Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყველა ბავშვი ყოველდღიურად რისკის წინაშეა“ - ანა ჯანელიძე ბაღებში უსაფრთხოებაზე

26 სექტემბერი 2017

გუშინ, 25 სექტემბერს თბილისში, ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. მას ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნებოდა.

206-ე საჯარო ბაღის დირექტორი „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ" თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე  საქმე გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით აღიძრა. 

ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, ჩემი აზრით, ალბათ გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან გადახტა, ანუ მეორე სართულიდან“, - განაცხადა თემურ თორდინავამრუსთავი 2-თან საუბრისას.

სპეციალისტები საუბრობენ მასწავლებლებისა და აღმზრდელების კვალიფიკაციაზე, ინფრასტურქტურასა და სხვა სტანდარტებზე, რომელიც ბაღებში უნდა იყოს დაცული, თუმცა ფიქრობენ, რომ პრობლემა უფრო ღრმა და სისტემურია.

გაერო-ის ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე „ლიბერალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული სტანდარტები და მასწავლებელთა კვალიფიკაცია ბაღებში პრობლემის ერთი მხარეა და მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ჯგუფებში ბავშვების რაოდენობაა.

„ფანჯარა აუცილებლად უნდა იყოს გარკვეულ სიმაღლეზე. ჯგუფის სივრცეში საფრთხის შეცველი ნივთი - დაზიანებული მოწყობილობები ეზოში, საქანელები და ა.შ.  - უნდა გამოირიცხოს და ინფრასტრუქტურა სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ამასთან მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა“, - თქვა ჯანელიძემ.

მისი თქმით, როცა ჯგუფში 50 ბავშვია და მხოლოდ 2 მასწავლებელი ან აღმზრდელი, შეუძლებელია არამხოლოდ განათლებისა მიღება, არამედ უსაფრთხოების  დაცვაც კი. ადრეულ ასაკში, როცა განსაკუთრებით საჭიროა ბავშვისთვის ინდივიდუალური ყურადღების დათმობა, ეს ვერ ხერხდება.

„რაც არ უნდა მაღალი კომპეტენციის იყოს მასწავლებელი, შეუძლებელია ბავშვისთვის შესაბამისი ყურადღების დათმობა, როცა ჯგუფში ბევრი ბავშვია. პრობლემაა გადატვირთული ჯგუფები როგორც თბილისში, ისე სოფლებშიც. მოთხოვნა მაღალია, რომლის დაკმაყოფილებასაც მუნიციპალიტეტები ჯგუფებში ბევრი ბავშვის დარეგისტრირებით აგვარებდნენ. ამის გამო, ბავშვები ყოველდღიურად რისკის წინაშე არიან,“ - ამბობს ანა ჯანელიძე.

2016 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“.  კანონში არის ჩანაწერი, სადაც განსაზღვრულია, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ბაღი და რამდენი ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში.

კანონის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

  •  2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
  •  3-დან 4 წლამდე  ბავშვების ჯგუფში - არაუმეტეს 30 ბავშვისა
  •  4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში - არაუმეტეს 30 ბავშვისა.

 ეს მუხლი სავალდებულო ხასიათს 2020 წლიდან შეიძენს

„გამოდის, რომ კიდევ 3-4 წლის განმავლობაში სიტუაცია არ შეიცვლება. ამასთან კანონით გვაქვს საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის შესრულებაც ამით გამორიცხული იქნება. რადგან, ეს სტანდარტი ბავშვის ინტერესებზე, ინდივიდუალურ მიდგომაზეა აგებული. როგორ იქნება შესაძლებელი 60-ბავშვიან ჯგუფში ამ სტანდარტის დაცვა?“- ამბობს ჯანელიძე.

ანა ჯანელიძის თქმით,  თბილისში საკრებულოს დადგენილებითაც საბავშვო ბაღებისთვის განისაზღვრა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ბაგა-ბაღში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 25-ს, ხოლო მოზრდილებში - 35-ს.  მისი თქმით, ეს სტანდარტები მორგებულია ქართულ რეალობას, რადგან აუცილებელი იყო რაღაცის შეცვლა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი.  საერთაშორისო სტანდარტით კი ბაგა-ბაღის ერთ ჯგუფში 12-14 ბავშვი უნდა იყოს, ხოლო სამიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში - 22-დან 25-მდე ბავშვი.  

„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იმ ბაღებში, სადაც ჯგუფები გადატვირთულია, მომსახურე პერსონალს დაამატებენ.

„ჩვენ გადატვირთულ ჯგუფებთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღებში, სადაც ბევრი ბავშვია, დავამატოთ პერსონალი. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს13 ბაღის მშენებლობა, რომლებიც მომავალ წელს ეტაპობრივად გაიხსნება“, - თქვა თემურ თორდინავამ.

თორდინავამ უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებში არ შეიძლება იყოს ყრუ გისოსები. ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოიძებნოს  ალტერანტიული გზები და შეიცვალოს ასეთი ფანჯრები. მისი თქმით,  ეს საკითხი 3-4 დღეში გახდება ცნობილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითა ...

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვით ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

თანასწორობა განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს

14-წლიანი პაუზის შემდეგ 4 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. მოძალადე ქმარს რომ გაშორდა, რთულ, სტრესულ მდგომარეობ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა ...

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში? – „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტ ...

მეტი

^