Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრანდ მორო

01 აგვისტო 2017

პარიზში გარდაიცვალა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟანა მორო

პარიზში 89 წლის ასაკში ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟანა მორო გარდაიცვალა, რომელმაც 140 კინოროლი (!) განასახიერა და თეატრში 60-მდე სცენური სახე შექმნა. მისი კარიერა უჩვეულოდ ადრე დაიწყო, როდესაც 40-იანი წლების ბოლოს „კომედი ფრანსეზის“ ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა. ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“ მან ვეროჩკას როლი შეასრულა, თუმცა თეატრში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ მალე დატოვა საფრანგეთის მთავარი სცენა. პირველი აღიარება ლუი მალის ფილმებმა „ლიფტი ეშაფოტზე“ და „საყვარლებმა“ მოუტანა. ბევრი კრიტიკოსი მას „ახალი ტალღის“ ეპოქის სიმბოლოდაც კი მიიჩნევს.

60-იან წლებში ჟანა მოროს ზედიზედ იღებენ ცნობილი თუ ახალგაზრდა რეჟისორები - ფრანსუა ტრიუფო („ჟული და ჯიმი“, „პატარძალი შავებში“), როჟე ვადიმი („სახიფათო კავშირები“), პიტერ ბრუკი (Moderato Cantabile), მიქელანჯელო ანტონიონი („ღამე“), ჯოზეფ ლოუზი („ევა“), ლუის ბუნუელი („მოახლის დღიური“), ორსონ უელსი („პროცესი“, „შუაღამის ზარები“)...

სწორედ ამ ფილმებში გამოიკვეთა მსახიობის განსაცვიფრებელი უნარი, ყოფილიყო ერთდროულად პოეტურიც, მაგნიტურიც, დახვეწილიც, ინტელექტუალურიც  და ფიზიოლოგიურიც. „ის აბსოლუტური ვარსკვლავია, მსოფლიოს საუკეთესი მსახიობი“ - აღნიშნავდა ორსონ უელსი.

ჟანა მოროს მთავარი ღირსება ის არის, რომ ათწლეულების განმავლობაში კინემატოგრაფში მან მოახერხა შეექმნა საბედისწერო, სექსუალური და ინფერნალური ქალების ხატები, რომლებიც ერთდროულად ძალიან კონკრეტული და ამავე დროს, ზედროული და სიმბოლურია. „როდესაც დიდ რეჟისორებთან ვმუშაობ, ბევრ რამეს ვსწავლობ: დახვეწილ გემოვნებას, პროფესიულ სიზუსტეს, შეცდომებისგან თავის დაზღვევის უნარს... ვერ ვიტყოდი, რომ ახლანდელი რეჟისორები კლასიკოსებზე უარესი ან უკეთესები არიან. ისინი უბრალოდ, სხვაგვარად აზროვნებენ. იმიტომ, რომ კინო გახდა სხვაგვარი, რომელიც სარკესავით ირეკლავს ცვლილებსა და მოვლენებს“.

მაშინაც კი, როცა მორო ძალიან ახალგაზრდა იყო და შესაბამისად, სექსუალური იმიჯი მის გმირებს ვალდებულებას უფრო აკისრებდა, სინამდვილეში ის გამოცდილ, დაბრძენებულ და საბედისწერო ქალებს თამაშობდა. და რაც მთავარია, არასოდეს ეშინოდა სიახლისა და გაბედულების. სწორედ ეს თვისებები აღმოჩნდა რაინერ ვერნერ ფასბინდერის სკანდალურ „კერელში“ მისი წარმატების მთავარი მიზეზი.

ჟანა მორო არ ერიდებოდა ექსპერიმენტებსა და მოსალოდნელ მარცხსაც. მხარს უჭერდა ახალგაზრდა და ზოგჯერ სრულიად უცნობ რეჟისორებს. სწორედ მისმა მონაწილეობამ ფილმში „ვალსის მოცეკვავენი“ განსაზღვრა რეჟისორ ბერტრან ბლიეს შემდგომი წარმატებული კინოკარიერა. ასევე შექმნა დასამახსოვრებელი როლები რუსტამ ხამდამოვის ფილმში „ანა კარამაზოფ“, ფრანსუა ოზონის ფილმში „გამოთხოვების დრო“ და ახალგაზრდა ესტონელი რეჟისორის, ილმარ პააგის ფილმში „ესტონელი ქალი პარიზში“.

მიშელ მორგანისგან განსხვავებით, ის არ ფარავდა (თუ მოსავდა) საკუთარ გმირებს ზედმეტი რომანტიზმით, ბრიჯიტ ბარდოსგან განსხვავებით, არ იყო ეპატაჟური და სექსუალური, იზაბელ იუპერისგან განსხვავებით - გაუცხოებითა და თვითირონიით გამორჩეული, კატრინ დენევისაგან განსხვავებით - ცივი ვნებით ანთებული, და ფანი არდანისგან განსხვავებით - ვამპირულად დახვეწილი. ჟანა მორო კინოს ისტორიაში შევიდა, როგორც „ახალი ტალღის“ მთავარი, ჯადოსნური, მიმზიდველი და მუდმივად ცვალებადი იკონა; სახე, რომელსაც, რაც მეტად აკვირდები, მით უფრო გიჭირს მიზიდულობის ძალის საიდუმლოს ამოხსნა.

გრეტა გარბოსა და მარლენ დიტრიხის შემდეგ, ძნელია კინოს ისტორიაში მოიძებნოს მსახიობი ქალი, რომელშიც ერთად იყო თავმოყრილი იდუმალება და სექსუალობა, თამაში და რეფლექსია, ემანაცია და მუდმივი ცვალებადობა. მისი თამაშის ოდნავ თავშეკავებული და მგრძნობიარე მანერა ყოველთვის ტოვებდა იდუმალების გარკვეულ შეგრძნებას, რომელსაც ბევრი გამოცანას უწოდებს და რომლის ამოხსნა უკვე მომავალი თაობის საქმეა.

მადლობა და მშვიდობით, გრანდ მორო!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^