Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერობის ქალი კანდიდატი მარნეულიდან - „ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“

06 ოქტომბერი 2017

ლეილა მამედოვას მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შევხვდით. ის პირველი ქალი მერობის კანდიდატია მარნეულში. ოქტომბრის არჩევნებში “შენების მოძრაობის“ სახელით იბრძოლებს.

მარნეულში პირველი ქალი მერობის კანდიდატი ხართ. როგორც ვიცით, მანამდე არასამთავრობო სექტორში საქმიანობდით. უშუალოდ რაზე მუშაობდით? გაქვთ თუ არა რაიმე ტიპის პოლიტიკური გამოცდილება?   რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა  და კარიერის ახლად შექმნილ პარტიასთან დაკავშირება?

დავიბადე და გავიზარდე მარნეულში. აქ დავამთავრე სკოლა - 1991 წელს, რუსულენოვანი. შემდეგ კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სამი წელი ვისწავლე, მაგრამ ძალიან რთული პერიოდი იყო საქართველოსთვის - ომი, ბევრი სირთულე.  ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო კიევში ფრენა, ჩვენი აეროპორტი უბრალოდ დაკეტილი იყო.  ამ პრობლემებმა მაიძულა საბუთები გადამეტანა. მაშინ აზერბაიჯანი ყველაზე სტაბილური ქვეყანა იყო. სწავლა ბაქოს უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე.

ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში და არა მხოლოდ. 12 წელი ვასწავლიდი ტექნიკურ უნივერსიტეტში.  2012 წლიდან 2016 წლის  ჩათვლით სახალხო დამცველის მარნეულის ოფისში ვმუშაობდი. კვლავ ვაგრძელებ არასამთავრობო სექტორში საქმიანობას, ადამიანის უფლებებზე ვმუშაობ, ძირითადად, ბავშვებთან და ქალებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

პოლიტიკური გამოცდილება არ მაქვს. არ  ვყოფილვარ  არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მიუხედავად ამისა, არ ვარ პოლიტიკური ცხოვრებისგან შორს მდგომი ადამიანი. ყოველთვის ვიყავი აქტიური. პოლიტიკური პარტიებისგან არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება. თუმცა მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ნაბიჯი ჩემს საზოგადოებრივ ცხოვრებას შეუშლიდა ხელს. 

ახლა უკვე განზე დგომა  შეუძლებელია, რადგან, როცა ვამბობთ, რომ უნდა გავააქტიუროთ ქალები და ახალგაზრდები, ვინ უნდა იყოს მათთვის მაგალითი?  ვინ უნდა აჩვენოს მათ პრაქტიკულად, როგორ უნდა გაკეთდეს ეს?  მხოლოდ თეორიებით საუბარი არასწორად მიმაჩნია, პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო. კი არ უნდა მოუწოდო ქალებს, არამედ საკუთარი მაგალითით უნდა დაარწმუნო, რომ მათ აქტიური პოზიციის დაკავება შეუძლიათ.

ბავშვობიდანვე ჩემი მშობლები მინერგავდნენ პასუხისმგებლობის გრძნობას. თუ მე არ გავაკეთებ, მაშინ - ვინ? ამან დამაფიქრა იმაზე, რომ მე, როგორც ქალი პოლიტიკაში ჩემს სიტყვას თუ არ ვიტყვი, სხვა ვინ იტყვის ჩემ ნაცვლად? ამიტომ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა.  გადავწყვიტე, ეს სწორედ იმ პარტიასთან ერთად მეკეთებინა, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა.  მჯერა, რომ ამ პარტიას აქვს პოტენციალი და უნარი, მოახდინოს „ტვინების რევოლუცია“.

პრიორიტეტს უნდა ვანიჭებდეთ სწორედ ქალებსა და ახალგაზრდებს. ადამიანებს, რომელთა რესურსიც და შესაძლებლობებიც ყველაზე ნაკლებადაა გამოყენებული და ნაკლებად არიან ჩართული პოლიტიკურ სისტემაში. ეს ის ხალხია, რომლისთვისაც უნდა ვიშრომოთ და ამოვიყვანოთ იმ მარგინალიზებული მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფებიან.

ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იმ რეგიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურადაა დასახლებული.

როცა ეკითხები პოლიტიკოსებს - რატომ არ არიან პოლიტიკაში ქალები და ეთნიკური უმცირესობები? გპასუხობენ: ისინი პასიური არიან.  ეს არ არის სიმართლე! ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჭკვიანი, განათლებული, აქტიური ქალი. თუმცა, როგორც წესი, ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, არ აწყობთ ამ ხალხის შემჩნევა. მათთვის გაცილებით მარტივია, თავიანთი „კაცური ერთიანობით“ მართონ პროცესები.

რამდენად კარგად იცნობთ ადგილობრივების პრობლემებს? რა ძირითად საკითხებს გამოყოფდით, რომელთა მოგვარებასაც ჰპირდებით მარნეულის მოსახლეობას?

ზედმიწევნით კარგად ვიცნობ აქაურ პრობლემებს. რატომ? - პირველ რიგში იმიტომ, რომ მე აქ ვცხოვრობ, და კიდევ იმიტომ, რომ მე მაინტერესებს პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. ჩვენ ყველანი უნდა ვმუშაობდეთ ამაზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ადამიანი პოლიტიკაში ჩართული.  მთავარია, გქონდეს სამოქალაქო პოზიცია, იყო აქტიური და საკუთარ რაიონში პრობლემების მოსაგვარებლად საკითხების ინიცირება შეგეძლოს. ეს არის შენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ვალდებულება.

პრობლემა ბევრია. ეკონომიკური კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენ აგრარული რეგიონი ვართ. რაიონის მოსახლეობის უმეტესობა სოფლებში ცხოვრობს. მათ აქვთ ისეთივე პრობლემები, როგორც ქვეყნის სხვა სოფლების მოსახლეობას - სასმელისა და სარწყავი წყლის, გაზის და გზის... და ამ დროს მოსახლეობას, რომელსაც ასე რთულად მოჰყავს მოსავალი, მისი რეალიზაციაც კი არ შეუძლია.

სულ ვლაპარაკობთ, რომ უნდა შევქმნათ ინდუსტრიული, ეკონომიკური ვაჭრობის ზონები საქართველოს გარკვეულ წერტილებში. რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს თუნდაც ჩვენთან, რაიონში, რომელიც  ორი სახელმწიფოს საზღვართანაა? რატომ არ შეგვიძლია აქაური მოსახლეობისა და სხვათა კეთილდღეობისთვის აქ შევქმნათ ისეთი ზონები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალია ვაჭრობა. პირველ რიგში ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. მერე უკვე ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივები.

გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად ისეთივე პრობლემები გვაქვს, როგორც დანარჩენ საქართველოს. მათ შორისაა - უმუშევრობა. მაგრამ მე დამატებით ორ საკითხს გამოვყოფდი: ახალგაზრდები რეგიონიდან, რომლებიც  „1+4“ პროგრამით იღებენ განათლებას, თავისუფლად ფლობენ სახელმწიფო ენას, ამთავრებენ სწავლას და კარგ სპეციალისტებად ყალიბდებიან. მაგრამ მათი შესაძლებლობები და განათლება გამოუყენებელი რჩება. რადგან სახელმწიფო საჯარო სექტორშიც კი ვერ უზრუნველყოფს კონკურენტულ  გარემოს, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, გაბატონებულია ნეპოტიზმი.

ასე არ უნდა ხდებოდეს, საზოგადოება ამას უნდა დაუპირისპირდეს. ჩვენ უნდა ვქმნიდეთ რეალურად ისეთ სივრცეს, სადაც გაიმარჯვებს საუკეთესო, რადგან ეს საუკეთესო გაცილებით მეტს სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და საზოგადოებას და არა ჩემი ნათესავი, მეზობელი, ნაცნობი, მხოლოდ იმიტომ, რომ მე მას კარგად ვიცნობ.  

ქალები, ქალები და ისევ ქალები.  ისინი უნდა იყვნენ ყველა სტრუქტურაში,  მათ შორის ხელისუფლებაში, და არა მხოლოდ საჩვენებლად და ფორმალურად. თუნდაც აქ,  ადგილობრივ ხელისუფლებაში უბრალოდ ნახეთ, რა პოზიციები უკავიათ ქალებს, ვინ არიან ისინი; ძირითადად ტექნიკური პერსონალი: მდივნები, რეფერატები და ა.შ. ვის ვაყრით თვალებში ნაცარს? რატომ ვიტყუებთ თავს? მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ქალებისთვის რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავება რეალურად პრიორიტეტი არ არის.

გადახედეთ ევროპულ სახელმწიფოებს. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე თანაბრად არიან წარმოდგენილი, აქცენტები  კეთდება სოციალურ პროგრამებზე, ადამიანის უფლებებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. იქ, სადაც ქალია, მეტი კეთილგონიერებაა.

ქართველი ქალები იმსახურებენ უფრო მეტად იყვნენ  წარმოდგენილი ყველა სივრცეში,  მათ შორის პოლიტიკაში, რადგან ამჟამად ქართველი ქალის მხრებზე გადადის ბევრი სირთულე, იქნება ეს ეკონომიკური თუ ყოფითი. ჩვენ უნდა ვიყოთ პოლიტიკაში, თუნდაც იმიტომ, რომ გაცილებით უკეთ ვიცნობთ ყველა პრობლემას.

ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის აქცენტებიც ესაა - ქალები და ახალგაზრდობა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განსხვავებული ტიპის გამოწვევებია, იქნება ეს ინტეგრაციის პრობლემა, ენობრივი ბარიერი და ა.შ. მიუხედავად  სხვადასხვა ინიციატივებისა, ეს პრობლემები მაინც ვერ გადაიჭრა. რას გეგმავთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს განათლებისა და წარმატების მეტი შესაძლებლობები გაუჩნდეთ?

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, თუნდაც ენის ბარიერი. მაგრამ მოდი დავფიქრდეთ, რომელ თაობებზე ვსაუბრობთ. თუ ავიღებთ  30 წლამდე ახალგაზრდებს, მათ პრაქტიკულად უკვე აითვისეს სახელმწიფო ენა. ავად თუ კარგად, აითვისეს.   

მაგრამ 90-იანი წლებიდან  ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ იმისთვის, რომ  ინტეგრაცია შემდგარიყო. დასაწყისში არ იყო პოლიტიკური ნება, რადგან მათ ეს არ სჭირდებოდათ, რადგან გაცილებით უფრო იოლია მართო მასა, რომელმაც არაფერი იცის. ათიოდე წლის წინ პროცესები დაიძრა, საუბარი დაიწყო ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხზე.  ჩვენ კი ვლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ რა არის სინამდვილეში ინტეგრაცია? უპირველეს ყოვლისა, ეს ორმხრივი პროცესია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მხოლოდ ეთნიკურ უმცირესობებს სურდეთ ამ პროცესში ჩართვა, არამედ დანარჩენ საზოგადოებასაც.  

გვერდიგვერდ ვცხოვრობთ სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, უკრაინელები, რუსები. რა ვიცით ერთმანეთის კულტურისა და ნაციონალური ტრადიციების შესახებ?  კიდევ კარგი ქართველებმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგეს, რომ არსებობს ისეთი აზერბაიჯანული დღესასწაული, როგორიცაა, ნოვრუზ ბაირამი. მაგრამ ეს საკმარისია?  რა იციან ქართველებმა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების შესახებ? ბევრი ნაცნობი (ქართველი) ხშირად მეკითხება - სადაური აზერბაიჯანელი ხარო. როცა ვეუბნები, რომ ქართველი, ეს მათ აკვირვებს. რადგან მათი წარმოდგენით  საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალი ბაზარში მწვანილისა და ბოსტნეულის გამყიდველია.  მათ არაფერი იციან აზერბაიჯანულ კულტურაზე, პოეზიაზე. მე ვლაპარაკობ აქ მცხოვრებ აზერბაიჯანელებზე, რომელსაც არ იცნობენ. ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს ეხება, არამედ სხვა ეთნიკურ უმცირესობასაც.  

ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მრავალეთნიკურ, მულტიკულტურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ  ვაჩვენოთ და დავაფასოთ ეს სიმდიდრე? ეთნოტურიზმს ვავითარებთ? - არა! ნაციონალურ მუზეუმში წარმოდგენილია რომელიმე ეთნოსი ან მათი კულტურა? - ვშიშობ, რომ არა. რატომ? ეს ყველაფერი ხომ არსებობს, ხომ გვაქვს.

საჭიროა რეალური ინტეგრაცია და არა ის, რომ ერთი მხარე კედლის განგრევას ცდილობდეს, მეორე კი გაოგნებული თვალებით უყურებდეს ამას. მგონია, რომ რეალური ინტეგრაციისთვის აუცილებელია არა ერთდღიანი, არამედ გააზრებული გეგმები და გადაწყვეტილებები.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უმწვავესი პრობლემაა ადრეული ქორწინება. რა უნდა მოვიმოქმედოთ მის დასაძლევად?

ადრეული ქორწინება სერიოზული პრობლემაა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვისაც ეს ეხება. მანამდე კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, არასრულწლოვანი პირი გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს თანხმობით დაქორწინებულიყო. ახლანდელი კანონი (18 წლამდე პირის ქორწინება აკრძალულია)  ამ გამონაკლისს არ ითვალისწინებს, რაც რადიკალური გადაწყვეტილებაა, რადგან ზოგჯერ განსაკუთრებული შემთხვევა ხდება, მაგალითად, დაუგეგმავი ორსულობა. არასრულწლოვანს ასეთ დროს რამდენიმე რისკის ქვეშ ვტოვებთ - იქნება ეს აბორტი, მარტოხელა დედობა თუ სხვა სირთულე, რომელიც ამას მოჰყვება. რისთვის კეთდება ეს? ვინ იგებს ამით? ამიტომ, როცა ქმნი კანონს, ის უნდა ითვალისწინებდეს იმ ადამიანების კეთილდღეობას, რომელთათვისაც ეს კანონი იქმნება. სასამართლოსთვის ამ  უფლების კანონის ჩამორთმევა, ჩემი აზრით, არასწორი იყო.

დანარჩენ შემთხვევებში უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები ყველას მიმართ. გაიზარდოს სახელწმიფო ჩინოვნიკების, სკოლის დირექტორების, მასწავლებლების პასუხისმგებლობა, რომლებმაც ყოველთვის თავიდანვე იციან ადრეული ქორწინების შემთხვევების შესახებ და არაფერს ამბობენ. უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ისინი მსგავს შემთხვევებში, როცა იცოდნენ და არაფერი გააკეთეს, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ვფიქრობ, ეს გაზრდის საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას მსგავს სიტუაციებში.

როგორ აფასებთ თქვენს შანსს ოქტომბრის არჩევნებზე და რა გამოგარჩევთ დანარჩენი კანდიდატებისგან?

ჩემი აზრით, მოგების მაღალი შანსი მაქვს. ვფიქრობ, ამომრჩეველი დააფასებს ჩვენი საერთო მომავლის ჩემეულ ხედვას და ამით გამომარჩევს სხვა კანდიდატებისგან. მე არ ვსპეკულირებ იმით, რომ აზერბაიჯანელი ქალი ვარ და მხოლოდ ამიტომ უნდა მომცენ ხმა. აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები და ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ადამიანები ხმას მისცემენ ჩემს პროგრამას, ჩემს პირად და პარტიის ხედვებს. ახლა არის დრო წინსვლისთვის და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ - ვიმუშაოთ ჩვენი პირადი, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ნენსკრაჰესის პროექტის დეველოპერები არ ის ...

ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

როცა ლელოს გოგოები დებენ

„ბურთი! ბურთი! ბურთი!“ – სოფლის სიმყუდროვესა და  სიჩუმეს, რომელიც სკოლის ეზოში გაკვეთილების დასრუ ...

მეტი

^