Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალამ) სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ, როდესაც ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).

დაკავება

2017 წლის 25 იანვარს, როდესაც ბახალა თურქეთიდან (სადაც ის პირად საქმეზე იმყოფებოდა), ბათუმის გავლით, ტაქსით თბილისში ბრუნდებოდა, პოლიციამ ის აღმაშენებლის ხეივანთან გააჩერა. 25 იანვარს ღამის სამიდან ოთხ საათამდე.

„თვალებს ვახელ და პოლიციის რამდენიმე მანქანას ვხედავ. გადმომიყვანეს და საუბარი პირდაპირ თანამშრომლობაზე დამიწყეს, რომ ამა და ამ ადამიანს უნდა დაადო ხელიო. უნდა დამედასტურებინა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მისი იყო. თქვეს, რომ გაჩერებული ჰყავდათ რაღაც მანქანა, სადაც ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს და მე უნდა მეთქვა, რომ ეს ნივთიერებები ერთ-ერთ პირს ეკუთვნოდა. მე ამ ადამიანთან მხოლოდ საქმიანი კავშირი მქონდა“, - იხსენებს გიორგანაშვილი.

როგორც ბახალა ამბობს, ინფორმატორობაზე საუბრის დაწყებისთანავე ითხოვდა ადვოკატს, რაც არ დაუკმაყოფილეს.

„შემდეგ მანქანაში ჩამტენეს და იქ დაიწყო კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა - რასაც გეუბნებით, იმას თუ არ გააკეთებ, არ იცი, სად მოხვდები და ა.შ. ძალიან მძიმე ტექსტები. 25 წუთი არ გაჩერდნენ. მე ისევ ვითხოვ ადვოკატს და მეუბნებიან, რომ ამ ღამე საიდან უნდა მომიყვანონ ადვოკატი, რომ  რასაც მეუბნებიან, ის უნდა გავაკეთო. საბოლოოდ, კარგიო,  რადგან ჯიუტობ, მაშინ გავიჩხრიკავთო. მანქანიდან რომ გადამიყვანეს, კიდევ ვეუბნები, რომ ადვოკატის გარეშე არაფერი გააკეთოთ-მეთქი. ისევ მითხრეს, რომ ადვოკატს იმ დროს ვერ მოიყვანდნენ. შემდეგ ვუთხარი, რომ ნებისმიერი მანქანა გაეჩერებინათ (ბევრი მანქანა დადიოდა ტრასაზე). ამაზეც თქვეს, რომ ვერ გვხედავ რამდენი ვართ, მოწმეები ჩვენ ვართო. ტაქსის მძღოლი იდგა ორ ნაბიჯში და ჩხრეკაზე ის დავისწროთ-მეთქი. ფათური მიდის უკვე ჯიბეებში და ეს რომ გაიგეს, აღარც გაწელეს, რომ ვითომ [მჩხრეკდნენ]. პირდაპირ ხელს შლის [ერთი-ერთი პოლიციელი] და უდევს შეკვრა“, - ამბობს გიორგი.

რას ამბობენ ბრალდების მხარის „მოწმეები“

ბახალას ადვოკატების თქმით, ბახალას საქმე, ისევე, როგორც ნარკოტიკების ჩადების სხვა საქმეები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს - „ორი მოწმე პოლიციელის“ ჩვენება, მათ მიერვე შედგენილი ჩხრეკა-დაკავების ოქმები საკმარისია იმისთვის, რომ პირის მიმართ დევნა დაიწყოს და გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდეს.

14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის მოწმე ჯაბა ხულორდავა. სწორედ ჯაბა ხულორდავას ინფორმაციის საფუძველზე მოხდა შემდგომ გიორგი გიორგანაშვილის დაკავება. ხულორდავამ, რომელიც ამჟამად ასევე ბრალდებულია ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ირაკლი ქორიძის დავალებით წავიდა თურქეთში, სადაც შეხვდა გიორგი გიორგანაშვილს, რომელმაც მას  ნარკოტიკები გადასცა. როდესაც ხულორდავა თბილისში ბრუნდებოდა, ისიც გააჩერეს თბილისის შემოსასვლელთან. ხულორდავამ განაცხადა, რომ მის მანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებები ირაკლი ქორიძეს, გიორგი გიორგანაშვილსა და მას ეკუთვნოდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტის, ბახალას ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოიყვანა პროკურატურამ ჯაბა ხულორდავა მოწმედ, ვინაიდან მის მიერ მიცემული ჩვენება ბახალას საქმესთან კავშირში არაა.

ადვოკატის თქმით, ჯაბა ხულორდავასთან აღმოჩენილ ნარკოტიკებზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე გიორგი გიორგანაშვილის კვალი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჯაბა ხულორდავასა და გიორგი გიორგანაშვილის საქმეები, რომლებიც თავიდან გაერთიანებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიყო.

ბახალა ამბობს, რომ პროცესზე ჯაბა ხულორდავას დაკითხვა იმისთვის იყო „გათამაშებული“, რომ მოსამართლის თვალში მისი რეპუტაცია გაეფუჭებინათ.

„ეს ყველაფერი არის აწყობილი. სამმართველოში რომ მიმიყვანეს, ეს ადამიანი [ჯაბა] იქ ჰყავდათ, მას ჩემზე ხელი დაადებინეს ისე, რომ ჩვენება მიცემული არ ჰქონდა. შემდეგ სამმართველოში რომ მივედი, 10 წუთის განმავლობაში მესმოდა, როგორ სცემდნენ, ოთახთან რომ გავიარე, გადაწითლებული სახით იჯდა“, - ამბობს ბახალა.

ადვოკატი გიორგი მახარაძე ამბობს, რომ  ქორიძის დასაჭერად სჭირდებოდათ ორი ადამიანის ჩვენება, ჯაბასი და ჯაბას შემდეგ აპოვნინეს მესამე კაცი, იმ იმედით, რომ გიორგიც იტყოდა, რომ ეს ნარკორკოტიკი ირაკლის ეკუთვნოდა.

„იფიქრეს, რომ მე გამაჩერებდნენ, მარტივად შემაშინებდნენ, როგორც ის ადამიანი შეაშინეს და შეკერილი საქმით მივიდოდნენ სასამართლოში“, - ამბობს ბახალა.

ტაქსის მძღოლის ჩვენება

14 ივლისს სხდომაზე ასევე დაიკითხა ტაქსის მძღოლი მიხეილ ბრეგაძე, რომელმაც გიორგანაშვილი ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ, ტაქსის მძღოლის თქმით, მას არ ახსოვდა ეძინა თუ არა გიორგანაშვილს მგზავრობისას, ჰქონდა თუ არა ბარგი, ეწეოდა თუ არა ელექტროსიგარეტს, გადაუხადა თუ არა მგზავრობის ფული, ითხოვდა თუ არა გიორგი ადვოკატსა და ჩხრეკისას მოწმის დასწრებას - მისი ჩვენებიდან დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი დეტალი მაინც გამოიკვეთა.

პროცესისას გიორგანაშვილის შეკითხვაზე, დაინახა თუ არა მან, რომ მისი ტანსაცმლიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ტაქსის მძღოლმა თქვა, რომ მას ეს არ დაუნახავს. მან თქვა, რომ დაინახა მხოლოდ პოლიციელი, რომელსაც უკვე ხელში პოლიეთილენის შეკვრაში ნარკოტიკები ეჭირა.

ადვოკატ მახარაძის თქმით, აღნიშნული ჩვენება, როდესაც ტაქსისტმა მისცა, რომ მას არ დაუნახავს, რაიმე ამოიღეს თუ არა გიორგის ჯიბიდან, უმნიშვნელოვანესი ჩვენებაა დაცვის მხარის სასარგებლოდ.

„მხოლოდ ის ნიუანსები ახსოვდა, რაც ჩვენებაში ჩაუწერეს. არ ახსოვდა ისეთი მნიშნველოვანი რაღაცები, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვილაპარაკეთ, მაგ: შველის თუ არა ელექტროსიგარეტი სიგარეტისთვის თავის დანებებას და ა.შ. პოლიციელებმა გამზადებული პასუხები მისცეს და უთხრეს, რომ ამას არ გადაუხვოო. ჩვენებაში უწერია კიდეც, რომ დაინახა, როგორ ამოიღეს რაღაც ნივთიერება ჯიბიდან, მაგრამ პროცესზე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ამას ვეღარ იტყოდა“, - ამბობს ბახალა.

სხვა შეუსაბამობები - რატომ არ გაიჩხრიკა ხელბარგი

გიორგანაშვილის ჩხრეკისას, არ გაუჩხრიკავთ მისი ხელბარგი, რომელიც მას მანქანაში ჰქონდა.

„ჩხრეკის პირველი წესი არის, რომ ამ დროს რასაც აღმოაჩენ, უნდა გაჩხრიკო ყველაფერი, რაც ადამიანს თან აქვს -  ჩანთა იქნება, პარკი, ჯიბე თუ სხვა რამ. თან ყველაზე სასაცილოა ის, რომ ეს ჩანთები ოჯახს გამომძიებლის მიერ დაუბრუნდა“, - ამბობს ადვოკატი მახარაძე.

საქმის მასალებში არის გიორგანაშვილის დედის ხელწერილი, სადაც ის წერს, რომ ჩაიბარა გიორგი გიორგანაშვილის კუთვნილი ორი ხელჩანთა, და მოცემულია სრული აღწერა იმ ნივთებისა, რაც ხელჩანთაში იყო.

გიორგანაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის ნინო გელაშვილის თქმით, იმიტომ არ გაიჩხრიკა ხელბარგი, რომ პოლიციელებმა იცოდნენ, რომ გიორგანაშვილს არ ჰქონდა არანაირი ნარკოტიკი, ვინაიდან ის, რის ფლობასაც ედავებიან, რეალურად ჩადებულია.

„ასევე ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მიზანს მარტივად მიაღწევდნენ და გიორგი იტყოდა იმას, რასაც მისგან ითხოვდნენ. ამიტომ არის ეს საქმე შავი ძაფით შეკერილი“, - ამბობს გელაშვილი.

ადვოკატი ჩხრეკა-დაკავების ოქმზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბახალას ჩხრეკა მისი დაკავების ადგილზე მოხდა, თუმცა ჩხრეკისა და დაკავების ოქმი ადგილზე არ შევსებულა. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეივსო. ჩხრეკა-დაკავების ოქმში კი აღნიშნულია, რომ ოქმის შედგენა დაკავების ადგილზე მოხდა.

„ჩხრეკის ოქმის ადგილზე შედგენა არ მომხდარა. წინა პროცესზე მოწმემ დაადასტურა, რომ ჩხრეკა ღამის განათების პირობებში მოხდა, ღამის 4 საათისთვის. ტექნიკური განათების პირობები არ ყოფილა გამოყენებული, რომ ფარანი მიენათებინათ ან სხვა რამ. თუ ჩხრეკის დროს რაიმე სახის ტექნიკური საშუალებაა გამოყენებული, ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული ჩხრეკისა და დაკავების ოქმში. მათ შორის ფარანი და ა.შ. რეალურად ჩხრეკის ოქმი ადმინისტრაციულ შენობაში შედგა, მაგრამ ეს არ ჩანს ოქმებში, სადაც წერია, რომ ოქმის შედგენა მოხდა დაკავების ადგილზე.  რაც მხოლოდ და მხოლოდ ლამპიონის განათების პირობებში ტექნიკურად შეუძლებელი იყო“, - ამბობს ადვოკატი გელაშვილი.

მისი თქმით, ჩხრეკისა და დაკავების ოქმში არის სპეციალური გრაფა, სადაც საჭიროების შემთხვევაში უნდა მიეთითოს საგამოძიებო მოქმედებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალების შესახებ. გიორგის ოქმში წერია, რომ მსგავსი რამ გამოყენებული არ ყოფილა.

ამასთან, მისი თქმით, გიორგის დაკავება მოხდა ისეთ ადგილას, სადაც არცერთი კამერის ხედვა არ ხვდება, რაც სპეციალურადაა გათვლილი, რომ დაცვის მხარეს საწინააღმდეგო მტკიცებულებების მოპოვების საშუალება არ ჰქონდეს.

კითხვაზე, რატომ არ ჩაატარა დაცვის მხარემ ბიოლოგიური ექსპერტიზა იმ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რის ფლობაშიც ბახლას ადანაშაულებენ, ადვოკატი აღნიშნავს, რომ „მიუხედვად იმისა, რომ სასამართლოში მხარეები თანასწორუფლებიანი არიან, სახელმწიფო ბრალმდებელისთვის ყველა მტკიცებულების მოპოვება ხარჯის გარეშე ხდება, ხოლო რაც შეეხება დაცვას, დაცვამ თავად უნდა დანიშნოს ექსპერტიზა. ფასი რომ ვიკითხეთ, გვითხრეს, რომ 1 კვლევით ობიექტზე 990 ლარი ღირს. ამას ფიზიკურად ვერ შევძლებდით, რადგან 45 აბზე იყო საუბარი. 45 კვლევის ობიექტი იყო. გვინდოდა ექსპერტიზის სრული სახე გვქონოდა“, - ამბობს გელაშვილის.

ევროსასამართლოს პრაქტიკა - დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი

გიორგანაშვილის დაცვის მხარეს აქვს პოზიცია, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ნინო გელაშვილის თქმით, არ შეიძლება განაჩენი ემყარებოდეს მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული პირის ჩვენებას.  

„როცა შენ ნეიტრალური მოწმე არ გყავს და მოწმედ გყავს მხოლოდ ორი პოლიციელი და სხვა არავინ, რომლებიც ამბობს, რომ მათ ამოიღეს გიორგის ჯიბიდან რაღაც, ეს არ უნდა იყოს საკმარისი გამტყუნებისთვის. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, [მაგ:, მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ], სასმართლო წერს, რომ, როცა დაკავებულს აქვს ბრალდებები პოლიციელების მიმართ, მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გათვალისწინებული... ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენთან კი რა ხდება, ორი პოლიციელის ჩვენება საკმარისია, რომ ნებისმიერ ადამიანს ერთ მშვენიერ დღეს დააბრალონ, რომ თითქოს რაღაც აქვს და დაიჭირონ“, - ამბობს მახარაძე.

ნინო გელაშვილის თქმით, ისინი ადასტურებენ, რომ ის ნარკოტიკები გიორგის არ ეკუთვნოდა. „ტაქსის მძღოლმაც დაადასტურა, რომ არ დაუნახავს, რომ გიორგანაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს. თუ გიორგის მართლა ამოუღეს რაღაც ტაქსის მძღოლი ამას აუცილებლად დაინახავდა“, - ამბობს ნინო გელაშვილი.

„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მე არ ვამბობ, რომ ვინმესგან უკანონობას ვითხოვთ. ვითხოვთ -  რაც არის, ის შეისწავლონ“, - ამბობს ადვოკატი.

„ლიბერალი" ბახალას საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარესაც დაუკავშირდა, რათა დაცვის მხარის არგუმენტებსა და კითხვებზე მათი პასუხები მოგვესმინა, თუმცა როგორც პროკურატურაში განაცხადეს, უწყება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

საქართველო რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შესუსტდა.  დაკარგული გავ ...

მეტი

^