Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანამედროვე ცივი ომი: რუსული პროპაგანდა საქართველოში

31 ივლისი 2017

რუსული „რბილი ძალა“ ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით გააქტიურდა. გამონაკლისი არც საქართველოა. ხშირად ვხვდებით ანტიდასავლურ რიტორიკას სოციალურ ქსელებში, ონლაინ მედიაში, ზოგიერთ რადიო- და ტელეგადაცემაში. ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრორუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს.

ბოლო პერიოდში  ქართულ  საზოგადოებაში შეიმჩნევა რუსული ორიენტაციის მხარდაჭერთა ზრდის ტენდენცია. სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს დასავლური არჩევანი ისევ შეუქცევადია. თუმცა ამავე დროს გაზრდილია, ე.წ. ჩრდილოეთის ვექტორის მომხრეთა რიცხვიც.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54% ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. გამოკითხულთა 18% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს,  ამასთან ერთად კარგი ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ევროკავშირთან და ნატო-სთან.  ამასთან, საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი (31%) ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან უფრო კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ. ამგვარი კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი და ეს რიცხვი 27%-ს შეადგენდა.  ხოლო ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.(იხ.სტატისტიკა).  

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად რუსული „რბილი ძალა” ქვეყანაში სულ უფრო აქტიურდება და ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე.

რუსული პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისით გამოირჩევა ორგანიზაცია „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირიც“. მისი თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია.  

 „რუსულ-ქართულ ახალგაზრდული კავშირი“  დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე. (იხ. ვიდეო, სადაც ყიფიანის რუსული ორიენტაცია კარგად ჩანს).

სულ ბოლოს, ამ ორგანიზაციამ და მისმა თავმჯდომარემ, ირაკლი ყიფიანმა ქართულ საზოგადოებას თავი 9 მაისს,  ე.წ. პუტინის ბაიკერების „ღამის მგლების” საქართველოში მოწვევით შეახსენა. „ღამის მგლები", ე.წ. ბაიკერთა კლუბია, რომელიც საბჭოთა კავშირში 1989 წელს შეიქმნა. „ღამის მგლები“ რუსეთის მთავრობასთან, კერძოდ, პუტინთან დაახლოებული პირები არიან, და ხშირად მათ პუტინის ბაიკერთა კლუბად მოიხსენებენ. მათი ერთ-ერთი წევრია ასევე ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. გავრცელებული ინფორმაციით, „ღამის მგლები“ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. gazeta.ru-ის თანახმად, ღამის მგლები 2015 წლისთვის სახელმწიფო გრანტების მეშვეობით 56 მილიონი რუბლი მიიღეს. ამ კლუბის პრეზიდენტი ალექსანდრ „ქირურგი“ ზალდოსტანოვი პუტინთან მოახლოებული პირია.

ქართულ საზოგადოებაში „ღამის მგლების“ შესაძლო ჩამოსვლამ დიდი პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში 50-მდე „ღამის მგლების“ წევრებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა. თუმცა, რამდენიმემ მაინც შეძლო საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა. 

ღამის მგლები თბილისში

9 მაისის თემის გასაგრძელებლად, „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ წევრები რუსეთშიც ჩავიდნენ და IV მოძმე ერების სპორტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს. ასევე, მოსკოვში „რუსულ კავკასიელ ხალხთა კონგრესის“ წევრებთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგეს. „რუსეთის კავკასიელ ხალხთა კონგრესი“ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს. მან 2010 წელს საპრეზიდენტო გრანტი მიიღო, რის შემდეგაც  მათი ბიუჯეტი 3 მილიონ რუბლზე მეტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Transparency International -ის ანგარიშშია ასახული. თავად ამ ორგანიზაციის ფინანსური ანგარიში ძალზე მწირია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს მათი ბიუჯეტი 3 მილიონ რუბლზე ნაკლები იყო და უცხოური ორგანიზაციებიდან გრანტები არ მოუპოვებიათ.

ორგანიზაცია „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირზე“ ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება. ორგანიზაციას მხოლოდ საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში, რომელიც  2017 წლის თებერვალშია შექმნილი.  იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია 2017 წლის 7 თებერვალს  დარეგისტრირდა, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“. ხოლო რეგისტრაციაზე განაცხადი 2016 წლის 30 იანვარს ქეთევან ქურდაძის მიერ იყო შეტანილი. ორგანიზაციის თავმჯდომარე და 100%-იანი წილის მფლობელი თავად ქეთევან ქურდაძეა.

სოციალური ქსელის მიხედვით ირკვევა, რომ ქეთევან ქურდაძე ირაკლი ყიფიანის ახლობელი პირია (სავარაუდოდ, შეყვარებული). თავის მხრივ, ქეთევან ქურდაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოადგილის, დავით ქურდაძის ქალიშვილია.

საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ისიც ირკვევა, რომ ორგანიზაციას მმართველობითი ორგანო აქვს, სადაც ხუთი წევრია დარეგისტრირებული. მათ შორისაა მერაბ ყიფიანი, რომელიც, სავარაუდოდ, ირაკლი ყიფიანის ნათესავია. თავად ირაკლი ყიფიანი ოფიციალურად არსად ფიგურირებს. (მკითხველს შეუძლია აღნიშნული ბმულზე მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციის მიღება).

ასევე არ არის გაცხადებული, კონკრეტულად აქვს თუ არა ორგანიზაციას ფინანსური კავშირი რუსულ ფონდებთან. ორგანიზაციას წესდებაში დაფინანსების წყაროები ორ ნაწილად აქვს დაყოფილი: საკუთარი და მოზიდული წყაროები. ამ უკანასკნელში გრანტები და შემოწირულობები იგულისხმება. ხოლო, გრანტებს რომ თავად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფონდი „Русский Мир” გასცემს, ამას ინტერვიუში თავად ირაკლი ყიფიანიც ადასტურებს.

„ჩვენ არაფერს ვმალავთ. გვაქვს პროექტები და აქტივობები, რომელსაც რუსული ფონდი „Русский мир” გვიფინანსებს. ასევე, არიან ქართველი ბიზნესმენები, რომელთა სახელების გამჟღავნების უფლება არ მაქვს. გარდა ამისა, როდესაც რუსეთში გვიწვევენ, ყველანაირ ხარჯებს რუსული მხარე ფარავს. შესაძლოა დამფინანსებელი თავად რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც იყოს.  საქართველოში კი რასაც ვაკეთებთ, ძირითადად გვაფინანსებს „Русский мир” ან ქართველი ბიზნესმენები გვეხმარებიან. ჩვენ კი საქმიანობიდან არანაირი მოგება არ გვაქვს“, - აცხადებს ირაკლი ყიფიანი. 

თუმცა, ყიფიანი იმასაც აღნიშნავს, რომ  მისი ორგანიზაცია რუსულ პროპაგანდას არ ეწევა და არც ვლადიმერ პუტინთან აქვს რაიმე სახის კავშირი. არამედ, მათი მიზანი ქართველი და რუსი ხალხის დაახლოებაა. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საქართველოს მის მეზობელ სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. და ვინც ამ იდეოლოგიას იზიარებს, სწორედ ის ბიზნესმენები აფინანსებენ.

„ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი ორგანიზაცია. ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს. გვინდა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოგვარდეს. ამ პრობლემების მოგვარება კი მხოლოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი.  დაპირებები, რომ ევროპულ ბაზარს დავიკავებდით და ჩვენი პროდუქტი გავიდოდა, ფარსი აღმოჩნდა. დასავლური კურსით ჩვენ არათუ ვიღებთ დივიდენდებს, არამედ რაც გაგვაჩნია იმასაც ვკარგავთ. თუნდაც ავიღოთ გაურკვეველ სამხედრო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა, სადაც ისინი იხოცებიან. იდეაში, ქართველი ბიჭები იქ საქართველოს უსაფრთოებას იცავენ, მაგრამ რა შუაშია იქ საქართველოს უსაფრთხოება, ვერ ვხვდები. ჩვენი მიზანია, საზოგადოებამდე ჩვენი მიდგომები და სათქმელი მივიტანოთ. ეს არ არის რუსული პროპაგანდა. ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად ქვეყნისთვის არის მომგებიანი და ჩვენ ქვეყნის იმიჯის გამოსწორებას ვცდილობთ“, - ამბობს ყიფიანი.

მისივე თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა.

ყიფიანის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფინანსებელი რუსული ფონდი „Русский мир” მიზნად ისახავს რუსული ენის და კულტურის შენარჩუნებას სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ეთნიკურად რუსული მოსახლეობა ცხოვრობს. აღნიშნული ფონდი რუსული „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ძლიერი იარაღია. ის ასევე საქართველოში რიგ ორგანიზაციებთან თანამშომლობს. თუმცაღა, რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი ამ სიაში არ ფიგურირებს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას ამ ფონდთან ერთი საერთო ღონისძიება აქვს  ჩატარებული - სკოლის მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი კონკურსი „ალექსანდრე გრიბოედოვი - დიდი მოღვაწეობის და დიდი სიყვარულის ისტორია“. კონკურსში გამარჯვებულები კი  ერთი კვირით მოსკოვში გაემგზავრნენ.  

რაც შეეხება თავად ირაკლი ყიფიანს, ის წარსულში პრორუსული ორიენტაციის მქონე არაერთი ორგანიზაციის წევრი იყო. წლების განმავლობაში ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“  ახალგაზრდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა. თავად „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძეა, რომელიც რუსეთთან მჭიდრო კავშირით გამოირჩევა. ხოლო, მის ორგანიზაციას პარალელურად სხვადასხვა ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება აქვს დაფუძნებული, რომელიც რუსული ნარატივის გამტარებლები არიან.  კვლევებით დადასტურებულია, რომ „ევრაზიის ინსტიტუტმა“ 2013 წელს დააფუძნა ორგანიზაცია  „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი", რომელსაც ასევე ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.

ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდული პროექტია - „ინიციატივა 9 მაისი“. პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და მასში მონაწილეობას იღებენ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ “ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას”. მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებიან  9 მაისის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. 2015 წლის შეხვედრის ფარგლებში ვეტერანებმა ახალგაზრდებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ „მძიმე ხვედრისგან იქნა გადარჩენილი საქართველო, საბჭოთა კავშირის ხალხების ერთიანობის, მათი გმირობისა და ამ ხალხების ლიდერის და მთელი საქართველოსათვის საამაყო - იოსებ სტალინის სიბრძნის წყალობით”. ბავშვებმა კი 9 მაისთან დაკავშირებით შეთხზული თხზულებები წაიკითხეს.

ჩვენი მიზანი არ არის, კონკრეტულად ერთი პიროვნების, ირაკლი ყიფიანის რუსულ ორგანიზაციებთან კავშირების დადგენა. ჩვენი მიზანი საქართველოში იმ იარაღების და წყაროების გამოვლენაა, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ავრცელემენ. საჭიროა, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს ყოველი ასეთი წყაროს შესახებ, რათა რუსულმა ნარატივებმა მათზე არ იმოქმედოს. ამ შემთხვევაში კი ირაკლი ყიფიანის ორგანიზაცია „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“ ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც საქართველოში რუსული პროპაგანდა  ვრცელდება.

მასალა მომზადდა პროექტ „პროპაგანდის გამოვლენა საგამოძიები ჟურნალისტიკაში" ფარგლებში. 

ავტორები:

თათია შაიშმელაშვილი

ეკატერინა ხარბედია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრ ...

ფრაგმენტი მეი მასკის წიგნიდან „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრებისათვ ...
13 აგვისტო
13 აგვისტო

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თ ...

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნი „ქალი ისახავს მიზანს: რჩევები თავგადასავლებით, სილამაზითა და წარმატებით სავსე ცხოვრე ...
08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი

მეტი

^