Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქიკური ჯანმრთელობის დრო დადგა

10 ოქტომბერი 2017
გრეჰემ თორნიკროფტთის მოსაზრებები ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. გრეჰემ თორნიკროფტი - ფედერაცია "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" გამგეობის თავმჯდომარე, ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მკვლევრის შეფასებები საყურადღებოა ქართველი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული თემისათვის.

წელს თორნიკროფტი თბილისში ორდღიანი კონფერენციის - „ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის შეფასების“  ფარგლებში იმყოფებოდა.  ის ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების სერვისების სტანდარტებზე სამუშაოდ ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს” მოწვევით ჩამოვიდა. 

მან ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა:  ისაუბრა იმ ნაპრალზე, რომელიც დაბალ და საშუალო განვითარების ქვეყნებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ეხება.

აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საჭიროების მიუხედავად, სამედიცინო სერვისებით  მხოლოდ მცირე ნაწილი სარგებლობს, დიდი ნაწილი კი, ვისაც დახმარება სჭირდება, სისტემისთვის უხილავია. 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც თორნიკროფტი შეეხო, ქვეყანაში დაბალანსებული ზრუნვაა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბენეფიციარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ჰოსპიტალური ან მხოლოდ სათემო სერვისები  საკმარისი არ არის და საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა  მობილური სერვისების განვითარების მიმართულებით მეტ ბალანსირებას საჭიროებს”;  

რომ საქართველოს  დიდ ბრიტანეთთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, რადგან საქართველოში  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს ოჯახის წევრებისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვთ.

მისი თქმით, „აუცილებელია ამ ფაქტორის გათვალისწინება  და  სახლში დახმარების სერვისის აწყობა”. მობილური სერვისების განვითარება უწყვეტ ზრუნვას შეუწყობს ხელს.

„ასევე, კრიზისის  დროს ოჯახს უნდა ჰქონდეს  არჩევანი, სად მიიღოს მომსახურება - სახლში თუ სამედიცინო დაწესებულებაში”, - ამბობს ის.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის  მდგომარეობის შეფასებისას თორნიკროფტმა რამდენიმე პოზიტიურ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება:  მისი  თქმით, ნათელია სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, სადაც მკაფიოდაა ხაზგასმული სათემო სერვისების განვითარების უპირატესობა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სათემო სერვისებში დატრენინგებულმა პროფესიონალებმა იმუშაონ.

თორნიკროფტი აღნიშნავს, რომ  საქართველოში სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ქმნის პერსონალიც, რომელიც თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი არაა და ხშირად პაციენტთან მაკონტროლებლის, ამკრძალავისა და დამსჯელის  როლში გამოდის.

„პრობლემა მათ შეხედულებებსა და განწყობებშია. პაციენტების გამოკითხვა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად  სწორედ მომსახურე პერსონალის მხრიდან გულგრილი და უხეში დამოკიდებულება აწუხებთ.  სათემო სერვისებში მუშაობა პაციენტებთან მეტ თანამშრომლობასა და დისკუსიას გულისხმობს, რომ მათ შეძლონ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება”, - აღნიშნა თორნიკროფტმა.

თორნიკროფტი პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების საყურადღებოდ ამბობს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დრო დადგა!

„ამას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი გამოვლენილი მზარდი ინტერესი ადასტურებს: მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი შეკრება მიუძღვნა კონკრეტულად ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და მკურნალობის გასაუმჯობესებლად მრავალი რეკომენდაცია და სახელმძღვანელო გამოსცა; გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნებში პრიორიტეტად პირველად გამოცხადდა ფსიქიკური ჯანმრთელობა. ყურადღება გამახვილდა სუიციდის შემცირების  ინდიკატორზე.

ფსიქიკური ჯანმრთელობა არაგადამდებ დაავადებებს მიაკუთვნეს. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობა  ნაწილობრივ  გახდა უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტის ნაწილი. ყოველივე ზემოთ თქმული ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას ადასტურებს. ამ საკითხების უგულვებელყოფა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუთვალისწინებლობა პრობლემებს უქმნის მუშაობის პროდუქტიულობას. ის ახალგაზრდებს განათლებასა და  პოტენციალის განვითარებაშიც უშლის ხელს.  

ფსიქიკური ჯანმრთელობა ოჯახების სიმყარესა და კეთილდღეობის  საწინდარია. იქ, სადაც ყურადღებას არ აქცევა ფსიქიკურ ჯანმრთელობას, მატულობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ავად მოხმარება. ასე რომ, ფსიქიკური ჯანმრთელობა ოჯახისა და საზოგადოების ყველა დონეზე მოქმედებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის დრო დადგა, რადგან  გაისიგრძეგანეს და აღიარეს მასთან დაკავშირებული  პრობლემები.  ასევე  ცხადი გახდა, რომ ეფექტური ინტერვენციები შედეგიანია და ადამიანები ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში რთულ პრობლემებს აგვარებენ”.

გრეჰემ თორნიკროფტს ესაუბრა თიკო ცომაია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

„მკვდარი“ ადგილები თბილისში

თბილისში სულ უფრო იზრდება სავაჭრო ცენტრების, საცხოვრებელი კორპუსებისა და სასტუმროების რაოდენობა. ამისთვის სამშენებლო კომ ...
14 დეკემბერი
14 დეკემბერი

ცეკვა ცერებითა და ახალი „ორნამენტებით"

სუხიშვილების განახლებული პროგრამა - კიდევ ერთი ხნული გაკვალულ ყამირზე ყოველთვის, როდესაც სუხიშვილების კონცერტს ვუყურებთ ...
13 დეკემბერი
13 დეკემბერი

ბავშვები ციფრულ სამყაროში - რა უნდა ვიცო ...

რა გავლენას ახდენს ციფრული ტექნოლოგიები ბავშვების ცხოვრებაზე, რა საფრთხეს და შესაძლებლობებს შეიცავს ინტერნეტი, რა უნდა ვ ...

მეტი

^