Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს

19 მაისი 2017

დღეს საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველ ქალაქში საკრებულოს ხმაურიანი სხდომები გაიმართა, სადაც გამოტანილი გახლდათ მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი.

საკრებულოების უმეტესობა თვითმმართველობების შეზღუდვას საკუთარივე ინიციატივით უჭერს მხარს. აღნიშნული ინიციატივა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ბრძანებას ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ფართო ნაწილი თვითმმართველობების შეზღუდვის იდეას არ იზიარებს. ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია.“

მუნიციპალიტეტების გაუქმების საკითხი, თვითმმართველობების შეზღუდვას ნიშნავს, ხოლო კონკრეტულად 7 თვითმმართველი ერთეულისთვის ეს ქალაქის სტატუსის საკითხს ეხება. საკონსტიტუციო განხილვებისას, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობდა, თვითმმართველობებზე კითხვები ყოველთვის ჩნდებოდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სრულყოფილ პასუხს არ სცემდნენ. მაგალითად, გორში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას 11 მაისს, ეს საკითხი „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა სოსო ბორცვაძემ დააყენა: „ორი დღის წინ ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ახსენა, რომ არ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბარი. პირადად მე, თქვენგან, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მოვისმინე, რომ ესაა სისულელე და ცუდი კანონ–პროექტი. მე მინდა, გორელებს უთხრათ, ან გორს რას ერჩით, ან გორის რაიონს, რომელიც კონფლიქტის ზონას წარმოადგენს“.

ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პასუხი შემდეგი გახლდათ: „თვითმმართველი ერთეულის სტატუსთან არაა დაკავშირებული ქალაქის სტატუსი. გორი ყოველთვის იყო ქალაქი და დარჩება, ნებისმიერ შემთხვევაში, ქალაქად. რაც შეეხება ახლა ამ გადაწყვეტილების შესაძლო გადასინჯვას, მე გამიჭირდება მასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა. ჯერ მთავრობა მუშაობს და მთავრობას ექნება შესაბამისი წინადადებები და მთავარია, ისეთი ნაჩქარევი სახით არ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, როგორც თავის დროზე მოხდა. კიდევ ერთხელ: ჩვენ გვქონდა კონკრეტული არგუმენტები, რითაც ვასაბუთებდით, რომ თავის დროზე ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება“.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საკითხის მიჩუმათებას ცდილობს. „სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება“ – ნათქვამია წერილში, რომელიც გუშინ 21–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

მინდია გოდერძიშვილი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გორის საკრებულოში ჩვენთან საუბრისას ამბობს: „თვითმმართველობის განვითარება, მეტი დამოუკიდებლობის მიცემა ადგილობრივ თემებზე გაცილებით უფრო პროდუქტიულია,მეტი სიკეთის მომტანია და ქვეყნის განვითარებისთვის ერთ–ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვინდოდა, რომ თუ რაღაც ვერ მუშაობდა დღევანდელ რეალობაში, ამის გამოსწორებაზე გვეზრუნა და არა ზოგადად თვითმმართველობის გაუქმებაზე, რასაც დღეს ქართულმა ოცნებამ მიმართა“.

დავით რაზმაძე, რომელიც გორის საკრებულოში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა, ხოლო პარტიის დატოვების შემდგომ თავისუფალი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს მოღვაწეობას, დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების გაერთიანების მომხრეთა შორისაა. მან საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, დეცენტრალიზაციის მომხრეთა ბანაკიდან მოწინააღმდეგეთა მხარეს გადავიდა. ჩვენთან საუბრისას საკუთარ პოზიციას ის შემდგნაირად ამართლებს: „თავიდან მე მომხრე ვიყავი დაყოფის, მაგრამ არ გაამართლა. აბსოლუტურად, ჯერ თვითონ კანონშიც იყო კოლიზია. ამასაც თავი დავანებოთ, ფინანსების საკითხს შევხედოთ“.

კიდევ ერთი დეპუტატი გორის საკრებულოდან, თამარ თედლიაშვილი, რომელიც წარსულში თავისუფალ დემოკრატებს წარმოადგენდა, ახლა კი თავისუფალ დეპუტატს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინააღმდეგია. ხელისუფლების მოტივაციას გააერთიანოს ერთეულები ჩვენთან საუბრისას ის ერთი წინადადებით ხსნის: „ქართული ოცნება“ ქალაქს ვერ მოიგებს, ამიტომ რაიონების ხარჯზე სურთ მიიღონ მეტი მანდატი“.

საკრებულოს სხდომა დღეს თელავშიც გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს გაერთიანებას. ამერიკის ხმა თელავში ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელს ნიკა შარვაშიძეს ესაუბრა: „ჩვენ დღევანდელ სხდომაზე მოვუწოდეთ საკრებულოს, როგორც იმ 130–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მხარი არ დაეჭირათ გაერთიანებისთვის. შემდგომ ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს მოქალაქეებმა სხდომაზე. ხმაური იყო იმენად, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სხდომის დახურვას აპირებდა. საბოლოოდ ერთ–ერთმა ოპოზიციურმა დეპუტატმა დააყენა კენჭისყრაზე გასვლის საკითხი. 7–მა მხარი დაუჭირა გაერთიანებას. 5 იყო წინააღმდეგი. აშკარაა, რომ ესაა თვითმმართველობის შეზღუდვა. ესაა სამინისტროს რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილება, რასაც წინ არ უძღვოდა არანაირი საჯარო განხილვა და ხალხის გამოკითხვა. ესაა პროცედურული დარღვევა. ადგილი აქვს პირდაპირ ზეწოლას საკრებულოებზე, ხალხის და ქალაქების ნების უგულვებელყოფას“.

თვითმმართველობების გაერთიანებებს მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი გამარჯვების პრევენციას ცდილობს. მათი აზრით, ქალაქებში მაცხოვრებელი ადამიანები ოპოზიციას დაუჭერენ მხარს, თვითმმართველობების გაერთიანებების შემდგომ კი სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ხმა ამ მაჩვენებელს ხელისუფლების სასარგებლოდ დააბალანსებს.

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ 

ავტორი: ნინო დალაქიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^