Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადრეული და სკოლამდელი განათლება - „ინვესტიცია მომავლისთვის“

12 მაისი 2017

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული და სკოლამდელი განათლება ბავშვის განვითარებისთვის; რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას ქართული სკოლამდელი განათლების სისტემა; რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,- ამ და სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე დარგის სპეციალისტებმა განათლების პოლიტიკის ფორუმზე იმსჯელეს.

ფორუმი გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით ჩატარდა. ორნაგიზატორთა განმარტებით სადისკუსიო ფორუმების მიზანია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გაანალიზდეს განათლების სხვადასხვა საფეხურზე სისტემაში არსებული გამოწვევები. პირველი სადისკუსიო თემა სკოლამდელ განათლებას შეეხებოდა. ფორუმზე შემუშავებული რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიაში იქნება გათვალისწინებული.

რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლამდელი განათლება

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვისთვის, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატების საფუძველია,- აცხადებენ დარგის სპეციალისტები და განმარტავენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური რესურსის მიმართვა სწორედ ადრეული და სკოლამდელი  განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის, არის ყველაზე შედეგიანი ინვესტიცია მომავლისათვის.

„ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციის ჩადება განათლების ადრეულ წლებში, არის ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის გზა. თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ დღეს, ფაქტობრივად განწირული ვართ მარცხისათვის, რადგან ყველაზე მოკლე გზა, ქვეყანაში ადამიანური რესურსის განვითარებისთვის, სწორედ ხარისხიან და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებაზე გადის“,-  ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი მიიანგ ტემბონი.

სპეციალსიტების განმარტებით, კვლევებით დასტურდება, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში, აკადემიური წარმატების მნიშვანელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

„ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ცვილებების მიმართ ადაპტაცია, გამოიმუშავოს შესაბამისი უნარები თუ როგორ დაძლიოს პრობლემები. ადრეულ წლებში ჩადებული ინვესტიცია ამცირებს მომავალში სოციალური დახმარების გაწევის საჭიროებას, ვინაიდან, კვლევებით დასტურდება რომ ბავშვებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სკოლამდელი განათლება ნაკლები ალბათობა არსებობს იმისა, რომ კონფლიქტში შევლენ კანონთან, აქვთ მეტი შესაძლებლობა, რომ იშოვონ სამსახური და ჰქონდეთ კარგი ანაზღაურება“,- ამბობს ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

ხელმისაწვდომობა და ხარისხი

2015 წელს, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგების თანახმად,  საქართველოში 3-5 წლის ბავშვების 62% დადიოდა საბავშვო ბაღში.  როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში სკოლამდელ აღზრდაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ პოზიტიური ტენდენციის მიღმა,  კვლავ არსებობს უთანასწორობა.

უფრო კონკრეტულად კი, ამავე კვლევის თანახმად, სკოლამდელი აღზრდა კვლავ ხელმიუწვდომელი რჩება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის,- სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და სოფლად მცხოვრები ბავშვები.

შედარებისთვის, OECD ქვეყნებისთვის ამ ასაკის ბავშვთა საბავშო ბაღში დასწრების საშუალო მაჩვენებლია 80.6%-ია, ხოლო ევროკავშირის 27 ქვეყანაში  კიდევ უფრო მაღალი - 82.6%.

კვლევის შედეგები ცხადყოფს იმასაც, რომ უთანასწორობა კიდევ უფრო იკვეთება მდიდარი და ღარიბი ოჯახების შემთხვევაში,- მდიდარი ოჯახების ბავშვთა თითქმის 70 % დადიოდა საბავშვო ბაღში, ხოლო ღარიბი ოჯახებისთვის ეს მაჩვენებლი თითქმის 52% იყო. სტატისტიკა განსხვაებულია ქალაქში და სოფლად,- ზოგადად, საბავშვო ბაღში დასწრების მაჩვენებლი უფრო მაღალია ქალაქში (67.6%) ვიდრე სოფელში (55.1%).

სოფლში და ქალაქში პრობლემას განსხვავებული მიზეზები აქვს. თუკი ქალაქში პრობლემურია ბაღების მცირე რაოდენობა და ახალი ბაღების ასაშენებლად არასაკმარისი სივრცე, სოფლად ბაღის შენობა გაუქმებულია ან საერთოდ არ არის.

რაც შეეხება სკოლამდელი განათლების ხარისხს,- საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ 2011 წელს ჩატარებული სკოლისათვის მზაობის კვლევის თანახმად, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებული ბავშვების მხოლოდ ერთი მესამედი აკმაყოფილებს დადგენილ შემეცნებით სტანდარტებს.  

სპეციალისტების შეფასებით ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ისეთ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა,- აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაცია, სათანადო ინფრასტრუქტურა, ჯუფებში აღმზრდელისა და ბავშვების თანაფარდობა და ა.შ.

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია სკოლამდელი განათლების სფეროში ერთ-ერთი ყელაზე მნიშვანელოვანი და სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა.

მაგალითისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების თანახმად, სფეროში მომუშავე აღმზრდელების მხოლოდ 32% აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი აღზრდის დარგში. აღმზრდელთა თითქმის 33%  კი არ აქვს არცერთი საფეხურის განათლება სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით.

როგორც ISET-ის მკვლევარი ფლორიან ბირმანი ამბობს, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ აღმზრდელთა უმეტესობა ხანდაზმულია და პროფესიაში ახალი კადრების შესვლა არ ხდება. რასაც რამდენიმე მიზეზით ხსნის,- არ არსებობს საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც სკოლამდელი განათლების პედაგოგებს მომაზადებდა; აღმზრდელთა დაბალი ანაზღაურება პროფესიონალი კადრების სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმების მოტივაციას ვერ უზრუნველყოფს.

„ეს არის დიდი ხარვეზი, რადგან ახალი კადრების მომზადებისა და არსებული კადრების გადამზადების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ რაღაც ფრაგმენტულ მუდულებს, რომლებიც აქა-იქ ძალიან მოკლევადიანი კურსის სახით შეიძლება არსებობდეს. რაც მრავალრიცხოვან აღმზრდელ-პედაგოგთა სათანადო გადამზადებას ვერ უზრუნველყოფს“,- ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი საქართველოში მაია ყუფარაძე.

გარდა ამისა, მაია ყუფარაძე ყურადღებას ამახვილებს სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მონიტორინგის მექანიზმის არსებობის აუცილებლობზე, რაც თავის მხრივ დაეხმარება ბაღის ხელმძრვანელსა თუ აღმზრდელს განსაზღვროს, თუ რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ბაღში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთვარი რეკომენდაცია მონიტორინგისა და ხარისხის კონტოროლის მექანიზმების არსებობაა.

კანონი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

სპეციალისტების შეფასებით, სკოლამდელი განთლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ “ კანონის მიღება. კანონი პარლამენტმა 2016 წლის ივნისში მიიღო.

კანონი ითვალისწინებს როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამას 5 წლის ბავშვებისთვის; ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმების შექმნას; განათლების, ჰიგიენისა და სანიტარიის, კვების, ფიზიკური და გარემოს საერთო ეროვნული სტანდარტების შემუშავებას.

კანონის თანახმად სააღმზრდელო დაწესებულებებში განათლების კომპონენტი შევიდა, დეფინიცია „სკოლამდელი განათლება“ აქამდე არც ერთი კანონით არ ყოფილა განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემაში მყოფი აღმზრდელები, რომლებსაც საგანმანათლებლო აქტივობების წარმართვა დაეკისრებათ , აღმზრდელი-პედაგოგის სტატუსს იღებენ.

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეხვედრისას განმარტა, მართალია კანონი მიღებულია, მაგრამ იმის გამო, რომ სისტემა სათანადოდ განვითარებული არ არის კანონის იმპლემენტაციას გარკვეული დრო სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული კანონი, რომელიც გარანტიას აძლევს ყველა ბავშვს, რომ მიიღოს სკოლამდელი  განათლება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, საკმარისი ადამიანური რესურსი, რომ ეს ყველაფერი, რაც ქაღალდზეა გარანტირებული, რეალურად ყველა ბავშვსთვის ხელმისაწვდომი იყოს“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ამჟამად განათლების კომიტეტი სამინისტროსთან ერთად მუშაობს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა თუ ადამიანური რესურსების შესახებ ინფორმაცია შეგროვდეს. მიღებული ინფორმაციით კი გაანალიზდება სისტემაში არსებული ხარვეზები, რაც უწყებას გრძელვადიანი სტარეტეგიის შემუშავებისას დაეხმარება, რათა არსებული პრობლემები ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით მოგვარდეს. 

რამდენად ხელმისაწვდომია სკოლამდელი განათლება

სისტემა ყველასათვის და არავისთვის - სკოლამდელი განათლების გამოწვევები საქართველოში

რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები სკოლამდელი აღზრდის კანონპროექტში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^