Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იქცა თუ არა ჩრდილოეთ კავკასია მსოფლიო პრობლემად?

07 მაისი 2013

ბოსტონის ტერაქტის გამოძიების შედეგებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ამერიკულ-რუსული ურთიერთობები კავკასიის ჭრილში. 

ამ კითხვას პასუხი იმის მიხედვით გაეცემა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც, ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ სახეს მიიღებს ურთიერთობა მსოფლიო ზესახელმწიფოებს შორის.

ბოსტონის ტერაქტის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასია მოულოდნელად მსოფლიო მას-მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სოჭის ოლიმპიადის მოახლოება, ბოსტონის უცნაური ტერაქტი თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ს ზოგადად კავკასიისთვის მეტი ყურადღების დათმობა მოუხდება. როგორც ჩანს, ასევე გაიზრდება რეგიონის პრიორიტეტულობა რუსეთისთვისაც.

2013 წლის მარტსა და აპრილში მეტ-ნაკლებად მშვიდ ჩრდილოეთ ოსეთსაც კი გადაურბინა კონტრტერორისტულ ოპერაციათა ტალღამ.  რესპუბლიკის რამდენიმე რაიონში, ყველაზე სამხრეთით მდებარე, პრიგოროდნიდან დაწყებული, ყველაზე ჩრდილოეთ რაიონით, მოზდოკით დამთავრებული, საგანგებო რეჟიმი არაერთგან გამოცხადდა. საფიქრებელია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ ეს ოპერაციები პროფილაქტიკისთვის,  2014 წლის სოჭის ოლიმპიადისათვის მზადების ფარგლებში  ჩაატარა. სასაზღვრო კონტროლის საგრძნობი გამკაცრებით აღინიშნა ეს პერიოდი სამხრეთ ოსეთში, სასაზღვრო ზოლი განსაკუთრებული დამცავი საშუალებებით გამყარდა.

ჯერ არ ჩანს, გამართლდება თუ არა ამ დღეებში წამოყენებული კონსპიროლოგიური თეორიები, მაგრამ ბოსტონის ტერაქტის შემდეგ არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ზოგადად დასავლეთს, კავკასიაზე  უფრო მეტად მოუწევს კონცენტრირება. ვინც არ უნდა იდგეს ამ ტერაქტის უკან, რუსული სპეცსამსახურები თუ დოკუ  უმაროვის კავკასიის ემირატი,  თუნდაც აღმოჩნდეს, რომ ძმები ცარნაევები დაღესტნელი ,,ბოევიკების“ ბრძოლამ შთააგონა, ერთი რამ მაინც ცხადია:  ჩაუმცხრალი ომი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთ საერთაშორისო პრობლემად იქცა.

რუსეთის წინაშე მდგარი დილემა იმაში მდგომარეობს, რომ მას ჩრდილოეთ კავკასიაში საერთაშორისო ძალების შეშვება არ სურს, მაგრამ, ამავე დროს, ტერორიზმის მუქარის გავრცელებას თავად ვერ უმკლავდება და ამის გამო რუსეთი ფაქტობრივად უკვე თავად იქცა საერთაშორისო პრობლემად - იმისგან დამოუკიდებლად , ითამაშეს თუ არა რუსულმა სპეცსამსახურებმა რამ როლი ბოსტონის ტერაქტის მზადებაში.

პრემიერმა ივანიშვილმა კავკასიის მიმართ აშშ-ს ვექტორის შეცვლა იგრძნო და ამ ცვლილების მის სასარგებლოდ გამოყენება იჩქარა, როცა საქართველოს წინა ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელი ,,ბოევიკების“ მფარველობაში დაადანაშაულა, თუმცა კი ნათქვამთან ერთად დასძინა,  ვითარებაში გამოძიება გაგვარკვევსო.

ამასთან, ბოსტონის ტერაქტის გამოძიების შედეგებმა უახლოეს მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ამერიკულ-რუსული ურთიერთობები კავკასიის ჭრილში. ჯერჯერობით ძნელია თქმა, რა ნიშნით შეიძლება მოხდეს ეს ცვლილება, მაგრამ ნეგატიური ტრენდი უფრო სავარაუდოა, რადგან რუსეთი ამერიკაში დაწყებულ გამოძიებას საკმარის დახმარებას არ გაუწევს, და ამავე დროს დაბრკოლებებს შეუქმნის აშშ-ს სერიოზულ ჩართულობას ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში. ამან შეიძლება გაამძაფროს რუსეთსა და  აშშ-ს შორის კავკასიისთვის მეტოქეობა. რასაკვირველია,   ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნაკლებად მოსალოდნელი, პოზიტიური განვითარების სცენარიც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდეთ, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადება ორმხრივი, გაფართოებული თანამშრომლობით გაგრძელდება. ასეა თუ ისე, კავკასიისათვის მთლიანობაში ეს მისი მტკივნეული პრობლემების ,,რევიზიას’’ და გარკვეულ ,,შეჯანჯღარებას“ მოასწავებს, რომელთაც შეიძლება ნაკლებპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.

ამ პრობლემებს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური განზომილებაც გააჩნია. თუ აშშ-ში სულ რამდენიმე ასეული ეთნიკური ჩეჩენი ცხოვრობს, ევროკავშირის ქვეყნებში სულ მცირე 100 000 ჩეჩენი მოსახლეა. ამათგან დაახლოებით ნახევარი რეგულარულად ჩადის რუსეთში. თუ  ჩრდილოეთ კავკასია და რუსეთი სერიოზულ საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს, რაზეც, წინასწარი მონაცემებით, ბოსტონის ტერაქტი მიუთითებს, მაშინ უკანასკნელი მოვლენები და მათი შედეგები  ევროპისთვის უფრო შემაშფოთებელი უნდა იყოს, ვიდრე აშშ-სთვის. მაშასადამე, ჩრდილოეთ კავკასიის ჩიხური სიტუაციის გადასაჭრელად მთელს დასავლეთის სამყაროს ჰქონია გადაკვეთის წერტილები.

ამ დროს ვითარება რეგიონში კვლავ გართულებულია. ჯერ ის არ კმაროდა, რომ ,,ბოევიკებთან“ და რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ძალადობა არა და არ წყდება, ახლა მიწების საკითხიც გამწვავდა, წარმოიშვა ტერიტორიული კამათი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის. 2012 წლის დეკემბრიდან მოულოდნელად, და საკმაო სიმძაფრითაც, თავი იჩინა სტავროპოლის მხარის რუსულმა   მოძრაობამ, რომლის ამოცანა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ფაქტობრივი ჩამოშორებაა რუსულენოვანი სტავროპოლის მხარიდან, ანუ, რუსეთიდან. ცალკ-ცალკე ეს პრობლემები კრემლისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად არ აღიქმებოდა, მაგრამ მათი თანხვედრის, თანაც რეგიონისადმი  მსოფლიო თანამეგობრობის მზარდი ინტერესის პირობებში, მოსკოვს სერიოზული მანევრირება და საკუთარი მიდგომების საგრძნობი შეცვლა მოუწევს, რომ დასავლეთთან ურთიერთობა არ დაეძაბოს და ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციაზე საკუთარი კონტროლი შეინარჩუნოს. თუ გუშინ რუსეთი სამხრეთკავკასიურ პრობლემებს არეგულირებდა, ახლა ჩნდება კითხვები, რას აკეთებს იგი ჩრდილოეთ კავკასიაში.

ჯერჯერობით გაუგებარია, სახელდობრ როგორ აპირებს რუსეთი ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოსვლას. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთი და აშშ ექსტრემიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობას გააღრმავებენ, მაგრამ რუსეთის სამართალდაცვითი სისტემის მიმართ უნდობლობა თვით რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც იმდენად დიდია, რომ ეს თანამშრომლობა მეტისმეტად განტოტვილი იქნება. ძნელი სათქმელია, როგორ შეიცვლება ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში უახლოეს მომავალში, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ სერიოზული ცვლილებებია კარს მომდგარი.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^