Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრემერი: „რუსეთის შეკავებას შეერთებული შტატები უნდა გაუძღვეს“

17 ოქტომბერი 2017

წიგნში, სათაურით „შეკავების პოლიტიკის დაბრუნება: პუტინის რეჟიმთან გამკლავება“, თქვენ ამბობთ, რომ პუტინის რეჟიმი საერთაშორისო საფრთხეა. როგორ ხედავთ რუსეთის შეკავების პროცესს?

ჩვენ მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ, რომ პუტინს და მის რეჟიმს ვუყურებთ როგორც საფრთხეს. პირველ რიგში ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ხალხს, ყველას, ვისაც ეყოფა გამბედაობა დაუპირისპირდეს რეჟიმს და გააპროტესტოს კორუფცია.

იქნება ეს პოლიტიკოსი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას როგორც ალექსანდრ ნავალნი, თუ იქნება ეს მისი კრიტიკა და კორუფციის მხილება როგორც ეს ბორის ნემცოვმა და ვლადიმირ კარამურზამ გააკეთეს. ნემცოვმა ამისთვის ყველაზე დიდი ფასი გადაიხადა, კარამურზამ კი ორჯერ გამოიარა მოწამვლა. თუ იქნება ეს ხალხი, ვინც აპროტესტებს კორუფციას, როგორც ეს ბალოტნაიაზე შეკრებილი ხალხი იყო, რომლებიც 2011 წლის დეკემბერში დუმას არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

თავის ხალხთან ერთად ის საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის, ქართველებისთვის, უკრაინელებისთვის თუ მოლდოველებისთვის. ის არ აღიარებს ქართველების და უკრაინელების უფლებებს გაწევრიანდნენ მათთვის სასურველ ორგანიზაციებში, იქნება ეს ნატო თუ ევროპის კავშირი.

პუტინის რეჟიმი საფრთხეა ჩვენთვისაც - საერთაშორისო საზოგადოებისთვის. იქნება ეს ევროპულ არჩევნებში ჩარევა თუ ჩვენთან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. პუტინის რეჟიმი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ჩვენს სისტემებს და ღირებულებებს.

შეერთებული შტატების ბოლო ორი ადმინისტრაციის რუსეთის პოლიტიკა არ ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის საფრთხეა. თქვენი აზრით, ამჟამინდელი ადმინისტრაცია თუ აღიარებს პუტინს, როგორც საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის?

თეთრი სახლიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები გვესმის. თუმცა ადმინისტრაციის ქმედებებს თუ შეხედავთ, აქ უფრო მკაცრ მიდგომას დაინახავთ.

მაგალითად ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, სადაც მან ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მხარდაჭერას და განაცხადა, რომ ერთ დღესაც საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

ქმედებების დონეზე, ადმინისტრაცია უფრო მკაფიოა, იგივეს ვერ ვიტყვით განცხადებებზე, მაგალითად პრეზიდნეტმა ტრამპმა პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთში ჩვენი საკონსულოს თანამშრომლების შემცირებისთვის.

უკეთესი იქნებოდა რიტორიკა და ქმედებები ერთ ხაზს ატარებდნენ და ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ.

თქვენი აზრით, ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში შეკავების პროცესს?

შეკავებას აუცილებლად შეერთებული შტატები უნდა გაუძღვეს. და თუ ამ პროცესს სათავეში ჩავუდგებით, შემოგვიერთდებიან ჩვენი ნატოს მოკავშირეები. ნატოს ზოგიერთ წევრს, განსაკუთრებით მათ, ვისაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს, საკითხისადმი უფრო მკაცრი მიდგომა ახასიათებს.

შეკავების ლიდერი შეერთებული შტატები უნდა იყოს. უნდა გამოვყოთ კანცლერ მერკელის როლიც, მისი ძალისხმევის შედეგია რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნებული სანქციები.

თქვენი აზრით, არსებობს რომელიმე გლობალური პრობლემა, რაზეც რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია?

ზოგს ეგონა, რომ რუსეთთან უნდა გვეთანამშრომლა ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე. დრო გადის და უფრო მეტად აშკარავდება, რომ ამ საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობა შეუძლებელია. ის ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ სანქციებს ძირი გამოუთხაროს.

იყო იმედები, რომ ავღანეთში შეიძლებოდა თანამშრომლობა. არც ეს გამართლდა. ვნახეთ, რომ ავღანეთში რუსეთი თალიბანს ეხმარება.

ვერც სირიაში ვითანამშრომლებთ, სადაც შეერთებულ შტატებს და რუსეთს სრულიად განსხვავებული მიზნები აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზომიერ ოპოზიციას. რუსეთის სამხედრო იერიშების სამიზნეების უმრავლესობა კი დაჯგუფება “ისლამური სახელწმიფო” არ ყოფილა.

ბევრ საკითხზე ჩვენი მიზნები ერთმანეთისგან განსხვავებულია და უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს.

ვაშინგტონში გააქტიურდა დისკუსია იმის თაობაზე, რომ კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

ამ იდეის დიდი მხარდამჭერი ვარ. ისინი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდნენ როგორც უცხო ქვეყნის აგენტები. ისინი არ წარმოადგენენ მედია საშუალებებს, მათი თანამშრომლები არ არიან ჟურნალისტები. ისინი კრემლის პროპაგანდის მანქანას წარმოადგენენ.

უფრო მეტიც, მათ არ უნდა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო დეპარტამენტის თუ თეთრი სახლის ბრიფინგებზე, ჩვენ ამით მათ ლეგიტიმაციას ვანჭებთ.

კრემლის პროპაგანდა ორ მთავარ მიზანს ემსახურება, ერთი რუსეთის ინტერესების წინ წაწევაა და მეორე, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი მიზანი - ჩვენი სისტემების მორყევა და პუტინის დონესთან გათანაბრებაა.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

მწერლობა და დაბეზღება

ქართულ ლიტერატურას არაერთი დიდი მწერალი ჰყავს, რომელთა შემოქმედება დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: კონსტანტინე გამ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს

როგორი სკოლა სურთ ბავშვებს? მოსწონთ თუ არა ის, რასაც სწავლობენ და როგორც სწავლობენ? რას ფიქრობენ თავიანთ ცხოვრებაზე და რ ...
15 ნოემბერი
15 ნოემბერი

მეცნიერების მტრები, ანტივაქცინაციის აბსუ ...

R E T R A C T E D -[1] სისხლივით წითელი, მჭახე ასოებით გამოყვანილი შტამპი ადევს ჟურნალ „ლანცეტის“ 1998 წლის ...

მეტი

^