Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დოროთი ჰოჯკინი: მოლეკულებსა და კრისტალებში მომწყვდეული ცხოვრება

18 სექტემბერი 2017

დოროთი მერი ქროუფუთ ჰოჯკინი ცნობილი ინგლისელი მეცნიერია (ქიმიკოსი და კრისტალოგრაფი). ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის რენტგენული დიფრაქციისა და ზოგადად, კრისტალოგრაფიის განვითარებაში. მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა ამ მეთოდს. ძალზე სუფთა, ნათელ და მკაფიო სურათებს უღებდა ბიომოლეკულებს და ამგვარად შიფრავდა მათ სამგანზომილებიან სტრუქტურას. აღარაფერს ვამბობ იმ ურთულეს მათემატიკურ ანალიზსა და მოლეკულურ კალკულაციებზე, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა გამოსახულებათა გაშიფვრა. ამ ღვაწლისა და დამსახურებისათვის მიანიჭეს ნობელის პრემია მეოცე საუკუნის სამოციან წლებში.

კრისტალოგრაფიის ეს პიონერი 1910 წლის 12 მაისს დაიბადა, ქალაქ კაიროში. დედამისი, გრეის მერი ქროუფუთი, მეცნიერი იყო. მანაც პიონერული შრომებით ისახლა თავი საკუთარ დარგში. შეისწავლიდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად სამარხებში ნაპოვნ ტექსტილსა და სხვა მატერიებს. ამ პატივცემულმა და აღიარებულმა ბოტანიკოსმა ძალზე ხანგრძლივი, საინტერესო და ბობოქარი, მეცნიერების სიყვარულით განმსჭვალული ცხოვრება განვლო. შეისწავლიდა ჩრდილოეთ აფრიკიდან, შუა აღმოსავლეთიდან, ევროპიდან, აზიიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოტანილ ტექსტილებს. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში დაბრუნდა ინგლისში. თითქმის სამი ათეული წელი დაჰყო ეგვიპტეში, სუდანსა და პალესტინაში. 1942 წელს გახდა თანაავტორი ცნობილი სამეცნიერო სტატიისა, „ტუტანჰამონის ტუნიკა“. აქვეყნებდა ნაშრომებსა და მოხსენებებს სატონ ჰუს სახელგანთქმული ანგლოსაქსონური სამარხისა და საოცარი არტეფაქტებით სავსე ხომალდი-სამარხის შესახებ. სწორედ მოლიმ გამოზარდა და გამოწვრთნა ბრიტანელი არქეოლოგების მთელი თაობა. მათ შორისაა სახელგანთქმული ოდრი ჰენშოლი. ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან, რომლებმაც არქეოლოგიური ტექსტილების შესწავლას მიუძღვნეს ცხოვრება. დოროთი ჰოჯკინის მამა - ჯონი, კაიროში მოღვაწეობისას განათლების სამინისტროში მუშაობდა. შემდგომში გადადგა თანამდებობიდან და არქეოლოგია აირჩია სამოღვაწეო ასპარეზად. დოროთი ბავშვობიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას, რადგან მისი მშობლები ხშირად მოგზაურობდნენ და სამეცნიერო ექსპედიციებით ფეხდაფეხ შემოიარეს მთელი აფრიკა. ჯონი და მოლი წელიწადის ექვს თვეს ატარებდნენ აფრიკაში, დარჩენილ თვეებს კი - ინგლისში. როცა ზრდასრულ ჰოჯკინს ჰკითხეს, ვინ იყო მისი გმირი, სამი ქალი დაასახელა: 1) მერი სლესორი - შოტლანდიელი მისიონერი და ქალთა უფლებების დამცველი; 2) მარჯერი ფრაი - სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმატორი და ერთ-ერთი პირველი ინგლისელი ქალი, რომელსაც მიანიჭეს მაგისტრატის ტიტული; 3) დედამისი - მოლი.

1921 წელს შეიყვანეს სერ ჯონ ლეიმანის სკოლაში. ის იყო მეორე გოგონა, რომელსაც მისცეს ქიმიის შესწავლის უფლება იმ დაწესებულებაში (მხოლოდ ბიჭები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიით). დოროთი გატაცებით ეწაფებოდა სამეცნიერო ლიტერატურას. დედა მუდამ ხელს უწყობდა ქალიშვილის ამ მისწრაფებას, რამეთუ კარგად იცოდა, რა ბარიერებსაც აწყდებოდნენ მეცნიერი ქალები იმ ეპოქაში. იგი ემზადებოდა კერძო რეპეტიტორთან, რათა წარმატებით ჩაებარებინა ოქსფორდის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა. მიზანს მიაღწია კიდეც - ჩაირიცხა სასურველ სასწავლებელში, ქიმიის ფაკულტეტზე. მალევე ისახელა თავი ბრწყინვალე ნიჭითა და გონებამახვილობით. კემბრიჯის უნივერსიტეტის ნიუნჰემის კოლეჯში სწავლისას გაიცნო მეცნიერი ჯონ დესმონდ ბერნალი, რომელიც მისი სადოქტორო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა რენტგენული დიფრაქციის შესწავლა და ბიომოლეკულების კრისტალური სტრუქტურის განსაზღვრა.

მან გაშიფრა ქოლესტერინის, პენიცილინის, ვიტამინ ბ12-ის, ინსულინის, ფერიტინის სტრუქტურა; ასევე, იკვლევდა ლაქტოგლობულინის, პეპსინისა და თამბაქოს მოზაიკური ვირუსის აგებულებასაც. დოროთი 35 წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა ინსულინის სტრუქტურის გასაშიფრად და მიაღწია კიდეც მიზანს: 1969 წელს მოჰფინა ნათელი უდიდეს საიდუმლოს. მეცნიერს იზიდავდა ინსულინი თავისი სირთულითა და ჩახლართული აგებულებით; მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, ხვდებოდა მეცნიერებს, გამოდიოდა სამეცნიერო კონფერენციებზე, ჰყვებოდა თავისი აღმოჩენების შესახებ; აცხადებდა, რომ ინსულინს გადამწყვეტი როლი ჰქონდა დიაბეტის მკურნალობის საქმეში. იმ პერიოდში კრისტალოგრაფია არ იყო დიდად განვითარებული. ამიტომაც, მეცნიერმა 25 წელი შეალია ამ ტექნიკის დახვეწას, რათა მაღალი ხარისხის სურათები მიეღო. იგი ხშირად ამბობდა, რომ ინსულინის სტრუქტურის გაშიფვრა მისი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო.

მან ნათელი მოჰფინა პენიცილინის სტრუქტურას და დაამხო იმ ეპოქაში მყარად ფესვგადგმული სამეცნიერო იდეები. 1948 წელს შეუდგა ვიტამინ B12-ის შესწავლას, ჩაატარა პიონერული კვლევები და მიიღო მეტად მკაფიო და სუფთა კრისტალური გამოსახულებები. აღმოაჩინა, რომ ეს ვიტამინი შეიცავდა კობალტს და მყისვე დაიწყო კრისტალოგრაფიული ანალიზი.

მისი მეგობარი გახლდათ ცნობილი მეცნიერი, ჯონ დესმონდ ბერნალი (როზალინდ ფრანკლინის უახლოესი მეგობარი და ბაირბექის კოლეჯის იმ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, სადაც ფრანკლინი მუშაობდა). ბერნალი და ჰოჯკინი სოციალისტები იყვნენ, საერთო პოლიტიკური იდეები ჰქონდათ და დიდი სიყვარულიც აკავშირებდათ. მათი ბობოქარი და გიჟური რომანი სრულებით თავისუფალი იყო ყოველგვარი პატრიარქალური მორალისაგან, ოჯახის მარწუხებისა და სოციალური ნორმებისაგან. ბერნალი მუდამ უწყობდა ხელს ქალ მეცნიერებს და კემბრიჯელებისა და კინგსის კოლეჯელებისაგან განსხვავებით, არ იყო სექსიზმით შეპყრობილი. სწორედ ბერნალი იყო ის ადამიანი, რომელმაც გაილაშქრა ჯეიმს უოტსონის წინააღმდეგ, როცა ამ უკანასკნელმა საშინლად დაამცირა (უკვე გარდაცვლილი) როზალინდ ფრანკლინი თავის მემუარებში. ბერნალმა ამხილა უოტსონის უღირსობა, სექსიზმი და სიცრუე. მან ფრანკლინის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ქება-დიდებით მოიხსენა უდროოდ გარდაცვლილი ეს დიდებული მეცნიერი; მისი თქმით, ფრანკლინის ნამუშევრები იყო ყველაზე მშვენიერი, რაც კი ოდესმე შეუსრულებიათ. დოროთი ჰოჯკინმა აღნიშნა, რომ როზალინდის დიფრაქციული სურათები იყო ყველაზე სუფთა, ცხადი და ნათელი. (როზალინდ ფრანკლინის ცხოვრება და მოღვაწეობა დაწვრილებით იხილეთ აქ: http://liberali.ge/blogs/view/30793/rozalind-franklinis--mtrebs-diakh-dnmis-davitsyebuli-gmiri.

ჰოჯკინმა საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც ისახელა თავი - იბრძოდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ და შეიარაღებული კონფლიქტების აღმოსაფხვრელად. საბჭოთა კავშირმა ორი საპატიო ჯილდო უბოძა: ლომონოსოვის დიდი ოქროს მედალი და საერთაშორისო ლენინური პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის. ინგლისის სამეფო საზოგადოებამ მიანიჭა ქოფლის მედალი.

კაპიტალისტური ამერიკა ვერ იტანდა ჰოჯკინს სოციალისტური იდეების გამო. მრავალი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. როცა გამონაკლისი დაუშვეს, თან გააყოლეს CIA-ის აგენტი, რომელიც განუწყვეტლივ უთვალთვალებდა. ბულგარეთის კომუნისტურმა მთავრობამ დიმიტროვის პრემია მიანიჭა. ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, ლუდმილა კარაჩკინამ, 1982 წლის 23 დეკემბერს აღმოაჩინა ასტეროიდი (5422) ყირიმის ასტროფიზიკის ლაბორატორიაში და სწორედ ჰოჯკინის პატივსაცემად უწოდა მისი სახელი ციურ სხეულს. დოროთი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი გახდა 1970 წელს. მარგარეტ ტეტჩერი მისი სტუდენტი იყო. მართალია, ეს უკანასკნელი ემტერებოდა სოციალისტებს, მაგრამ მიუხედავად დოროთის პოლიტიკური შეხედულებებისა და კომუნისტური სიმპათიებისა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამ მეცნიერის დიდი პორტრეტი ჩამოკიდა დაუნინგ სტრიტზე 1980 წელს.

პრესა და საზოგადოება მუდმივად უსვამდა ხაზს ჰოჯკინის სქესს. როცა ნობელის პრემია მიანიჭეს, გამოცემებმა მის უდიდეს სამეცნიერო აღმოჩენასა და ღვაწლს კი არ მიაქციეს ყურადღება, არამედ მის პირად ცხოვრებაში დაიწყეს ქექვა-ჩიჩქნა. „The Daily Telegraph” წერდა: „ბრიტანელმა ქალმა მოიპოვა ნობელის პრემია - £18,750 სამშვილიანი დედისათვის!". „Daily Mail”-ის გარეკანზე ეწერა: „ოქსფორდელმა დიასახლისმა (!) ნობელი მოიპოვა!“. „The Observer”-ის ცნობით კი სანდომიანი და მეტად სასიამოვნო იერის დიასახლისმა (!), მისის ჰოჯკინმა, მიიღო ნობელი „მეტისმეტად არადიასახლისური (!) უნარისათვის: განსაზღვრა ბიომოლეკულების კრისტალური სტრუქტურა“. ცხადია, არცერთი მეცნიერი კაცის ღვაწლი არ დაუკნინებია (სქესის გამო) პრესას ასეთი ველური გამძვინვარებით; არცერთ გამოცემას არ გაუმახვილებია ყურადღება მის ოჯახურ სტატუსსა და შვილების რაოდენობაზე. „არადიასახლისური უნარი“. ჰო, აბა, როგორ შეიძლება, ქალი დიასახლისი იყოს, შვილებიც ჰყავდეს და თან, ნობელი აიღოს უდიდესი აღმოჩენებისათვის?! სამაგიეროდ, არც ერთ ჟურნალისტს არ მოსვლია თავში აზრად, ჟურნალის გარეკანზე დაეწერა მსგავსი სიბრიყვე: „მამასახლისმა, მისტერ უოტსონმა, მიიღო ნობელი მეტისმეტად არამამასახლისური უნარისათვის“.

გარდა ამისა, დოროთი აღაშფოთა საკუთარი ქალიშვილობის გვარის უგულებელყოფამ: მისი ბიოგრაფის, ჯორჯინა ფერის ცნობით, მეცნიერი 1949 წლამდე საკუთარი გვარით, ანუ ქროუფუთით აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს. როცა პენიცილინის სტრუქტურის შესახებ დაწერილი სტატიის დაბეჭდვის დრო დადგა, იგი თითქმის, აიძულეს, ნაშრომის ბოლოს ქმრის გვარი დაეწერა. მისი უფროსი ვაჟი, ლუკი, იხსენებს - იმ დღეს დედამისი შინ დაბრუნდა და ტრაგიკული ტონით შესძახა: „დღეს დავკარგე ჩემი ქალიშვილობის გვარი!“

ექიმმა ძალზე ცუდი დიაგნოზი დაუსვა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეცნიერს - რევმატოიდული ართრიტი. ქალი ძალიან შეაწუხა ხელებისა და სახსრების აუტანელმა ტკივილმა. დრო გადიოდა და უფრო და უფრო მწვავდებოდა ეს ვერაგი სენი, რომელმაც თითქმის გაუხევა ხელ-ფეხი. ეტლში ჩამჯდარმა გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები, მაგრამ მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი: დაუღალავად შრომობდა და წერდა სამეცნიერო სტატიებს. მიუხედავად იმისა, რომ დაუძლურებული და ღონემიხდილი იყო, მტკიცედ გადაწყვიტა პეკინში გამგზავრება 1993 წლის სამეცნიერო კონგრესზე. ყველას აოცებდა მისი გულმოდგინება, დაუღალავი გონება, შემართება და სიმტკიცე. 1994 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა ილმინგტონში, უორქშირის საგრაფოს მახლობლად.

დოროთი ჰოჯკინის ყველაზე ავტორიტეტული ბიოგრაფი არის ჯორჯინა ფერი, რომელმაც დაწერა წიგნი სახელწოდებით: დოროთი ჰოჯკინი: ცხოვრება“. ავტორს ტყუილუბრალოდ არ შეურჩევია ამგვარი (ერთი შეხედვით, მარტივი) სათაური: როცა ჰოჯკინს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მეცნიერება მისთვის, ასეთი პასუხი შეაგება: სამუდამოდ შემიპყრო ქიმიამ და კრისტალებმა. ცხოვრების ბოლომდე ვერ გავთავისუფლდები ამ ტკბილი ტყვეობისაგან“. აი, ასეთია მისი ცხოვრება - მოლეკულებსა და კრისტალებში გამომწყვდეულ-დატუსაღებული; მეტისმეტად ნეტარი და საამური ტყვეობით დამშვენებული.

იხილეთ: Georgina Ferry: “Dorothy Hodgkin: A Life”, Bloomsbury Reader.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^