Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ფინანსური სარგებელი აქვს განათლებას საქართველოში

03 ოქტომბერი 2017

რა ფინანსური სარგებელი აქვს განათლებას საქართველოში, რამდენად შესაბამისია განათლება დასაქმების  ბაზართან და როგორია ქვეყანაში შრომითი კმაყოფილება,- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ქვეყნის მასშტაბით 2016 წლის ზაფხულში რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 33%-ს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, მათ შორის არიან ანაზღაურების მქონე თვითდასაქმებული მოქალაქეები.  დაქირავებით დასაქმებულებს შორის კი ყველაზე დიდი წილი (58%) უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ სკოლის განათლებასთან შედარებით, ბაკალავრის ხარისხი დასაქმების შესაძლებლობას თითქმის 3-ჯერ ზრდის, მაგისტრის ხარისხი კი 5-ჯერ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფორმალური განათლების დონე არ განსაზღვრავს მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე სფეროში დასაქმდება ადამიანი თუ ისეთ სამუშაო ადგილზე, რომელსაც უფრო დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, ფორმალური განათლების ყოველი დამატებითი წილი ყოველთვიურ ანაზღაურებას, საშუალოდ 7%-ით ზრდის.

კვლევის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტების დაბეგრილი ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 623 ლარს შეადგენს. მხოლოდ სკოლის განათლების შემთხვევაში ეს თანხა 497 ლარია, პროფესიული განათლების შემთხვევაში კი _ 375 ლარი.

საშუალო ყოველთვიური ანაზღაურების შედარებისასა, განსხვავებები გამოიკვეთა გენდერულ ჭრილში. უფრო კონკრეტულად კი კაცების ყოველთვიური ანაზღაურების საშუალო  55%-ით აღემატება ქალების ყოველთვიურ ანაზღაურებას.

რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასურველი სამსახურის საშოვნელად, უმაღლესი განათლებაა საჭირო. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ დაუსაქმებელთა უფრო დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებზე მოდის, ვიდრე განათლების ყველაზე დაბალი საფეხურის მქონე რესპონდენტებზე. კვლევის ავტორთა შეფასებით,  ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, ქვეყანაში მოთხოვნა-მიწოდების კუთხით არსებულ დისბალანსზე.

როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყანაში სახეზეა „დემოგრაფიული დაბერება“, რაც თავის მხრივ აისახება ბაზარზე სამუშაო ძალის განაწილებაზე,-  დასაქმებულების უმრავლესობას, 65%-ს  მოსახლეობის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელმაც საშუალო და უმაღლესი განათლება მთლიანად საბჭოთა და ნაწილობრივ პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაუსაქმებელი რესპონდენტების 31%-მა უმაღლესი განათლება თანამედროვე, ბოლონიის სისტემაში მიიღო, მაგრამ ისინი მაინც უარყოფითად აფასებენ საკუთარ კომპეტენციებს, რაც როგორც კვლევის ანგარიშშია აღნიშნული, გარკვეულწილად ადასტურებს საქართველოში დღეს-დღეობით არსებული საგანანმანათლებლო სისტემის უუნარობას, მოამზადოს  ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კვალიფიციური კადრები.

რაც შეეხება შრომით კმაყოფილებას, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხელფასით კმაყოფილება მნიშვნელოვნად განაპირობებს შრომით კმაყოფილებას ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, გარდა 18-25 ასაკობრივი კატეგორიისა. ამ ჯგუფის შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია დაწინაურების პერსპექტივები და სამსახურის არსებობა, როგორც კარიერული წინსვლის წინაპირობა.

გამოკითხულ რესპონდენტთათვის შრომით კმაყოფილებას მნიშვნელოვნად განაპირობებს სოციალური გარემო დასაქმების ადგილას, უფრო კონკრეტულად კი ურთიერთობები კოლეგებთან და ხემლძღვანელთან. კვლევის ავტორები მიიჩვენებ, რომ სოციალური კაპიტალის ასეთი გავლენა შრომით კმაყოფილებაზე შეიძლება აიხსნას საქართველოსთვის დამახასიათებელი, კოლექტივისტური ორიენტაციით, სადაც თანამშრომლებს შორის არაფორმალური ურთიერთობები სამსახურებრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

ანგარიშში გამოყენებულია მსოფლიო ბანკის საქართველოს 2013 წლის სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაც.

ანგარიში მომზადდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში: „უმაღლესი განათლების ამონაგების მიმართება შრომით ორიენტაციასა და კმაყოფილებასთან საქართველოში“. კვლევა გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^