Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰომოსექსუალად დაბადებული - სექსუალური ორიენტაციის ფსიქობიოლოგია

11 სექტემბერი 2017

„როგორ არის შესაძლებელი, რომ ჰომოსექსუალობა, როგორც მყარი გენეტიკური კომპონენტის მქონე თვისება, არ გაქრა ევოლუციის განმავლობაში, მაშინ, როცა ის ინდივიდები, რომლებიც ამ თვისებასთან ასოცირებულ გენებს ატარებენ, არ მრავლდებიან?“ - ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვაა, რომელსაც ადამიანები ევოლუციის შესახებ სვამენ.

ამ შეკითხვის „პარადოქსულობას“  განაპირობებს ის მცდარი დაშვება,  რომ ჰომოსექსუალობა თითქოს გამორიცხავს შთამომავლობის დატოვებას. უილიამსის ინსტიტუტის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების 37%-ს შვილი ჰყავს, რომელთა 60% ბიოლოგიური შვილია. შესაძლოა ეს მაჩვენებელი  არც ისე მაღალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი,  რომ ვიდრე დასავლურ ქვეყნებში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ერთად ცხოვრება მისაღები გახდებოდა, ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ტრადიციული საზოგადოება აიძულებდა გეი ადამიანებს საპირისპირო სქესის პარტნიორის ყოლას, ქორწინებას და შვილების გაჩენას. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ადრე გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა.

ცხოველებში ჰომოსექსუალური ქცევა უმეტესად არაექსკლუზიურია. მაგალითად, იაპონური მაკაკების ზოგიერთ პოპულაციაში მდედრები უპირატესობას ანიჭებენ მდედრ პარტნიორებს, მაგრამ მამრებთან მაინც წყვილდებიან - ისინი ბისექსუალები არიან.

ასე რომ, ჰომოსექსუალობის გენების გადაცემაში შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ ისევე, როგორც სხვა თვისებების შემთხვევაში, გამოსარკვევია ევოლუციური მიზეზი, რატომ გადარჩა ეს თვისება.  არსებობს მრავალი ჰიპოთეზა: 

ერთნაირსქესიან წყვილებს შესაძლოა, ჰქონოდათ სოციალური იერარქიის მწვერვალზე მოქცევისა და, შედეგად, საპირისპირო სქესთან  წვდომის უკეთესი შანსი. თოლიების ზოგიერთ სახეობაში ჰომოსექსუალური პარტნიორობა არის რეაქცია პოპულაციაში მამრების ნაკლებობაზე - მდედრი პარტნიორები  წყვილდებიან სხვა „ჰეტეროსექსუალი“  წყვილის მამრებთან და შემდეგ ერთად ზრდიან შთამომავლობას.

ერთი მოსაზრების თანახმად, ჰომოსექსუალობას სარგებელი მოაქვს არა ინდივიდისთვის, არამედ ჯგუფისთვის. მაგალითად, ბონობოებში ჰომოსექსუალური ქცევა ხელს უწყობს სოციალურ სიმჭიდროვეს. სამოაში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, გეი მამაკაცები უფრო მეტად ზრუნავენ თავიანთ დისწულებზე და ძმისწულებზე ვიდრე ჰეტეროსექსუალები,  რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნათესაური გადარჩევის (Kin Selection) მაგალითი. ისინი ზრდიან თავიანთი დების  და ძმების შვილებს და ამ გზით ავრცელებენ თავიანთ გენებს.

ერთ-ერთი მსგავსი ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენს პრეისტორიულ წარსულში  დომინანტი მამრები  სანადიროდ წასვლისას ქალებს და ბავშვებს ჰომოსექსუალ მამრებს უტოვებდნენ, რომლებიც, მათი აზრით, „სანდონი“ იყვნენ. სინამდვილეში კი ბევრი მათგანი ბისექსუალი იყო და მათთვის მინდობილ მდედრებთან წყვილდებოდა. ამ ჰიპოთეზის მიხედვით, ჰომოსექსუალობა  მდედრთან შეწყვილების ალტერნატიული სტრატეგია იყო. 

ჰომოსექსუალობა შესაძლოა საერთოდაც ნეიტრალური იყოს, არც ამცირებდეს და არც ზრდიდეს საერთო ევოლუციურ უპირატესობას. მაკაკებში ჰომოსექსუალური ქცევის ადაპტაციური ღირებულების პოვნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც მკვლევრები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მაკაკები ამას მხოლოდ სიამოვნებისთვის აკეთებენ.

იმ შემთხვევაშიც კი,  თუ ჰომოსექსუალობა ორგანიზმის რეპროდუქციულ უნარს ამცირებს, როგორც ბევრი ფიქრობს, არსებობს მიზეზები, თუ რატომ შეიძლება იყოს ის გავრცელებული.  მაგალითად, გენებს, რომლებიც იწვევენ ჰომოსექსუალურ ქცევას კაცებში, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული ეფექტი ქალებში, როგორიცაა  ნაყოფიერების ზრდა. პადოვას უნივერსიტეტის მეცნიერმა, ანდრეა კამპერიომ აღმოაჩინა, რომ გეი მამაკაცების დედის ხაზის ნათესავებს უფრო მეტი შვილები ჰყავთ, ვიდრე ჰეტეროსექსუალი კაცების დედის ხაზის ნათესავებს. ვარაუდობენ, რომ არსებობს უცნობი მექანიზმი  X ქრომოსომაში, რომელიც ქალს უფრო ნაყოფიერს ხდის, მამაკაცებში კი ჰომოსექსუალობას იწვევს.

ისიც შეიძლება, რომ გენებს, რომლებიც დღევანდელ გარემოში ჰომოსექსუალურ ქცევას განაპირობებს, განსხვავებულ გარემოში იგივე ეფექტი არ ჰქონდეს (პირობითად რომ დავუშვათ, ერთი და იგივე გენები ბავშვის ბოთლით კვების შემთხვევაში ჰომოსექსუალობას განაპირობებს, ძუძუთი კვების შემთხვევაში კი ჰეტეროსექსუალობას.) ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სახელგანთქმული ევოლუციური ბიოლოგი რიჩარდ დოკინსი.

 „Born Gay; The Psychobiology of Sex orientation”-ის ერთ-ერთი ავტორი, ქაზი რაჰმანი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური გადარჩევის შედეგია. მდედრები გარკვეული თვისებების მქონე  მამრებს ანიჭებენ უპირატესობას, როგორებიცაა, ფემინური ქცევა და გარეგნობა,  რომელიც ასოცირებულია უკეთეს მშობლობასთან და ემპათიის უნართან. ამ თვისებების გამომწვევი ალელები (გენის ორი ან მეტი ალტერნატიული ფორმიდან) მათი მატარებელი ორგანიზმის რეპროდუქციულ წარმატების ალბათობას მცირე დოზით ზრდის. მაგრამ დროდადრო ზოგიერთი ინდივიდი იღებს ამ ალელების „დიდ დოზას“, რომელიც უკვე მის ორიენტაციაზე მოქმედებს.

ჰომოსექსუალური ქცევა ცხოველების 400-მდე სახეობაში გვხვდება. მიუხედავად ამისა, ბოლო დრომდე, სამეცნიერო საზოგადოებაში ცხოველებში ჰომოსექსუალური ქცევის არსებობა იგნორირებული და უარყოფილი იყო. ამიტომაც  არ არის გასაკვირი, რომ ამ ეტაპზე არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, თუ რომელი თეორიაა სწორი.  სავსებით შესაძლებელია, რომ სხვადასხვა სახეობისთვის სხვადასხვა ახსნა იყოს მართალი.

მომზადებულია - www.newscientist.com - ის და BBC.COM - ის მიხედვით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან და რას საქმიანობენ „ოცნების“ თ ...

სექტემბრის დასაწყისში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი კანდი ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

ბერლინიდან თბილისისკენ მომავალო არტო

ფესტივალი Camera Obscura, ბერლინი-თბილისი“, გერმანელი მსახიობისა და ფორტოხელოვანის, მარგარიტა ბროიხის ფოტოგამოფენი ...
18 სექტემბერი
18 სექტემბერი

წამლის ტვირთი - როგორ მუშაობს მედიკამენტ ...

რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურად დაუცველი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პ ...

მეტი

^