Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლიკა ქავჟარაძე – ჩანაწერები პირველ პირში

12 ოქტომბერი 2017
ტექსტი 2009 წელს ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნდა

ოთახში მარტოა. არ ცივა, მაგრამ ის მაინც პლედში გახვეული ზის ძველ სავარძელში. სიგარეტს სიგარეტზე უკიდებს და სადღაც შორს იყურება. მოწევა მისთვის ყველაზე დიდი კომფორტია. ჩართული ტელევიზორი რაღაცას გუგუნებს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის. ფიქრობს, არ ვიცი რაზე, ეს არავინ იცის. აი, რაზეც არასდროს იფიქრებს _ ეს სიგარეტისთვის თავის დანებებაა. ტელეფონის ზარი ისმის და _ ალო, დიახ, ლიკა ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა… კარგი, დიახ. შევთანხმდით.

არ მინდოდა, მაგრამ ვერსად გავექეცი მარიტას სახეს; როლს, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ განაპირობა. კინოში შესრულებული 30-მდე როლის მიუხედავად, ის ყველასთვის მაინც იმ 15 წლის მარიტად დარჩა, რომელიც პატარა ხელებში ძლიერად მოკუმულ ციცქნა, მკვდარ ჩიტს დასცქეროდა სევდიანი თვალებით. სახე, რომელმაც უეცარი პოპულარობა მოუტანა; რომელმაც მისი შემდგომი ცხოვრება გამოძერწა. ამაზე ხშირად ფიქრობს, მით უმეტეს ახლა, როცა თავისუფალია. მართლა თავისუფალი. თავისუფალი ყველასგან და ყველაფრისგან; სამუშაოსგანაც კი. უბრალოდ, როცა მოუსვენარ ჟურნალისტებს თავში ამოუტივტივდებათ ხოლმე მისი სახელი, ოთახში ტელეფონის ზარი ისმის და _ ალო, დიახ, მე ვარ. რომელი ჟურნალიდან? აა… კარგი, დიახ. შევთანხმდით.

“ნატვრის ხიდან” დავიწყო?

იქნებ ცოტა უფრო ადრე…

ადრე? რა იყო ადრე…

5 წლის ვიყავი. დედა მოვიდა და რატომღაც მეზობელთან გამიყვანა. თითქოს იქ დამმალა. საშინელი სიჩუმე იყო. სიწყნარე. უცბად სადარბაზოდან ყვირილი მომესმა, დავიბენი. ვერ გავიგე რა ხდებოდა. გამოვიპარე და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე. ბებია იდგა, სულ შავებში. ტიროდა. დედაც იქ იყო. ბაბუაჩემის სახელს იმეორებდნენ. ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ცუდი. შემეშინდა. სიკვდილის შემეშინდა. ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ დღემდე მახსოვს და იცი… მეშინია. საკუთარის არა, მეშინია ვინმეს არ დაემართოს ჩემს გარშემო.

მაშინ საბურთალოზე ვცხოვრობდი. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, ის ბინა გავყიდე, იქ ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალი გითხრა, არასდროს მომნატრებია ის სახლი. ბებია ავად იყო, დედაც იქ გარდაიცვალა… სამნი ვცხოვრობდით, წლინახევრის ვიყავი, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად მახსოვს. განებივრებული? არა, არასდროს. დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი.

დედა ძალიან მკაცრი იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს ის წყვეტდა. არასდროს მქონდა დამოუკიდებლობა, საშუალება, რომ თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება. ამას ყოველთვის ჩემს მაგივრად აკეთებდნენ, ხან ვინ და ხან ვინ _ ყველა, ჩემს გარდა. ეს უნდა გააკეთო, ასე უნდა მოიქცე, ეს უნდა ჩაიცვა, სულ დაძაბული ვიყავი. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი და მაინც ისე ვაკეთებდი, როგორც მეტყოდა..

მუდმივ ზეწოლას ვგრძნობდი _ უნდა! გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან _ ისევ დედა ან ბებია… 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით.

ყველაზე ცუდად ალბათ მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდაიცვალა; ხატვა დავიწყე და ვცდილობდი ამაზე გადამეტანა ყურადღება. ძალიან ცუდად გავხდი, მეგონა ფეხებიდან მიწა გამომეცალა. ადრე ხომ მაღიზიანებდა, მაგრამ უცბად ისე ინფანტილურად ვიგრძენი თავი…

მეე? მე ვცდილობ არ ვგავდე დედაჩემს, არ მინდა დედაჩემისნაირი დედა ვიყო. ამიტომ ლევანს ყოველთვის მეტ თავისუფლებას ვაძლევდი, რომ ცხოვრებაში არჩევანი თვითონ გაეკეთებინა და 24 საათი არ მეკონტროლებინა.

ლევან თაქთაქიშვილი

ძნელია დედაშენზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება _ და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცი, თავის ცხოვრებაზე.

არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო _ ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, `ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა.

არასდროს მივლია ლიკას მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ჰო, პოდიუმზე რამდენჯერმე გამოვიდა. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რაღაცნაირად მრცხვენოდა? შეიძლება. ისე, ერთხელ, 8 წლის როცა ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა.

რა ვიცი… გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ სულ მენატრებოდა. მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი.

რა მახსენდება? მმმ, არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა. ახლა ლიკა ლევანთან ერთად ცხოვრობს, ისინი მეორე სართულზე, მე _ მეოთხეზე; მამაჩემი _ სანდრო ახალ ცოლთან ერთადაა ამერიკაში. რა ვიცი, მგონი, ყველაფერი კარგად არის.

ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა… რა ვიცი… სულ რაღაცეებს უშვრება თმებს, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება_არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება… რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია. . . .

დღეს ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, კინოს თუ გულისხმობ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცაში ხარ გამოკიდული. რას იზამ… არ არის სამუშაო, მაგრამ ამისგან არ ვქმნი ტრაგედიას, არც არაფერს ველოდები. კი, მენატრება, მაგრამ ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. სამწუხაროდ, ასეა თუ ისე, ხალხი ჩემს სხვა ფილმებს არ იცნობს, ან ნაკლებად იცნობს. მხოლოდ `ნატვრის ხე” იციან; ალბათ იმიტომ, რომ გამორჩეულად კარგი ფილმი გამოვიდა.

მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, პატარაობიდანვე მუსიკაზე დავდიოდი და ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თეატრალურში პრინციპულად არ ჩავაბარე.

დინი ვირსალაძე:

ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ერთად ვსწავლობდით. ახლაც მახსოვს ლიკა შეკრული თმებით, ყოველთვის ძალიან სადად ჩაცმული და ნოტებით ხელში. ბევრი მინახავს კინოში, სცენაზე, როდესაც პატარა ასაკიდან ხდებიან პოპულარულები, რაღაც ემართებათ. ლიკას ეს არასდროს დამართნია _ ძალიან თავმდაბალია. უბრალო და სადაა. ძალიან ღრმა და საინტერესო ადამიანია.

სადღაც ჩაკეტილი, ზოგჯერ პირიქით, სულ ხალხშია და ისეთ ენერგეტიკას იძლევა… ერთხელ ჯაზ-ფესტივალზე მოვიდა, სადაც მე ვუკრავდი. რას შვრებოდაა… სკამზე დადგა! ნამდვილი ფანივით იქცეოდა, ცეკვავდა…

მაკა ნაცვლიშვილის ჩვენებაზე ორჯერ გამოვედით. ერთხელ მაკას ვუთხარი, _ რაღა დროს ჩემი გამოსვლაა, როცა 18 წლის გოგონები გყავს-მეთქი და _ რაო, იყვირა ლიკამ, ჩვენ მაგათ ყველას ფორას მივცემთო!

ჩოგბურთზე მინდოდა სიარული, მაგრამ არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ მაჯისთვის იყო ცუდი. თხილამურზე დადგომა არ შეიძლებოდა, ვაითუ რამე მომტყდომოდა… მერე მუსიკა?! სულ ფილტვების ანთება მემართებოდა და ამიტომ დედას ფიგურულ სრიალზე დავყავდი.

ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, მერე კონსერვატორია დავამთავრე, სხვათა შორის, წითელ დიპლომზე და მას მერე, დიდი ხანი, ალბათ 20 წელი, კონსერვატორიასთან არსებულ ათწლედში ვასწავლიდი. ხომ იცი, მერე დაიწყო ომი, უბედურება… ბოლოს 60 ლარს მაძლევდნენ, რაც გზაშიც არ მყოფნიდა და ამიტომ პედაგოგობასაც დავანებე თავი.

რაზე ვოცნებობდი? ბავშვობაში საოცნებო დროც კი არ მქონია _ ვინ გამოვალ, აი, რომ გავიზრდები ვიქნები… არა! ყველაფერი უცბად დაიწყო _ მუსიკა და კინო.

შემთხვევით მიპოვა ვიღაცამ და სასინჯ გადაღებებზე მიმიწვია. `ნატვრის ხე”-მდე 4 ფილმი იყო: ლია ელიავას, ლანა ღოღობერიძის, რეზო გაბრიაძის… სწორედ რეზოსთან მნახეს ფილმში და `ნატვრის ხის” სასინჯ გადაღებებზე მიმიწვიეს.~

ნანა ჯანელიძე:

თენგიზმა ლიკა და სოსო, რეზო გაბრიაძის ფილმში ნახა, ერთად თამაშობდნენ. მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი სჭირდებოდა. არადა, დიდი შესარჩევი კონკურსი იყო, ვინ არ ვცადეთ: ნინო ბურდული, ნინელი ჭანკვეტაძე…

ლიკა განუმეორებელი იყო. სრულიად გამოუცდელი, მაგრამ ეტყოდი _ აქ მინდა ეს, და ამას იქვე გიკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურში არ უსწავლია და სრულიად გამოუცდელი იყო, ძალიან ნიჭიერი და მგრძნობიარე მსახიობია. მე ლიკასთან მერეც ვიმუშავე, როცა ჩემს ფილმს `ოჯახს” ვიღებდი.

მაგრამ, იცი რას გეტყვი…. მთელი ქვეყანაა დამნაშავე იმაში, რომ ის ისე არ გამოიყენეს, როგორც საჭირო იყო. შეიძლება იმის ბრალიც არის, რომ საქართველოში დიდი ხანი კინო აღარ არსებობდა. ლიკა აქ არ უნდა დაბადებულიყო. რომი შნაიდერის გარეგნობის, უფრო კარგიც კი, ის ფრანგული კინოს ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. ის ბერგმანის, ვისკონტის ტიპის მსახიობია.

თენგიზთან მუშაობა ადვილი იყო. თვითონ ადამიანი იყო ისეთი, რომ ბევრს არ ლაპარაკობდა. ერთს გეტყოდა და მორჩა. `ნატვრის ხეს” დიდი პოპულარობა მოჰყვა, მაშინ 15 წლის ვიყავი. დასაწყისში სასიამოვნო იყო. მახსოვს სკოლაში, როცა სასადილოში ურიგოდ მიშვებდნენ, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ბილეთებს უფასოდ მაძლევდნენ, ქუჩაში მცნობდნენ. სულ პატარა, უცებ თეირანში აღმოვჩნდი, ფესტივალზე. რაღაცეები შევიკერე, რაღაცეები ვითხოვე მეგობრებისგან… გამოვიპრანჭე და წავედი. არ ვიცი, საიდან გაიგო თენგიზმა, მაგრამ იქ ყოფნისას მითხრა, მგონი შაჰის შვილს უნდა შენი მოტაცებაო და შემეშინდა! მართლა შემეშინდა! მე ხომ შეყვარებული არც მყოლია! არ ვიცი რატომ, არასდროს მაინტერესებდა ეგ ამბები. ჩემი მეგობრები დღეს მეუბნებიან, ისე გეჭირა თავი, ვინ გაბედავდა მოკარებასო… ღამის 4 საათი იქნებოდა, ვიწექი და თომანს მანს ვკითხულობდი, ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია. უცებ კარზე ჩხაკუნი გავიგე, თითქოს ვიღაცა აპირებდა გაღებას, ღმერთო… როგორი კივილი მოვრთე, თენგიზს დავურეკე… საწყალი თენგიზი, როგორც კი რამე არ მომეწონებოდა, ვურეკავდი _ მიშველე-თქო.

სახლში უამრავი წერილი მომდიოდა, წერილების მთელი ჯარი, ყუთებით… მეგობრებთან ერთად ვიჯექი და ყველას ვკითხულობდი. სხვადასხვა ადგილებიდან, ქვეყნებიდან, ჯარიდან, ციხეებიდანაც კი. _ Жду ответа, как солдат обеда _ ეწერა ერთს. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ავტოპორტრეტი იყო, თან ძალიან სევდიანი ტექსტით, რომ არასდროს უნახავს ზღვა, სიყვარული, რომ ზის ციხეში და ა.შ. და ა.შ. თითქმის ყველას ვპასუხობდი და ამასაც მივწერე, ვცადე დამემშვიდებინა, რაიმე კარგი მეთქვა. რამდენიმე თვეში პასუხი მომივიდა _ გამოვდივარ. მოვდივარ საქართველოში. ვაი… აქ შემეშინდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ გავქრი. არა, არ ჩამოსულა, მაგრამ… უი, მედალიონზე უკვე მოვყევი?

12-13 წლის ვიყავი, ლამაზ გოგოდ ვითვლებოდი. ჩხირივით გამხდარს წეროს მეძახდნენ, მაგრამ სულ მაწუხებდა, რომ მუცელი მქონდა. ისე, რომ საცურაო კოსტიუმსაც არ ვიცმევდი. ბათუმში ვიყავი, “ინტურისტის” წინ, სადაც მუდამ ბევრი ხალხი ირევა და შენც წინ და უკან სეირნობ. ვხედავ, მოდის ძალიან სიმპათიური რუსის ბიჭი, ჩემზე აშკარად დიდი. შეიძლება რაღაც გაჩუქოთო, მკითხა და უცბად კისერზე მედალიონი ჩამომკიდა. მედალიონიც არ იყო, სხვადასხვა ფერის ქვები იყო აცმული ტყავზე _ ეს თქვენ ბედნიერებას მოგიტანთო, მითხრა და წავიდა. გაოგნებული დავრჩი. მისი სახე დამამახსოვრდა. იცი როგორი იყო?… გადაპარსული თავით, ლამაზი, ცისფერი თვალებით.

ერთ დღესაც, 3 წლის მერე, კარზე კაკუნი გაისმა. ვიღაცამ რუსულად იკითხა _ ლიკას სთხოვეთო, მე დავიმალე. ასეთ დროს სულ ვიმალებოდი. კარი დედამ გაუღო. წერილი დატოვა და წავიდა. მერე გავიგე, რომ ის ბიჭი ჩემს მეგობარს, გოგიტა ჭყონიას მოუყვანია, რომელიც ქვემოთ უცდიდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა მერე, თითქოს საფრანგეთში ელჩის მოადგილე გახდა თუ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ… იცი, კი! ძალიან კარგად დამამახსოვრდა და ბევრჯერ მიფიქრია _ რა იდიოტი ვარ… რატომ არ გავედი… რა ვიცი, რომ გავსულიყავი…

არადა, იცი როგორი ბავშვობა მქონდა?… ეზოში ჩასასვლელ დროს თუ გამოვნახავდი, ხომ კარგი, თუ არადა… როდესაც პირველად მოვიდა ჩემთან ჟურნალისტი, 16-ის ვიყავი, მკითხა _ მომიყევით თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კურიოზიო. არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე. რას ჰქვია არ გაქვთო? დილით 10- ზე ვდგები, 5 საათს ვუკრავ, მერე სკოლაში მივდივარ, 6-მდე იქ ვარ და როცა სახლში ვბრუნდები, ვმეცადინეობ-მეთქი. დაბნეულმა ჩემს მეგობარს გადახედა _ რა ვიცი, ჩვენ მარტო კლავიშები და ნოტები ვიცითო _ მიიღო პასუხად. არა, ლევანი კი ვატარე ცოტა ხანს, მაგრამ შეგვეცოდა, სულ ტიროდა. ლევანს რაც ეხება, სულ ჩემი თავი მახსენდება ხოლმე და… ცოდო იყო, გამოვიყვანეთ.~

მარიკა მანაგაძე

მე და ლიკა ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. სულ ვიღაცეები მოდიოდნენ მასთან სახლში, და ეს ხან კარადაში იმალებოდა, ხან კიდევ სადღაც. კომპლიმენტს რომ ეუბნებოდნენ, წითლდებოდა. არავის არ ქონდა არანაირი შანსი, როგორც ჩიტი, ისე ისხლეტდა ყველას. არ მინახავს ადამიანი, რომელიც ისეთი ბავშვური ყოფილიყო, როგორიც ლიკა, დღესაც კი. ყოველთვის ახასიათებდა ერთი რამ: თუკი რაიმე საქმეს დაიწყებდა, ხუთოსანი მოსწავლესავით ყველაფერი ბოლომდე მიჰყავდა. ლიკა იცი როგორია?… ორ წინადადებას იტყვის და ჩერდება, ყოფით პრობლემებზე არასდროს ლაპარაკობს, ეს თითქოს არც ეკარება. ჩემთვის უმსუბუქესია მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ მივალ და არც არაფერზე ვლაპარაკობთ, ერთად ვსხედვართ და ეს უკვე მყოფნის.

რაც მეორედ გათხოვდა, შეიცვალა _ მივხვდი, რომ ვიღაცას ვჭირდებიო, მითხრა. რამდენჯერ უთხრეს, რომ გადაგიღებთ აქა და აქ, ემზადებოდა, თან როგოორ… მერე? მერე არაფერი. დასანანია, მაგრამ სულ ის დაყვებოდა, რომ ლამაზია, ლამაზია და მორჩა, მეტი არაფერი.

არ მომწონს მარიტას როლში, ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია, იმიტომ, რომ სხვამ გაახმოვანა. ჰო, ბევრჯერ უთქვამს, მარიტას ბედი გავიზიარეო.

ლიკას დედა? ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ, ის ასე ცდილობდა დაეცვა თავისი შვილი. ეს იყო და ეს.

პოპულარობამ საშინელება დამმართა. ბოლოს ისე ვიყავი, ქუდს ლამის თვალებამდე ვიხურავდი, რომ არავის ვეცნე. უკვე მაღიზიანებდა სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა. როგორ ხარ? რა გაცვია? როგორ გამოიყურები?… სათვალე მიყვარს, იმიტომ, რომ რაღაც ინტიმს მიქმნის. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. უსათვალოდ, ასე მგონია, შიშველი ვარ. არადა, გავიკეთებ თუ არა, ჩემს სამყაროში ვარ.

როდის იწყება ცხოვრება? ჩემთვის ახლა, მას მერე, რაც მეორედ გავთხოვდი.~

ლევან შანიძე

ლიკამ ერთხელ თავისი ჩანაწერები მაჩვენა. თავის ცხოვრებაზე წერდა. იმდენად მომეწონა, რომ სცენარის სახე მივეცი, რაღაცეებით გავამდიდრეთ, ჩავამატეთ და ვნახოთ… მუშა სათაურია `სიცოცხლე საამურია”, მაგრამ ალბათ `ზამბარას” დავარქმევთ. იცი რატომ?… ზამბარა ისეთი ნივთია, რომელიც იწელება, მაგრამ სად გაწყდება უცებ, არ იცი… ცხოვრებაც ხომ ასეთია.

როდის შევხვდი? ჯერ კიდევ, იცი, რა პერიოდია?… სკოლაში დავდივარ. მეტროში ვიდექი. რამდენჯერმე ლიკა დავინახე. მერე მე თვითონ მივხვდი, რომ მეტროთი სიარულს მოვუხშირე, რამდენჯერმე მატარებელიც კი გავუშვი, თვალებით ვეძებდი. მაშინ არც არაფერზე მიფიქრია. როგორ მივიდოდი, რა მეთქვა?! წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ვიდექი და ვუყურებდი რა.

რამდენიმე წლის წინ, მეგობართან შევხვდი, სრულიად შემთხვევით. მერე თვითონ დამირეკა, დამპატიჟა და…

ლიკა: არა, იცი რა იყო, მეგობართან შევხვდით ერთმანეთს. მითხრა, ფილმში უნდა გადაგიღოო. ერთი კვირა რომ გავიდა და არ დარეკა, მე თვითონ დავურეკე _ ჰე, აბა ფილმზე რას შვრები-მეთქი…

ლევანი: ჰოო, ახლა სულ ფილმის გამო დამირეკე… დღესაც არ გადამიღია ის ფილმი…

ცხოვრებაში ნელ-ნელა იღებ გამოცდილებას, ის რაღაცას სულ გასწავლის. ახლა უფრო სხვანაირი ვარ, თუ რაღაც გადავწყვიტე, აზრს ვერავინ შემაცვლევინებს, რატომ უნდა დავუჯერო სხვას?

ერთი ბიჭი მომწონდა, 17-18-ის ვიყავი. ერთ დღესაც მომკიდა ხელი და ფოთში წამიყვანა. ერთ საათში ბიძაჩემი ჩამოვიდა. მე ეს ბიჭი მიყვარს-მეთქი ვუთხარი; სილა გამაწნა, რას ნიშნავს გიყვარსო და უკან წამომიყვანა. იმ პერიოდში ცოლს შორდებოდა და რომ დაიწყეს ნათესავებმა ამბების მიტან-მოტანა _ ასეთია, ისეთია, ამას შვრება, იმას შვრება _ შემეშინდა და გავჩერდი.

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში გამოცდილი; ჩემი ცხოვრება დიდ ემოციებთან და განცდებთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, რომელთაც შეეძლოთ ყველაფრის ერთი ყურიდან მეორეში გაშვება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იცი, ერთ დღეს მოვისროლე _ წადი, შენი, ვიფიქრე, მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო: სიყვარულიც, შთაბეჭდილებებიც. ცხოვრება ოკეანეა, ყველაფერი გინდა მიიღო; ეს იმხელა მორევია, რომ შეიძლება გარეკო კიდეც. 16 წლის ასაკში დოსტოევსკიზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ წავიკითხავ; ის ისეთი ემოციურია, რომ ამის თავი აღარ მაქვს. ბავშვობაში მის გმირებთან იდენტიფიკაციაც კი მქონდა. ისინი ხომ შეურიგებლობის გრძნობით, ზოგჯერ ნიჰილისტურნი არიან. მათ პროტესტი აქვთ ყველაფრის მიმართ, ეს მეც მაქვს.

19 წლის გავთხოვდი. მე და სანდროს სულ ცალ-ცალკე გვიწევდა ცხოვრება, ის სულ სადღაც იყო. ამიტომ, დიდხანს დედაჩემთან ვცხოვრობდი. არ მინდა ამ პერიოდზე ლაპარაკი, სირთულეებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეს 20 წელი ჩემს ცხოვრებაში ცოტა პესიმისტურ პერიოდად მახსენდება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. როცა მეგობრები მსაყვედურობენ, რატომ არსად არ დადიხარო, იცი რაა… აღარ მაინტერესებს, მომბეზრდა. აღარ მინდა ის ქაოსი, აღარც `ტუსოვკები”, გამოპრანჭვები. სისულელეა ეს ყველაფერი. ძნელად გავდივარ ადაპტაციას და ამიტომ ყველაფერზე ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი… აღარ მინდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მყუდროდ, სახლში მირჩევნია ყოფნა.

ყველაფერი, რაც ადრე გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი რაღაცისგან გამოწვეული იყო _ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გამო, რაღაცის ასანაზღაურებლად. ამიტომ, შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი. ახლა ეს აღარ მაწუხებს და მორჩა! საკმარისია!

სხვათა შორის, პირველად რომ გამოვიდა ასტროლოგიური წიგნები, დიდი ინტერესით ვკითხულობდი. იმდენად მოვექეცი შთაბეჭდილების თუ გავლენის ქვეშ, რომ სულ რაღაც პარალელებს ვავლებდი საკუთარ თავთან. ეს დამეხმარა. რაც არ მომწონდა, ვიცოდი, რომ ცუდია, ამოვიღე ჩემი ხასიათიდან, ამოვძირკვე. როცა ცუდად ვიყავი, ყურადღება გადამქონდა და ვხატავდი, სპორტს მივდევდი: დავრბოდი, ვვარჯიშობდი, აუზში კილომეტრებს ვცურავდი. არა, ახლა აღარ… მომბეზრდა. 27 წლიდან ამას ვაკეთებდი, ლამის ყოველდღე, ძალიან მომბეზრდა. ჰო, ძილი მიყვარს, მე თვითონ ვერ ვიძინებ, დიდი ხანია ტრანკვილიზატორს ვსვამ. როცა რაღაც მაწუხებს, ძილის დროს ყველაფრისგან ვითიშები; იმდენად, რომ დილით ყველაფერი მავიწყდება. ეს მეხმარება. არ ვიცი, თავიდან რომ დავიწყო, რამეს შევცვლიდი თუ არა. უბრალოდ… არ გავხდებოდი მუსიკოსი! მსახიობი? შეიძლება. არა, მე ვიცი, ფსიქოლოგი ვიქნებოდი…”

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^