Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო შემოდგომით, 1983

11 აგვისტო 2017

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი

იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართველო ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა, ცხადია, ყველაზე გამორჩეულ პრემიერად - წითელი ხალიჩით, საზეიმო პრემიერით, ფოტოგადაღებით, პრესკონფერენციით - მაინც რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ შეიძლება, მივიჩნიოთ. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თავად ფილმის ყოჩაღად მომართული სარეკლამო კამპანიითა და სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობით დაწყებული, ინტერნაციონალური კოპროდუქციით (საქართველო, რუსეთი და პოლონეთი) დამთავრებული. აღარაფერს ვამბობთ რეჟისორის საკმაოდ გავლენიან კინემატოგრაფიულ კავშირებზე.

ცვალებადი რუსული კინოკონიუნქტურის მიუხედავად, რეზო გიგინეიშვილი მაინც რჩება კინემატოგრაფის  ერთგვარ „ოქროს ბიჭუნად“. მისი მსუბუქი, ცოტა არ იყოს ბანალური, მაგრამ კომერციული ალღოთი გამორჩეული  ფილმები („სიცხე“, „სიყვარული აქცენტით“ და სერიალი „უკანასკნელი მაგიკიანი“), წინასწარ განწყობას მაინც ქმნის რეჟისორზე. თუმცა მისი ბოლო ფილმი „მძევლები“ სრულიად განსხვავებული  და არტჰაუზის პრეტენზიით შექმნილი განაცხადია.

ამდენად, „მძევლები“ მაინც სიურპრიზი იყო არა მხოლოდ ბერლინის კინოფესტივალის პუბლიკისათვის, არამედ კრიტიკოსებისა და კინოგამქირავებლებისთვისაც. ფილმი რუსულ მედიასა და კრიტიკოსებს უფრო მოეწონათ. შედარებით თავშეკავებული იყო უცხოური და ქართული მედიის შეფასება, თუმცა გარკვეული დროის, დისტანციისა და საპრემიერო ვნებათაღელვიდან კარგა ხნის შემდეგ, უფრო ფხიზლად შეიძლება ფილმის შესახებ საუბარი.

„რა თქმა უნდა, წავიკითხე დაკითხვის ოქმები, ჩანაწერები და რაც უფრო მეტს ვუღრმავდებოდი, ვხვდებოდი, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს; რომ შეუძლებელია ასე უპირობოდ, ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გამოტანა - ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. აუცილებელი იყო მოვლენების სრული და ხანგრძლივი ანალიზი, რის გარეშეც ფილმი სრულფასოვანი არ გამოვიდოდა“ - ამბობს რეზო გიგინეიშვილი. 

ჯერ კიდევ 2000 წელს თბილისში, „თავისუფალ თეატრში“, წარმატებით დაიდგა დათო ტურაშვილის რომანის სცენური ადაპტაცია „ჯინსების თაობა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი). მოგვიანებით, ამავე თემაზე რეჟისორმა ზაზა რუსაძემ გადაიღო საინტერესო დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები“ და აი, კიდევ ერთი, ამჯერად მხატვრულ-კინემატოგრაფიული ვერსია.

უმთავრესი, რაც ფილმში იგრძნობა, ეს არის 1983 წლის შემოდგომაზე თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის გატაცების ისტორიისგან, უფრო ზუსტად,  ამ ტრაგედიის საფუძველზე შეთხზული მითისგან გათავისუფლების სურვილი. ერთი მხრივ, თვითმფრინავის გამტაცებელი ახალგაზრდები თითქოს საგანგებოდ არიან ვნებებისგან „დაცლილნი“, გამოშიგნულნი და ნეიტრალურები; მეორე მხრივ, შენარჩუნებულია თხრობის დრამატიზმი, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტი, რომელიც სრულებით არ უშლის ხელს რეჟისორს მოვლენებისგან ერთგვარ დისტანცირებაში.

ის ფაქტი, რომ ფილმში ერთდროულად მონაწილეობენ ცნობილი, გამოცდილი და კარგი ქართველი  მსახიობები (მერაბ ნინიძის, მიხეილ გომიაშვილისა და დარეჯან ხარშილაძის აღნიშვნა ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია), ხოლო მათ გვერდით სრულიად ახალგაზრდა და თითქმის ქარიზმატულ თინათინ დალაქიშვილს, ასევე, ირაკლი კვირიკაძეს, გიგა დათაშვილსა და გიორგი გრძელიძეს ვხედავთ...  ნიშნავს, რომ აქტიორული ბალანსი თაობებსა და შორის მეტ-ნაკლებად დაცულია. 

მნიშვნელოვანია (ალბათ, საუკეთესოც კი ამ ფილმში!) ოპერატორული  ნამუშევარი. გამოცდილება და ინტუიცია ვლადისლავ ოპელიანცს უბიძგებს, 80-იანი წლების ატმოსფერო დახშული სივრცეებით, მუქი კედლებითა და ყავისფერის დომინირებით ასახოს, რაც საბჭოთა ეპოქის „სვემას“ ფირებს მოგვაგონებს. ასევე, მნიშვნელოვანია საუნდი და მუსიკა (გია ყანჩელი) და კოსტიუმები.

შედარებით საკამათოა სცენარი (ლაშა ბუღაძე და ირაკლი კვირიკაძე), რადგან პოლიფონიური და ყოვლისმომცველი თხრობა ურიცხვ დეტალებში იკარგება, ხოლო მთავარი სათქმელი ფილმის ბოლომდე ნათელი არ ხდება. ილუსტრაცია და დეტალების სიჭარბე თითქმის თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს მთავარ გმირებს და  აქცენტები მეორეხარისხოვან მოვლენებზე უფრო გადააქვს. გარდა ამისა, სასამართლოს სცენა ფინალში არადამაჯერებლად და ზედმეტად პათოსურად გამოიყურება.

რეჟისორს პრეტენზია აქვს ტრილერის ჟანრის შექმნაზე, თუმცა ფილმის ნახვისას ერთმანეთს თითქმის ხელს უშლის  პოლიტიკური ფონის, პერსონაჟების ბედისწერის თემის, მშობლებისა და მძევლების ტრაგედიის აღრევა. ანუ საბოლოოდ გამოდის, როგორც რუსულ ანდაზაშია - „ობო ვსიომ ი ნეოჩომ“. ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხადია, ფილმში იგრძნობა პოლიტიკურ-სოციალური პორტრეტის შექმნის მცდელობა და ცუდად დავიწყებული ტრაგედიის გაცოცხლების სურვილი.

p.s. კიდევ ერთი, ალბათ, უფრო სუბიექტური მზერა თუ შენიშვნა: ფილმ „მძევლების“ ესთეტიკა და გამოსახულება აშკარად ინსპირირებულია სტივენ სპილბერგის ცნობილი „მიუნხენით“, სადაც ტერორიზმის თემა სრულიად სხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ხოლო სტატიის სათაურად ცნობილი გერმანული დოკუმენტური ფილმის - „გერმანია შემოდგომით“ სახელწოდების ჩვენეული ვერსია უფრო გამოდგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^