Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"პოლიციის პოლიცია" - რატომ აკრიტიკებენ იუსტიციის სამინისტროს პროექტს

12 ივლისი 2017

წლებია, სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე საუბრობს, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს. ამის აუცილებლობაზე მიუთითებს ის შემთხვევები, როცა მოქალაქეები ცემაში ან არასათანადო მოპყრობაში პოლიციას ადანაშაულებენ. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი არაერთი საქმე გახმაურებულ  - მამუკა მიქაუტაძის საქმე, დემურ სტურუას თვითმკვლელობა, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტი, პაკელიანის საქმე, აბზიანიძისა და სხვების საქმეები.

რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა და არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობა შესთავაზა. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“, სახალხო დამცველისა და გაერო-ის განვითარების ფონდის ჩართულობით შეიქმნა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი მექანიზმი.  თუმცა ამას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შემდგომი ნაბიჯები აღარ მოჰყოლია. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ საკუთარი კანონპროექტი წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს პროექტი არაფერს ცვლის, რადგან კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დამოუკიდებლობის საკითხი.

რას გვთავაზობენ სახალხო დამცველი და ფონდიღია საზოგადოება საქართველო“:

კანონპროექტის თანახმად, იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ე.წ. პოლიციის პოლიცია, რომელიც სრულად დისტანცირებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი  უწყებებისგან. ის მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

მას უფლება ექნება, გამოიძიოს დანაშაული, საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და საკმარისი მტკიცებულებების არსებობისას, როგორც ბრალდების მხარემ, მიმართოს სასამართლოს.

გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დინსტანცირებისა, დამოუკიდებლობისთვის მას მიუკერძოებელი ხელმძღვანელიც სჭირდება.  კანონპროექტის თანახმად, მას პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობა ნიშნავს. იმისათვის, რომ ადამიანი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის უფროსი გახდეს, ის საზოგადოებაში მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციით უნდა სარგებლობდეს, უნდა ჰქონდეს 10-წლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის სფეროში და ბოლო 3 წელი პროკურორად ან გამომძიებლად არ უნდა მუშაობდეს. დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური ვალდებული იქნება, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულსა და საზოგადოებას შეატყობინოს.

რას გვთავაზობს იუსტიციის სამინისტრო:

უწყების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტით, ცვლილება შედის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში და იქმნება ახალი განყოფილება - არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც  სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს  გამოიძიებს. მის ხელმძღვანელს, სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელთა მსგავსად, მთავარი პროკურორი დანიშნავს, გათავისუფლების შემთხვევაში კი გენპროკურორს საპროკურორო საბჭოს თანხმობა დასჭირდება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, იუსტიციის სამინისტრომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით გადაწყვიტა.

იუსტიციის სამინსიტრო მიიჩნევს, რომ ახალ დეპარტამენტს 18 თანამშრომელი უნდა ჰყავდეს, რისთვისაც ყოველწლიურად სახელწმიფო ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი უნდა გამოეყოს, ხოლო  საჭირო ინვენტარის შესაძენად ერთჯერადად- 430 000 ლარი.

განმარტებითი ბარათიდან ვიგებთ, რომ კანონპროექტის შექმნის პროცესში სამინიტრომ კონსულტაციები გაიარა პროკურატურასთან, შსს-სთან და სასჯელაღსრულების სამინისტროსთან.

რატომ უწოდებს არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს არაეფექტიანს

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის  91 ფაქტზე მიმართეს, სისხლის სამართლებრივი დევნა კი მათგან 2 საქმეზე დაიწყო.

დღეს ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი,  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაცია და საკანონმდებლო ორგანოს წევრები ესწრებოდნენ.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, წლებია, ქვეყანაში ეფექტიანი გამოძიების პრობლემა დგას. შესაბამისად, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის იდეას სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია უჭერს მხარს. ომბუდსმენი იუსტიციის სამინსიტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს კოსმეტიკური ცვლილებების განხორციელების მცდელობას უწოდებს.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ ასეთ საქმეებს და ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული მოდელი ეფექტიანი ვერ იქნება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თუ ზემოხსენებულ მექანიზმს დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი არ ექნება, სჯობს, საერთოდ არ შეიქმნას.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას შეხვედრის მონაწილეებმა კონკრეტული შემთხვევები გაიხსენეს, როცა საქმეში პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები იკვეთებოდა და ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია:

  • მამუკა მიქაუტაძე, რომელმაც თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, მას სხეულზე დაზიანებები  აღენიშნებოდა, რომელიც სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული. მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა;
  • სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციელის მუქარა გახდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობდა. 2017 წლის ივნისს დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე ქუთაისის სასამართლომ გაამართლა;
  • ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს სიღნაღში დააკავეს. მას წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყვანისას დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. სწორედ იზოლატორიდან დარეკვის შემდეგ დაიწყო კახეთის სამხარეო პროკურატურამ 333-ე მუხლით გამოძიება.

ეს ბოლო წლების გახმაურებული საქმეების ძალიან მოკლე ჩამონათვალია. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, ანა ნასრაშვილი იმ ძირითად ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც ასეთი საქმეების გამოძიებისას იკვეთება ხოლმე. ესაა:

  •  არაზუსტი კვალიფიკაცია, როცა მოქალაქე ნაცემია  და პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) იწყება;
  • ექსპერტიზა და ეფექტური გამოძიებისთვის საჭირო პროცედურები დაგვიანებით ტარდება;
  • ბრალდებული პოლიციელები დღემდე სისტემაში რჩებიან და მუშაობას აგრძელებენ;
  •  მოქალაქეებს, საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ.

როცა პოლიციელების შესაძლო დანაშაულზეა საუბარი,  ხშირად გვესმის განცხადებები, რომ 40 000-თანამშრომლიან უწყებაში გადაცდენის სრული პრევენცია რთულია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ეს არ არის დანაშაულები, რომელსაც ინდივიდუალური პოლიციელები სჩადიან. ხშირად ასეთ საქმეებში პოლიციელთა ჯგუფია ჩართული და შემდეგ ერთვება სისტემა, რომელიც მათ, დასჯის ნაცვლად, ხელს აფარებს. მისი თქმით, მსგავსი გადაცდომები სხვა ქვეყანაშიც ხდება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იქ სისტემა ეფექტურად იძიებს ფაქტებს და კანონს აღასრულებს.

სწორედ ზემოხსენებული საკითხების გამო მიიჩნევენ არასამთავრობოები, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე უწყება უნდა იძიებდეს, რომელთან დაკავშირებითაც კითხვები და ეჭვები არ არსებობს.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი გიორგი ბურჭულაძე განმარტავს, რომ პროკურატურა სამართალმდაცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე ადეკვატურად არ რეაგირებს. მისი თქმით, ორი ვერსიაა - ან არაეფექტურია პროკურატურა, ან მიკერძოებულია. ამის გამო მიიჩნევს ბურჯანაძე, რომ კანონპროექტი ახალს არაფერს გვთავაზობს, რადგან ახალი დეპარტამენტი პროკურატურის შიგნით იქმნება.

„ეს კანონპროექტი ვერც მიუკერძოებლობის პრობლემას ხსნის, რადგან ეს დეპარტამენტს ისეთსავე სახელისუფლებო ვერტიკალში აქცევს, როგორშიც სხვა დეპარტამენტებია. დღეს არსებული ორი პრობლემიდან სამინსიტროს მიერ შემოთავაზებული პროექტი ვერცერთს ვერ აგვარებს. ჩვენი კანონპროექტი კი პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს,  რომელიც ანალიზის შედეგად გამოვლინდა“, - განუცხადა ბურჯანაძემ „ლიბერალს“.

რატომ არ ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას? ამის მიზეზად გიორგი ბურჯანაძე სამართალდამცველების ნებას მიიჩნევს. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მათთან გადის კონსულტაციებს, ისინი კი მაკონტროლებელ ორგანოზე უარს ამბობენ.

„არადა, მათთვის უმჯობესია და მათ ინტერესში უნდა შედიოდეს ამ მექანიზმის შექმნა, რადგან მათ მიმართ ნდობა გაიზრდება და კითხვები აღარ იარსებებს. მაგრამ ეს გათვიცნობიერებული არ აქვთ და დამოუკიდებელ მექანიზმს მხოლოდ უარყოფით კონტექსტში აღიქვამენ“.

გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ თემაზე საზოგადოებასთან, პარლამენტთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა გაგრძელდება.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინფოგრაფიკა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^