Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში

18 აპრილი 2013
სომხური ეკლესიის არსებობა საქართველოში გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. ზოგადად, არმენოფობიური ტენდენციები შეიმჩნევა როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე თანამედროვე ქართული საზოგადოების განწყობებში. სწორედ ამ პრობლემებზე გადავწყვიტეთ გვესაუბრა საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიის საკათედრო ტაძრის მოძღვართან, მამა ნარეკ კუშიანთან.
 

 

დავიწყოთ თქვენი ეკლესიის სახელწოდებით. ოფიციალურად „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიად“ იწოდებით. თუმცა ჩვენში დღემდე „მონოფიზიტებად“ მოგიხსენიებთ ხალხი. თუ შეიძლება განმარტეთ ეს საკითხი.

მართლმადიდებლობა ეკლესიის სწავლებაა. სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვრება ეფუძნება იმ სწავლებას, რომელიც მოციქულებმა იქადაგეს. ამიტომ ჩვენი ეკლესია ვერ იქნება არამართლმადიდებლური... სომხურ ეკლესიას არავითარი კავშირი არ აქვს მონოფიზიტობასთან. მართლმადიდებელი ეკლესიაც არ არის დიოფიზიტური, რადგან დიოფიზიტობა დაგმობილია და ანათემას გადაცემული.

რომელ კრებას გულისხმობთ?

1964 წელს ქალაქ აარგუსში (დანია) დაიწყო დიალოგი მართლმადიდებელ და ძველაღმოსავლურ ეკლესიების თეოლოგებს შორის. მხარეები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: 1) „მართლმადიდებელი ეკლესიები არ არიან დიოფიზიტურნი, რადგან დიოფიზიტობა არის ნესტორიანიზმი, მართლმადიდებლები კი გმობენ ნესტორიანიზმს“; 2) „ძველაღმოსავლური ეკლესიები [კოპტური, ასირიული და სხვა], მათ შორის სომხური ეკლესია, არ არიან მონოფიზიტურნი, რადგან მონოფიზიტობა ევტიქიანური ერესია, რომელიც ანათემირებულია სომხური ეკლესიის მიერ“. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მონოფიზიტები, რადგან სომხურმა ეკლესიამ დაგმო მონოფიზიტიზმი...

მაგრამ ევტიქიანელობა ხომ მონოფიზიტიზმის უკიდურესი ფორმაა? ეკლესიის ისტორიაში არსებობდა ნაკლებად რადიკალური მონოფიზიტური სწავლებანიც, რომელთა მიმდევრებიც ასევე გმობდნენ ევტიქიანელობას...

როდესაც ღვთისმეტყველურ განხილვებს დავიწყებთ, აღმოჩნდება, რომ არსებობს პრო-მონოფიზიტური, პრო-მონოთელიტური და მსგავსი სწავლებები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გრიგოლ განმანათლებლის წერილებშია განსაზღვრული თუ როგორ ხედავს სომხური ეკლესია ქრისტეს ბუნებას. ეს სწავლება ასეთია: ქრისტეში შეერთებულია ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ ისინი არ არის შერეული!

განა იგივე არ ითქვა ქალკედონის კრებაზე, რომელსაც სომხური ეკლესია არ ცნობს? ამასთან, როგორც ცნობილია, თქვენს სარწმუნეობის სიმბოლოში (ვრცელ ვარიანტში) ფორმულა: „ერთი პირი და გაერთიანებული ერთი ბუნება“ - აშკარად მონოფიზიტურად გამოიყურება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ასეთი მკვეთრი შეკითხვებით ვცდილობ პოზიციის მკაფიოდ გამოხატვაში დაგეხმაროთ, სულაც არ მაქვს რა მიზნად დასახული თქვენთან პოლემიკაში შემოსვლა...

რას ბრძანებთ, მეც იმის მომხრე ვარ, რომ ყველა შეკითხვა დაისვას, რომელზეც პასუხებია საჭირო. მეხუთე საუკუნეში, ქალკედონის კრების დროს საკმაოდ ჩახლართული ვითარება იყო ბიზანტიის ეკლესიაში, რომელიც ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა - ვგულისხმობ, ალექსანდრიული და ანტიოქიური სკოლების დაპირისპირებებს ქრისტეს ბუნების საკითხზე. ჩვენ ბიზანტიის ამ მეტწილად პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გავხდით. 451 წლის ქალკედონის კრებას სომხური ეკლესიის წარმომადგენელნი ობიექტური მიზეზით ვერ ესწრებოდნენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამ დროს ომიანობა იყო.

ხშირად ამბობენ, რომ სომხებმა ვერ გაიგეს თუ რა დოგმატური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ქალკედონის კრებაზე იმის გამო, რომ ბერძნული ენა კარგად არ იცოდნენ და ამიტომ არ მიიღეს ამ კრების განჩინებაო. მაგრამ სომხებმა ბიბლია ჯერ კიდევ 406-407 წლებში სწორედ ბერძნულიდან თარგმნეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკითხი, რომელიც განიხილებოდა ქალკედონის კრებაზე, უკვე იყო ჩვენი ეკლესიის დოგმა. როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი ჯერ კიდევ გრიგოლ განმანათლებლის წერილებშია გარკვეული და სრულიად არა მონოფიზიტურად. ამიტომ რატომ უნდა მიგვეღო მონაწილეობა ქალკედონის კრებაზე წარმოებულ კამათებში, რომელიც უმეტეს წილად ბიზანტიურ-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, როდესაც ეს საკითხი ჩვენ უკვე გარკვეული გვქონდა?

ვინაიდან ჟურნალლიბერალისფორმატი არ არის სპეციფიკური (ამ შემთხვევაში, თეოლოგიური პროფილის), მოდით გადავიდეთ უფრომიწიერსაკითხებზე. შემდეგი შეკითხვა ეხება არანაკლებად ცნობილ პრობლემას: როგორ არის თბილისში არსებული ხუთი სომხური ტაძრის და ერთიც ახალციხის ტაძრის დაბრუნების საკითხი? თუ არ ვცდები, თავის დროზე ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს გამოიკვლევდა...

ჩვენ გვსურდა კომისიის შექმნა იმ ტაძრების ისტორიული წარმომავლობის გამოსარკვევად, რომლებშიც უკვე მიმდინარეობს ღვთისმსახურება ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ. ეს ტაძრებია წმ. სტეფანეს სახელობის ტაძარი, ზემო და ქვემო ბეთლემის ტაძრები და სხვა რამდენიმე ტაძარი სოლოლაკში. მაგრამ იმ ხუთ ტაძარზე, რომელიც ამდენი ხანი უმოქმედოდაა - ისინი სომხურია და ეს საყოველთაოდ ცნობილია: ტაძრის არქიტექტურა, სომხური ფრესკები, იქვე სომხური საფლავები... ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ტაძრები ნამდვილად სომხურია. აქ არ შეიძლება რამე ეჭვები არსებობდეს. ამ თემაზე რა უნდა გაირკვეს, არ ვიცი. ამიტომ აქ კომისიის მუშაობის საჭიროებას ჩვენ ვერ ვხედავთ.

გასაგებია. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ამ სადაო ტაძრებთან დაკავშირებით საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 1965 წელს, საქართველოს ცენტრალურმა საისტორიო არქივმა, სადაც საქართველოს სომხური ეპარქიის სინოდალური ჩანაწერები ინახებოდა, გაუგებარი მიზეზით, ეს მასალები სომხეთის სახელმწიფო არქივს გადასცა. ანუ არქივი, რომელშიც, მათი აზრით, შეიძლება ძალიან ბევრი კომპრომატი ყოფილიყო ამ ტაძრების მითვისებასთან დაკავშირებით, საქართველოდან გაიტანეს სომხეთში. ამდენად, საპატრიარქო აცხადებს, რომ ბევრი დოკუმენტი მას დღეს არ გააჩნია.

მართალი გითხრათ, ეს პირველად მესმის. რატომ გადასცა საქართველოს სახელმწიფომ სომხეთს ეს დოკუმენტები, თუ მართლა გადასცა? რაიმე პოლიტიკური ზეწოლა მოვახდინეთ? ეს ხომ აბსურდია? ეს უფრო იმას ჰგავს, ადამიანს არგუმენტი რომ აღარ აქვს და ცდილობს რაღაცნაირად გამოძვრეს სიტუაციიდან და არსებული ვითარება, ასე ვთქვათ, „დააკონსერვოს“.

ამა წლის დასაწყისში საქართველოს კულტურის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ თავის სომეხ კოლეგასთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც აღებულია ვალდებულება სავალალო მდგომარეობაში მყოფი ამ ტაძრების რესტავრაციის შესახებ. ხომ არ ხართ საქმის კურსში როგორ მიმდინარეობს მუშაობა? დაიწყეს თუ არა რესტავრაცია?

კონკრეტულად ამ შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა რესტავრაციის დაწყებას მგონი რომ ისედაც აპირებდა საქართველოს სახელმწიფო...

ქართული საზოგადოება საკმაოდ აღშფოთებულია იმ განცხადებით, რომელიც ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორამ“ გააკეთა ბოლო ხანს იშხნის, ოშკისა და ბანას ტაძრების „სომეხი ერის ისტორიულ მემკვიდრეობად“ გამოცხადებასთან დაკავშირებით. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ განცხადებასთან და იზიარებთ თუ არა მას?

მე მესმის ასეთი შიშები რატომ არსებობს ქართველებში. არსებობენ ისტორიკოსები, რომლებიც წერენ, რომ თითქოს მცხეთის ჯვრის მონასტერი სომხურია და სხვა მსგავს აბსურდებს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სომხურმა პუბლიკამ იქ სომხეთში ტაში დაუკრან და ეროვნულ გმირებად გამოაცხადონ. ამასთან ისინი სულ არ ფიქრობენ იმას, რომ აქ ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ სომხებს ურთიერთობები გვიფუჭდება ჩვენს ქართველ ძმებთან.

ასე რომ, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას შემდეგი: ნუ აღიქვავენ ზოგიერთი ისტორიკოსის პოზიციას სომხური ეკლესიის პოზიციად.

როგორია სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დამოკიდებულება სადაო ეკლესია-მონასტრების საკითხის ნაცვალგების პრინციპით გადაჭრის თაობაზე? ერთის მხრივ, სომხური მხარე საქართველოში არსებული სომხური ტაძრების დაბრუნებას ითხოვს, თავად კი ჩრდილოეთ სომხეთში არსებული ყოფილი ქალკედონური ტაძრების (ახტალა, ქობერი, კირანცი, ჰნევანქი, შაჰნაზარი) საქართველოსთვის გადაცემის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავს იმ მოტივით, რომ ისინი სომეხი ქალკედონიტების მიერაა აშენებული და ამიტომ სომხეთის საკუთრებად უნდა დარჩეს, თუმცა დავიწყებას ეძლევა ის ფაქტი, რომ ისინი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იყვნენ. ამასთან დღეს ამ ტაძრების პრაქტიკული საჭიროებაც არსებობს: მაგ., ახტალაში, ათამდე ქართული და ათეულობით ბერძნული ქალკედონური რწმენის ოჯახი ცხოვრობს...

ხსენებული საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მდებარე, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სომხური ტაძრების თავიანთი ისტორიული მეპატრონისთვის რესტიტუციის საკითხის გადაწყვეტა არ შეიძლება იყოს განპირობებული სხვა სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიღებით. თუკი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიაჩნია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე სომეხი წარმოშობის ქალკედონიტების მიერ აგებული ტაძრები მას უნდა გადაეცეს, მან ამ საკითხით სომხეთის ხელისუფლებას უნდა მიმართოს. ამასთანავე არ შეიძლება, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ერთგვარ მძევლობაში ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სომხური ტაძრები.

მაგრამ პრობლემა აქ სხვა რამეშია: რატომ არ ითხოვს საქართველოს საპატრიარქო სომხეთის ხელისუფლებისგან სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ამ ტაძრების საქართველოს მხარისთვის გადაცემას? ჩვენთან რატომ აქვთ პრეტენზიები? ეს სომხეთის ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხია. ჩვენ საქართველოს იურისდიქციაში შექმნილი იურიდიული პირი ვართ. ასევე რატომ არ ითხოვს საპატრიარქო, რომ სომხეთში არსებულ ქართულ სამრევლოს უფრო მაღალი სტატუსი მიეცეს ვიდრე აქვს? (ამას მხოლოდ სიტყვით ითხოვს). საქმეც იმაშია, რომ რეალურად საპატრიარქოს არ აწყობს, რომ ეს ყველაფერი მოითხოვოს, რადგან დაკმაყოფილების შემთხვევაში სანაცვლოდ საპატრიარქოს მოუწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რისი წინააღმდეგიც იყო და დღემდე არის. აი, რეალურად ასეთი ვითარებაა, თორემ მხოლოდ განცხადებების კეთება არაფერს ნიშნავს.

ამ ფონზე როგორ ხედავს ეჯმიაწინი ქართული და სომხური ეკლესიების მომავალ ურთიერთობას? ცნობილია, რომ ჩვენი ეკლესიების უმაღლესმა იერარქებმა მეშვიდე საუკუნეში შეაჩვენეს ერთმანეთი... შესაძლებელია თუ არა 1964 წლის იერუსალიმური პრეცედენტის ჩვენ რეალობაში გადმოტანა, როდესაც რომის პაპმა პავლე მეექვსემ და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათენაგორამ 1054 წელს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ანათემები გააუქმეს?

ჩვენ არავითარი პრობლემები არ გვაქვს ყოფით ურთიერთობაში ქართველ მართლმადიდებლებთან. ამდენი საუკუნეა ერთად ვცხოვრობთ და ეს თავის კვალს მაინც ტოვებს ამ ურთიერთობაზე. არსებობდა და არსებობს სერიოზული პრობლემები ჩვენს ურთიერთობაში და ჩვენ ამაზე არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კეთილი ნების შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა ყველაფერზეა შესაძლებელი...

ვიმედოვნოთ, რომ ეს დაძაბულობა ამ ორ უძველეს ერს შორის უახლოეს მომავალში მაინც შესუსტდება თუკი საბოლოოდ არ აღმოიფხვრება... და ბოლო შეკითხვა: რა სოციალური და ჰუმანიტარული პროექტები აქვს სომხური ეკლესიის ეპარქიას საქართველოში?

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ვემსახურებით სომეხთა ეპარქიის მრევლს. ჩვენს ეკლესიაში არსებობს სხვადასხვა სახის წრეები: ნაციონალური ცეკვის, სომხური საერო მუსიკისა და საეკლესიო გალობის შემსწავლელი ჯგუფები, გვაქვს საეკლესიო ნივთების დასამზადებელი სახელოსნოები... წელიწადის გარკვეულ დღეებში ვაწყობთ სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს. სამწუხაროდ, უშუალოდ სოციალური პროექტები არ გვაქვს, მაგ., უფასო სასადილო უმწეო ადამიანებისთვის ან სამედიცინო მომსახურება. თუმცა თუ ამის საჭიროება იქმნება, ჩვენ ერთჯერადად ამ სახითაც ვეხმარებით ადამიანებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^