Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საშიში დედის“ კინოვნებანი

03 აგვისტო 2017
ლოკარნოს 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ახალი ფილმი უჩვენეს

ლოკარნოში 2 აგვისტოს 70-ე საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა, რომლის საკონკურსო პროგრამაშია ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანა ურუშაძის სრულმეტრაჟიანი ფილმი „საშიში დედა“. ფილმი  3  აგვისტოს უჩვენეს და მას კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. მაგალითად, კინოკრიტიკოსი ვასილის ეკონომუ აქვეყნებს რეცენზიას სათაურით „საშიში დედა: ოჯახი, როგორც მონსტრების ინკუბატორი“.

„ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანა ურუშაძე, ამჯერად სრულმეტრაჟიან ფილმს წარმოგვიდგენს: „საშიში დედა“, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ქალის როლსა და პოზიციას წარმოაჩენს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე თანამედროვე რეჟისორების სექციაში გაიმართა.

ფილმის მთავარი გმირი მანანა (ნატო მურვანიძე) 50 წლის დიასახლისია, რომელიც წერის დაუოკებელი ვნებითაა შეპყრობილი. ოჯახში არავინ უჭერს მხარს მის მისწრაფებას, თუმცა ამჯობინებენ, გაგებით მოეკიდონ მის უცნაურობასა თუ ახირებას - მისი მეუღლისგან, ანრისგან (ამ როლს დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს) განსხვავებით, რომელიც რეალურად მანანას ყველაზე დიდი კრიტიკოსია. საკმარისია, მანანამ ოჯახის წევრებს წიგნი წაუკითხოს, რომელსაც ჩუმად წერდა, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება. რადგან მისი გამოგონილი პერსონაჟები ნამდვილს ემთხვევა...

მანანას ერთადერთი მხარდამჭერი და თაყვანისმცემელია საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი ნუკრი (რამაზ იოსელიანი), რომელსაც სჯერა, რომ ის ლამის შედევრს წერს. სწორედ აქედან იწყება მანანას ევოლუცია - ის უარს ამბობს, იყოს მზრუნველი ცოლი და საერთოდ არ ითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს. მას ხშირად განსჯიან გარეგნობის, იდეების, საჭროებებისა და ქცევის გამო. მანანა ცდილობს, გაექცეს ჩაკეტილ გარემოს, სადაც მას სერიოზულად არ აღიქვამენ, მაგრამ ყრუ კედლებს აწყდება და სულ უფრო მარგინალიზებული ხდება. მაგალითად, აკეთებს ჩანაწერებს  სააბაზანო ფილებზე, რაც მის აღფრთოვანებას და სხვათა გაღიზიანებას იწვევს.

მანანას ყველა მცდელობა, დაარღვიოს სტერეოტიპული, საშუალო კლასის ოჯახის ბარიერები, რეალობასთან შეჯახებით სრულდება. შედეგად ის იძულებულია, საკუთარი ფანტაზია რეალურ სამყაროს დაუქვემდებაროს. მანანას თითქოს ეშინია, რომ მანანგალი გახდება - ფილიპინური მისტიკური არსება, რომელიც ქალის ფორმას იღებს, სინამდვილეში კი სისხლისმწოველი მონსტრია. მას სჭრიდება, რომ მოუსმინონ, თუმცა ყოველთვის თავის ადგილზე მიუთითებენ. მას შემდეგ, რაც ის სოციალური და მნიშვნელოვანი პერსონა გახდება, მისი ოჯახი შიშის, ტერორისა და საშინელებათა ინკუბატორად იქცევა...

ანა ურუშაძე, რომელიც სცენარის ავტორიცაა, გვიხატავს ქალის პორტრეტს, რომელიც ცდილობს საშუალო ასაკის კრიზისი დაძლევას  და რომელსაც გარშემომყოფები ვერ უგებენ. შთამბეჭდავია, რომ ეს ისტორია შესანიშნავი სოციალური კომენტარია იმის შესახებ, თუ რის გადალახვა უხდებათ ქალებს თანამედროვე საქართველოში.

მსუბუქი აბსურდულობისა და მწარე ირონიის ბალანსის მიუხედავად, „საშიში დედა“ არქეტიპულ და რეალისტურ დრამას ჰგავს, რომელიც თითქმის ყველა მგძნობიარე საკითხს ეხება. ქალი-პერსონაჟი, რომელიც არაჩვეულებრივად არის გადმოცემული მურვანიძის დამაჯერებელი შესრულებით, შესაძლოა იყოს ნებისმიერი ქალი, რომელიც ყოველდღიურად განიცდის სიტყვიერ ზეწოლას. ის არის ერთგვარი დევნილი, რომელსაც აიძულებენ,  მიხედოს ოჯახს, მოუაროს ქმარს და მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი ეს იყოს... ან იქცეს ახალშობილ მონსტრად, რომელიც უფრო საკუთარი თავისთვის არის საზიანო, ვიდრე სხვებისთვის.

მოქმედება თითქმის უსახურ და დესპოტურ პოსტსაბჭოთა ურბანულ გარემოში ხდება, რომელსაც არაჩვეულებრივად ასახავს ოპერატორი კონსტანტინე-მინდია ესაძე. ის გამოსახულებას განსხვავებულ ტექსტურას ჰმატებს. გარემო ცივ ფერთა პალიტრაშია გადმოცემული, რაც ერთდროულად პერსონაჟებთან სიახლოვისა და სიშორის განცდას ბადებს. „საშიში დედა“ არის მშვენიერი და გაბედული დებიუტი თემაზე, რომელიც სხვადასხვა საშუალებითა და ფორმითაა გადმოცემული. თუმცა ანა ურუშაძე საკუთარ უნიკალურ პერსპექტივასაც გვთავაზობს და გვარწმუნებს, რომ იგი მართლაც ღირსეული რეჟისორია.“

„საშიში დედა“ ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა, რომლის დახმარებითაც მანამდე ქართული ფილმი „პატარძლები (2014, რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი) და „მანდარინები“ შეიქმნა, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტის, რეჟისორ ზაზა ურუშაძის მნიშვნელოვანი ნამუშევარია.

ლოკარნოს კინოფესტივალი 12 აგვისტოს დაიხურება და ცნობილი გახდება  გამარჯვებული ფილმის ვინაობა, რომელიც „ოქროს ლეოპარდით“ დაჯილდოვდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

სოციალური პასუხისმგებლობა და მეწარმეობის ...

უკვე რამდენიმე წელია, ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სკოლის კუთვნილ ეზოში კარტოფილი მოჰყავთ. მოსა ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ავტომობილების ტექნიკური შემოწმების თანა ...

ორი კვირის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ 2018 წლის პირ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რას იწვევს არასწორი კვება ბავშვებში

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ანგარიშებიდან ვიგებთ, სიღატაკე, კვებ ...

მეტი

^