Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკომომხმარებელი ქალები სტიგმისა და ძალადობის უწყვეტ ციკლში

05 ივლისი 2017

ნარკომომხმარებელი ქალების მდგომარეობა საქართველოში - აგდებული და გულგრილი დამოკიდებულება საზოგადოებისგან, ექიმებისგან, სამართალდამცველებისგან.  ისინი ვერც სამედიცინო სერვისით სრულფასოვნად სარგებლობას ახერხებენ,  თავს იკავებენ თავიანთი სტატუსის გამხელისგან, რადგან უარყოფითი დამოკიდებულების ეშინიათ. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში გამოსავალს ვერ ხედავენ, რადგან არ აქვთ იმედი, რომ მათ პრობლემებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება და ნარკომოხმარების გამო თავად არ გახდებიან დევნის ობიექტები. მათი პრობლემები საქართველოში კი ისევ და ისევ ქალის გენდერული როლის სტერეოტიპულ აღქმას უკავშირდება. 

 „ორსულად ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ C ჰეპატიტი მქონდა. მანამდე ამის შესახებ არ ვიცოდი. სამშობიაროში რომ მივედი, როგორც კი წაიკითხეს, რომ C ჰეპატიტი მაქვს, პრობლემა  შემექმნა. მითხრეს, რომ ვერ მიმიღებდნენ და სხვაგან უნდა გადავეყვანე.  უკვე 4 თითზე ვიყავი გახსნილი და ამის შანსი არ იყო. ვერ ავდგებოდი, ვერ წავიდოდი. შემიყვანეს ცალკე პალატაში. ექიმმა სამი ხელთათმანი გაიკეთა. ისე მსინჯავდა, ხელს არ მკიდებდა. სამშობიარო ბლოკშიც არ შემიყვანეს. პალატაში, ლოგინზე მამშობიარეს. ნოტაციები წამიკითხეს. რომ მამშობიარეს, ლოგინიდან მთლიანად აიღეს ყველაფერი, თეთრეული და გადაყარეს. ისე ვგრძნობდი თავს, რომ... მეტირებოდა. ჩვეულებრივად მიდიოდნენ სხვა გოგოებთან, ესალმებოდნენ, ნორმალურად ელაპარაკებოდნენ. ჩემთან კი ლაპარაკშიც შეზღუდულები იყვნენ“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ნარკომომხმარებელი, პირობითი სახელით - ნინო, რომელმაც ნამდვილი სახელისა და გვარის გამხელისგან თავი შეიკავა.

ნარკოტიკების მომხმარებელ/ყოფილ მომხმარებელ ქალთა თვითორგანიზაცია „აკესოს“ კვლევის მიხედვით, სწორედ ამგვარი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ნარკომომხმარებელი ქალები სამედიცინო სერვისით სარგებლობისას, ძირითადად, თავს იკავებენ სტატუსის გამხელისგან, ხოლო თუ სამედიცინო პერსონალი მიხვდება, რომ საქმე ნარკომომხმარებელ ქალთან აქვს, სურათი მაშინვე მკვეთრად იცვლება -  დამცინავი, შეურაცხმყოფელი კომენტარებით და გულგრილი დამოკიდებულებით  (აკესოს კვლევაში მონაწილეობდა 27-54 წლის 46 ქალი რესპონდენტი, მათ შორის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის, შპრიცების პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ქალები);

„ოპერაციამდე თავად ვუთხარი ექიმს, რას მოვიხმარდი. თავიდან გაიცინა, შენ არაფერი გეტყობა ნარკომანისო... ამის მერე ყველა სათითაოდ შემოდიოდა პალატაში... აი, ესაა... მაიმუნივით მათვალიერებდნენ, საშინლად ვიგრძენი თავი“, - ამონარიდი კვლევიდან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალების მიერ ნარკოტიკების გამოყენების შესახებ ინფორმაცია ხშირად კონფიდენციალურობის პირობის დარღვევით ვრცელდება, რაც მათ აკარგვინებს სურვილს, ეძიონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები. კონფიდენციალურობის დარღვევა კიდევ ერთ ბარიერს ქმნის სისხლისმიერი და სქესობრივად გადამდები ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის პროცესში. ამავდროულად, კონფიდენციალობის დარღვევა ზრდის რისკს ოჯახისა და საზოგადოებისგან გარიყულობის, დევნის, შეურაცხყოფისა და ძალადობის ობიექტად ქცევის.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლის, მედეა ხმელიძის თქმით, როდესაც ნარკომომხმარებელი ქალები ამხელენ თავიანთ სტატუსს, შემდეგ თავს იჩენს არა იმდენად სერვისზე უარის თქმა, არამედ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რაც შემდგომში აფერხებს იმავე სერვისზე განმეორებით მისვლას. ეს ეხებოდა, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს, მათ შორის - გინეკოლოგიურს, ასევე უფრო რთულ პროცედურებს, როგორიცაა, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია. როდის დგება სტატუსის გამხელის აუცილებლობა? თუ სჭირდებათ გარკვეული მედიკამენტოზური მკურნალობა, როდესაც უნდა აღნიშნო, რომ გარკვეულ ნივთიერებებს თავადაც იღებ, რათა ექიმმა განსაზღვროს, რამე წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის.

კვლევაშიც აღნიშნულია, რომ უხეში ან ღირსების შემლახველი დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, პირდაპირ აისახება მიმართვიანობის მაჩვენებელზე. ნარკომოხმარების სტატუსის გაუმჟღავნებლობა კი რიგ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია მკურნალობის ხარისხთან.

საქართველოში ასევე პრობლემურია ორსული ნარკომომხმარებლების მდგომარეობის მართვაც. მედეა ხმელიძე აღნიშნავს, რომ როდესაც ნარკომომხმარებელი ქალი მიდის გინეკოლოგთან და ექიმმაც იცის, რომ ის მომხმარებელია, მანიპულირება ხდება ხოლმე იმით, რომ „შენი შვილი არ იქნება ჯანმრთელი“  და „აბორტს ხომ არ გაიკეთებდი...“ არასწორი ინფორმირება კი თავიდანვე გამორიცხავს სწორ არჩევანს, როდესაც ექიმი მას  ტენდენციურ, სტერეოტიპულ ინფორმაციას აწვდის.

„მეორე საკითხია, როდესაც ეს ეტაპი გავლილია და ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, ბავშვი გააჩინოს; განსაკუთრებით მათ, ვისაც ძლიერი დამოკიდებულება აქვთ და არიან ჩანაცვლებით თერაპიაზე, ექიმებმა არ იციან, როგორ უნდა მართონ ორსულობის დროს ასეთი პაციენტები. რაც პრობლემას იწვევს. ყოფილა შემთხვევები, უთქვამთ პაციენტისთვის, დროებით დაენებებინა თავი მეტადონის პროგრამისთვის. ერთპიროვნულად გადაუწყვეტიათ. არც ერთ და არც მეორე მხარეს არ არის შესაბამისი განათლება. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებობაა ამ განათლების, ასევე საინფორმაციო მასალის, რაც დაეხმარებოდა ქალებს“, - ამბობს მედეა ხმელიძე.

ნარკოლოგიური სერვისებით სარგებლობა

მედეა ხმელიძის თქმით, ნარკოლოგიური სერვისებით სარგებლობის დროს თვისობრივად სხვაგვარი პრობლემები იჩენს თავს, ვინაიდან სერვისი პირდაპირაა მიმართული მომხმარებელზე და იდენტიფიცირება, რომ პაციენტი ნარკომომხმარებელია, ავტომატურად ხდება. სწორედ ამის გამო, ნარკომომხმარებელი ქალები თავს იკავებენ ამ პროგრამებში ჩართვისგან. ამასთან, სხვების აზრი/სტიგმა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში, ჩაერთონ თუ არა მკურნალობაში.

„ყველას შვილს აქვს ამაზე პრეტენზია, გართულება. თვითონაც რომ მომხმარებელი იყოს, არც დედა და არც მეუღლე არ უნდა, რომ [ზიანის შემცირებისა და მეტადონით  ჩანაცვლებით პროგრამებში]  ჩანდეს. ესაც ერთგვარი ძალადობაა, ადამიანი ძალადობს შენს მოთხოვნილებაზე. თუკი ადამიანი აპირებს მეტადონის პროგრამაში ჩართვას, ე.ი. მას სჭირდება ეს ხომ?!  თუნდაც ინტერვიუს დროს ჩემს შვილს უთქვამს, რომ არ სიამოვნებს. უთქვამს, რომ გთხოვ, თავი შეიკავე...  ვგრძნობ, რომ ჩემს შვილს არ სიამოვნებს; ჩემ ნათესავებს  არ სიამოვნებს; ყველამ კარი მომიხურა, ძველმა მეგობრებმა. და მეც ვცდილობ, თავი ავარიდო ასეთ ხმამაღალ განცხადებებს“, - ამბობს „ლიბერალთან“ საუბრისას ნარკომომხმარებელი ქალი, პირობითი სახელით - ნინო.

„აკესოს“ კვლევის მიხედვით, ვინაიდან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოიხმარდი/მოიხმარ ნარკოტიკს, შესაბამისად, ოჯახის წევრებს ურჩევნიათ, საზოგადოებისათვის ეს ფაქტი უცნობი დარჩეს, ვიდრე „მათმა დედამ, დამ, მეუღლემ, შვილმა იგრძნოს შვება“ - „შვილმა მითხრა, იმ პროგრამაში მისული რომ დაგინახო, თავს მოვიკლავო“.

„ფოკუსჯგუფისას ბევრმა ქალმა აღნიშნა, რომ ზუსტად ოჯახის წევრები იყვნენ წინააღმდეგნი, რომ მაგ: მეტადონის პროგრამაში ჩართულიყო. ერთ-ერთმა ქალმა აღნიშნა, მეუღლეც მომხმარებელია და შვილს არ ჰქონდა პრობლემა, როდესაც მამა დადიოდა მეტადონის პროგრამაში; და როდესაც დედას დასჭირდა, შვილმა უთხრა, თავს მოიკლავდა, რომ გაეგო პროგრამაში დადიოდა. ასეთი მანიპულაცია და შანტაჟიც ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ამ ქალების ჩართულობას. იმიტომაც არის, რომ ჩანაცვლებით პროგრამებში 4 000-მდე ბენეფიციარიდან, მხოლოდ 23 ქალია“, - ამბობს მედია ხმელიძე.

„ზოგადად, ისე ყველაფერს ვმალავ; ქმრის ოჯახმაც არ იცის, დაჭერილი რომ ვიყავი... ფორმა N100 რომ მჭირდება, ვმალავ და ვეუბნები, რომ სამსახურისთვის მჭირდება. მეტადონის გულისთვის მჭირდება-მეთქი რომ ვთქვი, გული შეუწუხდათ. დედაჩემს აქვს საშინელი კომპლექსი; ძმა პატარა იყო. ახლა 20 წლის არის და ვგრძნობ, რომ „იღვიძებს“, მეკითხება, როდის გამოვდივარ პროგრამიდან“, - ამბობს ნარკომომხმარებელი ქალი, პირობითი სახელით - ანა.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი ქალები ხშირად ყოფილან ფიზიკური/სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი, მათ შორის, თავად სერვისის მიმღები კაცი ბენეფიციარების მხრიდან, შესაბამისად, ისინი აქცენტს აკეთებდნენ მინიმუმ, ცალკე შესასვლელის და/ან სერვისის ალტერნატიული საათების საჭიროებაზე.

„ქალი საქართველოში, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ამოვარდნილია, ჩვენი გაგებით, ნორმალური გენდერული ნორმის აღქმიდან, რომ ავტომატურად სტიგმა და დისკრიმინაცია და ნეგატიური დამოკიდებულება მიდის ამ ქალის მიმართ,  მისი ოჯახის მიმართ, გარემოცვის მიმართ და ამის გამო ეს ქალები ერიდებიან ამ სერვისებში ჩართვას იმიტომ, რომ ავტომატურად მათი სტატუსი გახსნილია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ოჯახში ძალადობა

კვლევაში აღნიშნულია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის პრობლემა მძაფრდება, როდესაც ოჯახში ძალადობა ციკლურ სახეს იძენს. ამ შემთხვევაში მათი მომხმარებლის სტატუსი ართულებს თავდაცვის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. ამ მხრივ, მომხმარებელი და სექსმუშაკი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. როგორც წესი, ძალადობის შემთხვევების დროს არც ერთ რესპონდენტს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებებისთვის, რადგან, მაღალი სტიგმის გამო,  წინასწარვე არ აქვთ მათ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირების მოლოდინი; ეშინიათ, თავად არ აღმოჩნდნენ დევნის ობიექტი.

 „სტატუსის გაუმჟღავნებლობა ნარკომომხმარებელი ქალების მთავარი დაცვის მექანიზმია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და სოციოკულტურულად განსაკუთრებით ქალების მიერ ნარკოტიკების მოხმარების მიუღებლობა ოჯახში ძალადობის შემთხვევაშიც არ აყენებს მათ თანაბარ პირობებში არამომხმარებელ ქალებთან. „ჩვენ არავის შევეცოდებით. ჩვენ საზოგადოებისთვის ქალები არ ვართ“, - ნათქვამია კვლევაში.

მედეა ხმელიძის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც საქმე გამოსავლის ძიებაზე მიდგება, რომ თავი დააღწიო ძალადობას, ნარკომომხმარებელი ქალები გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვარდებიან, ვიდრე ის, ვინც არ არის მომხმარებელი. ცალკე პოლიცია ძალადობს მათზე და მანიპულირებს მათი სტატუსით; მშობლებთანაც შეიძლება არ გაამჟღავნონ ან მის სხვა პოტენციურ დამცველთან, რადგან ეშინიათ სოციალური სტიგმის. აქ აქვთ მოლოდინი, რომ მათ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება და რეაქცია ექნებათ.

ძალადობა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან

„აგვისტოში დამიჭირეს. ბავშვთან ერთად 5 საათი „გატაცებული“ ვიყავი.  გამიმართლა, რომ ბავშვი პატარა იყო, წლისა და 8 თვის, ვერ გაიგო, რა ხდებოდა. ახლა რომ იყოს ეგ პერიოდი, ყველაფერს მიხვდებოდა და საშინელ სტრესს დაუტოვებდა. იძალადეს საშინლად, ჩემებთანაც არ დამარეკინეს. მეძებდნენ დამტვრეულს ავარიაში, მკვდარს. სიტყვიერად გამაფარჩაკეს რასაც ქვია. ურტყამ ხომ ბავშვს ლომკაში, შე ბოზოო. გახსენებაც არ მინდა. მაგ დროს თან უსუსური ხარ, დაუცველი, ვერც შეეპასუხები. შეიძლება, გაგიმწვავდეს ურთიერთობა. ერთადერთი, რასაც ვეუბნებოდი, ასე ნუ მელაპარაკებით-მეთქი. ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე. თან შენც ცუდად ხარ, დამოკიდებული ხარ წამალზე; თან ბავშვზე ფიქრობ; იმაზე ვფიქრობდი, რომ ოღონდ ბავშვს მოაკითხოს ვინმემ და 10-წლიანზე წავალ-მეთქი“, - ამბობს ანა. 

კვლევის მიხედვით, ნარკოდანაშაულის გამო ნასამართლევ რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა დაკავების დროს მომხდარი უფლებადარღვევის/ძალადობის შემთხვევები; კერძოდ, მათი უფლებების გაცნობის პროცედურის უგულებელყოფა, ფიზიკური ზეწოლა (ცემის ფაქტი), დაშინება/მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. კვლევის მიხედვით, არ ყოფილა სექსუალური ძალადობის ფაქტი, თუმცა ყოფილა სიტყვიერი მუქარა ან სექსის შეთავაზება გათავისუფლების სანაცვლოდ (თავად ბატონი N მონაწილეობდა ამ ყველაფერში... ისე მცემა, ისე მირტყა, 3 დღე ფეხზე ვერ დავდექი).

„ერთმა მონაწილემ მაღალი თანამდებობის პირიც დაასახელა, რომელზეც თქვა, რომ ის პირადად ურტყამდა და ისე ურტყამდა, რომ ამოსუნთქვას ვერ ვასწრებდიო. ბევრმა ასევე გაიხსენა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც - რომ შენს ოჯახს ვეტყვიო. დიდი ზეწოლა მიდის თანამშრომლობაზე, რომ ვიღაცას ხელი დაადონ ან სხვებზე გავიდნენ, ან თუნდაც რაღაცა საქმე მოაგვარონ ამ გზით. სამწუხაროდ, აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა ეს მომენტი, ვისაც კი შეხება ჰქონია სამართალდამცავებთან“, - ამბობს მედეა ხმელიძე.

კვლევის უკლებლივ ყველა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მათგან მოითხოვდნენ პოლიციასთან თანამშრომლობას, რაც გულისხმობდა მეგობრების დასმენას, ნებისმიერი საჭირო სახის ინფორმაციის გაზიარებას, რის სანაცვლოდ ხელშეუხებლობას სთავაზობდნენ.

„აღნიშნული გამოცდილების მქონე ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ არასდროს მიუმართავთ სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის, რადგან სწორედ მათ სივრცეში ხდებოდა აღნიშნული უფლებადარღვევის ფაქტები, დაუცველობის შეგრძნება, და მათი მომხმარებლის სტატუსი ამ სივრცის მიღმაც ართულებდა უფლებათა დაცვის მხრივ მიმართვიანობას, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მათ არ დაუჯერებენ, და თუ დაუჯერებენ, დაცვას ვერ შეძლებენ“, - ნათქვამია კვლევაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამარ დეკანოსიძის თქმით, პოლიციის მიმართ უნდობლობა ძალიან მაღალია ნარკოდამოკიდებულ ქალებში, რადგან სექსსამუშაოსგან განსხვავებით, ნარკოტიკის მომხმარება სისხლის სამართლის დანაშაულია; აქედან გამომდინარე, მათთვის ძალოვანი უწყებები - პოლიცია, პროკურატურა ასოცირდება (არა მხოლოდ ასოცირდება, რეალურადაც ასეა) უწყებასთან, რომელიც მას მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აქედან გამომდინარე, ძალადობის შემთხვევაში, ისინი არ მიმართავენ სათანადო ორგანოებს, რადგან არ უნდათ არანაირი კონტაქტი; არ უნდათ, საქმე დაიჭირონ პოლიციასთან.

„მათი წარმოდგენით, შსს ყველაზე ყველანაირ ინფორმაციას ფლობს და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დანაშაულზე განაცხადებენ პოლიციაში. ისინი მაინც გავლენ იმაზე, რომ ესენი არიან ნარკომომხმარებლები.  ეს უფრო შიშსა და მოლოდინზეა  დაფუძნებული, თუმცა არც მთლად უსაფუძვლოა მათი მოლოდინი. მაგალითად, თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ნარკომომხმარებელი ქალი პოლიციელს უჩივის ძალადობაზე არასათანადო რეაგირების გამო, შესაძლოა, ამ პოლიციელმა მასზე შური იძიოს, რადგან ფლობს ინფორმაციას, რომელიც შეუძლია, გამოიყენოს მის წინააღმდეგ და პასუხისგებაში მისცეს. ამის გამო, ცდილობენ, ზედმეტად თვალში არ შეეჩხირონ და არც მთლად დაუსაბუთებელი არაა მათი სიფრთხილე“,  - ამბობს დეკანოსიძე.

თამარ დეკანოსიძე საიას მიერ პროექტ „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის“ ფარგლებში გამართული ფოკუსჯგუფის შედეგებს იხსენებს და ამბობს, რომ ჰქონდათ გაუპატიურების მუქარის ერთ-ერთი შემთხვევა, როცა პოლიციელებმა სცემეს ნარკომომხმარებელ ქალს და დაემუქრნენ.

„როგორც ეს გოგო ჰყვება, დაახლოებით 20 პოლიციელი იყო. დაემუქრნენ გაუპატიურებით... ზუგდიდში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სექსმუშაკები ამბობდნენ, რომ პოლიცია, იმ პირობით, რომ  მათ აღარ დაარბევდა და შეავიწროებდა, სთავაზობდა თანამშრომლობას, რომ კლიენტებისთვის ჩაედოთ ნარკოტიკი“, - ამბობს დეკანოსიძე.

რეკომენდაციები

იმის გათვალისწინებით, რომ ნარკომომხმარებელი ქალების პრობლემები საქართველოში ძირითადად დაკავშირებულია ქალის გენდერული როლის სტერეოტიპულ აღქმასთან, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.

„აუცილებელია განათლების საკითხი სკოლებშივე. ეს ზუსტადაც ჩვენი ცნობიერების ცვლილებასთან არის დაკავშირებული - როგორ აღვიქვამთ ქალებზე ნორმატიულ, სტერეოტიპულ დამოკიდებულებას. თუ ამაზე სკოლებში მეტი საუბარი იქნება პატარა ასაკიდანვე, რომ გავიზრდებით, უფრო უკეთ გვეცოდინება, როგორ უნდა მოვეპყრათ ადამიანებს, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულები არიან“, - ამბობს ხმელიძე.

ჯანდაცვის სერვისების კუთხით კი, მედეა ხმელიძე  მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოკლევადიან პერიოდში შეუძლია, სისტემა მოაწყოს ისე, რომ ექიმები, მათი პირადი დამოკიდებულების მიუხედავად, ყველა ადამიანს თანაბრად მოეპყრონ.

„თუ სერვისების კარგი მონიტორინგის სისტემა იქნება, ამგვარი პრობლემები შემცირდება. როცა მეცოდინება, რომ, როდესაც ჩემს ოფისში შემოვა ვინმე, თუ მას არასწორად მოვექცევი, ამის გამო შეიძლება სამსახური დავკარგო, შევეცდები, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩემთვის შევინახო, სანამ ჩემი ცნობიერება შეიცვლება. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მოამზადოს თავისივე სისტემაში არსებული სერვისპროვაიდერები ისე მაინც, რომ თუ ამ ეტაპზე  ვერ შეცვლის დამოკიდებულებას, ასწავლოს ამ დამოკიდებულების მიღმა სერვისის სწორი მიწოდება“, - ამბობს ხმელიძე.

ხმელიძე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისგან (CEDAW) საქართველომ ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მიიღო.

„კომიტეტი მოუწოდებს ქვეყანას, გააუმჯობესონ ქალების ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე. მოუწოდებს გენდერულად სენსიტიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოტიკების მკურნალობის სერვისის მიწოდებისკენ,  ამ ქალებში ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. და ამასთან, მოხდეს მტკიცებულებებზე დამყარებული ზიანის შემცირების სერვისების უზრუნველყოფა ქალებისათვის, მათ შორის, ციხეებში... ეს იყო ძალიან კონკრეტული რეკომენდაცია მათი მხრიდან, თუმცა ამას ქმედითი ნაბიჯები არ მოყოლია“, - ამბობს ხმელიძე.

გარდა ჯანდაცვის სერვისების მხრივ არსებული რეკომენდაციებისა, ორგანიზაცია „აკესო“ ყურადღებას ამახვილებს ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობის შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების მნიშვნელობაზე.

რას ამბობენ ოფიციალური უწყებები

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ექიმის მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულება სრულიად არაბუნებრივია“. მათი თქმით, სამინისტროს არ გააჩნია დადასტურებული ინფორმაცია სამედიცინო მომსახურებისას წამალდამოკიდებული პირების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამგვარი ფაქტების გამოვლენისას სამინისტროს პოზიცია იქნება რადიკალური.

მათივე თქმით, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ექიმმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტით, ჰუმანიზმის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობით; პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;  მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს; იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას, თავისუფალი და დამოუკიდებელი. პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექიმი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეთიკური და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმები, ხოლო მათი დარღვევა იწვევს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მიმართავს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს,  იგი შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და  შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს ექიმისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრის, ლევან კობერიძის თქმით, ნარკოპოლიტიკის რეფორმირების კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, იძლევა საშუალებას, რომ შეიცვალოს „ხედვის ჩარჩო“. მისივე თქმით, რეფორმა გულისხმობს დამოკიდებულების შეცვლას სწორედ იმ სტიგმასა და მიდგომასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

„რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ნარკოდამოკიდებული ადამიანი კრიმინალი არაა, რომ მას სჭირდება დახმარება, სჭირდება ზრუნვა. ფაქტობრივად, იცვლება ხედვის ჩარჩო, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც... ბუნებრივია, გაცილებით მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ საკითხს განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც დაიწყება რეფორმა,  გადავალთ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე. გვექნება გაცილებით მეტი ბერკეტი, საშუალება, კანონის ძალამიცემული, რომ ზრუნვა და კეთილი ნება იყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ“, - ამბობს კობერიძე.

რაც შეეხება სამართალდამცავი უწყებებიდან შესაძლო დისკრიმინაციას, გულგრილობას და ა.შ. კობერიძის თქმით,  თუკი მსგავსი შემთხვევების რაოდენობა ფიქსირდება და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პრობლემაა, „არ იქნებოდა ცუდი, ძალოვან უწყებებში ცალკე შექმნილიყო რამე ერთეული, იქნება ეს განყოფილება თუ სხვა რამ, რომლის ვალდებულებაც იქნებოდა, სტრუქტურული და რეფორმატორული თვალსაზრისით მისდგომოდა ამ თემას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

ბავშვები ციფრულ სამყაროში - რა უნდა ვიცო ...

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რა საფრთხეს და შესაძლებლობებს შეიცავს ინტერნეტი, რა უნდა ვ ...

მეტი

^