Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

22 სექტემბერი 2017

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება გარემოსდაცვით თემებზე სასკოლო ასაკიდან - ტენესის შტატში, ამერიკის სამხრეთით, გარემოს დაცვა ცხოვრების წესად არის ქცეული. პროგრამა „ღია სამყაროს“ ფარგლებში საქართველოდან ჩასულ პროგრამის მონაწილეებს მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მიდგომები გააცნეს.

თანამედროვე ნაგავსაყრელის მართვა

ტენესის შტატის სამ ქალაქს - ალკოას, მერივილის და ბლოუნტის ოლქს საერთო ნაგავსაყრელი აქვს. ამ ნაგავსაყრელზე, რომელიც 120 ათას მოსახლეს ემსახურება, ორი ტიპის ნაგავი იყრის თავს. პირველი კლასს მუნიციპალიტეტებიდან შესული ნაგავი მიეკუთვნება, ხოლო მეორე კლასში ბიზნეს და ინდუსტრიული ნარჩენები შედის. სამშენებლო ნაგავი კი ცალკე ადგილზე იყრება.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ნაგავსაყრელის თანამშრომელი კელი ჰემრბი ჰყვება, პირველი და მეორე კლასის ნაგავი ნაგავსაყრელზე იმარხება. თავდაპირველად მას ამჭიდროვებენ, წნეხენ, შემდეგ კი ნაგავსაყრელზე ყრიან და მიწას აყრიან, რომელსაც შემდეგ ისევ ტკეპნიან. ასე გრძელდება შემდეგი ფენების შემთხვევაშიც.

მისი თქმით, ნაგავსაყრელის მოცულობა 275 აკრს მოიცავს. რაც შეეხება ნაგავს, ამ ნაგავსაყრელზე უკვე 2 მილიონი ტონა ნაგავია დამარხული.

კელი ჰემრბის თქმით, ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტონამდე ნაგავს იღებენ.  ნაგავსაყრელის ბიუჯეტი  4.8 მილიონი დოლარია, რაშიც ნაგავსაყრელის მოვლა, თანამშრომლებისა და ოფისების ხარჯი და ასევე საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება შედის.

ნაგავსაყრელი 1974 წლიდან მოქმედებს და ექსპლუატაციისთვის კიდევ 58 წელია გათვალისწინებული. კელი ჰემრბის თქმით, 1 ტონაზე გადასახადი 48 დოლარს შეადგენს.

„აქედან  მიღებულ ფულს ისევ ამ საქმეში ვაბრუნებთ. აქამდე [მსგავსი ნაგავსაყრელის მოწყობამდე] შტატის გადაწყვეტილებამ მიგვიყვანა. მათ თქვეს, რომ უკანონოა ყველანაირი ღია ნაგავსაყრელი. ამის შემდეგ არჩევანი აღარ დარჩა და ეს უნდა გაკეთებულიყო“, - ამბობს ის.

საინტერესოა ისიც, რომ ნაგავსაყრელზე მუშაობს ცალკე კომპანია, რომელიც აქ დაგროვილ გაზს აგროვებს. კომპანია შემდეგ ამ გაზს ყიდის და შემოსავლის ნაწილი ნაგავსაყრელს რჩება,  ნაწილი კი - მათ. ჰემრბის თქმით, გაზის გაყიდვით მათ წელიწადში 60 000 დოლარი შესდით.

კანალიზაციის გადამუშავება

ქალაქ მერივილში არსებული კანალიზაციის სისტემა შტატის რამდენიმე ქალაქს და მის 23 ათასამდე მოსახლეს ემსახურება.

კანალიზაცია ქალაქ მერივილში სპეციალურ რეზერვუარებში გროვდება, საიდანაც იწყება მისი გადამუშავება. ბაქტერიების გასანადგურებლად კონტეინერებში დაგროვილ მასას სპეციალური ნივთიერებები ერევა.

რამდენიმეეტაპიანი დამუშავების შემდეგ კანალიზაციიდან წყალი შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით იტუმბება და იწმინდება სამ ეტაპად, მინიმალურ ნაწილაკებამდე. წყლის გასაწმენდად ისეთ ნივთიერებებს იყენებენ, რომელიც წყალში ყველანაირ მავნე მინარევს კლავს, რათა ტყვიის შემცველობა ან სხვა მავნე ნივთიერებები გაანეიტრალოს. შედეგად მიღებულ გაფილტრულ და გაწმენდილ წყალს მდინარეში უშვებენ.

რაც შეეხება დარჩენილ მასას, ისიც გადამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. მას ადუღებენ 180 ფარენგეიტზე, დაახლოებით 20 ან 24 საათის განმავლობაში. ბაქტერიების დასახოცად სპეციალურ ბაქტერიებს უშვებენ, შემდეგ კი ცალკე კიდევ რამდენიმე ეტაპად ამუშავებენ. მასა ორ სარტყელში გადის და მაქსიმალურად იწურება სითხისგან. საბოლოოდ მიღებული პროდუქტი კი ნახერხში ერევა და 140 გრადუსამდე ცხელდება, ბაქტერიების ბოლომდე გასანადგურებლად, თუკიდევ რაიმეა დარჩენილი რამდენიმეეტაპიანი გადამუშავების შემდეგ. ამის შემდეგ მასისგან ნაფოტები გამოცალკევდება და საბოლოოდ მიღებული პროდუქტი სასუქად გამოიყენება, ამ პროდუქტის გაყიდვით კი დამატებით შემოსავალს იღებენ.

როგორც ალკოას მერი ამბობს, ამ დაწესებულების წლიური ბიუჯეტი 300 000 დოლარია, მისი მოწყობა და გამართვა კი 27 მილიონი დოლარი დაჯდა.

მისი თქმით, ეს სისტემა 1950 წლიდან მოქმედებს, თუმცა ბოლო 15 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა. 

ნაგვის გადამუშავება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ქართული ჯგუფის წევრები გაეცნენ, ნაგვის გადამუშავებაა. კერძო კომპანია, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული, თვეში 2 000 ტონა ნაგავს ამუშავებს. ისინი იბარებენ პლასტმასისა და შუშის ბოთლებს, ალუმინის ქილებს, მუყაოსა და ქაღალდის ნივთებს.

ნაგვის გადარჩევაზე 16-17 ადამიანი მუშაობს და სხვადასხვა ტიპის ნაგავი ცალ-ცალკე ხარისხდება, რასაც შემდეგ ყიდიან.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ქაღალდის მასალისგან ტუალეტის ქაღალდებს ამზადებენ. ალუმინის ქილები კი ალკოას ალუმინის ქარხანაში მიაქვთ, სადაც მას რეცხავენ, გადაადნობენ და ქილებს თავიდან აკეთებენ. შუშის ბოთლები ჯორჯიის შტატში მიდის და მისგან სუნამოს ბოთლებს ამზადებენ.

საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

„ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, თუ თვითონ ადამიანებს არ ექნებათ სურვილი, რომ იზრუნონ გარემოზე და ისწავლონ, როგორ გააკეთონ ეს“, - გვიყვება ბილი მინსერი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომ მოსწავლეებისთვის სკოლაში გარე სასწავლო სივრცე მოწყობილიყო.

მისი თქმით, 30, 40 და 50 წლის ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ რატომ უნდა მიხედოს ბუნებას, ცოტა რთულია. მშობლებმა კი ბავშვებისთვის 2 წლის ასაკიდან უნდა დაიწყონ ამ საკითხების გაცნობა, ამ ჩვევების გამომუშავება. ამ საქმეში კი სკოლაც უნდა ჩაერთოს.

სწორედ ამ მიზნით, ალკოას ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყვეს, რომ იქ გარემოს დაცვის თემებზე სხვადასხვა გაკვეთილის ჩატარება გამხდარიყო შესაძლებელი.

„აქ ბუნებრივად არის გაზრდილი მუხები, მყარმექნიანი ხეები, ფიჭვნარი; აქ არის ნაკადული, ასევე ჭაობი; ნაკადულში თევზიც არის; დავიწყეთ აღრიცხვა, რა გვაქვს. ლაბორატორიაში როდესაც მიდიხარ, ძალიან ძვირია, რომ იყიდო ამდენი აღჭურვილობა, ასევე, იპოვო ის მცენარეები, რომელიც უნდა შეისწავლო. აქ კი, ამ ადგილას  ყველაფერი ბუნებრივად გვქონდა. 200 დასახელების ჩიტი, ძუძუმწოვრები, ყვავილები, თევზები, ხვლიკები, ამბიფიები და ხეებია. მასწავლებლები 5-დან 12 წლამდე ბავშვებს ასწავლიან, თუ რა არის ეკოლოგია, კონსერვაცია და ა.შ.“, - ამბობს ბილი მინსერი.

მისი თქმით,  ამ ადგილას სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ფული ადგილობრივმა მოსახლეობამაც გადარიცხა, ასევე - ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა.

პროგრამისთვის შეირჩა16 სხვადასხვა თემა, რის შესახებაც ბავშვებს შესაბამისი გაკვეთილები უტარდებათ. ამასთან, მასწავლებელებს შეუძლიათ ჩვეულებრივი გაკვეთილებიც ჩაატარონ ბუნებაში ან თუნდაც სადილის დროს გაიყვანონ ბავშვები.

„ბავშვებს უტარდებათ გეოლოგიის გაკვეთილები. სწავლობენ  სხვადასხვა ქვის ამოცნობას. ვასწავლით ხეები რომ ლპება, შემდეგ რა პროცესები მიდის; როგორ გარემოში ცხოვრობენ ფრინველები, ცხოველები. ვასწავლით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მდინარის პირას მცენარეული საფარის შენარჩუნებას. ერთ-ერთი თემაა ტყის დაბინძურება; ვეუბნებით, რომ ტყეში ნაგვის დატოვება არ შეიძლება. ვასწავლით ტყის მოვლას, ეკოლოგიას, მის ღირებულებას; ვასწავლით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჟანგბადისთვის ტყეებს“, - ამბობს ბილი მინსერი.

გარდა ეკოლოგიისა, მისი თქმით, ბავშვებს ბუნებაში სხვა საგნებსაც ასწავლიან. შესაძლებელია, ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება გეოგრაფიაში, მათემატიკაში და ა.შ.

„ვეკითხებით, საიდან მოდის ეს წყარო,შემდეგ რომელ მდინარეში ჩადის; ეს მდინარე საით მიდის, რამდენი შტატი უნდა გაიაროს; ვინ არიან ამ შტატებში გუბერნატორები; ამ შტატების დედაქალაქების სახელები, ანუ ყველანაირი კითხვა შეიძლება მიაბა ამ საკითხებს... საინტერესო ჭაობიანი ადგილებია, სადაც საინტერესო ჰაბიტატები ბინადრობენ. ბავშვები ეცნობიან თუ რა მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს ამ ადგილებს... მაგალითად, ეს დამპალი მუხის ხე, ვასწავლოთ, რა ეკოლოგიური დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს მას, რომ მასში ბევრ ცხოველს შეუძლია შეძრომა, შიგნით დაბუდება და ა.შ.“, - ამბობს ბილი მინსერი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^