Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თარგმანში დაუკარგავი კაცის ამბავი... კარგი ფინალით

06 ივნისი 2017

პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს

რამდენიმე დღეა დასრულდა თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი, რომელიც ცხადია, ცალკე ანალიზსა და შეფასებას იმსახურებს. თუმცა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზეც გამორჩეული აღმოჩნდა ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, დავით წერედიანის დაჯილდოვება გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით. ეს პრემია ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გაიცემა.

გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია წელს უკვე მეხუთედ გასცეს. აღსანიშნავია, რომ პრემია 2013 წელს დაარსდა და მის პირველი მფლობელი თავად მწერალი გივი მარგველაშვილი გახდა; 

2014 წელს - ლიტერატურათმცოდნე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე;

2015 წელს - არქეოლოგი და ანთროპოლოგი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე;

 2016 წელს - გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი, რონელიც ამჟამად ჰამბურგში ცხოვრობს;

2017 წელს - მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი.

დაჯილდოების ცერემონიალი მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ - კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე.

დავით წერედიანი 1963 წლიდან  შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობს. 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი შესანიშნავ თარგმანებთან არის გაიგივებული. მის მიერ უბადლო ქართულით არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები - გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები, რომლის გარეშეც ცხადია, ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა.

„ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი, პოეტი, მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდესი ქმნილებაა. მისი ქართული ექვივალენტის შექმნას კი უდიდესი შრომა და ძალისხმება სჭირდება. ქართველმა მკითხველმა დავით წერედიანის ახალი თარგმანით უფრო უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და მალე მეორე ნაწილსაც გაეცნობა. ამდენად, სრულიად ლოგიკური და სიმბოლურია, რომ ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო 2017 წელს დავით წერედიანის გივი მარგველაშვილის პრემიით დააჯილდოვეს.

დავით წერედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1963 წლიდან, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ბავშობიდან წერდა ლექსებს და ინტენსიურად თარგმნიდა ევროპული ენებიდან უმნიშვნელოვანეს პოეტურ ქმნილებებს.

განსკუთრებული მნიშვნელობა და რეზონანსი შეიძინა დავით წერედიანის მიერ, დიდი ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის „დიდი“ და „მცირე ანდერძის“ თარგმანებმა, რომელთაც კრიტიკოსები და ფილოლოგები კონგენიალურსაც კი უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე თარგმანი დიდი ქართველი მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის პრემიით აღინიშნა.

დავით წერედიანმა ფრანგული პოეზიის არაერთი შედევრი თარგმნა. ამის სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ არტურ რემბოს „მთვრალი ხომალდი“ და „ოფელია“, პოლ ვალერის „ზღვის სასაფლაო“, პოლ ვერლენისა და შარლ ბოდლერის საუკეთესო ლექსები. სხვათა შორის, არც ეს თარგმანებიც არ დარჩენილა უყურადღებოდ და მათ ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კონკურსში პირველი პრემია მიენიჭა. გარდა ამისა. დავით წერედიანს მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია. სახელმწიფო პრემია და ორჯერ დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით “საბათი“. ასევე, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. დავით წერედიანი არის რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატიც.

გერმანული პოეზიიდან მას თარგმნილი აქვს გოეთე, ჰაინეს, რილკეს, ინგებორ ბახმანის, პაულ ცელანის პოეტური ქმნილებები. როგორც ხშირად აღნიშნავენ, მან ქართულად ბრწყინვალედ აამეტყველა გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ქმნილება - „ძმები გრიმების ზღაპრები“ (სამ ტომად) და რაც მთავარია, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“, რომლის პირველი ნაწილი უკვე კარგა ხანია გამოსულია, მეორე ნაწილი კი, თავისი შესავალი წერილითა და კომენტარებით, გადაცემულია დასაბეჭდად (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და სულ მალე გამოვა.

დავით წერედიანს ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული აქვს სვანური ფოლკლორი ორ წიგნად - „ირინოლა“ და „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“. გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების მხოლოდ ერთი კრებული „ორიონი“, რომელმაც ლიტერატურათმცოდნეების ძალზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. კრიტიკოსმა როსტომ ჩხეიძემ ეს კრებული თავისი მნიშვნელოვანებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულს გაუტოლა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელია ხარისხი და არა ლექსთა რაოდენობა.

ცნობილი მთარგმნელი და პოეტი დღესაც აქტიურად განაგრძობს თავის შემოქმედებით და მთარგმნელობით საქმიანობას. ამდენად, სრულიად კანონზომიერია, რომ ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო - 2017 წელს, დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^