Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაურკვევლობიდან უარყოფამდე: ნატო-ში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა იზრდება

02 ივნისი 2017

კოსოვოდან ავღანეთამდე მოყოლებული ნატო-ის მისიებში საქართველოს წვლილის აღსანიშნავად თბილისში 26-დან 29 მაისის ჩათვლით ნატო-ის საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა. 1955 წლიდან, საპარლამენტო ასამბლეების დანერგვის დღიდან, ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში გაიმართა. ქართული პოლიტიკური სპექტრის ბევრი წარმომადგენელი ალიანსის ამ გზავნილით შეგულიანებულია. თუმცა, ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მცირდება ორჭოფობა ნატო-ის წევრობასთან დაკავშირებით და მატულობს მოწინააღმდეგეთა რიცხვი. ეს კი შესაძლოა, იმის შესახებ მიუთითებდეს, რომ საზოგადოება უფრო მეტადაა გაყოფილი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, ყოველ შემთხვევაში მოქალაქეების მიერ ღიად გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასეა. ეს ყოველივე იმის ფონზე, რომ ქვეყანა ისე, როგორც არასდროს, მზად არის ალიანსის წევრობისთვის.

საზოგადოებაში საქართველოს ნატო-ის წევრობის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. CRRC-საქართველოს მიერ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI) ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართველების 68% მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ალიანსის წევრობის შესახებ. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის  მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო ნატო-ის წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, მხარდაჭერის აღნიშნული მაჩვენებლით ალიანსის წევრებს შორის რიგით მესამე იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ არსებული ჩამოუყალიბებელი პოზიცია უარყოფითი დამოკიდებულებით ჩანაცვლდა. მაშინ, როდესაც 2012 წელს საზოგადოების დაახლოებით მეოთხედს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული აზრი ნატო-ის წევრობასთან დაკავშირებით, 2015 წლიდან მხოლოდ ათიდან ერთი ადამიანი ფიქრობს ასე. ამავე პერიოდში, ნატო-ის წევრობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მაჩვენებელი გაორმაგდა - ყოველი მეათე ქართველიდან უარყოფითად ახლა ყოველი მეხუთეა განწყობილი.

ამ ტენდენციას ორი შესაძლო ახსნა შეიძლება ჰქონდეს:

ერთი მხრივ, შესაძლოა, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, სინამდვილეში ნატო-ში ინტეგრაციას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, ამ მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს იკავებდნენ, რადგანაც ნატო-ში გაწევრების იდეის პოპულარობის გამო სოციალურ ზეწოლას განიცდიდნენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების დროს ხშირად ხდება, რომ ადამიანებს არაპოპულარული შეხედულების დაფიქსირების რცხვენიათ. ამ ფენომენს სოციალური სასურველობის ეფექტს უწოდებენ.

თუ ეს ახსნა მართებულია, მაშინ ჩამოუყალიბებელი პასუხების გარდასახვა უარყოფით პასუხებად აგრეთვე მიუთითებს ქართულ საზოგადოებასა და მის საგარეო პოლიტიკურ დისკურსში მომხდარ ცვლილებებზე - ბოლო წლების განმავლობაში ანტიევროატლანტიკური შეხედულებები უფრო მეტად მიღებული ხდება ან, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივად მისაღებ მოვლენად აღიქმება. უკანასკნელ წლებში, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრების მკვეთრად ანტირუსულ რიტორიკასთან შედარებით, პოლიტიკოსების მხრიდან რუსეთისადმი უფრო ნაკლებად კონფრონტაციული მოსაზრებები ისმის. შესაძლოა, აღნიშნულმა დისკურსმა ხელი შეუწყო საზოგადოებაში ანტიდასავლური შეხედულებებისადმი უფრო მიმღებლურ ტენდენციას, იგივე როლი შესაძლოა რუსულ პროპაგანდასაც შეესრულებინა, თუმცა ეს ამ სტატიის თემას სცდება.

მეორე მხრივ, შესაძლოა მოქალაქეებს, რომლებსაც აქამდე მკაფიო პოზიცია არ ჰქონდათ, ახლა ჩამოუყალიბათ მოსაზრება. მათ გადაწყვიტეს, რომ ნატო-ის წევრობის ხელშესახები და პოტენციური ხარჯები ან ძალიან დიდია, ან ნატო-ის წევრობის შანსი იმდენად მცირეა, რომ არ ღირს მსხვერპლის გაღება მიზნისთვის, რომელსაც, სულ მცირე, უახლოეს მომავალში ვერ მივაღწევთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და აბსოლუტური რიცხვებითაც კი ალიანსის სხვა არაწევრ ქვეყნებთან შედარებით ავღანეთში ნატო-ის მისიაში გაცილებით მეტი ჯარისკაცით მონაწილეობს. ამ წვლილს საზღაურის გადახდის გარეშე არ ჩაუვლია - მისიის დროს 30-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ასობით დაშავდა.

რუსეთთან კონფლიქტი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათ მოსაზრებებს, ვინც ნატო-ის წევრობას ეწინააღმდეგება. როდესაც ალიანსის წევრობის მოწინააღმდეგეებს საკუთარი პოზიციის მიზეზების განმარტება სთხოვეს, ყველაზე გავრცელებული პასუხი რუსეთთან კონფლიქტის გამოწვევა იყო. ეს პასუხი ოდნავ უფრო მეტი სიხშირით დაფიქსირდა მათ შორის, ვისთვისაც საერთოდ არ არის მისაღები ნატო-ის წევრობა, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ნაწილობრივ მიუღებელია.

მიუხედავად საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლისა, საქართველოში ბევრისთვის ნატო-ის წევრობა ჯერ კიდევ მიუწვდომლად აღიქმება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის თანახმად, ოდესმე საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა, გაწევრების სამოქმედო გეგმა (MAP) - პირველი ნაბიჯი ალიანსის წევრობამდე - ჯერ კიდევ მიუწვდომელია. ეს გარემოება ასახულია საზოგადოებრივ აზრში იმის შესახებ, თუ როდის გახდება ქვეყანა ნატო-ის წევრი - 16% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასდროს გახდება ნატო-ის წევრი, 38% კი გაურკვევლობაშია, შეძლებს თუ არა, ან როდის შეძლებს ქვეყანა ალიანსის წევრობას. ამავდროულად, მათი უმეტესობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ვერასდროს გახდება ნატო-ის წევრი, ეწინააღმდეგება ნატო-ის წევრობას, ხოლო მათ უმრავლესობას, რომელთაც ჩამოყალილბებული პოზიცია არ აქვთ, საქართველოს ნატო-ში გაწევრების მომხრეა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობის განაცხადის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იზრდება, ნატო-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯომარემ განაცხადა, რომ საქართველო უფრო მზად არის ნატო-ის წევრობისთვის, ვიდრე რომელიმე ნატო-ის ამჟამინდელი წევრი ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის მშპ-ის 2%-ს. ეს მაჩვენებელი ნატო-ის წევრი ქვეყნების მიმართ მოთხოვნას წარმოადგენს. თუმცა, ალიანსის მხოლოდ 5 წევრი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს. ამისთანავე, საზოგადოების 80% თვლის, რომ საქართველოში სამხედრო ხარჯები ან იმავე დონეზე უნდა დარჩეს, ან გაიზარდოს.

თუ ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის დაპირებების ერთგულია, მან ეს მკაფიოდ უნდა განუცხადოს ქართულ საზოგადოებას. სხვა მხრივ, ნატო-ში გაწევრების პერსპექტივა შეიძლება გაურკვეველი გახდეს და წინააღმდეგობაში გადაიზარდოს, როგორც ეს ჩამოყალიბებული პოზიციის არმქონე მოქალაქეების შემთხვევაში უკვე მოხდა.

დასტინ გილბრეტი, CRRC-საქართველოს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი

რატი შუბლაძე, CRRC-საქართველოს მკლვევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს CRRC-საქართველოს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მოსაზრებებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^