Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ გაათავისუფლეს ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტიდან ლექტორები

25 სექტემბერი 2017

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან 25 ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ რომ ლექტორები უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და მათ უნივერსიტეტში დაბრუნებას მოითხოვენ. ასევე მოითხოვენ ბიზნესის სკოლის დეკანის, ნინო პატარაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას.

გათავისუფლებულ ლექტორთაგან ერთ-ერთია პაატა შურღაია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 წლის განმავლობაში მოწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს.

პაატა შურღაიამ „ლიბერალს“ უთხრა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მასთან და მის კოლეგებთან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, რომლის დროსაც მას უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობდნენ.

„ივლისსა და აგვისტოში მქონდა კომუნიკაცია დეკანთან სხვადასხვა თემაზე, მაგალითად ბიზნესსკოლაში ახალი საგნების დანერგვის თაობაზე, მაშინ არავის უცნობებია ჩემთვის, რომ სექტემბრიდან ლექციებს ვეღარ წავიკითხავდი. როცა ცხრილთან დაკავშირებით, ჩემი თავისუფალი გრაფიკის შესახებ გავაგზავნე ინფორმაცია, ორი კვირის წინ მივიღე პასუხი, რომ მიმდინარე სემესტრში ჩემთვის საათები არ იქნებოდა გამოყოფილი“, - ამბობს შურღაია.

ლექტორების უნივერსიტეტიდან გაშვების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ უნივერსიტეტისა და ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტებით ახსნა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტის პროფესორები არ უნდა იყვნენ აფილირებულნი სხვა უნივერსიტეტებთან.

„ჩვენი მოწვეული ლექტორები წინა სემესტრში გახდნენ სხვადასხვა კერძო უნივერსიტეტის პროფესურა, რის გამოც ბიზნესფაკულტეტმა გადაწყვიტა, მათ მაგივრად სხვა მოწვეული ლექტორები მოეყვანა და ჩაერთო სასაწავლო პროცესში. მიუხედავად ამისა, დღეს ბიზნესფაკულტეტზე, 15 აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულია კონკურსი. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს ამ მოწვეულ ლექტორებს აქვთ შესაძლებლობა, შემოიტანონ საბუთები და წარმატების შემთხვევაში გახდნენ ჩვენი პროფესურა.

ოღონდ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ, რომ აფილირებულნი იყვნენ მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტთან, არც ერთ სხვა უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რადგან მივიჩნვთ, რომ აკადემიური იდენტობისათვის უნივერსიტეტში ძირითად საგნებს უნდა ასწავლიდეს ჩვენი ადგილობრივი აკადემიური პერსონალი. ეს არის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც გამოწვეულია მათ შორის ავტორიზაციის გამკაცრებული სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა გიგა ზედანიამ.

თუმცა პაატა შურღაია ამბობს, რომ მის შემთხვევაში ეს წესი ვერ იმოქმედებდა, რადგან მას სხვა უნივერსიტეტში არანაირი აკადემიური თანამდებობა არ უჭირავს, - „უნივერსიტეტში ვინც არის დარჩენილი, 90% სხვაგანაც მუშაობს. შესაბამისად, ადმინისტრაციასთან შეხვედრისას მე კითხვა დავსვი, თუ როგორ მოხდა ისე, რომ ამ კატეგორიის ლექტორები დღემდე კითხულობენ ლექციებს, ნაწილი კი გაუშვეს უნივერსიტეტიდან, რა პრინციპით იხელმძღვანელეს შერჩევისას, თუ არსებობდა რაიმე დოკუმენტი. მათი პასუხი იყო ძალიან ზოგადი, რომ „ამჯერად მოვიდა თქვენი დრო და სხვების დროც დადგება ძალიან მალეო“.

პაატა შურღაია ფიქრობს, რომ ლექტორების უნივერსიტეტიდან გაშვება დეკანის პირადი სიპათიების მიხედვით  მოხდა. გარდა ამისა, მისთვის ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ უნივერსიტეტიდან გაშვებული ოცდახუთივე ლექტორი წინა ხელმძღვანელობის პერიოდშია მისული უნივერსიტეტში.

რაც შეეხება კონკურსს აკადემიურ თანამდებობებზე, შურღაია ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან აზრი არ აქვს.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს როცა ანალოგიური კონკურსი გაიმართა, დეკანმა ლექტორებს უთხრა, რომ მათ კონკურსი არ ეხებოდათ, ვინაიდან მოწვეული ლექტორის სტატუსი ჰქონდათ, ამიტომ, მისი თქმით, გაურკვეველია, რატომ შეიცვალა ეს პრაქტიკა.

რექტორთან შეხვედრის დასრულების შემდგომ სტუდენტებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისას მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ. ამიტომ ისინი პროტესტს განაგრძონებ ორი მთავარი მოთხოვნით,- უნივერსიტეტში დაბრუნდნენ მათი გათავისუფლებული ლექტორები და თანამდებობა დატოვოს ბიზნესის სკოლის დეკანმა. 

LIVE ► ილიაუნის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^