესაბამისი მუშაობა გასაშვილებელ ბავშვთან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ობუდსმენმა პარლამენტს გაუზიარა.

ომბუდსმენის პოზიციას იზიარებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა აბაშიძეც და ამბობს, რომ ბავშვის ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აუცილებელია, ბავშვი იყოს ჩართული. 10 წლამდე ბავშვების შემთხვევაშიც მისი თანხმობა სავალდებულო უნდა იყოს, რადგან, მაგალითად, 5-6 წლის  ბავშვი თავის ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებების არსს უკვე იაზრებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ  შეუძლებელია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი განისაზღვროს ბავშვის აზრის მოსმენისა და გათვალისწინების გარეშე.

რაც შეეხება ბავშვებს, რომელთა გაშვილებაც ჩვილობის ასაკში ხდება, ანა აბაშიძის მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში კანონში უნდა გაჩნდეს ვალდებულება, რომელიც იტყვის, კონკრეტულად რა ასაკში, რა ვითარებაში მიიღებს ბავშვი ინფორმაციას.

„მთავარი ჩვენთვის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია. სწორედ ამ ნაწილში არ თანხმდება სახელმწიფოსა და ჩვენი პოზიციები. სახელმწიფოს ჰგონია, რომ დღესაც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესია, რომ ბავშვისგან დაფარული იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის შვილად აყვანილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არსებითი შეცდომა, როცა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესად მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვას ვასაღებთ. ბავშვთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს აუცილებელია, რომ ბავშვი იყოს ჩართული და მოსმენილი იყოს მისი მოსაზრება. ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს მისი წარმომავლობა და ბიოლოგიური ოჯახის”, - ამბობს ანა აბაშიძე.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბავშვმა არა მხოლოდ უნდა იცოდეს გაშვილების შესახებ ინფორმაცია, არამედ მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ამ პროცესის წარმართვაში.

„ამავე დროს კონვენცია ადგენს, რომ ბავშვს აქვს უფლება, შენარჩუნებული იყოს მისი იდენტობა, წარმომავლობა, ნათესაური კავშირები და ა.შ. ბავშვები, რომელთაც არ ჰქონდათ გაშვილების შესახებ ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოუმზადებლად გაგების შემთხვევაში გახდნენ უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესისა და ბულინგის მსხვერპლი, რაც ფატალურადაც კი დასრულებულა. ჩვენი ორგანიზაციის აზრით, გაშვილების დროს ბავშვს ცალსახად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და, უფრო მეტიც, შეეძლოს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მის მიზანშეწონილობაზე”, - ამბობს ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი იურისტი ანა არგანაშვილი.

მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროს მარი წერეთლის აზრით, კანონში ვალდებულება, რომ ბავშვს მშობელმა უნდა უთხრას იმის შესახებ, რომ ის შვილად აყვანილია, მკაცრად გაწერილი არ უნდა იყოს. მისივე შეფასებით, საზოგადოება ამისთვის მზად არაა. თუმცა ცალსახად აღნიშნავს, რომ კონვენციით ბავშვის უფლებაა, იცოდეს ყველაფერი საკუთარი თავის შესახებ  და ამის უზრუნველყოფისკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად მშვილებლების მოსამზადებელ ტრენინგებს მიიჩნევს, სადაც მშვილებლები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რა არის სიმართლე და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ამის შესახებ იცოდეს.  

„ვნებათაღელვის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, უნდა უთხრას თუ არა მშობელმა ბავშვს, რომ ის შვილად აყვანილია. ეს ის მოთხოვნაა, რომელსაც გვეუბნება კონვენცია. თუმცა დღევანდელ ჩვენს რეალობაში ჩვენი საზოგადოება მზად არაა კანონში ამის მკაცრად გასაწერად, რომ აყვანის შემდეგ მათ ეს აუცილებლად უნდა უთხრან ბავშვს. ამისაკენ გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად ტრენინგები მიგვაჩნია, სადაც იქნება მოდული, რას ნიშნავს სიმართლე და მშობლებს მოვამზადებთ იმისთვის, რომ რეალურად მიაწოდონ ბავშვს ის ინფორმაცია, რასაც შვილად აყვანა ჰქვია”, - განაცხადა მარი წერეთელმა შვილად აყვანის შესახებ გამართულ დისკუსიაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^