Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვირჩევთ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს?

13 სექტემბერი 2017

14 სექტემბერს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევანი კანდიდატებს შორის 213-მა დელეგატმა უნდა გააკეთოს. ამჟამად ცნობილია, რომ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის კენჭს, მეოთხე ვადით, დღეს მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი იყრიან. თუმცა წესდებით შესაძლებელია, რომ თავმჯდომარეობაზე განაცხადი ყრილობაზევე დააყენოს სხვა დელეგატმაც.

თავმჯდომარეს 4 წელიწადში ერთხელ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ირჩევენ. თავმჯდომარეობაზე კანდიდატურის დაყენების უფლება მხოლოდ დელეგატებს აქვთ. დელეგატები სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირს წარმოადგენენ და მათ დარგობრივი პროფკავშირის ყრილობაზე ირჩევენ. გაერთიანების წესდების მიხედვით, გაერთიანების თავმჯდომარე და მისი მოადგილეები ყოველი შემდგომი ყრილობის დელეგატები ავტომატურად არიან. 

ვინ არიან დელეგატები?

პროფკავშირების გაერთიანებას ამჟამად 145 000 წევრი ჰყავს (გაერთიანება 21 დარგობრივ პროფკავშირს აერთიანებს), ადამიანები, რომლებიც წევრდებიან პროფკავშირებში დარგობრივი პრინციპის საფუძველზე. იმისდა მიხედვით, ვის რამდენი წევრი ჰყავს, დადგენილია კვოტები - რამდენ წევრზე რამდენი დელეგატი ეკუთვნის კონკრეტულ პროფკავშირს.

გაერთიანებული პროფკავშირების წესდების მიხედვით, თუ დარგობრივ პროფკავშირს 500-მდე წევრი ჰყავს, მას გაერთიანების ყრილობაზე 4 დელეგატის წარდგენის უფლება აქვს, 501-დან-1500-მდე წევრის შემთხვევაში - 7 დელეგატის და ა.შ.

გაერთიანებული პროფკავშირების მთავარი იურისტის, რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, დელეგატებს ყოველ 4 წელიწადში ორ ეტაპად ირჩევენ. მისი თქმით, თითოეულ დარგში არსებობს პირველადი ორგანიზაციები, რომლებსაც უფლება აქვთ, წამოაყენონ დელეგატობის კანდიდატები.

„მაგალითად, მეტალურგთა პროფკავშირი - მას ჰყავს წევრები რუსთავის აზოტიდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან, ტყიბულის მინდელის მაღაროდან. თითოეული მათგანი შეჯერდება დელეგატობის საკუთარ კანდიდატურაზე (შიდა წესდების მიხედვით), თუ ვინ სურს, რომ იყოს მათგან დარგობრივი პროფკავშირის დელეგატი. შესაბამისად, ამ პროცესში თითოეული წევრის მონაწილეობა უზრუნველყოფილია. ვისზეც შეჯერდებიან, მას წარუდგნენ დარგობრივ პროფკავშირს. შემდგომ იმართება დარგობრივი პროფკავშირის ყრილობა, სადაც ირჩევენ დელეგატებს. ვინც მეტ ხმას მიიღებს, ის გახდება დელეგატი (დარგობრივი პროფკავშირისთვის გათვალისწინებული კვოტების შესაბამისად)“, - ამბობს ლიპარტელიანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დელეგატთა არჩევნები ყრილობამდე ერთი თვით ადრე მთავრდება.

წელს გასამართ არჩევნებში, როგორც აღვნიშნეთ, 213 დელეგატი იქნება. იმისთვის, რომ გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მას დელეგატთა 2/3 უნდა დაესწროს. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას, ამისთვის საჭიროა უბრალო უმრავლესობა ანუ 50%+1 ხმა.

როგორია კომუნიკაცია დელეგატსა და დარგობრივ პროფკავშირისთვის შორის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით

დელეგატი, რომელიც, თავის მხრივ, ერთ-ერთ დარგობრივ პროფკავშირს წარმოადგენს, ინდივიდუალურად აკეთებს არჩევანს რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. მას არ აქვს ვალდებულება,  თავისი გადაწყვეტილება/არჩევანი შეუთანხმოს დარგობრივი პროფკავშირის წევრებს. დელეგატებსა და დარგობრივი პროფკავშირების წევრებს შორის არანაირი დადგენილი/გაწერილი კომუნიკაციის ფორმა არ არსებობს თავმჯდომარის კანდიდატურაზე პოზიციების შესაჯერებლად.

რაისა ლიპარტელიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კომუნიკაციის ვალდებულება არ არსებობს, დარგობრივი პროფკავშირის წევრებსა და მათ დელეგატებს აქვს შესაძლებლობა, „შეიკრიბონ, გადაწყვიტონ, ვის დაუჭირონ მხარი. ამას მათ არავინ არ უკრძალავს... თუმცა ხმის მიცემა არის ფარული კენჭისყრით და ყველა საბოლოო ჯამში იღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. მე თუ შემარჩიე დელეგატად, ეს ნიშნავს იმას, რომ მენდობი“.

დელეგატს არ აქვს ვალდებულება, დარგობრივ შეკრებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებული სულისკვეთება ხმის მიცემის დროს გაითვალისწინოს.

„რომც გინდოდეს, ამის შემოწმების მექანიზმი არ არსებობს, რადგან თავმჯდომარის არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება... კანდიდატებზე ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, არაა გამორიცხული, რომ მე მოვისმინე ერთის პროგრამა, მეორის და მივანიჭე უპირატესობა რომელიმეს. ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს დელეგატს. მთავარია, ის წესების დაცვით იყოს არჩეული... წესით, ისეთ ადამიანს ირჩევენ, ვისაც ენდობიან. დელეგატების არჩევის აზრიც ეს არის. 145 000 ათასი ადამიანი უშუალოდ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას“, - ამბობს ლიპარტელიანი.

რამდენად სამართლიანია დელეგატების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით თავმჯდომარის არჩევა?

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, ის რომ დელეგატები დარგობრივი პროფკავშირის წევრების მიმართ ანგარიშვალდებულები არ არიან არჩევანის გაკეთებისას, ხომ არ არის რისკი იმისა, რომ კონკრეტული დარგობრივი პროფკავშირის წევრების განწყობა რომელიმე კანდიდატისადმი არჩევნების შედეგებზე არ აისახოს?

რაისა ლიპარტელიანის თქმით, მსგავსი სისტემა აპრობირებულია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. თუმცა ის 100%-ით ვერ აზღვევს იმ სიტუაციას, როცა შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, რომელიც გაერთიანების წევრთა უმრავლესობისთვის მიუღებელია. მისი თქმით, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით წევრების უკმაყოფილება გაჩნდა, ამ წესის გადახედვა მოხდება.

„ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინიციატივა და შესაბამის პირთა მხარდაჭერა. ამას არავინ არ უშლის ჩვენს წევრებს, ყველას აქვს ასეთი ინიციატივის დაყენების უფლება და არ არის გამორიცხული, რომ ეს მიდგომები გადაიხედოს. მაგალითად, ერთ-ერთ საკითხად დგას, ხომ არ დავაყენოთ შემზღუდველი ნორმები, რომელიც ერთსა და იმავე პირს არ მისცემს უფლებას, თავმჯდომარედ იყოს 2 ვადაზე მეტი ხნით. ამაში არის რაციონალური მარცვალი“, - ამბობს ლიპარტელიანი.

გაერთიანებული პროფკავშირების საანგარიშო - საარჩევნო ყრილობა 14-15 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ხმის დამთვლელ კომისიას, მისი წევრები ყრილობაზე ირჩევიან. ყრილობაზევე გადაწყდება, რამდენი ადამიანით დაკომპლექტდება კომისია და ვინ იქნებიან წევრები. 15 სექტემბერს კი ყრილობის წევრები, წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

EMC და „აუდიტორია 115“ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნების პროცესს ეხმაურებიან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^