Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

და მოვიდა „თანავარსკვლავედი“

15 ივლისი 2017

თანამედროვე ჩინელი მხატვრების გამოფენა ეროვნულ გალერეაში

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე ჩინელი მხატვრების გამოფენა გრძელდება. ექსპოზიცია სახელწოდებით „თანავარსკვლავედი“ 11 თანამედროვე ჩინელ არტისტს, მხატვარსა და ხელოვანს აერთიანებს,  რომელთა ნამუშევრები დიდ გავლენას ახდენენ  ჩინურ საზოგადოებაზე - მათ დღევანდელობაზე, სოციალურ და პოლიტიკურ  ყოფაზე. მათი ავანგარდისტული ნამუშევრები სწორედ ხელოვნებისადმი პოლიტიკურ, სოციალურ და ესთეტიკურ მიდგომას, განსხვავებულ გზებსა და ასპექტებს ასახავენ.

„თანავარსკვლავედის“ ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოში მცხოვრები კოლექციონერი ჯონ დოდელანდე. გამოფენის კურატორია ამი ბარაკი, ხოლო მედია მხარდამჭერი - მედია კომპანია „ბიო ინტერნაციონალი“ (მისი დამფუძნებელი და დირექტორი ოლგა ბაბლუანი ამავე დროს, „იმედის“ ჰოლდინგის პროექტების კრეატიული კონსულტანტია). მათ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაო გასწიეს გამოფენის მოსაწყობად და, შესაბამისად, თანამედროვე ჩინური ხელოვნების წარმოსაჩენად.

გამოფენაში მონაწილე არტისტების გვარები შესაძლოა არაფერს ეუბნება თუნდაც გალერეის მუდმივ სტუმრებსა და თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებს, თუმცა მათი ნამუშევრები - კონკრეტული და მძაფრი გზავნილებით, მრავალი  მიზეზით არის საყურადღებო. დაახლოებით 40 ნამუშევრის ავტორები არიან: აი ვეივეი, ჩენ ვეი, ცენგ რან, იუ იაიუან, ლი შურუი, ლუი ვეი, ლუ ფინგუან, ლუ სანჩუან, მა ქუიშა,  ვანგ გუანლ, ზაო ზაო...

გამოფენაზე  წარმოდგენილ ჩინელ მხატვრებს შორის განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან და ლამის ეპატაჟურად არტისტად აღიქმება აი ვეივეი, რომელიც გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური აქტივისტიცაა. შესაბამისად, სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, მისი ხელოვნება უფრო მძაფრი პოლიტიკური ელემენტებით გამოირჩევა. 2011 წელს აი ვეივეი დააპატიმრეს და  მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საერთაშორისო და მასშტაბური კამპანიის წყალობით მხატვარი გაათავისუფლეს.

ოლგა ბაბლუანი:  „აი ვეივეის კონცეფტუალური  ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია თავმოყრილი და ახლა უკვე ქართველ დამთვალიერებელსაც ეძლევა შანსი უშუალოდ გაეცნოს მხატვრის შემოქმედებას. პოსტტოტალიტარული ქვეყნების მხატვრები (მათ შორის  ჩინეთში) გაცილებით მძაფრად და ზუსტად ასახავენ იმ მნიშვნელოვან გარდაქმნებს, რაც პოლიტიკური სისტემის ცვლილებებს მოსდევს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დავაკვირდეთ ამ არტისტების გზას პოსტტოტალიტარული სისტემიდან პოსტინდუსტრიულ გარემომდე;  ახალი კუთხით შევხედოთ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს“.

მოკლედ, ეს გამოფენა კიდევ ერთი მიზეზია ინფორმაციით ქანცგაწყვეტილი საზოგადოების თუნდაც მცირემეტრაჟიან ფორმატში თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელობაზე სასაუბროდ. თანამედროვე საზოგადოება მოქცეულია მუდმივ საინფორმაციო და ემოციურ სტრესში, რადგან დღის წესრიგს მას, ძირითადად, ელექტრონული მედია და (ახლა უკვე) სოციალური ქსელები კარნახობენ. ისინი თითქმის განსხეულებულია თანამედროვე არტისტის ცხოვრებაშიც.

არტისტი, მხატვარი მუდმივად იმყოფება ინფორმაციისა და ინოვაციის გავლენის ქვეშ, რაც, ერთი მხრივ, მას ამბოხისა და პროტესტის შესაძლებლობას აძლევს და, მეორე მხრივ, დაღლისა და მორჩილებისკენ უბიძგებს. ბევრი თანამედროვე ჩინელი მხატვარი, მათ შორის გამოფენაზე წარმოდგენილი არტისტებიც, თავიანთ ნამუშევრებში პუბლიკას სწორედ საპროტესტო აზროვნების შემცველი გზავნილებით მიმართავენ. თუმცა, ცხადია, გამოფენაზე წარმოდგენილი 11 მხატვარი ბოლომდე ვერ ასახავს თანამედროვე ჩინურ ხელოვნებას.

ნამუშევრებიდან ისიც ცხადად ჩანს, რომ ბევრი მათგანი ცდილობს არ დაკარგოს ტრადიციული ფერწერა, არ მოსწყდეს ფესვებს. ამავე დროს, თანამედროვე ენაზე ესაუბროს დასავლეთს, რომელიც მისი ინსპირაციის, მისი ახალი და შთამაგონებელი ენერგიის  განუყოფელი ნაწილი გახდა.

თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვნება ჩინეთში მომუშავე მხატვრებს შინაგანი კრიტიკისა და განვითარების შანსს აძლევს. ამიტომაც ფერწერა, შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც პოლიტიკური ან სოციალური კრიტიკის ინსტრუმენტი. ეს კი მხატვრებს საშუალებას აძლევს თანამედროვე პრობლემებზეც ისაუბრონ და უვნებლად დაიცვან ეკოლოგიური და სოციალური ლანდშაფტი.

ეროვნული გალერეა თანამედროვე ჩინელ მხატვრებს 11 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

საბირქენდში 40 ბავშვი გაუსაძლის პირობებშ ...

„წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. ზამთარში კლასში იმდენად ცივა, რომ  გაჩერება შუეძლებელია. თითოეულ კლას ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

კოილი: საქართველოს გაერთიანებისთვის მოთმ ...

ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არაფრის გაკეთება შეუძლია. რუსეთის არმია დღეს 10-ჯერ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...

მეტი

^