Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტექნოლოგია და ინოვაციები - ახალი ამერიკული ეკონომიკა

05 ივნისი 2017

როგორ უნდა მოიქცე, როცა უამრავი რესურსი გაქვს, თუმცა ეკონომიკა მაინც არ იზრდება? როგორ უნდა მოიქცე, როცა პოტენციური მუშახელი პოტენციალის რეალიზებისთვის მშობლიურ ქალაქს ტოვებს და კარიერის შესაქმნელად დიდ ქალაქში მიდის? - სწორედ ამ შეკითხვების წინაშე დადგნენ ჩრდილო კაროლინის კანონმდებლები 1950-იან წლებში, როცა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლის მიხედვით შტატი ქვეყნის მასშტაბით 49-ე ადგილზე იყო.

იმ დროს შტატის მოსახლეობა, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული. სხვა შტატებისგან განსხვავებულს ჩრდილო კაროლინა ვერაფერს ქმნიდა - თამბაქოსა და ბამბის მოყვანით, ავეჯისა და ტექსტილის ინდუსტრიით ადგილობრივი ბიუჯეტი მაინცდამაინც ვერ ყვაოდა. ახალგაზრდები, რომლებიც ჩრდილო კაროლინაში პრესტიჟულ უნივერსიტეტებს ამთავრებდნენ, მომავალს დიდ ქალაქებში ხედავდნენ,  „ტვინების გადინება“ ტენდენციად და შესაბამისად - პრობლემად იქცა.

დღესავით ნათელი იყო, რომ ბაზარს ზრდა და დივერსიფიცირება სჭირდებოდა. ადგილობრივმა მთავრობამ პრობლემასთან გასამკლავებლად ამბიციური გეგმა დაისახა - ინვესტიცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში უნდა დაებანდებინა.  

ჩრდილო კაროლინის შტატის სავიზიტო ბარათი დღეს „კვლევის სამკუთხედია“. მეტროპოლიტური რეგიონი, რომელიც სამ ქალაქს - როლის, დარემსა და ჩაპელ ჰილს შორის ერთიანდება, დღეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კერაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს იზიდავს. ადგილობრივ ეკონომიკას ქმნის მცირე ბიზნესების ერთიანობა, რომელიც კვლევით ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს, შედეგად კი შტატს მიმზიდველს ხდის როგორც ინვესტორების, ასევე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც იციან, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე დასაქმდებიან.

„კვლევის სამკუთხედის პარკს“ რომელიც 1959 წელს დაარსდა, კერძო და არასამთავრობო სექტორი მართავს. პარკში, რომელიც 3000 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, დღეს 300-მდე კომპანია მოქმედებს და 50 000-მდე ადამიანს ასაქმებს. ის განსაკუთრებით მიმზიდველია მცირე ბიზნესისთვის, რადგან სტარტაპებს სერვისს ხელმისაწვდომ ფასად ან სულაც უფასოდ სთავაზობს. პარკშივე მდებარეობს საცხოვრებელი რეზიდენციები, კვებისა და გასართობი ობიექტები.

სწორედ „კვლევის სამკუთხედის პარკს“ უკავშირდება მე-20 საუკუნის ისეთი მნიშვნელოვანი გამოგონება, როგორიც პროდუქტის უნივერსალური ბარკოდია. პარკში გამოიგონეს „ტაქსოლი“, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება; ასევე  - „AZT“, წამალი, რომელსაც აივ-შიდსის ინფექციის წინააღმდეგ იყენებენ; CTRL+ALT+DEL ბრძანება IBM სისტემაზე მომუშავე პლატფორმებისთვის და სხვა.

მარტო ბიზნესი, ალბათ, ვერაფერს გახდება, როცა საქმე ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ეხება. „სამკუთხედში“ ჩრდილო კაროლინის სამი მთავარი უნივერსიტეტი - დიუკის, ჩრდილო კაროლინის შტატისა და ჩაპელ ჰილში ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნესებთან სიმბიოზურად თანამშრომლობენ. როგორც „სამკუთხედში“ ამბობენ, კვლევა მათი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და პრიორიტეტია.

1950-იანი წლების კაპიტალდაბანდებამ გაამართლა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. 1963 წელს ჩრდილო კაროლინაში დაარსდა სავაჭრო პალატის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საბჭო, რომელმაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ახალი სფეროების კვლევა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ამერიკული ბაზრის კონკურენტუნარიანობის ზრდა 1970-იანი წლებიდან იწყება, როცა მთავრობა მცირე ბიზნესით დაინტერესდა. სწორედ მცირე ბიზნესს უნდა შეექმნა სამუშაო ადგილები, პრიორიტეტი კი ინოვაციები იყო. თუმცა იყო პრობლემაც - ამ სფეროში დაფინანსების ნაკლებობა.

„ინოვაციის გარეშე ბაზარი არ გაიზრდება. ინოვაცია მეცნიერებიდან მოდის. ჩვენი სამუშაოს 30% არებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზია. ვაანალიზებთ, როგორ ვითარდება ჩრდილო კაროლინაში ტექნოლოგიები. ვცდილობთ, მოსახლეობასა და კანონმდებლებს ავუხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ბიზნესის უმეტესობა იმდენად არის მიმდინარე მოვლენებზე ორიენტირებული, რომ სტრატეგიულად არ უყურებენ პროცესებს. ამიტომ, ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს“ - ამბობს ჩრდილო კაროლინის სავაჭრო პალატის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰარდინი.

სიახლე + ღირებულება

სიახლეს დამატებული ღირებულება - სწორედ ასე განმარტავენ ინოვაციას ჩრდილო კაროლინის სავაჭრო პალატაში. ჯონ ჰარდინის განმარტებით, ინოვაცია მეცნიერებიდან მოდის, რომელსაც სისტემური ცოდნა აქვს და პრაქტიკაში ტექნოლოგიებში გამოიყენება, სისტემის ასამუშავებლად კი ინოვაციური ეკოსისტემაა საჭირო.

1983 წლიდან მოყოლებული აშშ-ის მასშტაბით მცირე ბიზნესის დაფინანსებაში 43 მლრდ დოლარი დაიხარჯა. აქედან საწყისი კაპიტალი 41 მლრდ დოლარი იყო, რაც, შედეგად, 700 კომპანიის დაარსებით და 70 000-მდე პატენტით დასრულდა.

ჩრდილო კაროლინაში 2006 წლიდან დღემდე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა 100-ობით ორგანიზაციაზე 36 მლნ დოლარის ოდენობის გრანტი გასცა. გარდა დეპარტამენტისა, გრანტებს გასცემს ადგილობრივი მთავრობა, დანაკლისის შემთხვევაში კი - ფედერალური მთავრობა.

ჩრდილო კაროლინაში გრანტიორ ორგანიზაციათა 30% ბიოტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს, 10% - სამედიცინო სფეროში, 10% კომპიუტერული ტექნოლოგიების, 9% თავდაცვის, 5% განათლების სფეროებში და ა.შ

როგორც ჯონ ჰარდინი განმარტავს, მცირე ბიზნესის პროგრამის გრანტიორთა 98% ჩრდილო კაროლინაში აგრძელებს მუშაობას.

„რაც უფრო უახლოვდები მწვერვალს, მით უფრო რთული ხდება გაუმჯობესება. რაღაც ეტაპზე შტატი კომფორტის ზონაში შევიდა. დროთა განმავლობაში სტატუს კვო შენარჩუნდა, მაგრამ დამატებით ბიძგია საჭირო გარედან. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, ის არის, რომ მეტი ინოვაცია და ტექნოლოგია შევიტანოთ არაურბანულ გარემოში, რადგან, ზოგადად, ჩრდილო კაროლინა, სხვა შტატებთან შედარებით უფრო სამეურნეო შტატია“ - ამბობს ჯონ ჰარდინი ჩრდილო კაროლინის სავაჭრო პალატიდან.

თავისუფალი სამუშაო სივრცე სტარტაპებისთვის

The Frontier „კვლევის სამკუთხედის პარკში“ 2015 წლიდან მოქმედებს. კომპანია სტარტაპებს თავისუფალ სამუშაო სივრცეს მეტწილად უფასოდ სთავაზობს. როგორც პარკის ადმინისტრაცია განმარტავს, მათი პრიორიტეტი მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მოზიდვაა, ამიტომ ამ მოდელმა გაამართლა, რადგან The Frontier-ში, რომელიც გარდა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა, მრავალ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.

კომპანია დაბალ ფასში სთავაზობს სერვისს იმ წამოწყებებს, რომელთაც სამუშაო სივრცის გარდა სხვა მომსახურებებიც სჭირდება. მათ შორის არის: კონსულტაცია, საჭირო კონტაქტების მოძიება, გამოცდილების გაზიარება, ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა და ა.შ.

როგორც პარკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ პიტმანი განმარტავს, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია უნივერსიტეტები, რომელთაც ისინი კვლევებს უკვეთენ. „მნიშვნელოვანია, რომ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი აცნობიერებს უნივერსიტეტების მიერ წარმოებული კვლევების მნიშვნელობას“ - ამბობს პიტმანი.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ჩრდილო კაროლინაში სტარტაპების ჰაბად იქცა American Underground არის. იგი სტარტაპებს სამუშაო სივრცეს, საკონფერენციო ოთახს, კონსულტაციას, ინდუსტრიაში საჭირო კონტაქტებს და, რაც მთავარია, Google-ის სერვისებს ხელმისაწვდომ ფასებში სთავაზობს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მათი სამუშაო სივრცის 99% უკვე დაკავებულია.

„ჩვენს კომპანიაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებულთა დაახლოებით 15% ქალი ან უმცირესობის წარმომადგენელია. ქვეყნის მასშტაბით ფერადკანიანი ადამიანების დაახლოებით 2-3% ფლობს საკუთარ კომპანიას, მათგან ქალი 7-8%-ია. დარემში ეს მაჩვენებელი 27%-ია, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ვიცით, რომ მეტის მიღწევა შეიძლება“ - ამბობენ კომპანიაში.

კომპანიის სივრცეში მომუშავე ერთ-ერთ სტარტაპი Haiti Hub-ია, რომელიც ენის შემსწავლელ ონლაინკურსებს სთავაზობს მომხმარებელს.

„უკვე 6 წელია, ამ სფეროში წამყვან პოზიციაზე ვართ. ვცდილობთ, ენის სწავლებით ადამიანებს კულტურა გავაცნოთ. დღეს 2600-მდე სტუდენტი გვყავს. American Underground არაჩვეულებრივი ადგილია კომპანიის წარმატებისთვის. თუკი რამე შეკითხვა გამიჩნდება, მაგალითად დეველოპმენტზე, ადამიანურ რესურსზე, აქ აუცილებლად ვნახავ ვინმეს, ვისაც პასუხები ექნება“ - ამბობენ Haiti Hub-ში.

კიდევ ერთი სტარტაპი, რომელიც American Underground-ის სერვისებით სარგებლობს, Orara Global-ია. კომპანია სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ რეგიონებს მზის ენერგიაზე მომუშავე ფარნებით ამარაგებს.

სავიტო სრიდჰარანი ამბობს, რომ კომპანია ამ ეტაპზე ინდოეთში ეწევა საქმიანობას, თუმცა გეგმავს, რომ ლათინური ამერიკაც მოიცვას. მისი განმარტებით, კომპანია დაახლოებით 50-60 ფარანს ამზადებს ყოველთვიურად, რომელსაც მოსახლეობაზე იაფად ყიდის.

„გვინდა, რომ 100 000 ადამიანზე მოვახდინოთ გავლენა. მათთან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები გვაკავშირებენ. ამჟამად გვატემალასა და კოლუმბიაში ვსწავლობთ ბაზარს“ - ამბობს სავიტო სტრიდჰარანი.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც American Underground-ში შეიქმნა Sunscreenr-ია. იგი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მინიკამერას ჰგავს, რეალურად კი დამატებითი ფილტრი აქვს, რომელიც მზისგან დამცავ კრემს ხედავს, უფრო სწორად კი მისი საშუალებით სხეულზე იმ ადგილის ადვილად შემჩნევაა შესაძლებელი, რომელსაც მზისგან დამცავი არ უსვია. პროდუქტმა ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი წარმატება მოიპოვა და კომპანიამ უკვე უამრავი წინასწარი შეკვეთა მიიღო.

Introducing Sunscreenr (Live on Kickstarter) from David Cohen on Vimeo.

ახალგაზრდა მეწარმეთა ახალი დანიშნულების ადგილი

ანტერპრენერი“ - ამ უცნაური სიტყვით აღწერს ინგლისურენოვანი სამყარო (მეტწილად ახალგაზრდა) ბიზნესმენს, რომელიც, ლექსიკონს თუ დავეყრდნობით, „ქმნის, აფინანსებს და მართავს კომერციულ ან სხვა ორგანიზაციას, შემოსავლის მიღების მოლოდინით“. თუ მაინცდამაინც ბიზნესმენს არ ვუწოდებთ, „ანტერპრენერის“ სხვა ქართული შესატყვისი მეწარმეა.

ახალგაზრდა მეწარმეთა ახალი დანიშნულების ადგილი ტეხასის შტატის ქალაქი ოსტინია. ტექინდუსტრიის განვითარებამ ოსტინი მეორე „სილიკონ ველიდ“ აქცია, თუმცა როგორც ადგილობრივი მეწარმეები ამბობენ, კალიფორნიასთან შედარებით აქ უკეთესი საგადასახადო პირობებია, რაც ქალაქს ბიზნესისთვის ძალიან მიმზიდველს ხდის.

ოსტინის მოსახლეობამ 2 მილიონს უკვე გადააჭარბა და აქამდე წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ვარაუდობენ, რომ ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 2025 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდება.

Galvanize ტექინდუსტრიის ინკუბატორი კომპანიაა, რომელიც სამუშაო და სასწავლო სივრცეს აერთიანებს. ახალგაზრდა მეწარმეებს აქ გამოცდილი „ანტერპრენერების“ გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი ბილ ბლექსტოუნი ამბობს, რომ კომპანია ახალგაზრდა ინჟინრების, ვებდეველოპერების თაობას ზრდის.

„ოსტინი ისტორიულად ტექნოლოგიების ინდუსტრიის ქალაქია. 10 წლის წინ აქ ამ სფეროში მომუშავე კომპანიების შემოდინება დაიწყო. აქ ისეთი დიდი კომპანიების ოფისებია წარმოდგენილი, როგორიც არის Apple. ეს უკანასკნელი აქ მეორე ოფისის გახსნას აპირებს“ - ამბობს ბლექსტოუნი.

მისი განმარტებით, ტექნოლოგიის დარგში კაპიტალდაბანდებამ შექმნა ინდუსტრია, რომლის განსაკუთრებულად ძლიერი მხარეც კომპიუტერული პროგრამებია.

„ოსტინი სიდიდით მე-11 ქალაქია შტატებში. აქ მცხოვრები 2 მლნ ადამიანიდან ტექინდუსტრიაში 60 000-ია დასაქმებული. აქ ახალგაზრდებისთვის დასაქმება ადვილია; მათზე დიდი მოთხოვნაა, რადგან სტუდენტები ინჟინერიას სწავლობენ და შემდეგ აქვე რჩებიან. კომპანიის დაარსება იაფი ჯდება“ - ამბობს ბლექსთოუნი.

კიდევ ერთი ინკუბატორი, რომელიც სტარტაპების სიმრავლით გამოირჩევა, Evonexus-ია. სხვა ინკუბატორებისგან იგი იმით გამოირჩევა, რომ საოფისე ფართსა და სხვა სერვისებს დამწყებ კომპანიებს სრულიად უფასოდ სთავაზობს. კომპანიის თანადამფუძნებელი უოლტერ დეივისი განმარტავს, რომ დამფუძნებელთა ინტერესი არა საოფისე ფართის გაქირავებით შემოსავლის მიღება, არამედ ის პროდუქტია, რომელიც ამ სივრცეში იქმნება.

მისი განმარტებით, კომპანია სტარტაპების მიერ შექმნილ პროდუქტზე საავტორო უფლებებს არ მოითხოვს. სტარტაპები ყველანაირი ვალდებულებისგან თავისუფლები არიან, თუმცა, თუკი სტარტაპი Evonexus-ში საინტერესო პროდუქტს შექმნის, დამფუძნებლებს საინტერესო შეთავაზებები აქვთ, რომელზეც სტარტაპები, როგორც წესი, უარს არ ამბობენ.

კომპანიაში მეტწილად კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია GURU, რომელიც მობილური ტექნოლოგიებით რეალობას განსხვავებულად აღიქვამს. GURU „გაფართოებულ რეალობას“ ხედავს, კერძოდ, ფიზიკურ სამყაროს ვირტუალურ სამყაროსთან აერთიანებს.

მისი გამოყენება მრავალ დარგში სხვადასხვა მიზნით არის შესაძლებელი, მაგალითად მუზეუმებში, სადაც დინოზავრის ჩონჩხს „გაფართოებულ რეალობაში“ ხორცი შეესხმება, ინტერიერის დიზაინში, სადაც ფიზიკურ სამყაროში ვირტუალურად განათავსებთ ნივთებს, მედიცინაში და ა.შ.

Goshare სტარტაპია, რომელიც ინკუბატორში შექმნილი აპლიკაციის შედეგად უკვე დიდ შემოსავალს იღებს. ეს Uber-ის მსგავსი სერვისია, ოღონდ მათთვის, ვისაც დიდი ტვირთის გადაზიდვა და შესაბამისად, დიდი ავტომობილი სჭირდება. კომპანია უკვე ორი წელია, ბაზარზეა და მის მიერ მიწოდებულ სერვისზე მოთხოვნაც მუდამ იზრდება.

ორგანიზაცია Swift Transcript აუდიოჩანაწერის ავტომატიზებულ ტრანსკრიპტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე ჩანაწერის ატვირთვის შემდეგ, პროგრამა მომხმარებელს ტექსტს რამდენიმე წუთში უბრუნებს, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ პროგრამამ შეცდომა დაუშვას, ამიტომ კომპანია მომხმარებელს ფასიან პრემიუმსერვისს სთავაზობს, სადაც ტრანსკრიპტს არა ალგორითმი, არამედ ადამიანები აკეთებენ. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ტეხასი და ჩრდილო კაროლინა მართალია, ვერ უტოლდება „სილიკონ ველის“, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარეა წამყვანი კომპანიებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ  ამ შტატებში ინდუსტრიამ ადგილობრივი ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. დიდი ალბათობით,  „კვლევის სამკუთხედისა“ და ოსტინის სტარტაპების ნაწილი „სილიკონ ველიმდეც“ მიაღწევს, რაც აშშ-ის ეკონომიკას ერთი-ორად დაუბრუნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^