Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბედისა და მუსიკის ძალა

12 ივლისი 2017

ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნა

როკ და პოპვარსკვლავებთან შედარებით, საოპერო ვარსკვლავებს გაცილებით მეტი დრო, მოთმინება და მტკიცებულება სჭირდებათ, სანამ მსმენელთა გულებსა და მეხსიერებაში ამოტვიფრული ტრიუმფის შესახებ ქვაფენილზე ამოიკითხავენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გამოჩენილი საოპერო მომღერლები წარმატებით ამთავრებენ კარიერას და ვარსკვლავს ვინ დაეძებს, მთელი შემდგომი ცხოვრება მიზერული პენსიის მისაღებად  რიგებში დგომა უხდებათ...

საბედნიეროდ, ლადო ათანელის შემთხვევაში საერთაშორისო აღიარებაც, მსმენელთა სიყვარულიც და ვარსკვლავის გახსნაც დროში ერთმანეთს დაემთხვა - 7 ივლისს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, გამოჩენილი ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის (ვლადიმერ ათანელიშვილის) ვარსკვლავი მისი უამრავი თაყვანისმცემლის,  მეგობრის, კოლეგისა და საზეიმო ფეიერვერკის თანხლებით გაიხსნა. ვარსკლავის გახსნას წინ უძღოდა შემოქმედებითი საღამო, რომელზეც შესრულდა უვერტიურა და სცენები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ბედის ძალა“ და ჯაკომო პუჩინის „ტოსკას“ მეორე მოქმედება.

ლადო ათანელის პარტნიორები სცენაზე მისი მეგობრები იყვნენ: ოპერის თეატრის დღევანდელი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე (რომელმაც დონ ალვაროს პარტია შეასრულა) და იანო თამარი (ალიბეგაშვილი), რომელმაც ტოსკას ცნობილი არია Vissi d’arte ისეთი დრამატიზმით, ვნებითა და ტექნიკით შეასრულა, რომ მსმენელის აღტაცება გამოიწვია.

ცალკე უნდა აღინიშნოს თავად ლადო ათანელის სიმღერის იტალიური, გამოკვეთილი თანხმოვნებით მჟღერი, დღეს რატომღაც ძველმოდურად მიჩნეული, მაგრამ მაინც პერფექციონიზმთან მიახლოებული მანერა... მისი სცენური ხიბლი, ტემპერამენტი და ფიზიკური მონაცემები, რომელიც მუსიკის კრიტიკოსებს უბიძგებთ, პარალელები გაავლონ დიდ იტალიელ ბარიტონებთან: ალდო პროტისთან, პიერო კაპუჩილისთან და ეტორე ბასტიანინისთან.

თბილისის კონსერვატორიის დამთავრებისას ლადო ათანელიშვილს უკვე თერთმეტი პარტია ჰქონდა მომზადებული! მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯუზეპე ვერდის „ბალ–მასკარადში“. კრიტიკოსების შეფასებით, „რენატოს რთულ პარტიას მომღერალი ისე ასრულებდა, თითქოს სცენაზე ყოფილიყო გაზრდილი“. ვოკალური მონაცემებისა და მუსიკალურობის გარდა, მომღერალს ხელს უწყობდა არტისტული ნიჭი და ტემპერამენტი, რომელიც ნებისმიერი დრამატული თეატრის მსახიობს მოუხდებოდა.

თეატრში ლადო ათანელის კონსულტანტი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე იყო, რომელიც თავიდანვე მოიხიბლა მისი ხმის ტემბრითა და მუსიკალური მონაცემებით. მათი თანამშრომლობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა და მაესტროს სიკვდილამდე გაგრძელდა. უკვე მოგვიანებით, ლადო უცხოეთიდანაც ხშირად უკავშირდებოდა უფროს მეგობარსა და მასწავლებელს. რჩევას ეკითხებოდა და სიხარულს უზიარებდა. სხვათა შორის, 2014 წელს მან გამოსცა CD დისკი სახელწოდებით Tristezza („მწუხრი“), რომელიც სწორედ ნოდარ ანდღულაძის ხსოვნას მიუძღვნა.

ლადო ათანელის პირველი საერთაშორისო წარმატება 1991 წელს, ბარსელონაში გამართულ ფრანცისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს უკავშირდება, რომელშიც მომღერალმა 230 მონაწილეს შორის გრანპრი დაიმსახურა. ურთულეს 90-იან წლებში მეუღლესთან და კონცერტმეისტერთან, მანანა ჩიქოვანთან ერთად, გერმანიას მიაშურა, რაც მომღერლის აზრით, შემოქმედებითი წარმატებისა და წინსვლის ერთადერთი შანსი იყო: „როდესაც გერმანიაში ჩამოვედით, მივხვდი, რომ ჩემმა შინაგანმა შეგრძნებამ სწორი გზა მიკარნახა. წესრიგი, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა გარკვეულწილად მეც მახასიათებს და ამიტომაც გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც საქართველოს შემდეგ შემიძლია ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება“.

მომღერალს დიდი მეგობრობა აკავშირებს ჩვენი დროის უდიდეს ტენორთან, პლასიდო დომინგოსთან, რომელიც ხშირად ლადო ათანელის სპექტაკლების თუ კონცერტების დირიჟორიცაა. მნიშვნელოვანია მისი შეხვედრები ასევ დიდ დირიჟორებთან - ჯეიმს ლივაინთან „მეტროპოლიტენ ოპერაში“ („მაკბეტის“ ამ დადგმაში მონაწილეობამ მას დიდი აღიარება მოუტანა ამერიკაში), რიკარდო მუტისთან, სეიჯო ოძავასთან, კრისტიან ტილემანთან და ა.შ.

მუსიკის კრიტიკოსებმა მას „ოქროს ხმა საქართველოდან“ უწოდეს და  ბრილიანტსაც კი შეადარეს. „მისი ხმისთვის იტალიური მუსიკა მალამოსავითაა, რადგან ხელს უწყობს მის განვითარებას“, –  წერდნენ პრესაში. მუსიკალურ ჟურნალ „ორფეოსში” კი დაიბეჭდა ლადო ათანელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტატია, სადაც ჟურნალისტი წერდა, რომ მომღერლის ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას უტოლდებაო...

ლადო ათანელის რეპერტუარშია დრამატული ბარიტონის 50-მდე პარტია სხვადასხვა ოპერიდან. თუმცა ჯაკომო პუჩინი - თრიენსი („გოგონა დასავლეთიდან“ ), შარპლესი („ჩიო–ჩიო–სანი“), სკარპია („ტოსკა“) და ჯუზეპე ვერდი - ამონასრო („აიდა“), როდრიგო („დონ კარლოსი“), მილერი („ლუიზა მილერი), მაკბეტი („მაკბეტი“), ნაბუქო („ნაბუქო“), ჟორჟ ჟერმონი („ტრავიატა“), დონ კარლო დი ვარგასი („ბედის ძალა) მაინც გამორჩეული კომპოზიტორები არიან, რომელთა ოპერებმა მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ასე რომ, ბედისა და მუსიკის ძალა ლადო ათანელის შემთხვევაში მაინც ვერდისა და პუჩინის სახელებს უკავშირდება. ოპერის წინ გახსნილი ვარსკვლავი კი მისი შემდგომი წარმატების მიზეზი გახდება!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^