Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამართლის დადგენის მრავალფეროვანი გზები პანკისში

10 ოქტომბერი 2017

პანკისის ხეობის 10 სოფელი ეთნიკური ქისტებითა და ჩეჩნეთიდან ლტოლვილებით არის დასახლებული. ჩეჩენი ლტოლვილები აქ 1999-2000 წლებში, ჩეჩნეთ-რუსეთის ომის შემდეგ დასახლდნენ.

უკვე წლებია, პანკისის საერთაშორისო რეპუტაცია არასახარბიელოა. ხეობიდან ტერორისტულ ორგანიზაციებში გადაბირებული ახალგზარდების გამო ამ ადგილს ხშირად მხოლოდ ნეგატიური კონტექსტით განიხილავენ.

ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გასული წლის იანვარში პანკისის სათემო რადიო WAY შექმნა.

ადგილობრივი ჟურნალისტები რადიოს მეშვეობით არსებულ პრობლემებს აშუქებენ. ამ სათემო რადიოს, და არა მხოლოდ მისი, ყურადღების ცენტრშია ხეობაში სამართლის დადგენის გზები. თუ ქვეყანაში სამართალი სახელმწიფოს მიერ დაწერილი კანონები და კონსტიტუციაა - პანკისში ამ მხრივ მრავალფეროვანი მიდგომებია.

ხეობას ჰყავს თავისი უხუცესთა საბჭო, რომელიც ადგილობრივებს შორის არსებულ სხვადასხვა დავას განიხილავს. „საბჭო შედგება 35 გვარის ხელმძღვანელისგან. მას ჰყავს ათკაციანი გამგეობა, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ. წელიწადში ერთხელ ვაბარებთ საბჭოს ანგარიშს, ვაცნობთ გაწეულ სამუშაოს“, - გვიხსნის პანკისის უხუცესთა საბჭოს გამგეობის ხელმძღვანელი ზაურ გუმაშვილი.

ამავე საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი საბჭოს დანიშნულებას გვაცნობს. „კაცს უნდა შეეძლოს თავისი თავის დაცვა ყოველგვარი სახელმწიფოს გარეშე. ასე გავიზარდეთ, ასე ვზრდით თაობებს და ასე იქნება მომავალშიც. თითოეული პიროვნება თვითონ უნდა იცავდეს თავის თავს. თუ არ შეუძლია, მას გვერდით გვარი დაუდგება, იგი მარტო არ არის. რა არის ამ შემთხვევაში უხუცესების როლი?! ეს არის ის, რომ სამაგიეროს გადახდის გარეშე მოხდეს შერიგება. ე.ი. თუ მოკალი კაცი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ სამაგიეროს გადახდის მიზნით, მეორე მკვლელობა არ მოხდეს. ვცდილობთ, მოვაგვაროთ ისე, რომ მკვლელობების სერია არ დაიწყოს“, - დასძენს პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი.

უხუცესთა საბჭოს წევრები იხსენებენ ერთ დავას, რომლის დროსაც შეარიგეს ოჯახები, რომელთა შორისაც მკვლელობა მოხდა. 12 წლის წინ პანკისის ხეობაში ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 40 წლის მამაკაცი მოკლა. მკვლელობის შემდეგ ორ გვარს შორის მტრობა დაიწყო. „სისხლის აღება ადვილია, ჩაუსაფრდები კაცს და მოკლავ აი, პატიებაა რთული“, - ამ სიტყვებით მიმართავდა ხანგოშვილი მაშინ მოკლულის ოჯახს. უხუცესებმა დაზარალებულის ოჯახი სისხლის პატიებაზე დაიყოლიეს.

პანკისის უხუცესთა საბჭოში აცხადებენ, რომ ისინი კი არ უშლიან ხელს სამართალდამცავ ორგანოებს და, პირიქით, ხშირ შემთხვევაში უწყობენ კიდევაც. კითხვაზე - რატომ არ ანდობენ ხეობაში მსგავსი კონფლიქტების მოგვარებას შესაბამის ორგანოებს? - პასუხობენ, რომ ეს მათი საუკუნოვანი ადათია და ამით საზოგადოება მხოლოდ მოგებული რჩება.

პანკისის უხუცესთა საბჭოში არცერთი ქალი არაა. საბჭოს წევრები გვიხსნიან, რომ არსად ისე არაა დაცული ქალი, როგორც ამ ხეობაში. „ქალი უნდა დაიცვას მისი ოჯახის მამაკაცმა, მე რა კაცი ვარ, თუ ჩემი ქალი ვერ დამიცავს?!“ - აცხადებენ უხუცესები.

ის, რომ საკითხი ასე მარტივად არ დგას, კარგად ესმით ამავე ხეობაში არსებულ ქალთა სათემო ორგანიზაციაში. მართალია, უხუცესთა საბჭოს არ აკრიტიკებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქალების უფლებების დაცვის კუთხით გასაკეთებელი ბევრია. პირველ რიგში ქალებში განათლების ნაკლებობაზე საუბრობენ და თვლიან, რომ ხშირად ქალები ვერ აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არაა მათი უფლებების შელახვა.

ერთი და ძირითადი საკითხი, რაშიც ქალთა სათემო ორგანიზაცია და უხუცესთა საბჭო თანხმდება - ეს ახალგაზრდების ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირების პრობლემაა. სათემო ორგანიზაციაში გვიხსნიან, რომ პანკისში დედები ხშირად შვილებს პასპორტებს უმალავენ. ამ საკითხზე უხუცესთა საბჭოშიც აცხადებენ, რომ ეს თემა მათი დიდი გულისტკივილია და ამ მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობენ.

ზემოხსენებული არაფორმალური ინსტიტუტის გარდა, პანკისში სამართლის დადგენისა და აღსრულების კიდევ ერთი მექანიზმი არსებობს. მას უკვე სალაფიტური ისლამის თემის წარმომადგენლები ასრულებენ.

მიმდინარე წლის მარტში პანკისში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარს შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირება, პანკისის სათემო რადიოს გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ხეობაში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა.

ვახტანგ ფარეულიძე, პანკისში სალაფიტების თემის ერთ-ერთი ლიდერი, პანკისის სათემო რადიოს უხსნიდა: „ჩვენ გვქონდა საკითხის გადაწყვეტის სამი გზა: მიგვემართა პოლიციისთვის, საქმე განეხილათ უხუცესებს, ან გაგვერჩია ჩვენ რელიგიური წესების მიხედვით. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჩვენ განვიხილავდით. მთავარი მიზანი იყო სიტუაციის განმუხტვა და კონფლიქტის ამოწურვა. სიტუაციის რამდენიმე დღით განმუხტვა მოვახერხეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, წინწალაშვილებმა გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვეს“, - განაცხადა ფარეულიძემ.

ამის შემდეგ კი წინწალაშვილებმა უხუცესთა საბჭოს მიმართეს. „12 თებერვალს შევკრიბეთ წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების წარმომადგენლები, უხუცესთა საბჭოდან მე ვიყავი. ვისაუბრეთ დაპირისპირების შესახებ. წინწალაშვილებმა თქვეს, რომ ეგონათ შარიათის სასამართლო მხარეებს მოარიგებდა და ამიტომ დათანხმდნენ განხილვას. არადა, 26 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. ეს ძალიან დიდი ფულია, ამის გადახდას ვერ შეძლებდნენ. გარდა ამისა, პანკისში შარიათის კანონების დამკვიდრების წინააღმდეგები იყვნენ. აქ შარიათის წყობა არ იქნება. ჩვენ ადათების მიხედვით განვიხილავთ ყველაფერს“, - უხსნიდა პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი.

და მაინც, რატომაა საჭირო უხუცესთა საბჭო, ან შარიათის სასამართლო 21 საუკუნის საქართველოში?! იქნებ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ მოიპოვეს ნდობა ამ საზოგადოებაში, ადგილზე არასწორი პოლიტიკისა თუ სხვა შეცდომების, ან უმოქმედობის გამო.

ხეობაში არსებულ სირთულეებზე 2015 წელს კვლევა „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“ მოამზადა. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად განათლების საკითხი დასახელდა.

„პანკისის ხეობაში ოთხი სკოლა და ბაგა-ბაღია, თუმცა ხეობაში განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალია. როგორც რამდენიმე სკოლის დირექტორმა და მასწავლებელმა აღნიშნა, უფროსკლასელების (ძირითადად ბიჭები) დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლეები სკოლაში პარასკევობით არ დადიოდნენ, რაც მეჩეთში ყოფნითა და ხანგრძლივი ლოცვით აიხსნებოდა. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების ნაკლებობა ხელს უწყობს რადიკალური იდეების გავრცელებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა და ზოგადად სახელმწიფო უყურადღებოდ ტოვებს“, - აღნიშნულია კვლევაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^