Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჟორიტარი დეპუტატობის ხიბლი

15 აპრილი 2013

პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროები,ის ადგილები აღმოჩნდა, სადაც - დახმარების მოლოდინით დაიმედებული მოქალაქეების რიგები არ წყდება. ამომრჩეველთა ასეთმა  აქტივობამ გააცოცხლა კიდეც, ერთი შეხედვით, ჩრდილში მოქცეული, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე პოლიტიკური ინსტიტუტი. რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას?  რა უშლის ხელს მათი საქმიანობის ეფექტურად წარმართვას? ეს  მორიგი ბიუროკრატიული საფეხური არის, თუ საუკეთესო გზა ამომრჩევლის ხმის პარლამენტში მოსახვედრად?

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარის მანდატი, პრივილეგიების თვალსაზრისით, არ ანსხვავებს მაჟორიტარ დეპუტატს, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატისაგან, მაჟორიტარ დეპუტატს აქვს კიდევ სხვა დატვირთვა, თუნდაც ის, რომ პიროვნული გამარჯვების გზით უნდა მოხვდეს პარლამენტში  და ასევე აქვს პასუხისმგებლობა --განსაკუთრებული ვალდებულება  საკუთარი, კონკრეტული ელექტორატის მიმართ.

ალბათ, შემთხვევითი არ არის, ამ ბოლო დროს, პრეტენზიების ნაკადი მაჟორიტარების მისამართითაც რომ გაისმა.   მაგალითად, იმერეთის რეგიონი ორ ასეთ შემთხვევას ითვლის: ერთი, როდესაც ზესტაფონელმა ამომრჩევლებმა მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი ქავთარაძის გაწვევა მოითხოვეს. მიზეზი დაპირებული გარევაჭრობის საკითხის მოუგვარებლობა იყო. და ახლახან ქუთაისში მომხდარი შემთხვევა - მოქალაქემ მაჟორიტარი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის ბიუროს კარს წებოვანი ლენტი გადააკრა - მან სანიკიძის მხრიდან მოსახლეობასთან გაცდენილი შეხვედრები გააპროტესტა. 

„ პრობლემა მხოლოდ ბიუროებსა და მაჟორიტარებში არ არის. თვითონ მოქალაქეებმა ვერ შეიმეცნეს ამ რგოლის ხიბლი, ამ რგოლს აღიქვამენ, როგორც ერთჯერადი სერვისის გამწევ საშუალებას, მოსახლეობა მიდის ისეთი საკითხის გადასაწყვეტად, რომელსაც გამგებელი ან საკრებულო ვერ უგვარებს. მაჟორიტარს მათ ზედამხედველად წარმოიდგენენ. გუბერნატორის უფლებამოსილებით უფრო აღიქვამენ. ასეთი დამოკიდებულება, თავის მხრივ, განაპირობებს ამ ინსტიტუტის საქმიანობის ნაკლებ ეფექტურობას“ - ამბობს ნოდარ ჯიქია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი.  საიას ფილიალი რამდენიმე თვეა ახორციელებს პროექტს „ჩემი ხმა პარლამენტში,“ რომელიც მიზნად ისახავს იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაძლიერებას რეგიონში ჩატარებული ერთგვარი მონიტორინგის გზით.

საიას ქუთაისის ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის ეფექტურობას, არა მხოლოდ მოსახლეობის თვითშეგნება, არამედ თავად ბიუროების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილებების სათანადო დონეზე არ ცოდნაც აფერხებს. ამიტომ  დღის წესრიგში დადგა ბიუროს წევრების ისეთ საკითხებში გადამზადება, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა, მაჟორიტარის უფლებამოსილებები თუ  საქმისწარმოება . „მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო აქამდე უფუნქციო იყო, არსებობდა ფორმალურად, არ ჰქონდა დატვირთვა, როდესაც ჩვენი პროექტი იწერებოდა, მიზნად დავისახეთ, ბიუროებს  ჩამოშორებოდათ ფორმალური სტატუსი,თუმცა ისინი ახალი ცვლილებებითაც სერიოზული ფუნქციებით აღჭურვა საქართველოს პარლამენტმა“- ამბობს პროექტის კოორდინატორი ნინო ხუხუა.

ქუთაისის მაჟორიტარის ბიუროში იხსენებენ შემთხვევას: ქალბატონი, რომელიც შემთხვევით გარდაცვლილად გამოაცხადეს, ორი თვე უმტკიცებდა  საპენსიო ფონდს ცოცხალი რომ იყო, საბოლოოდ, პენსიის უფლება მას შემდეგ აღიდგინა, რაც გუბაზ სანიკიძის წარმომადგენლობა ჩარია საქმეში. “ჩვენ მიმართულებას ვაძლევთ ადამიანების მოთხოვნებს და შესაბამის სტუქტურებში ვამისამართებთ მათგან შემოსულ საჩივრებსა თუ განცხადებებს, ეს არის ერთგვარი შუამდგომლობა, ადამიანსა და სახელისუფლო ბიუროკრატიას შორის“- ამბობს სანიკიძის ბიუროს წარმომადგენელი, მამუკა ახალაია.  ბიუროში 500-მდე განაცხადი იყრის თავს. ამ განცხადებებში მიკრო საქართველოა ასახული - უსახლკარობის, უმწეობის, უმუშევრობისა თუ შელახული უფლებების აღდგენის მოთხოვნებით.  თუმცა მოსახლეობა განსაკუთრებულ ნდობას არა ბიუროს აპარატს, არამედ მაჟორიტარ დეპუტატს უცხადებს. მათ ურჩევნიათ საკუთარი მოთხოვნა კონკრეტულად მაჟორიტარ დეპუტატს მოახსენონ, თუნდაც ამისთვის საათობით რიგში დგომა უწევდეთ. ალბათ ამიტომაც არის მაჟორიტარის არჩევის დროს გადამწყვეტ როლს  „ცნობადი სახის“ ეფექტი რომ ასრულებს. ეს დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ცნობილი ადამიანი, ხშირად, გავლენიან ადამიანთან ასოცირდება. არადა, როგორც საიას იურისტი ნინო ხუხუა ამბობს. „მაჟორიტარისთვის ეფექტურია, არა ცნობადობა, არამედ ის, რომ მან კარგად იცოდეს მისი მუნიციპალიტეტის კუთხე-კუნჭული, და მისივე უფლებები. ერთია, როცა ადვილად იგებ არჩევნებს, რადგან ცნობადი სახე ხარ, მაგრამ კარგად უნდა იცოდე, მაჟორიტარობა რას ნიშნავს.“

ზესტაფონის შემთხვევაშიც, ცნობილი გოგი ქავთარაძე ამომრჩევლებს შეჰპირდა გარევაჭრობის საკითხის მოგვარებას, კომპეტენცია, რომლის აღსრულებაც ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება. ხალხმა პასუხი არჩეულ დეპუტატს მოსთხოვა, დაუკამყოფილებას მყისიერად მოჰყვა რეაქცია - ამომრჩეველმა დეპუტატის გამოწვევა მოითხოვა. არადა, დეპუტატი თავისუფალი მანდატის უფლებით სარგებლობს, და მისი გამოწვევა, კანონით გათვალისწინებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ კანდიდატებს, ასეთი მაჟორიტარები იმერეთის რეგიონიდან პარლამენტში არ მოხვედრილან: „ასეთი დეპუტატები რომ მოხვედრილიყვნენ, უფრო იქნებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციები წინ წამოწეული. არის ფრაქცია „მაჟორიტარები“ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ იქ წარმოდგენილ დეპუტატებს, ყველას პარტიული კუთვნილობები აქვთ“- ამბობს ნოდარ ჯიქია. მისივე თქმით, მაჟორიტარი, სანამ დაპირებას მისცემს ამომრჩეველს, მანამ კარგად უნდა ერკვეოდეს საკუთარი ელექტორატის მიერ წამოჭრლ პრობლემებში, რადგან სიტუაციის შეცვლა ბევრად უფრო შესაძლებელია მანამ, ვიდრე პარლამენტი რაიმე კონკრეტულ კანონს მიიღებს. სამოქალაქო სექტორი სწორედ ისეთი რგოლია, სადაც მოქალაქეთა პრობლემები თავს იყრის. ამიტომაც გააფორმა საიას ქუთაისის ფილიალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები იმერეთში არსებული მაჟორიტარი დეპუტატის  12   ბიუროსთან.

„მაჟორიტარებს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ვიდრე ამა თუ იმ თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენელს. ამიტომ მისი ფუნქცია ძალიან დიდია. მისი მოვალეობაა, რომ აქტიურად იყოს ჩართული კომიტეტების სხდომებში, სამინისტროებთან ჰქონდეს ურთიერთობა, და ის პრობლემები, რომელიც ბიურომ გამოკვეთა, ინიცირება მოახდინოს. ერთ-ერთი მთავარი პრეროგატივაა, საკანონმდებლო ინიციატივა - კონკრეტული საკითხი დააყენოს პარლამენტში და ამით მოახდინოს სიტუაციის შეცვლა. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლების ინიცირებით, ცენტრალური ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადრებას მიაქცევს იმ პროექტებს, რომელთაც მაჟორიტარ დეპუტატთან აქვს გავლილი კონსულტაციები და ვიზირებულია მის მიერ. მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქცია მხოლოდ პარლამენტში რაიმე კონკრეტული საკითხის გახმოვანებით არ შემოიფარგლება“- ამბობს ნოდარ ჯიქია.

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს საქმიანობის წესი, ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რომელშიც ახალი მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა და ბიუროს ორგანიზებისა თუ დაფინანსების წესი შეცვალა. ამ ნაბიჯით პარლამენტმა არა მხოლოდ ბიუროების საქმიანობა დახვეწა, არამედ მასზე ყურადღების შეჩერებით, მიანიშნა, რომ ამ ინსტიტუტის გამართული მუშაობა, პარლამენტისთვის პრიორიტეტია. კანონპროექტის ინიციატორი ზვიად ძიძიგური გახლდათ, რომელმაც განაცხადა კიდეც: “  კომუნიკაცია საზოგადოებასთან ესაჭიროება არა მარტო მაჟორიტარებს, არამედ საჭიროა რაღაც რგოლი, რომელიც ინსტიტუციურად გააძლიერებს პარლამენტის აპარატს და მის საქმიანობას ეფექტურს გახდის.“

საქმე ის არის, რომ წლების განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატების ბიურო ადგილობრივი თვითმმართველობის  ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ახალი ცვლილებების თანახმად, ის უკვე პარლამენტის ბიუჯეტს დაექვემდებარა. ბიუროებს, სათითაოდ, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 5 ათასი ლარი გამოეყოთ, რაც წლიურად 60 ათას ლარს შეადგენს. თანხის საერთო ოდენობა დაახლოებით 3 მილიონ ნახევარია. „ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თვითმმართველობის ისედაც მწირ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვა მაჟორიტარის ოფისის შენახვა“- ამბობს ნოდარ ჯიქია. მხოლოდ ქუთაისის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40-50 ათასი ლარი გამოიყოფოდა მაჟორიტარის ოფისის შესანახად. ადგოლიბრივი თვითმმართველობა იყო ვალდებული უზრუნველყო ბიურო ფართითა და ინფრასტრუქტურით. მართალია, დაფინანსების პრობლემა ბიუჯეტს მოეხსნა, თუმცა, ბიუროები ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოყოფილი ფართებით სარგებლობენ.

როგორც ნოდარ ჯიქია ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარესთან შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად, გამოითქვა ინიციატივა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნას საპარლამენტო წარმომადგენლობები, რომლის სერვისითაც არა მარტო მაჟორიტარი დეპუტატები, არამედ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატებიც ისარგებლებენ, შეხვდებიან ამომრჩევლებს და მიაწოდებენ მათ ინფორმაციას. “მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ რომ იმუშაოს გამართულად, მას სჭირდება ხელმისაწვდომობა, ამ რგოლის გამოტანა უნდა მოხდეს თვითმმართველობის შენობებიდან, ცალკე ინსტიტუტად რომ მოხდეს მისი აღქმა. როგორც წინა ხელისუფლებისთვის იყო პრიორიტეტი პატრული და გამჭვირვალე შენობები, ასეთივე პრიორიტეტი უნდა გახდეს, საპარლამენტო წარმომადგენლობის შექმნა. ის ვიზუალურადაც ისეთი უნდა იყოს, რომ მოქალაქეებს უხაროდეთ იქ მისვლა და ჰქონდეთ განცდა, რომ მათი ხმა პარლამენტში სწორედ იქ წყდება.“

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისი მერიის შენობაში, მეოთხე სართულზეა განთავსებული, შენობას არა აქვს ლიფტი, არც პანდუსებია გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. არადა, ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე ხშირად საჭიროებენ დამხმარებას, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ დახმარებას, მათთვის კი გზა მაჟორიტარის ბიუროსაკენ ჯერ ისევ რთულია.

 

  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^