Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოთი ის საპორტო ქალაქია, რომელსაც შავი ზღვის აუზში ერთ-ერთი დიდი ნავსადგური აქვს და რომელიც მდიდარია არქიტექტურული, კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობით; ფოთის სანაპირო ზოლზე არ იყიდება ფერადი საცურაო კამერები და ბურთები, რადგან ქალაქში დამსვენებლები არ არიან; ფოთის მოსახლეობა ამაყობს ქალაქის ისტორიით და იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას აქვს. ამასთან, ისინი წუხილს გამოთქვამენ და საუბრობენ ქალაქის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, დასაქმებასა და სხვა სოციალური საკითხებზე.

„გგონიათ , რამე გამოდის?!“  -  ამ წარწერას ფოთში, ზღვის სანაპიროზე, ხიმინჯებზე შემდგარ, დაჟანგულ  ნავზე წაიკითხავთ. 28 ივნისის შუადღეა, ცხელა და ირგვლივ ადამიანებიც არ ჩანან.  პორტიდან ფოთის შუქურისკენ  მიმავალ თითქმის გაუდაბურებულ რამდენიმეკილომეტრიან სანაპიროზე აქა-იქ დავინახეთ საცურაო კოსტიუმში ადამიანები. ძირითადად, ადგილობრივები; სხვა ქალაქებიდან დასასვენებლად აქ იშვიათად ჩამოდიან.

მას შემდეგ, რაც მდინარე რიონს და დიდების მემორიალს გასცდები, ფოთი იწყება. ქალაქი, რომელიც სხვა საზღვაო ქალაქებს საერთოდ არ ჰგავს. მთავარი გზის ერთ მხარეს ზღვის სანაპიროა, მეორე მხარეს - პალიასტომის ტბა, რომელიც კოლხეთის დაცული ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია.  ფოთის შესასვლელში ტრიალ მინდორზე ერთად დგას ფერადი კორპუსები, რასაც დევნილების დასახლებას უწოდებენ. ის იზოლირებული დასახლებაა, წარწერით -  „ახალი რაიონი“.

ფოთი დაბალი, ორსართულიანი სახლებისა და ფართო, მწვანე ქუჩების ქალაქია, ზღვის სუნითა და ნესტით. ფოთს ფოთელები სიმშვიდის ქალაქს ეძახიან. ამბობენ, ქვეყანა რომ დაიქცეს, ფოთი მაინც უძრავად დგასო. 

ფოთის ბუნებრივი  სიმდიდრე ქალაქში შესვლისთანავე მარტივი შესამჩნევია. თუმცა ზღვის,  ტყე-პარკისა და ტბების გარდა ყურადღებას იქცევს ის, რაც ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ურბანული დაგეგმარება, ქალაქის სივრცითი მოწყობა და არქიტექტურა.

მთავარ მოედანზე  ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკი და აია-სოფიას არქიტექტურის მიხედვით აშენებული საკათედრო ტაძარი დგას.  ამჟამად კოშკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუშების ნებართვით შენობაში შევედით,  ვიწრო და და ხვეული კიბით კოშკის თავზე აღმოვჩნდით. მეხუთე სართულზე ფასადზე მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში დამზადებული მექანიკური საათია ჩაშენებული, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ საფრანგეთიდან ჩამოიტანა. კოშკიდან კარგად ჩანს მოედანი, მწვანე პარკით და ცენტრში დიდი ეკლესიით. მუშები დეტალურად გვიხსნიან რეაბილიტაციის ეტაპებს და მასთან დაკავშირებულ სამუშოებს. ინტერიერში ძველი მხოლოდ ის ვიწრო, ხვეული  კიბეღა იყო დარჩენილი. დაგეგმილი აქვთ ამ  მექანიკური საათის ამუშავებაც. რეაბილიტაციის შემდეგ კოშკში ნიკო ნიკოლაძის მუზეუმი, არტკაფე და საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება.

ფოთის საკათედრო ტაძარი

კოშკის შემდეგ კოლხური ხელოვნების მუზეუმი ვიპოვეთ. დიდი, ნეოგოთიკური სტილის შენობა, რომელიც ნიკოლაძის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყვანილმა არქიტექტორმა, ედმუნდ ფრიკმა დააპროექტა. მისივე სახელს უკავშირდება ათობით შენობა ფოთში.

მუზეუმში დირექტორს,  ხელოვნებათმცოდნე ელენე გაბლიანს ვხვდებით. თავის სამუშაო ოთახში მიგვიღო.  თავიდან გვსაყვედურობს, რომ შეთანხმების გარეშე მივედით მუზეუმში. ცოტა ხნის შემდეგ  აღტაცებით იწყებს საუბარს ქალაქზე, მის დაგეგმარებაზე, მუზეუმის შენობასა და მდიდარ კოლექციებზე, რომელიც მუზეუმს აქვს.

ყველაზე მეტად ელენე გაბლიანი მუზეუმის მწვავე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე წუხს. მისი თქმით, მუზეუმი მდიდარია მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატებით, რომელიც სრულად ასახავს კოლხურ კულტურას და ამ მოძველებული ექსპოზიციით, ინფრასტრუქტურით, ამორტიზებული შენობით და ექსპონატების შეუსაბამო პირობებში განთავსებით მხოლოდ სამეცნიერო წრის ინტერესს იწვევს. მხოლოდ მეცნიერები თუ მოინახულებენ და დაინტერესდებიან მუზეუმითო - ამბობს, რომ ფოთი ტურისტულ რუკაზეც არ არის დატანილი.  

მიუხედავად ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, დაწესებულების ადმინისტრაცია საგანმანათლებლო პროგრამებს ქმნის  ბავშვებისთვის და ამ ჯგუფის მიზიდვას ცდილობს მუზეუმში. 

ელენე გაბლიანი აღნიშნავს, რომ შენობის რეაბილიტაციისთვის მუზეუმში ამზადებენ დოკუმენტაციას და იმედი აქვს, რომ გამოინახება თანხა ამისათვის.

 ნახევარი საათის შემდეგ   გვემშვიდობება. შემდეგ მუზეუმის გიდი დეტალურად გვაცნობს ექსპოზიციას,  რომელიც მუზეუმის შექმნისდროინდელია, ძველი ინვენტარითა და განათებით.

ფოთის კოლხური ხელოვნების მუზეუმი

დირექტორის თქმით, ფოთი ერთადერთი ძველი ქალაქია საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვით გაშენდა. ფოთის ქუჩათა  დაგეგმარება ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან გადმოიღო; მსგავსი გეგმარება აქვს სანკტ-პეტერბურგსაც. მთავარ მოედანს, რომლის ცენტრშიც აია-სოფიას ტიპის ტაძარი დგას, ქალაქის თორმეტი ქუჩა უერთდება. ეკლესიამ თავისი არსებობის განმავლობაში არქიტექტურული ცვლილებები განიცადა. ახლა მას დიდი, მასიური კარიბჭე-გალავანი აქვს შემორტყმული, რაც არ მოსწონს ელენე გაბლიანს. ამბობს, რომ რიგმა ცვლილებებმა ქალაქს თავდაპირველი სახე შეუცვალა, მათ შორის გალავანმა, რომელიც ეკლესიას ახლა აქვს.

„ჯერ ერთი, ქუჩათა კონცეფციაა შეცვლილი ახლა. ეს უზარმაზარი, თეთრი ეკლესია მოედანზე იდგა და აერთიანებდა თორმეტ ქუჩას. ახლა ის მოქცეულია მასიურ გალავანში, რამაც შეაჩერა ამ ქუჩების დენადობა. არადა, შეიძლებოდა, იქ ყოფილიყო პატარა მინიმალისტური ღობე“, - ამბობს ელენე გაბლიანი. 

ფოთის ცენტრალურ პარკში წითელი, მოდერნის სტილის შენობა იქცევს ჩვენს ყურადღებას. ფანჯრებზე საბავშვო წიგნები და სათამაშოები კიდია. ნიკო ნიკოლაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა აღმოჩნდა. მუზეუმში სამი თანამშრომელი ქალი გვხვდება. ბიბლიოთეკარები ბიბლიოთეკის შენობის მძიმე მდგომარეობაზე გველაპარაკებიან.  ინტერიერში განსკუთრებით კარგად ჩანს დაზიანებები. ჩამოხეულ ძველ შპალერს შორის კედლების ბზარები მოჩანს. წიგნთსაცავში რაღაც პერიოდის განმავლობაში წყალი ჩადიოდა. თავიდან თანამშრომლები თავიანთი ძალებით უმკლავდებოდნენ, ბოლოს გადახურეს. ბიბლიოთეკაში ამჯერად  მკითხველები არ არიან, სიჩუმეა.  ამბობენ, რომ სასწავლო პერიოდში ბიბლიოთეკა დატვირთულია, რომ  მათაც  აქვთ პროგრამები სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. თანამშრომლები იმედს გამოთქვამენ, რომ მათთანაც დადგება შენობის რეაბილიტაციის საკითხი დღის წესრიგში. გვთხოვენ, რომ დეტალურად აღვწეროთ დაზიანებები.

გზას აღმაშენებლის ქუჩისკენ ვაგრძელებთ. აღმაშენებლის 51 ნომერში, მიტოვებულ ეზოში, 1901-1910 წლით  დათარიღებული, ნეოგოთიკური სტილის ყოფილი უშიშროების სამსახურის შენობა დგას. შენობას არ აქვს გადახურვა და თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. სართულებს შორის იატაკი ჩანგრეულია. დანგრეული, ფერადი, სავარაუდოდ, მოხატული კედლები  ხავსს და სხვა მცენარეებს დაუფარავს.  ის ახლა კერძო საკუთრებაშია და მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის სტატუსი აქვს და ფოთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა, წლებია, უყურადღებოდ დგას. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მესაკუთრემ უარი თქვა მის რეაბილიტაციაზე, რადგან ეს დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. შენობას მალევე ვტოვებთ, რადგან იქ ყოფნა საფრთხისშემცველია.

ყოფილი უშიშროების სამსახურის შენობა

ნიკოლაძისა და ფრიკის პერიოდის შენობები  ყველაზე მეტად აღმაშენებლის ქუჩაზეა თავმოყრილი. მათ შორის შედარებით გვიანდელი პერიოდის ნაგებობებიცაა, რომლებსაც ძეგლის სტატუსიც აქვთ.  ნაწილს მხოლოდ ფასადიღა აქვს შერჩენილი, ზოგიც გაურემონტებიათ. აქა-იქ კაფე და რესტორანიცაა. ამავე ქუჩაზეა ნიკო ნიკოლაძის  კაფე, ვინტაჟურ სტილში გადაწყვეტილი. ძველი ნივთებითა და ავეჯით, სახლის ყოფილი მეპატრონეების ფოტოალბომებითა და წერილებით.

აღმაშენებელზე, ქუჩაზე,  რომელსაც საბოლოოდ პორტამდე მივყავართ, პრესის ძველი ჯიხურები ისე დგას, როგორც ათეული წლების წინ იქნებოდა. ჯიხურებთან რიგში მდგარი მოხუცები გაზეთებს ყიდულობენ და თან ახალ ამბებზე საუბრობენ.

ფოთის ქუჩებში ადგილობრივები ქალაქის პრობლემებზე გველაპარაკებიან, პირველ რიგში კი ქალაქის მოუწესრიგებელ კანალიზაციის სისტემასა და წყლის არხებზე ბრაზობენ. შეკეთების სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ახლა გაჩერებულია. სწორედ ამიტომ ქალაქის ზოგიერთ უბანში კანალიზაციის სუნი განსაკუთრებით იგრძნობა. ფოთის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქში გადათხრილი საკანალიზაციო სისტემის საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება, რადგან ამ პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის, ზაზა სიხარულიძის თქმით, ფოთში სისტემის მშენებლობა  2016 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა კონტრაქტორმა სამუშაოები ხარისხიანად ვერ შეასრულა, რის გამოც შეწყვიტეს მათთან თანამშრომლობა. კომპანია გეგმავს, შემოდგომიდან ახალ კონტრაქტორთან ერთად განაახლოს სამუშაოები.

ბაზარში სამარშრუტო ტაქსიში ვსხდებით; ჯერ ქალაქის ცენტრამდე, შემდეგ კი შუქურამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს უკან ბაზრიდან მომავალი მოხუცი ქალი ჯდება; ისიც ქალაქისა და ფოთის პორტის შესახებ გვესაუბრება.  

ფოთის პორტს ქალაქის დაახლოებით 50 ჰა ტერიტორია უკავია. პორტის მშენებლობა  XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. საბოლოოდ პორტის გეგმის პროექტი ნიკო ნიკოლაძის პერიოდში შეიქმნა. პორტის მფლობელია კერძო კომპანია APM terminals.  თითქოს ქალაქი და პორტი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს პრაქტიკულ ცხოვრებაში არ გამოიხატება და ამას ყველა ადგილობრივი აღნიშნავს.  

„რატომ არ აქვთ ქალაქისთვის თანხა? სად მიდის პორტის თანხა? ბიუჯეტში არ მიდის?  მარტო პორტი უნდა არჩენდეს ამ ქალაქს. ახლახან კიდევ შეუმცირებიათ ხალხი პორტში. პორტს აქაური ვერ ეკარება და ეს სირცხვილია.  ფოთი არის უპატრონო ქალაქი, არადა, რამდენ ქალაქს აჭმევს. განა ცოტა პროდუქტი გააქვთ ფოთიდან? ერთი ნაგვის მანქანა მუშაობს ამ ქალაქში კარგად და მეტი არაფერი“. - ამბობს ქალბატონი და სამარშრუტო ტაქსიდან ჩადის. სახელს ვეკითხებით, ეღიმება და გვებოდიშება, რომ ვერ გვეტყვის, რადგან მისი შვილი სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს. „არ მინდა, პრობლემები შევუქმნა“, -ამბობს, გვიღიმის და ჩადის.

ფოთის ბაზრიდან შუქურამდე მთელი ქალაქი გავიარეთ. სანაპირო ზოლზე მხოლოდ დანგრეული შენობები, ძველი რკინის ხიდები და მიტოვებული ნავებია. შუქურა ყველაზე მაღალი შენობაა მთელ ფოთში და ყველაზე დიდი საზღვაო ნაგებობა შავი ზღვის აუზში.  კოშკის კონტრუქციის დეტალები ლონდონიდან 1860 წელს ჩამოიტანეს. ლითონის უზარმაზარ კონსტრუქციას არსად აქვს შედუღება, ქანჩებითაა აწყობილი და გამაგრებული. შუქურა ახლა ჰიდროგრაფიული სამსახურის შემადგენელი ნაწილია. სანამ შუქურის თავში მოვხვდებოდით, 152 საფეხური ავიარეთ და თან კოშკის ისტორიაც მოვისმინეთ. გარდა იმისა, რომ შუქურა შავ ზღვაში მნიშვნელოვან სანავიგაციო ფუნქციას ასრულებს, ის ისტორიული ძეგლია; მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია. შუქურიდან მთელი ფოთი, რიონი და ზღვა ჩანს.

ქარია, თან საღამოვდება; შუქურიდან  მალე ჩამოვდივართ; წინ პალიასტომის ტბა და ტბასთან ერთი დასახლება დაგვრჩა მოსანახულებელი. ქალაქის მეორე ბოლომდე უნდა მივიდეთ.

პალიასტომის ტბის ნაპირზე 5-სართულიანი კორპუსი დგას. ხიდით ტბის ერთი ნაწილი გადავიარეთ. მეთევზეები შეგვხვდნენ. ხიდზე მჯდომი მეთევზე უკმაყოფილოდ წამოდგა; როგორც ჩანდა, არ იყო კარგი დღე თევზაობისთვის. ტბის ნაპირზე მდგარი კორპუსი  ავარიულია და  ეს შორიდანვე შეიმჩნევა.  კორპუსის გვერდით, ტბასთან დიდი რკინის ჯვარია. საღამოობით ვანათებთ და ჯვარი ტბაში დაკარგული მეთევზეებისთვის ნავიგაციის ფუნქციასაც ასრულებსო, გვეუბნებიან. ტბის ნაპირზე თხუთმეტიოდე ბავშვი თამაშობს.

ტბასთან გაგვიყვანეს; მოგვიბოდიშეს, ნავის პატრონი წასულია და ტბაში ვერ გაგიყვანთო.

დასახლების ამხანაგობის თავმჯდომარე რომან ინჯგია კორპუსის ავარიულობაზე გველაპარაკება. კორპუსს არ აქვს კანალიზაციის სისტემა, რის გამოც ფეკალური მასა კორპუსიდან 15 მეტრის დაშორებით გროვდება. უფრო მეტიც, გაუმართავი სისტემის გამო,  სიბინძურე ერთ-ერთი სადარბაზოს სარდაფში მოხვდა და პირველი სართული კიბეებამდე ამოვიდა. შიშობს, რომ ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია ის ანტისანიტარია, რაც კორპუსის ეზოშია.

„ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ, ქალაქის ხელმძღვანელობას. აქ ანტისანიტარიაა, ბუზები, მწერები, რამაც შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს “ - ამბობს რომანი ინჯგია.

კორპუსი ტბისგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ამბობენ, რომ ტბის ნაპირი თანდათან ფართოვდება და კორპუსისკენ მიიწევს...  ამიტომ ადგილობრივებმა დაახლოებით 100 ძირი ხე დარგეს სანაპიროზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი ვერ გაიზარდა. ისინი იმედოვნებენ, რომ ფოთის მერია დაპირებას შეასრულებს და ნაპირს გაამაგრებს. 

„ეს მხოლოდ გაჭირვების ამბავი რომ იყოს, მოითმენდა ეს ხალხი, მაგრამ ესაა უყურადღებობის, უმოქმედობის ამბავი. არადა, ეს უნდა იყოს დასასვენებელი ადგილი, სავიზიტო ბარათი ტურისტებისთვის. რა უნდა ნახონ აქ? ულამაზესი ტბა კანალიზაციის სუნით?“, - ამბობს რომანი ინჯგია. 

ნავიდან გადმოვდივართ, ბავშვებს ვემშვიდობებით.  7 წლის ანა სურმავა ხიდამდე გვაცილებს, გვეკითხება, როდის დავბრუნდებით. შეკითხვაზე პასუხი რომ არ გვაქვს, სწყინს, თუმცა მაინც გვიღიმის. სათითაოდ გვეხვევა, გვემშვიდობება და უკან, ტბისკენ გარბის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^