Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უდანაშაულობის დამტკიცების გზაზე

16 თებერვალი 2013

პროკურატურას საქმეების “შეთითხვანში” არაერთი ადამიანი სდებს ბრალს. ყველა ეს საქმე იმდენად ჰგავს ერთმანეთს, რომ ხშირად მხოლოდ სახელები და გვარებია განსხვავებული, ბრალდება კი თითქმის ერთნაირია - ნარკოტიკების მოხმარება/რეალიზაცია ან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარება.

ერთ-ერთი, ვისაც საქმე “შეუთითხნეს”, რესპუბლიკური პარტიის წევრი მერაბ ქათამაძეა: “საარჩევნო, პარტიული და ჟურნალისტური აქტივობა იყო იმის განმაპირობებლი, რომ ჩემი განეიტრალების საკითხი დადგა,” - აცხადებს ის.

მერაბ ქათამაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. თუმცა, მის საქმეში ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანია. ბრალდება სულ ხუთ პირის ჩვენებაზეა აგებული. მერაბ ქათამაძის დამკავებლებიც ისინი არიან და მოწმეებიც. ქათამაძის ინფორმაციით, ხუთივე მათაგნი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლები არიან. ამ ხუთიდან ოთხი - გიორგი დარჯანია, ელიზბარ ნეფარიძე, ირაკლი ჯიქურაშვილი დანიკოლოზ კვარაცხელია - საქმეში მთავარი მოწმეები გახდნენ. ხოლო მეხუთე პირი, ირაკლი აბაშიძე კი - მისი საქმის გამომძიებელი.  საქმეში არ არსებობს რაიმე სახის ექსპერტიზის შედეგები, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს.

მერაბ ქათამაძის ბრალდების მუხლს ამნისტია შეეხო, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ამიტომ, საპატიებელი არაფერი სჭირს, შესაბამისად - ამნისტიაზე უარს ამბობს.

მერაბ ქათამაძე 2009 წლის 27 ივნისს დააკავეს. მაშინ, როცა თბილისში ჯერ კიდევ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. შეხვედრიდან დაბრუნებული პარტიის ოფისთან ახლოს მანქანას კეტავდა, როცა სწრაფი სიჩქარით მომავალი მანქანა მიაუახლოვდა და გაჩერდა. მასში მჯდომი ხუთი პირიდან ერთმა მანქანის გასაღები წაართვა, ხოლო ოთხმა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა: “მკითხეს, ესა და ეს ხარო? კი-მეთქი. თქვენი მანქანით ავარია მოხდაო. მაშინვე მივხვდი, რომ ავარია არ იყო, რადგან ასე არ ხდება ხოლმე. ამ დროს ის მეხუთე ჩემი მანქანით გვერზე ამოგვიდგა. რესპუბლიკის მოედანზე  ხელის დაქნევით შეაჩერეს მანქანები, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს. მერე ერთ-ერთმა მითხრა, თქვენს მანქანაში იარაღი აღმოაჩინესო. ეს უკვე მეორე ბრალდება იყო. მაშინვე ყველაფერს მივხვდი,”- იხსენებს მერაბ ქათამაძე.

ამის შემდეგ შსს-ს ძველ შენობაში მიიყვანეს და სამი საათის განმავლობაში მარტო დატოვეს. არც დარეკვისა და არც ადვოკატის მოწვევის უფლება არ მისცეს. შემდეგ ირაკლი აბაშიძე შევიდა მასთან და მისი საქმის გამომძიებლად გაეცნო. მან მერაბ ქათამაძეს ჩხრეკისა და დაკავების ოქმი შეუტანა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მერაბ ქათამაძეს დაკავებისას ქამარში პისტოლეტი ჰქონდა. აღნიშნულ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემდეგ მასთან პროკურორი თენგიზ ხარებავა შევიდა: “ეს ის პროკურორია, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო და რომელმაც ბატონ აბაშიძეს ჩემი საქმის ძიება დაავალა.” კვლავ უარის მიღების შემდეგ ოქმში ჩაწერეს, რომ მერაბ ქათამაძემ ხელის მოწერაზე უარი ოქმის შინაარსის გამო თქვა.

შემდეგ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მერაბ ქათამაძის ოჯახმა და ადვოკატმა მისი დაკავების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ოპერატიული განყოფილების თანამშრომლები მისი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ. ეს ყველაფერი შაბათს საღამოს ხდებოდა. კვირა დილით კი პროკურორისგან გაიგო, რომ იმ დღით მისი სასამართლო პროცესი იმართებოდა: “საერთოდ სამი დღე შეუძლიათ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულის დატოვება, მაგრამ დაცვის მხარეს იმის საშუალებაც არ მისცეს, რომ მომზადებულიყო,”- განაცხადა მერაბ ქათამაძემ.

იგი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას “უჩვეულო” ფაქტს უკავშირებს. მისი განცხადებით, პროცესის მიმდინარეობისას გამომძიებელს ტელეფონზე მოკლეტექსტური შეყობინება მიუვიდა, რომელიც მან პროკურორს აჩვენა. ამავე დროს დარბაზის უკანა კარიდან (რომელიც მოსამართლის მოსასვენებელ ოთახში გადის) დარბაზში უცნობი პირი შემოვიდა და მოსამართლეს რაღაც უჩურჩულა. აქამდე თუ პროკურორი მერაბ ქათამაძისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, ამ ფაქტის შემდეგ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო მოითხოვა, რომლის გადახდამდეც მერაბ ქათამაძე გლდანის ციხეში გადაიყვანეს.

მერაბ ქათამაძე მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებად თითქმის ყველას პატიმრობას უფარდებდა, მისი გირაოთი გათავისუფლება საერთაშორისო ზეწოლის დამსახურება იყო: “როგორც შარშან, 5 დეკემბერს თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის სხდომაზე თქვა - “რომ არა მკაცრი საერთაშორისო ზეწოლა, ადეიშვილი აპირებდა მერაბ ქათამაძის დაპატიმრებას,”- აცხადებს ქათამაძე.

საქმე გამოძიებაში ერთი წლის განმავლობაში იყო და სასამართლოს მხოლოდ 2010 წლის ივნისში გადაეცა. როგორც მერაბ ქათამაძე ამბობს, ამ ხნის განმავლობაში ოთხი გამომძიებელი შეიცვალა, მაგრამ იგი არავის დაუკითხავს, არც ის უკითხავს ვინმეს, რა ტიპის იარაღი იყო და ვისგან იყიდა ქათამაძემ იგი: “ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმის, რომ გამოძიებას აინტერესებს არა დანაშაულის გამოძიება, არამედ ჩემი შეჩერება და საქმისთვის ჩამოცილება.” 

2010 წლის ივნისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე სასამართლო მერაბ ქათამაძის საქმეს არ იხილავდა. პირველი სხდომა ნოემბერში ჩაინიშნა: “ძალიან ჭიანურდება ჩემი საქმე. 13 თებერვალს იყო ბოლო სხდომა და გადაწყდა, რომ საქმე თავიდან იწყება. გამოდის, რომ ეს თვეები და სხვადასხვა ქმედებები ფუჭად გადაყრილია.”

როგორც აღვნიშნეთ, მერაბ ქათამაძე ამნისტიით სარგებლობას არ აპირებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლო გზით გეგმავს. თუმცა იცის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ნასამართლეობა დარჩება: “თუ ჩემს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაშინ საქართველო მიიღებსპოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთ მსხვერპლს. ამაზე ბევრი უნდა იფიქროს პროკურატურამაც, სასამართლომაც და შსს-მაც. მე არ გავჩერდები, სააპელაციო სასამართლოშიც წავალ, უზენაესშიც და შემდეგ ევროსასამართლოსაც მივმართავ.”

მერაბ ქათამაძის ინფორმაციით, ის პირველი არ არის, ვინც რესპუბლიკური პარტიიდან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ასეთი 18 ადამიანია. ნაწილს ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრეს, ცხრა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, ოთხმა პირმა სასჯელი მოიხადა, ერთი პირი პოლიტპატიმრად ცნეს და გაათავისუფლეს, დანარჩენ ოთხი კი მერაბ ქათამაძის მსგავსად სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.

მერაბ ქათამაძის თქმით, მას ესმის, რომ პარლამენტმა ჯერ მსჯავრდებული და იმ დროისათვის ციხეში მყოფი პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. იმავდროულად პარლამენტმა მსგავსი დადგენილება მასთან და მის მდგომარეობაში მყოფთა მამართაც უნდა მიიღოს, რადგან მისი და გათავისუფლებული პოლიტპატიმრების საქმეები არსით იდენტურია, დღის წესრიგში ასევე უნდა დადგეს იმ პირთა საკითხიც, ვინც უკვე მოიხადა სასჯელი იმავე მუხლებითა და მოტივაცით აღძრულ საქმეებზე.

მერაბ ქათამაძე მისი დაკავებისა და ბრალდების საქმეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ 2008 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ის რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ახმეტაში, ხოლო მისი კონკურენტი პეტრე ცისკარიშვილი იყო. იგი იხსნებეს, რომ მაშინ ახმეტაში მიმდინარე საარჩევნო კამპანია რამდენიმე საერთაშორისო დაკვირვებელი ორგანიზაციის კრიტიკის საფუძველი გახდა. იგი ასევე პარტიის კახეთის კოორდინატორი იყო. მერაბ ქათამაძე კიდევ ერთ მიზეზად გაზეთ “რესპუბლიკელების” რედაქტორობას ასახელებს. იგი თვეში ერთხელ გამოდიოდა და მერაბ ქათამაძის თქმით, გაზეთში მისი რეაქცია საკმაოდ მკაფიოდ იყო დაფიქსირებული.

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მოწმიდან ყველა ისევ შსს-ში რჩება: “ჩემს საქმეში სხვა მრავალი ადამიანი არსებობს. რამდენიმე ისევ მუშაობს შსს-ში და პროკურატურაში. ისინი რომ ისევ იქ რჩებიან, ამას რეაგირება სჭირდება. შეისწავლონ ეს საქმეები. არ გამოვა, რომ ერთი მხრივ ადამიანებს მივანიჭოთ პოლიტპატიმრისა და პოლიტდევნილის სტატუსი და მეორე მხრივ, მათი საქმის შემთითხვნელები ისევ თანამდებობაზე დარჩნენ.”

მერაბ ქათამაძის ცნობით, პროკურატურაში კვლავ რჩება მისი “საქმის შემთითხვნელი” პროკურორი თენგიზ ხარებავა. როდესაც ქათამაძემ პროკურატურაში ბრალის გამოთხოვაზე მიმართვა შეიტანა, უარყოფითი პასუხი სწორდ თენგიზ ხარებავასგან მიიღო. მერაბ ქათამაძის განმარტებით, ეს კანონის დარღვევაა: “პროკურორს, რომლის სახელზეც ფაქტობრივად საჩივარია შესული, ამ საქმის განხილვაზე დასწრების უფლებაც კი არ აქვს, არათუ გადაწყვეტილების გამოტანის, მაგრამ მაინც მას დააწერეს ეს საქმე. ამის თაობაზე მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს უკვე მივმართე.” 

“ლიბერალმა” მხოლოდ ერთ მოწმესთან, ელიზბარ ნეფარიძესთან დაკავშირება მოახერხა. მისი განცხადებით, უკვე წელიწადნახევარია, რაც შსს-ში აღარ მუშაობს, მაგრამ მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი არ გაგვიმხილა.

მერაბ ქათამაძის საქმეზე თავისი დასკვნა წარმოადგინა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. მათი განცხადებით, დარღვევები იყო როგორც ჩხრეკის პროცესში, ასევე გამოძიებისასაც. ჩხრეკა მოწმის დაუსწრებლად და სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე ჩატარდა, არ ჩატარებულა არანაირი სახის ექსპერტიზა. შეუსაბამობაა მისი დაკავების საფუძველშიც. ასევე არაა დადგენილი, მერაბ ქათამაძემ სად და ვისგან იყიდა იარაღი. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს: “მერაბ ქათამაძის დაკავება და ბრალდება არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზემოხდა. გამოძიება არაობიექტურადწარიმართა, არ მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც დაუშვებელია და მართლმსაჯულების მიზნებს არ ემსხურება,”-აღნიშნულია საიას დასკვნაში. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 26 თებერვალსაა ჩანიშნული. მერაბ ქათამაძე სასამართლოს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. მისი განცხადებით, სასამართლო ახლა თუ ვინმეს გავლენის ქვეშა, ეს ოპოზიციაა. იგი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებს ზოგადად ხელისუფლებისაგან, იუსტიციის სამინისტროსაგან ზეწოლა მოეხსნათ და ახლა მათ დაფიქრების საშუალება აქვთ. მოსამართლეებმა თვითონ უნდა აირჩიონ, როგორ მოიქცნენ: “ახლა ყველამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პროკურატურამ - დაიტოვოს თუ არა ასეთი პროკურორები თავისთან, პოლიციამ - დატოვოს თუ არა ასეთი პოლიციელები პოლიციაში. სასამართლომ - ელოდოს, ვინ რას ჩასჩურჩულებს ყურში თუ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს - მე მივდივარ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების გზაზე.”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^