Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედიცინაში ნობელის პრემია ორგანიზმის შინაგანი საათის შესწავლისთვის გადასცეს

05 ოქტომბერი 2017

ლექციების და ცერემონიების ციკლი, რომელიც ყოველ დეკემბერს სტოკჰოლმში იმართება და ნობელის ჯილდოს გადაცემითა და ბანკეტით სრულდება, საკმაოდ მრავალფეროვანი და გაწელილი პროცესია.  ეს კარგია  დაჯილდოებაზე მთელი მსოფლიოდან ჩასული მეცნიერებისთვის, რადგან მათ დღეღამური რიტმის აღდგენის საშუალება ეძლევათ. წელს სამი მეცნიერი განსაკუთრებით მადლიერი უნდა იყოს ამის გამო, რადგან სწორედ მათ ახსნეს, პირველ რიგში რატომ ირღვევა დღეღამური რიტმი. 

ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როსბაში და მაიკლ იანგი პასუხისმგებლები არიან იმის დადგენაზე, თუ როგორ მუშაობს ხილის ბუზისა და, შესაბამისად, სხვა ორგანიზმების  შინაგანი საათი, რომელსაც ცირკადული რიტმი ეწოდება. ეს შინაგანი ციკლი სხეულის ფიზიოლოგიას უსაბამებს სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობას. ცირკადული რიტმი ბევრ სხვა რამესთან ერთად ადამიანში ძილის ციკლს აკონტროლებს. ნობელის კომიტეტის განცხადების თანახმად, ეს მეცნიერები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 108-ე ნობელის პრემია იმ დამსახურების გამო მიიღეს, რომ ახსნეს, როგორ ადაპტირდება მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ბიოლოგიური რიტმი ისე, რომ იგი სინქრონიზებულია დედამიწის ბრუნვასთან“.

ამ საკითხზე დოქტორი ჰოლი და როსბაში მასაჩუსეტსის ბრენდეის უნივერსიტეტში ერთად მუშაობდნენ,  დოქტორი იანგი კი როკფელერის უნივერსიტეტში მათგან დამოუკიდებლად მუშაობდა. მუტირებული ხილის ბუზების შესწავლით მათ ერთობლივად წარმოადგინეს ცირკადული რიტმის მოქმედების მოლეკულური მექანიზმი. პირველი ნაბიჯი იყო ხილის ბუზის გენომიდან იმ გენის გამოყოფა, რომელსაც პერიოდი ჰქვია და  რომელზეც დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ცირკადული რიტმის კონტროლში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს გენების სექვენირება, ანუ დნმ-ის მოლეკულაში ნუკლეოტიდების მიმდევრობის დადგენის ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იყო.

დოქტორმა ჰოლმა და როსბაშმა ხილის ბუზში ამ გენის მიერ კოდირებული ცილის, PER-ის კონცენტრაცია გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ  კონცენტრაცია 24-საათიან ციკლს გადის და პიკს ღამით აღწევს. მათ ასევე გაზომეს ამავე გენის მიერ წარმოქმნილი იმ „მესენჯერი“ მოლეკულის დონე,  რომელსაც ცილის წარმოქნის რეცეპტი უჯრედის ცილის წარმოქმნელ მექანიზმებამდე გადააქვს. აღმოჩნდა, რომ მესენჯერის კონცენტრაციაც ასევე გადის ციკლს და პიკს ცილის უმაღლესი კონცენტრაციის მომენტიდან რამდენიმე საათით ადრე აღწევს.

მნიშვნელოვანი ამ ამბავში ისაა, რომ ცილა PER-ის მაღალი კონცენტრაცია თრგუნავს მისი წარმომქმნელი გენების აქტივობას. რაც უფრო მეტი ცილაა, მით უფრო ნაკლებად აქტიურია პერიოდი გენები, რაც  „მესენჯერი“ მოლეკულისა  და, შესაბამისად, თავად ცილის წარმოქმნას ამცირებს. ეს კი თავის მხრივ შესაძლებელს ხდის  გენის ხელახალ აქტივაციას და პროცესი ასე გრძელდება უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით.

პროცესში უამრავი სხვა გენი და ცილაა ჩართული, ბევრი მათგანი ასევე დოქტორი ჰოლის, როსბაშისა და იანგის მიერაა აღმოჩენილი. ზოგი მათგანი შინაგან საათს თვალიდან მიღებულ ინფორმაციასთან აკავშირებს, რაც მზესთან მათ სინქრონიზაციას იწვევს. მაგრამ ბიოლოგიური საათის ნამდვილი არსი მესენჯერი მოლეკულისა და ცილის მიერ პერიოდი გენების აქტივობის ცვლილებაში მდგომარეობს.

„ცირკადული რიტმი ისევე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია, როგორც სუნთქვა. არ არსებობს ბიოლოგიის ასპექტი, რომლისთვისაც ცირკადული რიტმები მნიშვნელოვანი არ არის“, - ამბობს ჩარალამბოს კურიაკუ, ლეიკესტერის უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკოსი.

კავშირები ცირკადულ რიტმსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის იმდენად ყოვლისმომცველია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტებმა თავიანთი ყურადღება ქრონობიოლოგიაზე უნდა გადაიტანონ, ფიქრობს ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიოლოგიის კათედრის გამგე  მართა მეროუ. ეს შესაძლოა საერთოდ დამოუკიდებელი სპეციალობა იყოს ან ისეთ დარგებში გახდეს ჩანერგილი, როგორებიცაა ენდოკრინოლოგია და რევმატოლოგია.

„ნებისმიერი ცხოველისა და მცენარის ქცევა განსაზღვრულია სინათლე-სიბნელის ციკლით. ამ პლანეტის ბინადრები მზის მონები ვართ. ცირკადული რიტმი ჩვენს მეტაბოლიზმშია ჩაბეჭდილი. იგი სიცოცხლის გაგების საკვანძო თვისებაა“, - ამბობს სერ პოლ ნურსი, ფრენსის კრიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელმაც ნობელის პრემია 2001 წელს უჯრედის ციკლის შესწავლისთვის მიიღო.

გუნდის შრომის გავლენა მედიცინაზე უფრო და უფრო ნათელი ხდება. აშკარაა, რომ ჯანმრთელობის ბევრი ასპექტი დაიყვანება ცირკადული რიტმის თანდაყოლილ და შეძენილ დარღვევებამდე. ახალ გარემოში ეს შინაგანი „ტაიმერი“ მუდმივად ცდილობს, გადაწყობას და თუ თქვენ მას ყოველ კვირას რამდენიმე საათით გადასწევთ, ორგანიზმისთვის ეს უზარმაზარი წნეხი იქნება.

შარშან ნობელის პრემია მედიცინაში იაპონელმა ბიოლოგმა, იოშინორი ოსუმიმ მიიღო, რომელმაც ორგანიზმის მიერ საკუთარი უჯრედების კომპონენტების დაშლისა და დამუშავების მექანიზმი შეისწავლა. 1901 წლიდან დღემდე მედიცინაში გაცემული 107 ნობელის პრემია 211-მა მეცნიერმა მიიღო. მათ შორის მხოლოდ 12-ია ქალი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკაში აქამდე მხოლოდ ორ ქალს აქვს ნობელის პრემია მიღებული. სხვა დარგებში წლევანდელი გამარჯვებულები კვირის ბოლომდე გამოვლინდება, ეკონომიკაში კი - ცხრა ოქტომბერს. 

მომზადებულია economist.com, sciencemag.org, nature.com, და theguardian.com - ის მიხედვით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ნენსკრაჰესის პროექტის დეველოპერები არ ის ...

ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

როცა ლელოს გოგოები დებენ

„ბურთი! ბურთი! ბურთი!“ – სოფლის სიმყუდროვესა და  სიჩუმეს, რომელიც სკოლის ეზოში გაკვეთილების დასრუ ...

მეტი

^