Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რისი შეცვლის იმედი უნდა გვქონდეს დასაქმების ადგილებზე

12 ივლისი 2017

მომავალი წლიდან შრომის უსაფრთხოების კონტროლის ახალი კანონი გვექნება. მანამდე კანონპროექტს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ.

რეალურად, რა ახალ სტანდარტებს გვთავაზობს მთავრობის მიერ ინიცირებული დოკუმენტი და რის შეცვლის იმედი უნდა გვქონდეს დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხოების მხრივ?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რა ტიპის დასაქმების ადგილები უნდა შემოწმდეს, რომლის ირგვლივაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. შემოთავაზებულ პროექტში ცალსახად წერია, რომ ინსპექტირება ისეთ საწარმოებს მოიცავს, სადაც მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიში პირობები და მაღალი ფიზიკური ტრავმისა და სიკვდილიანობის რისკებია. შეზღუდული გავრცელების არეალის არგუმენტად, ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირე დაასახელა. და ისიც თქვა, რომ კანონმა მოქმედება პილოტირების რეჟიმში უნდა დაიწყოს, შემდეგ კი, მთავრობა ეცდება, კანონი დანარჩენ დასაქმების ადგილებზეც გავრცელდეს.

ლინა ღვინიანიძემ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის” წარმომადგენელმა „ლიბერალთან” საუბარში ეს არგუმენტები შეაფასა. პირველ რიგში, მისი აზრით, სარისკოა ის, რომ მავნე, მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოების კრიტერიუმების დადგენა საქართველოს მთავრობას ევალება. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ კიდევ უფრო შემცირდეს ასეთი დასაქმების ადგილების რიცხვი და კანონმა ამ სფეროს მთლიანად მოცვაც ვერ შეძლოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების სხვა ადგილზე მყოფი ადამიანები არათანაბარ პირობებში რჩებიან.

ლინა ღვინიანიძე იზიარებს იმას, რომ მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მძიმე სფეროა, თუმცა იურისტისთვის გაუგებარია კანონის მთავარი მიზანი: „დოკუმენტის მიზანი ქვეყანაში შრომის სტანდარტების დადგენა და დაცვაა. მაშინ, არ მესმის, რატომ ვრიცხავთ დასაქმების ისეთ ადგილებს, სადაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში პირობები არ იქმნება, მაგრამ რეალურად, არანაკლები რისკებია. მაგალითად, დასაქმების სფეროში ზეგანაკვეთურმა სამუშაომ, დამატებითმა ფიზიკურმა დატვირთვამ, მძიმე ნივთების გადაადგილებამ შეიძლება დასაქმებულებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას".

ასევე, მნიშვნელოვანია რესურსების საკითხი, რომელიც კანონის გავრცელების შეზღუდული არეალის ერთ-ერთი გამამართლებელი არგუმენტია, თუმცა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" იურისტი ამბობს, რომ რეალურად, სახელმწიფოს არ აქვს დათვლილი, რა უჯდება მხოლოდ მძიმე და საშიშპირობებიანი საწარმოების კონტროლი და რა დაუჯდებოდა, თუ დასაქმების ყველა სფეროს მოიცავდა: „მთავრობა იყენებს რესურსების არქონის არგუმენტს ისე, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რეალურად, რა რესურსებთან გვაქვს ან გვექნება საქმე. ეს ეხება როგორც ადამიანურ, ტექნიკურ, ასევე, ფინანსურ რესურსებს".  

ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია „ლიბერალთან" ამ შეფასებას უტრირებულს უწოდებს. ამბობს, რომ არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, ინსპექცია წლიურად დასაქმების ადგილების მხოლოდ 5-10%-ს ამოწმებს: „არცერთ ქვეყანაში არ ამოწმებენ საწარმოებსა და დასაქმების ადგილებს ტოტალურად. რესურსებიც ამის მიხედვით უნდა იყოს გადანაწილებული".

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციას კანონის გავრცელების შეზღუდულ არეალზე, ჯგერენაია ამბობს, რომ კანონის მთავარი მიზანი სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების და სიკვდილიანობის შემცირება იქნება. ამიტომ, პირველი ეტაპისთვის კანონპროექტის შეზღუდვით გავრცელება გადაწყდა: „ახლა ვმუშაობთ ამ საწარმოების დარგების კრიტერიუმებზე, თავდაპირველად დავიწყებთ საშიში საწარმოებით და მომავალში ეს კანონი დასაქმების სხვა ადგილებზეც გავრცელდება".

2015 წლიდან შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი პროგრამის ფარგლებში, პილოტირების პროცესში მუშაობს. თუმცა, ამ დეპარტამენტის სამუშაო მანდატი შეზღუდულია. კერძოდ, მონიტორებს კომპანიის შემოწმება წინასწარი ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ. კანონპროექტი საწარმოებში უპირობო დაშვების ორ რეჟიმს გვთავაზობს. ინსპექციას კომპანიაში შესვლა გეგმურად,  წელიწადში ერთხელ ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ დროს არ სჭირდება სასამართლოს ნებართვა. თუმცა, მეორე შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინების შესვლის დროს, ინსპექციის მანდატი იზღუდება. ამ დროს სასამართლო აქ მთავარი აქტორია.

ლინა ღვინიანიძე თვლის, რომ მთავრობის ეს შემოთავაზება ცალსახად ცუდია, თუმცა, ჯერჯერობით სამუშაო რეჟიმში მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „თუმცა, თუ კანონი ახლანდელი პროექტის ვერსიით დამტკიცდა, ინსპექციის ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ეს ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. მონიტორინგი ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და განუსაზღვრელი ინტენსივობით უნდა იყოს შესაძლებელი", - ამბობს ღვინიანიძე. 

განსხვავებული აზრი აქვს ამაზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) ხელმძღვანელს, მიშა კორძახიას, რომელიც ამბობს, რომ რეალურად, პროექტის ეს ჩანაწერი მთავრობას დიდ ლეგიტიმაციას აძლევს. იმის გამო, რომ ინსპექციას დამსაქმებლის რემონიტორინგის (შემოწმება - რამდენად ასრულებს ის მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც კანონით სავალდებულო ხდება), უფლება ენიჭება. კორძახიას თქმით, „რეალურად, გეგმური შემოწმების ჩანაწერი სატყუარაა - რემონიტორინგის საფუძვლით, ინსპექცია კომპანიაში ნებისმიერ დროს შევა, არაგეგმური შემოწმება პრაქტიკაში აღარ გვექნება და ეს ძალიან ცუდია".

მიშა კორძახია ორი არგუმენტით, ზოგადად, შრომის უსაფრთხოების კანონის შექმნასაც ეწინააღმდეგება. მისი აზრით, ჯერ ერთი, ეს არის რესურსების გაფლანგვა და, მეორე მხრივ, ეს იქნება ბიზნესზე ზეწოლა. ამბობს, რომ არაა საჭირო უსაფრთხოებისთვის სპეციალური კანონის მიღება საჭირო:

„მცირედი ცვლილებაც კი შრომის კოდექსში მოაგვარებდა იმ პრობლემას, რასაც ეხლა კანონპროექტი ისახავს მიზნად. თავად შინაარსის 80% არის წვრილმანი ისტრუქციების გაწერა, რაც კანონს არ შეესაბამება. შრომის კოდექსის 35-ე მუხლს უნდა დამატებოდა სფეროების, სავალდებულოება და სანქცირების საკითხი. ეს საკმარისი იქნებოდა იმ პირობებშიც კი, როცა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური საზედამხედველო ორგანო უკვე გვაქვს და აღარაა საჭირო, უსაფრთხოების კონტროლის დამატებითი მექანიზმისთვის უაზრო რესურსების ხარჯვა. სამწუხაროდ, მთავრობა ამ გზით არ წავიდა, შეიმუშავა ვეებერთელა ინსტრუქცია, რომელსაც კანონს არქმევენ და ამის განხილვაში მიდის ფული და დრო", - ამბობს კორძახია. 

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სანქცირების ნაწილი. EMC-ის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე ფიქრობს, რომ სანქცირების მექანიზმის გამართულობა პირდაპირ უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და კანონმდებლობის სათანადო აღსრულების საკითხს, თუმცა, ამ მხრივ კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს.

„პროექტი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს ფიქსირებულ ფულად ჯარიმას 50 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, რაც შეუძლებელია მივიჩნიოთ ადეკვატურ ოდენობად, განსაკუთრებით მსხვილ დამსაქმებლებთან მიმართებით, რაც იმთავითვე აჩენს ეჭვებს სანქცირების მექანიზმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით". ამ შენიშვნაზე პარლამენტში სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის ეს ნაწილი შესაძლოა გადაიხედოს. 

ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. თვის ბოლოს კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც მთავრობის წარმომადგენლები სოციალურ პარტნიორებთან ერთად კანონპროექტის სადავო საკითხებზე იმსჯელებენ. ორ თვეში კი პროექტის მეორედ მოსმენა იგეგმება. რა სახეს მიიღებს რეალურად კანონპროექტი და რა გავლენას მოახდენს ის დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხოების კუთხით? ამაზე პასუხი ჯერჯერობით არასამთვრობოების ნაწილს არ აქვს. ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ძალიან მინიმალური შემოთავაზებაა: „ვცდილობთ, ცოტა კიდევ გაფართოვდეს კანონის მოქმედების არეალი და ვალდებულებები. სამწუხაროდ, მთავრობა უკვე მრავალი წელია დაცდას გვთხოვს და პილოტირების რეჟიმის არგუმენტს იყენებს. ამ მოლოდინში დიდი დრო გავიდა, ქმედითი ნაბიჯები კი ნელი ტემპით იდგმება", - ამბობს ლინა. 

შრომის უსაფრთხოება - რა შეიცვალა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^