Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოდარების შიში გურიაში

16 ოქტომბერი 2017

გურიაში 10 და 11 ოქტომბერს გადაუღებლად წვიმდა. სოფლებში სიმშვიდე იყო. წვიმდა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლამ სახლებში გადაინაცვლა. ახლა აქ ხოცავენ მწერებს. ჭურჭელს, ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ანიავებენ, მწერებისგან ფერთხავენ.

გურულები ამბობენ, რომ მხოლოდ ამინდის იმედად დარჩნენ. წვიმაში აზიური ბაღლინჯო აღარ ჩანს. გვეუბნებიან,  რომ ვლოცულობთ,  მზე არ გამოვიდეს და ის არ ვნახოთ, რაც აქ ხდებოდა რამდენიმე დღის წინო.

„მაგრამ, ოდესმე მზე ხომ მაინც გამოვა? ოდესმე ამინდი ხომ შეიცვლება და დათბება?“

აზიურმა ფაროსანამ სახლებში  შესვლამდე ყანებსა და ბახჩებში მოსავალი გაანადგურა. გურულები ამბობენ, რომ შემოდგომას ახალი „მოსავლით“ ფაროსანათი შევხვდითო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანა, იგივე აზიური ბაღლინჯო   მავნებელ მწერს წარმოადგენს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში პირველად  2015 წელს  გამოჩნდა. 2016 წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა და მავნებლის ძლიერი თავდასხმისგან მოყენებულმა ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.  მას გადაადგილება დიდ მანძილზე,  ათეულობით კილომეტრზე შეუძლია. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მავნებელი მიგრირებს საცხოვრებელი სახლებისა და ურბანული ტერიტორიებისკენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 230 ათას ოჯახს ბიფეტრინის შემცველი პრეპარატები ეტაპობრივად გადაეცემა.  გურიისთვის 50 670 ცალი ბიფეტრინის შემცველი პრეპარატი გამოიყო.

თხილი, მანდარინი, სიმინდი, კაკალი, პომიდორი, კიტრი, მსხალი, ვაშლი, ლეღვი - ეს იმ კულტურების, ბოსტნეულობისა და ციტრუსების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გურიის ამ ნაწილში მოდის. მაგრამ წელს  ყველა მათგანი განადგურებულია.

დოდო ვასაძე სოფელ თხინვალში ცხოვრობს. წუხს, რომ ცუდ დროს მივედით, რადგან ჩვენს ფოტოებზე ვერ აისახებოდა ის, რაც სოფელში წინა დღეებში ხდებოდა. მზე რომ გამოვა, ტელეფონით ვინმეს გადავაღებინებ ჩვენს მდგომარეობას და გამოგიგზავნითო, გვეუბნება.

„ყველაფერი გაგვინადგურა, მოსავლის გარეშე დავრჩით. არც პამიდორი გვაქვს, არც ლობიო, სიმინდი, თხილი, კიტრი, წიწაკაც კი შეჭამა და დაალპო. მთელი წელი იშრომა ამ ხალხმა, რომ სიმინდის მოსავალი ჰქონოდა, რამდენი ფული დახარჯეს ამისთვის. შეხედეთ,  ახლა მანდარინიც ცვივა და ხრამში იყრება“, - ამბობს დოდო ვასაძე.

მას კომპენსაციისა და სახელმწიფოს დახმარების იმედი არ აქვს.  ამბობს, რომ სოფელში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. შესაწამლად ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები კი ათი დღის წინ დაარიგეს.  მისი თქმით, ზარალის აღრიცხვაზე ლაპარაკი არ ყოფილა და ვარაუდობს, რომ არც იქნება. მისი მძიმე სოციალური მდგომარეობა ფაროსანამ კიდევ უფრო დაამძიმა.

დოდო ვასაძე მიიჩნევს, რომ  წამლის დარიგება დაგვიანებული და ამავე დროს არაეფექტური ხარჯია, რომ ცალკეულ ოჯახებში ეზოების შეწამვლა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ტყეები და  მიტოვებული ეზოები  შეუწამლავი რჩება.  ამბობს, რომ ზარალისა და ზიანის მასშტაბებს ხელისუფლება სერიოზულად ვერ ან არ აღიქვამს. 

მუნიციპალიტეტიდან აცხადებენ, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მოსახლეობას  ამ დრომდე არ მოუმართავს. შესაბამისად, ზარალიც დათვლილი არ არის.  მათი თქმით, თხილის მოსავლის გაფუჭება  ფერმერების მხრიდან პლანტაციების მოუვლელობამ გამოიწვია.  მათი თქმით,  ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაგვიანებული იყო, თუმცა დაგვიანების მიზეზად უამინდობას ასახელებენ.

 მილიონების გამო არ აგვირჩევია ივანიშვილი. სიამოვნებით ვეტყოდი სალანძღვი სიტყვების ნაცვლად მადლობას, რამე რომ შეცვლილიყო. „პანორამებისთვის“ ვუთხრა მადლობა?  ჰო, შეკვეთილში აკეთებს რაღაცასო ამბობენ, და მერე  მე იქ მივალ?“ -ამბობს დოდო ვასაძე.

სოფელ თხინვალში ამბობენ, რომ შესაწამლად სპეციალისტი ან სპეციალისტთა ჯგუფი უნდა გამოეგზავნათ, რადგან მოსახლეობა თავად ვერ გაუმკლავდება ეზოს შეწამვლას. სახლში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს  და ამასთან ეს ადამიანი  დავრდომილია,  ვერ შეძლებს ამ პროცედურის ჩატარებას. „ჩვენ გადავიხდიდით ფულს, პენსიას მოვაკლდებდით და გადავიხდიდით, ოღონდაც ნორმალურად შეეწამლათ და ეს უბედურება მოგვშორებოდა“, - ამბობს ის.  

აღსანიშნავია, რომ ამ სოფლების მცხოვრებლებმა ზუსტად არ იციან, შეიძლება თუ არა სახლის შეწამვლა იმ ნივთიერებით, რომელსაც არიგებენ. ზოგიერთ მათგანს სახლი უკვე შეწამლული აქვს, ზოგი კი - მომავალში აპირებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პრეპარატის სახლში გამოყენება არ შეიძლება.

მოსახლეობის არაინფორმირებულობაზე საუბრობს მზია გულიაშვილი. ის სოფელ თხინვალში ცხოვრობს. ეზოს ნაწილი გაწვიმებამდე შეწამლა. სახლი არ შეუწამლავს და არც აპირებს, რადგან სამი მცრეწლოვანი ბავშვი ჰყავს. არ იცის, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს საწამლავი, ალერგიულია თუ არა და, შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებს. ამბობს, რომ წამლების დარიგებისას არანაირი საინფორმაციო შეხვედრა არ ყოფილა. წამლებს მხოლოდ ინსტრუქცია მოჰყვა, სადაც ახსნილი იყო, თუ რამდენ ლიტრ წყალში უნდა გაეხსნათ ნივთიერება. მზიამ არც ის იცის, რამდენად საზიანოა ან არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის თავად მწერი. 

„ვინ იცის, ვინ როგორი ალერგიულია? და ვის რა დაემართება სახლს თუ შევწამლავ? გუშინ თქვეს ტელევიზიით, თბილისშიც არის და ორ დღეში მოვსპობთო. ანუ თბილისში მოსპობენ, ჩვენ რა ვქნათ? ყველაფერი შეჭმულია, არავინაა პატრონი. ამოდენა ფართობზე მაქვს სიმინდი და 2-3 ზოლი თუ ვარგა“, - ამბობს მზია გულიაშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი და დაურიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.  თუმცა ამასთან ერთად აცხადებენ, რომ  ეს ღონისძიება საკმარისი მაინც არ არის.

სოფელ შრომაში  81 წლის ლიდა გულიაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ლიდას ფაროსანას გადასაღებად სახლში შევყავართ. სახლი არეულია, მწერებისგან  გასუფთავებული ტანსაცმელი კედლებზე ჰკიდია, ხოლო ჭურჭელი იატაკზე ყრია. გვეუბნება, რომ სახლში გაჩერება შეუძლებელი გახდა, რომ მეორე დღეა გაუჩერებლად ებრძვიან მწერებს, მაგრამ უშედეგოდ.  

სახლის შემდეგ ლიდა მანდარინის ბაღს გვაჩვენებს, საიდანაც 5 ტონამდე მოსავალს იღებს. ჯერ კიდევ მწვანე მანდარინები მიწაზე ყრია, ხოლო ხეზე დარჩენილი გამომშრალი და გამოფიტულია. ლიდა ამბობს, ახლა მანდარინის გადაყრაზე უნდა იწვალონ. იქვე ტომრებში გაფუჭებული თხილი ყრია. ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს,  აღრიცხოს ზარალი და მოსახლეობას დაეხმაროს.

გზას შრომის ცენტრისკენ ვაგრძელებთ. ცენტრში ყოფილი კოლმეურნეობის უზარმაზარი შენობის გვერდით სკოლაა. სალაპარაკო თემა აქაც მხოლოდ აზიური ფაროსანას შემოსევაა.  

ზემო ნატანების საბავშვო ბაღიც ცარიელი დაგვხვდა. გვეუბნებიან, ვირუსია და ბავშვები ამიტომ არ მოვიდნენო. შენობაში ბევრი აზიური ბაღლინჯოა.  ისინი ვიპოვეთ წიგნებზე, სათამაშოებზე და სამზარეულოშიც. „დავრეკეთ ცენტრში, ვიკითხეთ, რა უნდა გვექნა ასეთ ვითარებაში და გვითხრეს, რომ საკუთარი ძალებით ებრძოლეთო“, - ამბობს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

 ვარდონ კუკასიანი, სოფელი შრომიდან:

 „რატომ გენატრება საბჭოთა კავშირიო, გეტყვიან. რატომ და არ გვშიოდა. ყველამ იცის, როგორი ძლიერი იყო სოფელი შრომაშეხედეთ ჩემს მანდარინს, სულ ძირს ყრია. შარშან მთელი მანდარინი 400 ლარად გავყიდე. 10 თეთრად ჩაიბარეს კილო. არადა, მაგ თანხაზე ბევრად მეტი  სასუქისთვის გადავიხადეწელს ასე ვერ გავყიდიახლა ისე ჭირს გურიაში... სიმინდი აღარ არის, მაგრამ სოფელში წისქვილიც არ არის, რომ სიმინდი დაფქვ. იცით რატომ? ელექტროენერგიაა ძვირი“, ამბობს ვარდონ კუკასიანი

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისათვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 11 ოქტომბერს იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში. მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ის 34 შტატში და ქვეყანას 21 მლრდ. დოლარის ზარალი მიაყენა.

რა ზარალი მიაყენა აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობას საქართველოში, უცნობია.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოფელ შრომიდან გვთხოვა, დედაქალაქისთვის მისი სიტყვები გადაგვეცა:

 „გადაეცით თბილისსფაროსანა მე ჩამოვიყვანე დედაქალაქში. სანამ იქ არ გავრცელდა, ყურადღება არავინ მოგვაქცია, თუმცა, ისე მაგის შემდეგაც არაფერი შეცვლილა“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^