Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ ბავშვთა უფლებები სასამართლოს პრიორიტეტი არ არის

11 ოქტომბერი 2017

„ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით საქართველოში მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები მოსამართლეა. საქმეების მკვეთრი ზრდის ფონზე მოსამართლეების გადატვირთულობა უდიდესი პრობლემაა“, - სოფო ვერძეული,  მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორ/EMC.

სასამართლო სისტემის გადატვირთულობა და დაგვიანებით ჩანიშნული სასამართლო პროცესები განსაკუთრებულად მძაფრად სოციალური დავების, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაში ვლინდება. ეს პრობლემა ხელს უშლის ბავშვისთვის დროული რეაბილიტაციის ან მომსახურების მიღების პროცესს, რის გამოც, ზოგიერთ შემთხვევაში, სამართლებრივ დავას აზრი აღარ აქვს.

საბა თვეების იყო, როცა დედას უთხრეს, შენს შვილს ცერებრალური დამბლა აქვსო. მერე დიაგნოზი შეიცვალა - აღმოჩნდა, რომ ბავშვს მძიმე გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა ქცევითი აშლილობებით. ახლა საბა 12 წლისაა. დედის გარდა, არავინ ჰყავს. მამამ თვეების მიატოვა.

ნათია ლომიძე საბას დედაა. შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძო სახლის პირველ სართულზე, ნაქირავებ ოთახში სულ ერთი თვეა გადავიდა. ქირას ახლა გამგეობა უხდით.

საბა 5 წლისა იყო, როცა დღის ცენტრში დაიწყო სიარული. ნათიას მაშინ თავისუფალი დროც რჩებოდა, მუშაობდა და შემოსავალი ჰქონდა, ბინის ქირას თვითონ იხდიდა. მერე საბას მდგომარეობა გართულდა. დღის ცენტრში უთხრეს, რომ მის შვილს იქ ყოფნა აღარ შეეძლო - საფრთხეს უქმნის სხვა ბავშვებსო.

შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში, ქცევითი თერაპიის უფასო კურსებით სარგებლობდა. ნათია ამბობს, რომ ეს კურსი საბას ქცევების რეგულირებაზე დადებითად აისახა. აგრესიული აღარ იყო. მაგრამ მოულოდნელად, ბავშვს დაფინანსება შეუწყდა და რაც ისწავლა, ისიც დაივიწყა: „კერძო თერაპიის კურსები საათი 30-50 ლარი ღირს. ამის ფული მე არ მაქვს. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, საბასთვის დღის ცენტრში სიარულის უფლება მიეცათ ან თერაპიის კურსები დაეფინანსებინათ - თუ ვერ მართავ ბავშვს, ბავშთა სახლში დატოვე ან მინდობით აღზრდის პროგრამით ისარგებლეო. რა უნდა მეთქვა? ყველამ კარგად ვიცით, რა ხდება ბავშვთა სახლებში. საბას ამისთვის ვერ გავიმეტებ”.

ბოლო ორი წელია საბა და ნათია ოთხკედელშუა არიან გამოკეტილი. ხან რომელ სახლს ქირაობენ, ხან რომელს. ფულის არქონის გამო, ბევრჯერ დაუცლიათ ბინა.

ამის ფონზე, საბას პერიოდულად ისე უმწვავდება მდგომარეობა, მისი თემქის ბავშვთა ფსიქიკურ განყოფილებაში გადაყვანაა საჭირო: „როცაიქ არის, ხანდახან ვერ ვცნობ. პერიოდულად ისე იქცევა როგორც სახლში - ჰიპერაქტიურია, ხანდახან ძალიან აგრესიული. პერიოდულად კი მთვრალივით გაბრუებული წევს. მეუბნებიან, იმიტომ წყნარდება, აქ ყოფნა მოსწონსო. რა არის მოსაწონი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?”. სახლში საბას ქცევების მართვა ნათიას უკვე უჭირს. ფიზიკურად დედაზე დიდია. ოთხკედელშუა ყოფნა ბავშვს არ მოსწონს და ამას სხვადასხვანაირად აპროტესტებს, ზოგჯერ თვითდაზიანებებსაც იყენებს.

ამ ყველაფერს სოციალური პრობლემები ემატება. დედა-შვილი საბას მიზერული პენსიითა და პერიოდულად სოციალური დახმარებით ცხოვრობს{ბინის ხშირი ცვლის გამო, გადამისამართების დროს, ოჯახს სოციალური დახმარება დროებით უწყდება}.

ნათიასთვის სასამართლო დავაში დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციის - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) - იურისტებმა  საკუთარ თავზე აიღეს.

2016 წლის ივნისს სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. მას შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ პროცესის ჩანიშვნას. რამდენიმე თვის წინ სასამართლოდან აცნობეს, რომ მოსამართლე შეიცვალა და პროცესი კიდევ უფრო გაიწელა. PHR-მა პროცესის დაჩქარებით ჩანიშვნაზე სასამართლოს წერილობით 4-ჯერ მიმართა, მოსამართლის თანაშემწეს არაერთხელ დაურეკეს. მაგრამ დღემდე არ იციან, როდის დაიწყება საბას საქმის განხილვა.

სახელმწიფოსგან საბასთვის კარგ და პროფესიონალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობას ქვეშ ყოფნას ითხოვენ, „რომ საბას მდგომარეობა კიდევ მეტად არ გართულდეს და მეც ვიმუშაო. აღარ მინდა სულ სახელმწიფოსა და სხვა ადამიანების ხელებში ყურება”, - ამბობს ნათია, საბას დედა.

ანა არგანაშვილი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელია. იურისტი „ლიბერალთან” საუბარში ამბობს, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა საბას ჯანმრთელობაზე ფატალურად აისახოს. იმის ფონზე, რომ საბას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, დედას მისი ქცევების მართვა უჭირს. ბავშვისთვის ასეთ გარემოში ყოფნა კი სტრესულია:

„მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ საფრთხეებზე, რომ ბავშვი დიდ ინსტიტუციაში არ მოხვდეს, სადაც ყოველდღიურად ირღვევა მცირეწლოვნების უფლებები. ესაა უბრალოდ, ბავშვების იზოლაციის ადგილი, სადაც არავინ ზრუნავს მათი მდგომარეობის სტაბილიზაციასა და გაუმჯობესებაზე”.

სოციალური უფლება სასამართლო სისტემის პრიორიტეტი არაა

საერთო სასამართლოების სისტემაში დღეს დაახლოებით 280 მოსამართლე გვყავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელების რაოდენობების ზრდის ფონზე, სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემა განსაკუთრებულად მძაფრად სოციალური დავების დროს ვლინდება.

საბას შემთხვევა ერთადერთი არაა, როდესაც სამართლებრივი დავა დროში იწელება და ამის გამო, კონკრეტული, მით უფრო ბავშვების ინტერესები ზიანდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის  ცენტრი”(EMC) არაერთ სამართლებრივ დავას აწარმოებს სახელმწიფოსთან. მათ შორისაა, უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ დაწყებული საქმეები.

ლელა გვიშიანი ორგანიზაციის იურისტია. შეკითხვაზე - რატომაა სოციალური უფლებებისთვის მტკივნეული სასამართლო პროცესის გაჭიანურება? - პასუხობს, რომ სოციალური უფლებების შესახებ დავის დროს მოსარჩელე მხარე სახელმწიფოსგან კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაუყოვნებლივ ითხოვს, რადგან, როგორც წესი, ამ დროს საქმე გვაქვს გარკვეულ მატერიალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუმცა, სასამართლოების გადატვირთულობის გამო, მსგავსი დავებით მიმართვას ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს: „გადატვირთულობის გამო შეუძლებელი ხდება დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობა და ზოგ შემთხვევაში, აზრიც კი ეკარგება სამართლებრივი დავების მოგვარებას”.

ამის პარალელურად, სასამართლო რეფორმის ფარგლებში  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაჩქარევად უკვე ჩამოაყალიბა მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც ძვირადღირებულ კომერციულ დავებს განიხილავს. ლელა გვიშიანი თვლის, რომ ეს ფაქტი ძალიან ცხადად გვიჩვენებს სახელმწიფოს პრიორიტეტებს: „როგორ უკეთებს ადამიანების სხვადასხვა ჯგუფს დიფერენცირებას. ვის ანიჭებს უპირატესობას და ვინაა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი”.

რა არის გამოსავალი? ამაზე ცალსახა პასუხი EMC-ის იურისტს არ აქვს. ლელა გვიშიანისთვის მთავარია, სახელმწიფომ ამ პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინოს და იყოს პოლიტიკური ნება: „თორემ, გამოსავალი ბევრია - მოსამართლეების რაოდენობის ზრდა, სპეციალიზებული სასამართლო სისტემის შექმნა, რომელიც კონკრეტული, მოწყვლადი ჯგუფების საქმეებზე იმუშავებს (როგორიცაა მაგალითად, არასრულწლოვნების შემთხვევაში), და რომელიც მრავალ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს; კიდევ ერთი გამოსავალი, მოსამართლეების გადამზადებაა”.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გვიშიანის აზრით, სასამართლო სისტემა გააგრძელებს იმ პირობებში მუშაობას, როცა გარკვეული საქმეების პარალელურად სოციალურ დავებს საერთოდ არავინ განიხილავს.

ერთი თვის წინ სახელმწიფომ საბას და ნათიას ქუთაისში საზეიმოდ ბინა გადასცა : „უცებ, ყველას ეგონა  - ნათიას და საბას პრობლემები მოგვარდაო”, მაგრამ სახლი ცარიელია, ნათიას არც ქუთაისში გადასვლა შეუძლია, და არც სახლში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შეტანა: „თუ საბას ქვევებს ვერ გავაკონტროლებ, აქ ფსიქიატრიულ განყოფილებაში მაინც გადამყავს. ქუთაისში მსგავსი მომსახურება არაა. თან იქ ერთი ნაცნობიც არ მყავს. საჭმელი თუ არ მაქვს, აქ მეგობრებს მაინც დავურეკავ და მომიტანენ”.

„ლიბერალმა" საქართველოს იუსტიციის საბჭოს შეკითხვებით მიმართა. კონკრეტულად საბას შემთხვევაში სასამართლო პროცესის დროში გაწელვის მიზეზებით დავინტერესდით. პარალელურად, ვიკითხეთ, აქვს თუ არა საბჭოს რაიმე კონკრეტული გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა, იუსტიციის საბჭოს პრესსამსახურმა პასუხები დღემდე არ მოგვაწოდა.

P. S. სტატიის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ პროცესი ჩაინიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

რას გულისხმობს განათლება მდგრადი განვითა ...

ინკლუზიური, თანასწორი  და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა მდგრადი განვით ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

თანასწორობა განსაზღვრავს ძლიერ ბიზნესს

14-წლიანი პაუზის შემდეგ 4 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. მოძალადე ქმარს რომ გაშორდა, რთულ, სტრესულ მდგომარეობ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა ...

როგორია მარტოხელა მშობლების მდგომარეობა საქართველოში? – „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტ ...

მეტი

^